ომს ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი მოიგებენ?! - საფრთხე, რომელიც დასავლეთს 80 წელია, აღარ უნახავს - კვირის პალიტრა

ომს ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი მოიგებენ?! - საფრთხე, რომელიც დასავლეთს 80 წელია, აღარ უნახავს

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „უკრაინა აცნობიერებს, რომ მისი საქმე დამთავრებულია: ლონდონი არჩევნებით არის დაკავებული, კიევი კი პუტინის მიწოლას ვერ უძლებს“ (ავტორი - ლიზა ჰასედაინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბრიტანელი პოლიტიკოსები მორალის ლექციებს გვიკითხავენ, ათასი კილომეტრის იქით კი, უკრაინის ხარკოვის ოლქში, მძაფრი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინის არმიის შეტევის მოსაგერიებლად ვოლოდიმირ ზელენსკის ფრონტის სხვადასხვა უბანზე ჯარების მოხსნა და ხარკოვთან მათი გადასროლა მოუხდა.

ომი თავის კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. დასავლეთის სურვილი და განწყობა, უკრაინის დახმარება აქტიურად გააგრძელოს, ისევ შესუსტების ზღვარზეა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ უკრაინის დრო იწურება: ახლახან მან მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს და ჩინეთის თავმჯდომარეს, მონაწილეობა მიიღონ შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში, რომ „ნამდვილი მშვიდობის დამყარების დრო მოახლოვდეს“. მოუწოდა იმიტომ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, მსოფლიოს „მძიმეწონიანი“ ლიდერები - ჯო ბაიდენი და სი ძინპინი მასში მონაწილეობას არ მიიღებენო.

გასულ კვირას, ასევე, გავრცელდა ცნობები, რომ ვლადიმერ პუტინს, რომელიც შვეიცარიის სამშვიდობო სამიტზე მიწვეული არ არის, თითქოსდა, უთქვამს, რომ მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს. „რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი იბრძოლოს, მაგრამ იგი ასევე მზად არის ცეცხლის შესაწყვეტად - საბრძოლო მოქმედებების „გაყინვის“ მიზნით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ, თუმცა მან იქვე დაამატა - „რუსეთის ლიდერი თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილებზე შექმნილი რეალობა იქნება გათვალისწინებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ზავის დადებას არ ეწინააღმდეგება, თუ რუსეთს დაკავებული ტერიტორია შეუნარჩუნდება.

კრემლის ესოდენ იმედიანი განწყობა არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ ამ ეტაპზე იგი უპირატესობით სარგებლობს. დასავლურმა სანქციებმა რუსეთს, პრაქტიკულად, ვერაფერი დააკლო, პირიქით, კრემლს ეკონომიკის სწრაფ გარდაქმნაში დაეხმარა. ამჟამად რუსული ეკონომიკა თითქმის მთლიანად ომის რელსებზეა გადაყვანილი, ხოლო დასავლური პროდუქციის იმპორტი ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს. რუსეთის სამხედრო ქარხნები დღედაღამ მუშაობენ, რომ არმია ისეთი იარაღით უზრუნველყონ, რომელიც ხარისხით დასავლურს არ ჩამოუვარდება, ხოლო რაოდენობით - ბევრად აჭარბებს. გარდა ამისა, მოსკოვი იარაღს დამატებით თეირანიდან და ფხენიანიდანაც ყიდულობს, ამ დროს კი უკრაინის არმია იძულებულია, დასავლეთის წყალობას დაელოდოს.

ის სიძნელეები, რომლებიც უკრაინის არმიის წინაშე დგას, ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარების შეტევის მოგერიებისას, სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. ასეთი სიტუაცია, სულ ცოტა, აიხსნება იმით, რომ ძალიან დაგვიანდა ამერიკული 61-მილიარდიანი დახმარების რეალიზება. ვლადიმერ პუტინის გენერლებმა უკრაინის არმიის სისუსტე იყნოსეს და სიტუაციით სარგებლობა არ დააყოვნეს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია, გასულ თვეში მიღებული ახალი კანონის წყალობით, ახალწვეულებით შევსებას მიიღებს, მხარეთა ძალების უთანასწორობა მაინც აშკარად შესამჩნევია: რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა უკრაინის მოსახლეობაზე სამჯერ და უფრო მეტია და ვლადიმერ პუტინი, ბუნებრივია, უყოყმანოდ გზავნის რუს ახალგაზრდებს „ომის ხორცსაკეპში“. მკაცრი რეალობა ისეთია, რომ უკრაინის არმიას შეიძლება, ცოცხალი ძალით შევსება გაურთულდეს - ქვეყანაში ჯარისკაცები აღარ მოიძებნოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი, როგორც ჩანს, შეშფოთებულია იმით, რომ ატლანტიკის ორივე ნაპირზე მდებარე სახელმწიფოების ყურადღება ახლა არჩევნებზეა გადატანილი: აშშ-ში - საპრეზიდენტო (5 ნოემბერს), ევროკავშირში - ევროპარლამენტის (6-9 ივნისს), დიდ ბრიტანეთში - პარლამენტის (4 ივლისს), ამიტომ ლიდერებს უწევთ, არჩევანი გააკეთონ საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს შორის, რის შედეგადაც უკრაინის ბრძოლა რუსეთთან მეორე პლანზე გადადის. კიევს საფუძვლიანი მიზეზები აქვს, რომ ასე თვლიდეს. სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებებისა და თხოვნების მიუხედავად, ჯო ბაიდენი, ისე ჩანს, რომ შვეიცარიის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს და უპირატესობას წინასაარჩევნო ღონისძიებებს მიანიჭებს - კალიფორნიაში იგი ჰოლივუდის მსახიობებს უნდა შეხვდეს, თანხის შეგროვების მიზნით, თანაც ისეთ ცნობად არტისტებს, როგორებიც არიან ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი და სხვები.

თავის გუშინდელ გამოსვლაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის განზრახვა და გულისტკივილით აღნიშნა: „სამშვიდობო სამიტზე ჯო ბაიდენის არყოფნას ვლადიმერ პუტინი ტაშით შეხვდება, თანაც ფეხზე ადგომით“. სამწუხარო ისაა, რომ ადრე ამგვარ განცხადებას რაღაც წონა მაინც ჰქონდა და უცხოელ ლიდერებში პოზიტიურ რეაქციას იქვევდა, ახლა არავითარი ეფექტი აღარ აქვს.

ამრიგად, ვლადიმერ პუტინი კუნთებს იმაგრებს, ძალებს იკრებს, დასავლეთი კი - ინტერესს კარგავს. მტკიცდება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა რუსეთის ჯართან ბრძოლას მხოლოდ რამდენიმე თვეს გაუძლებს. საარჩევნო ციებ-ცხელებასა და აჟიოტაჟთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. უნდა გვახსოვდეს, რომ ომში რუსეთის გამარჯვება შესაძლებლობას მისცემს ვლადიმერ პუტინს, ევროპის რუკა თავის სასარგებლოდ შეცვალოს და მთელ კონტინენტს საფრთხე დაემუქროს - ისეთი საფრთხე, რომელიც ევროპას 80 წელია, აღარ უნახავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო