მინირევოლუცია ფრონტზე?! - ზელენსკის მრისხანე იარაღი, რომელიც პუტინის "არწივებს" შავ დღეს დააყრის - კვირის პალიტრა

მინირევოლუცია ფრონტზე?! - ზელენსკის მრისხანე იარაღი, რომელიც პუტინის "არწივებს" შავ დღეს დააყრის

მალე უკრაინის დამცველების არსენალში შეიარაღების ისეთი ახალი სახეობა უნდა გამოჩნდეს, რომელმაც, წესით, დაუსჯელი არ უნდა დატოვოს პუტინის ის „არწივები“, რომლებიც ყოველდღიურად დაუნდობლად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს...

29 მაისს შვედეთმა განაცხადა უკრაინისთვის რეკორდული ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე, რომლის ღირებულება 13 მლრდ შვედურ კრონს ანუ 1,16 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ პაკეტში შევა ჯავშანტექნიკა და მართვადი საზენიტო რაკეტებიც, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ შვედური მხარე უკრაინისთვის არც მეტი და არც ნაკლები...„მინიავაქსის“ გადაცემასაც აპირებს...

შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები უზრუნველყოფენ მოწინააღმდეგის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიზნების შორი მანძილიდან ოპერატიულად აღმოჩენას და მათი კოორდინატების გადაცემას თავისი საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის, რათა ამ უკანასკნელებმა დაასწრონ მტერს „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტების გაშვება, ასევე - „ჰაერი-ხომალდისა“ და „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის მართვადი რაკეტებისა და საავიაციო ბომბების წერტილოვანი დარტყმები.

აგრესორი რუსეთის საბრძოლო ავიაცია, მართალია, ძნელად ბედავს უშუალოდ ფრონტის ხაზთან მიახლოებას, მაგრამ ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ის დაშორებით ჩამოგდებული პლანირებადი და მართვადი საავიაციო ბომბების მასობრივი გამოყენებით დიდ ზიანს აყენებს თავდაცვით ზღუდეებზე გამაგრებულ უკრაინის არმიას და არც უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას ინდობს.

უკრაინის არმიას, მართალია, გააჩნია სახმელეთო რადიოლოკატორები, მაგრამ ბუნებრივი რადიოჰორიზონტის არსებობის პირობებში მათი მოქმედების რადიუსი იზღუდება, თუკი მოწინააღმდეგის საფრენი აპარატები შედარებით დაბალ სიმაღლეზე ფრენით უახლოვდებიან ფრონტის ხაზს.

ასეთ შემთხვევაში, „ჰაერში ატანილი რადიოლოკატორი“ ანუ თვითმფრინავზე დამონტაჟებული მძლავრი რადიოლოკაციური სადგური საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგის ზურგში რამდენიმე ასეული კმ-ის სიღრმეში „შეჭყეტის“ და ძალზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის ოპერატიულდ მოპოვების...

შვედეთი აპირებს, უკრაინას აჩუქოს ACS-890-ის ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი, რომელიც კარგად ცნობილი შვედური სამგზავრო თვითმფრინავის - Saab 340-ის ბაზაზეა შექმნილი.

მისი მოქმედების პრინციპი ანალოგიურია ამერიკული თუ რუსული „ავაქსების“, მაგრამ თავისი მომცრო გაბარიტების გამო, მას „მინიავაქსს“ უფრო ეძახიან.

ასევე, განსხვავება იმაშიცაა, რომ შვედურ „მინიავაქსს“ ფიუზელაჟის თავზე რადიოლოკატორის მართკუთხა წაგრძელებული ფორმის ანტენა უყენია, რომელიც ამერიკული და რუსული „ავაქსებისგან“ განსხვავებით, არ ბრუნავს და, შესაბამისად, ტექნიკურად უფრო მარტივია, თუმცა ამის გამო წინა და უკანა სექტორებში ვერ „ხედავს“.

მიუხედავად ამისა, შვედურ „მინიავაქსს“ ფრენის მიმართულებიდან მარცხნივ და მარჯვნივ, 120-გრადუსიან სექტორში, 300-400 კმ-ის სიშორეზე შეუძლია საფრენი აპარატებისა და საზღვაო მცურავი საშუალებების აღმოჩენა.

აღმოჩენის სიშორე დამოკიდებულია თავად საჰაერო მიზნის გაბარიტებზე - მაგალითად, ბომბდამშენს უფრო შორ მანძილზე დააფიქსირებს, ვიდრე - გამანადგურებელს, ხოლო „სტელსის“ ტექნოლოგიით დამზადებული თვითმფრინავის აღმოჩენა - კიდევ უფრო გაჭირდება...

აგრესორი რუსეთი თავის „ავაქსებს“- А-50У ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავებს, აქტიურად იყენებს უკრაინასთან ომში, უშუალოდ - რუსეთის საჰაერო სივრცის სიღრმიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინელმა მეზენიტეებმა, პირველად ომების ისტორიაში, მოახერხეს ორი რუსული „ავაქსის“ ჩამოხსნა, ფრონტის ხაზიდან 300 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე.

უკრაინის განკარგულებაში „მინიავაქსის“ გამოჩენამ შეიძლება მინირევოლუცია მოახდინოს ფრონტის ხაზის თავზე, საჰაერო სივრცის კონტროლთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ უკრაინას, წესით, მალევე უნდა გადაეცეს F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების პირველი პარტია.

