„პალიტრა L“ წიგნის ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეებით გელოდებათ - კვირის პალიტრა

„პალიტრა L“ წიგნის ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეებით გელოდებათ

დღეს, 30 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა არა მხოლოდ მკითხველებისთვის, არამედ გამომცემლებისა და ავტორებისთვისაც.

ტრადიციულად, განსაკუთრებულად მოემზადა 2024 წლის წიგნის ფესტივალისთვის გამომცემლობა „პალიტრა L-იც“, რომელიც ფესტივალზე მისულ სტუმრებს არაერთ სიახლესა და ფასდაკლებას შესთავაზებს.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, 4 დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები ავტორებთან, ახალი წიგნების წარდგენები. სპეციალური შეთავაზებები კი „პალიტრა L-ის“ სხვადასხვა სერიის წიგნებზე იმოქმედებს. მათ შორის იქნება „იკითხე ქართული XXI“, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელიც გაგრძელებაა პროექტისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“.

მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს თანამედროვე ავტორების უახლეს წიგნებს: თეონა დოლენჯაშვილი - „მეამბოხე“; რამაზ გიგაური - „წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერები“; ტოტოღაშვილი - „ჩემი ადამიანი“; ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი - „მე გადმოვცურავ ზღვას“, რომელიც პიესაა.

ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ახალი გამოცემა „ძალაუფლების 48 კანონი“, რომელიც პროფესიული ლიტერატურის მკითხველებს თვითგანვითარებასა და სწორი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

ღონისძიების დიდ სცენაზე დაგეგმილია მამუკა ხაზარაძის წიგნის პრეზენტაციაც.

R