რას აცხადებს გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?

ოქტომბრის არჩევნები არა იურიდიულად, არამედ კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი იმაზე, გვინდა ჩვენ რუსეთში, თუ გინდა ევროპაში , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

ის გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა მოსახლეობას უნდა შესთავაზონ ისეთი საარჩევნოო ბიულეტენი, რომელშიც „ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს“.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც სოციალურად, ისე დასავლეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად, კიდევ უფრო გაღრმავდება.

„რეფერენდუმი ვერ შედგება, სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ, შესაბამისად, სავარაუდოდ, პლებისციტზე ვსაუბრობთ. რეფერენდუმი იქნება თუ არ იქნება, ეს პოლიტიკური ფაქტია. ოქტომბრის არჩევნები არა იურიდიულად, არამედ კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი იმაზე, გვინდა ჩვენ რუსეთში, თუ გინდა ევროპაში. ამ პოლიტიკურ პოზიციას გააღრმავებს ის, რომ ეს საარჩევნო ბიულეტენზეც იყოს აღნიშნული.

ვფიქრობ, არაფრის დაჩქარება არ არის საჭირო, პოლიტიკური პროცესი უაღრესად პოზიტიურად მიმდინარეობს. დამიჯერეთ, ეს პროცესი გაღრმავდება როგორც სოციალურად, ისე იმ ზეწოლით, რომელიც იმედი მაქვს, დასავლეთისგან იქნება. ამიტომ მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ისეთი ბიულეტენი, რომელიც მათთვის ყველაზე ადეკვატური იქნება და რომელშიც ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"