"გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში აშშ-სა და ევროკავშირისგან" - სალომე სამადაშვილი რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე - კვირის პალიტრა

"გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში აშშ-სა და ევროკავშირისგან" - სალომე სამადაშვილი რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე

გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან - რაც შეეხება ანაკლიის პორტს, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკას, მეორე მხრივ კი ანაკლიის პორტის საკითხს.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსაც ტაში დაუკრეს მოსკოვში, ევროკავშირიდან კი გვითხრეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეჩერდება.

„საქართველოს, საბჭოა კავშირის წევრი რომ იყო და რუსეთი იმპერიის ნაწილი, საქართველო მაშინაც ერქვა. ასე რომ, სახელი არ აღწერს შინაარს, რა ხდება ქვეყანაში. სიმართლე არის ის, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსაც ხმამაღლა ტაში დაუკრეს მოსკოვში, ევროკავშირიდან გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეჩერდება; ასევე, გვითხრეს, რომ მომავალ თვეს იმსჯელებენ, სხვა რა ნაბიჯები გადადგან - სავარაუდოდ, დადგება საკითხი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე; გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა მოხდა ქართული ბანკების აქციების; გაუფასურდა ლარი; საქართველოს ეკონომიკამ, პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმები უკვე მიიღო. ასე რომ, გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან, მათ შორის აშშ-დან სანქციების რეჟიმის დაწესება და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება ხდება; ქვეყანაში, სადაც რუსეთი უკრავს ტაშს ირაკლი კობახიძის ხელისუფლებას და რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მითვისების თვალსაზრისით. მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ოქტომბერში, როდესაც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას რუსული ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორების გზით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტს, მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმებულად აპირებენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე პორტი საკუთარ ხელში ჩაიგდონ და „რუსეთმა ეს სანქციებისგან თავის არიდებისთვის გამოიყენოს“.

„კობახიძე ლაპარაკობს ზუსტად ისე, როგორც ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრად რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა დანიშნული და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული. ლაპარაკობს იმ გზავნილით, რასაც კრემლში უწერენ. კობახიძე არის რუსეთის თანამშრომელი, მას უბრალოდ ჰქვია პრემიერ-მინისტრი. ანაკლიის პორტის ჩაშლა ხელისუფლებამ განახორციელა რუსეთის მოთხოვნით. რუსეთის მოთხოვნა იყო, რომ ამერიკული ფულით და დასავლური ინვესტიციით არ აშენებულიყო ეს პორტი, ამიტომ ჩაშალეს ეს პროექტი. ახლა რუსეთი და ჩინეთი შეთანხმებულად აპირებენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე პორტი საკუთარ ხელში ჩაიგდოს და რუსეთმა ეს სანქციებისგან თავის არიდებისთვის გამოიყენოს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოც ძალიან მალე შეიძლება დასანქცირდეს. მაგრამ არ მგონია, რომ ჩინურის რუსული პროექტი განხორციელდეს. ანაკლიის პორტი აშენდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასავლური ინვესტიციებით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, გერმანიის ელჩის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ელჩის განცხადებები „არაქართულია“. სამადაშვილის შეფასებით, კობახიძე ყველა განცხადებით აკეთებს ლუსტრაციას, რომ საქართველოში პუტინის წარმომადგენელია.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩის მეგობრობას „ლელოსთან“ თუ სხვა პარტიებთან, გერმანიის ელჩი და დასავლეთის ქვეყნების ელჩები მხარს უჭერენ საქართველოს, მის ხალხს და ყველა იმ მოთამაშეს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ვინც მხარს უჭერს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვინც ევროკავშირს თვლის მშვიდობის და არა ომის პარტიად, როგორც ირაკლი კობახიძე. მგონი, კობახიძე ყველა განცხადებით აკეთებს ლუსტრაციას, რომ არის პუტინის წარმომადგენელი ივანიშვილთან ერთად ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"