"სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა თუ რუსეთის მომხრეა" - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა თუ რუსეთის მომხრეა" - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე

[სალომე ზურაბიშვილი] საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის - ეს შეკითხვა, რაც დაისვა, თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, როცა კონსტიტუციაში კითხვაზე პასუხი გვიწერია, იმ კითხვით როგორც მინიმუმ, რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს: ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა, თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური. როცა კონსტიტუციაში კითხვაზე პასუხი გვიწერია, იმ კითხვით როგორც მინიმუმ, რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო. ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე. თუ ისინი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ემხრობიან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ისინი იზიარებენ კითხვის ნიშანს, რაც დაუსვეს საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას, მაშინ როდესაც ჩვენ და საზოგადოების უმრავლესობას ეს კითხვის ნიშანი არ აქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება. ამ საპროტესტო აქციების შემდეგ რატომღაც რადიკალურ ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს რჩებათ კითხვა თუ რა სურს ქართველ ხალხს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ეს კითხვა, არც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ამიტომ, ამ პროცესმა როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და ზურაბიშვილი მიიყვანა იქ, საიდანაც დაიწყეს საერთოდ ამ აქციების ორგანიზება და მხარდაჭერა იმ დესტაბილიზაციის, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.

"ინტერპრესნიუსი"