შვედების ნაჩუქარი „მინიავაქსი“ ფრონტის ხაზის სიღრმეში დროულად აღმოაჩენს ჰაერში აწეულ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებს და გამანადგურებლებს და ინფორმაციის გაცვლის Link-16-ის ტიპის სისტემით ავტომატურ რეჟიმში გადასცემს უკრაინული F-16-ების პილოტებს მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნის კოორდინატებს, რასაც მოჰყვება 120 ან 180 კმ-ზე მფრენი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის AIM-120 AMRAAM-ის ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტების გაშვება, რომელთა არიდება არათუ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებს - Су-34-ებს, არამედ - მაღალმანევრირებად Су-35 გამანადგურებლებსაც კი ძალიან გაუჭირდებათ...

ოღონდ ამ სქემის ასრულებას ემუქრება ერთი დიდი საფრთხე -რადიოლოკატორიანი თვითმფრინავები და მით უმეტეს - „ავაქსები“ გამოასხივებენ მაღალი ენერგიის რადიოტალღებს და მოწინააღმდეგის რადიოლოკატორების მონიტორებზე ჩანან, როგორც ღამით გაბრდღვიალებული საახალწლო ნაძვის ხეები, შესაბამისად, მათი მიზანში ამოღება და მათკენ საზენიტო ან საავიაციო რაკეტების გაშვება გაიოლებულია -სწორედ ასე ჩამოაგდეს უკრაინელმა მეზენიტეებმა ორი რუსული „ავაქსი“...

2-shve-1717058800.jpg
შვედური „მინიავაქსის“ რადიოლოკატორის ოპერატორების სალონი სიფართოვით არ გამოირჩევა, რაც მათ ხელს არ უშლის, მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნე 400 კმ-ის სიშორეზეც აღმოაჩინონ...

როგორ გამოიყენებს უკრაინის გენშტაბი შვედების ნაჩუქარ „მინიავაქსს“?

თუკი ის ახლოს მიფრინდება ფრონტის ხაზთან, მაშინ ძალზე იზრდება იმის ალბათობა, რომ რუსული საზენიტო С-400-ის ან „ჰაერი-ჰაერის“ კლასის Р-37М-ის ტიპის რაკეტის (რომლებიც თითქმის 300 კმ-მდე მიფრინავენ), მსხვერპლი შეიქმნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრონტის ხაზიდან 300 კმ-ზე დაშორებით საჰაერო პატრულირებისას ამ „მინიავაქსის“ რადიოლოკატორი მოწინააღმდეგის ზურგში მხოლოდ ასიოდე კმ-ის სიღრმეში თუ „შეიხედავს“...

მეორე დიდი საფრხე კი დაკავშირებული იქნება ნაჩუქარი „მინიავაქსის“ ბაზირების ადგილთან - შვედური „სააბი“ მართალია, ხუთ საათს პატრულირებს ჰაერში, მაგრამ სჭირდება აეროდრომზე დაშვება, საწვავის შევსება, ეკიპაჟის ჩანაცვლება და ა.შ.

დღეს რუსეთს აქვს იმის ტექნიკური საშუალება, რომ სარაკეტო დარტყმები მიაყენოს უკრაინის ნებისმიერ აეროდრომს, მათ შორის - უკრაინის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსებულებს.

screenshot-2024-05-30-123817-1717058879.png
20,5 მ სიგრძის, 21,4 მ ფრთაგაშლილობისა და 6,9 მ სიმაღლის Saab 340 AEW&C-ის გადამალვა უკრაინის აეროდრომებზე თითქმის შეუძლებელია, ის უკრაინის მეზობელმა ქვეყნებმა უნდა „შეიფარონ“...

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები შემორჩენილ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებიც ბრიტანული და ფრანგული ფრთოსანი რაკეტების ძირითად მატარებლებს წარმოადგენენ, წარმატებით მალავენ საბჭოთადროინდელ რკინაბეტონის გადახურულ ანგარებში, რომლებიც 250 კგ კალიბრის საავიაციო ბომბების პირდაპირ მოხვედრას უძლებენ.

თუმცა ეს შესაძლებელი იმიტომაა, რომ Су-24М-ის ფრთის ისრისებურობა იცვლება და მათი დაკეცვა ისე შეიძლება, რომ ამ ბომბდამშენის ფრთის გაშლილობა 17,6 მ-იდან 10,3 მ-მდე მცირდება და რკინაბეტონის გადახურულ ანგარში მისი შეყვანის საშუალებას იძლევა.

შვედური ACS-890/ Saab 340-ის ფრთაგაშლილობა კი 21,4 მ-ია, რაც გამორიცხავს მის გადამალვას საბჭოთადროინდელ ტიპურ რკინაბეტონის გადახურულ ანგარებში...

აეროდრომზე ღიად დაყენება კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის კოსმოსური და აგენტურული დაზვერვა დამახასიათებელი ფორმის მქონე ამ თვითმფრინავს მალევე აღმოჩენს, ხოლო „ისკანდერები“,„კალიბრები“ თუ „შაჰიდები“ მას უკრაინის ნებისმიერ აეროდრომზე მოძებნიან...

ერთადერთ გამოსავლად რჩება ნაჩუქარი „მინიავაქსის“ ბაზირება უკრაინის მეზობელ, ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის (უფრო პოლონეთის ან რუმინეთის) აეროდრომზე, საიდან აფრენის შემდეგაც უკრაინის დასავლეთი ნაწილის საჰაერო სივრცეში იწყებს პატრულირებას და საფრთხის გამოჩენისთანავე ტოვებს უკრაინის ცას...

მაგრამ როგორი რეაქცია ექნება კრემლს, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების აეროდრომებიდან აფრენილი ეს ნაჩუქარი „მინიავაქსი“ გამოჩნდება უკრაინის ცაში?