იქნება თუ არა წყალმოვარდნები და რამდენად ცხელი ზაფხული გველოდება - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
ცხელი ზაფხული გველოდება
ზაფხული მოვიდა და ყველას აინტერესებს, რამდენად ცხელი დღეები გველოდება და როგორი ამინდი იქნება. ვნახეთ, მთელი მაისი წვიმიანი იყო და ტემპერატურაც - საკმაოდ დაბალი. უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით საქართველოს ამინდის პროგნოზით, თუ როგორი იქნება მდგომარეობა ჩვენთან ამ კუთხით და საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო ხათუნა, მაისის წვიმების შემდეგ როგორი ამინდი გამოდის, როგორი იქნება ივნისი?
- ივნისი მთლიანად არის საკმაოდ თბილი, როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მაღალია, კლიმატთან შედარებით. შავი ზღვის სანაპიროზე 21-23 გრადუსია მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობზეც 22-24 გრადუსი, რაც ასევე ორი გრადუსით მაღალია. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 19 -21 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 15-17 გრადუსი, ასევე, ერთი-ორი გრადუსით მაღალია ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში. ქართლში და კახეთში 20-23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის მთიან რაიონებში - 18-20, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 15-16 გრადუსი იქნება. თუმცა ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, დღის ტემპერატურამ მოიმატოს კიდეც და მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე 33-36 გრადუსამდე ავიდეს. კოლხეთის დაბლობზე კი - 35-38 გრადუსამდე. საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა.
რადგან საშუალო ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ დღეებში მაღალი ტემპერატურა იქნება. შეიძლება ზოგან მთლად 39 გრადუსამდე არ ავიდეს, მაგრამ ცხელი დღეები იყოს ცოტა ხანგრძლივი. ცალკეულ დღეებში შეიძლება მოიმატოს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 32-35 გრადუსამდე და მაღალმთიან რაიონებში კი - 28-31 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში - 32-37 გრადუსამდე, კახეთში, შეიძლება, 38 გრადუსამდეც მიაღწიოს, ზოგიერთ დღეებში.
მათ შორის - თბილისშიც იქნება მაღალი ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში ამ დღეებშიც შეიძლება მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს, მაგალითად 8 ივნისს 35-36 გრადუსამდე ავიდეს კოლხეთის დაბლობში ტემპერატურა. აღმოსავლეთშიც კი იმატებს, მაგრამ იქ, დაახლოებით, 32-33 გრადუსამდე. ძალიან მაღალი ტემპერატურა უფრო ივნისის შუა რიცხვების მერე იქნება, ბოლოსკენ შეიძლება დაფიქსირდეს 37-38 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში.
- მთელი მაისი წვიმიანი იყო, ახლა სრულად გამოიდარებს?
- მაგალითად, 1 ივნისს ველოდებით როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერ წვიმას, ზოგან ძლიერი ქარიც იქნება, გაძლიერდება 13-22 მეტრ წამამდე და შეიძლება იყოს სეტყვაც. საკმაოდ სერიოზული შემოჭრაა. 2 ივნისიდან უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც იმატებს. შიგადაშიგ წვიმები იქნება, 10 ივნისიდან 17-მდე ისევ წვიმიანი ამინდია, როგორც დასავლეთში, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში. ცალკეულ დღეებში წვიმები კი იქნება, მაგრამ ნალექს რაც შეეხება, ძირითადად, უფრო ნორმის ფარგლებში იქნება.
კახეთში იქნება ნორმაზე ნაკლები, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში ნორმაზე მეტი და ზოგან - ნორმის ფარგლებში.
- თოვლი დადნა? წყალდიდობის საშიშროება ხომ არ არის?
- წყალდიდობის საშიშროება აღარ არის, იმიტომ, რომ ბაკურიანში, გუდაურში უკვე აღარ არის თოვლის საფარი, დამდნარია თოვლი. თოვლი აღარც ქვემოთაა და აღარც ზემოთ. თუმცა გაზაფხულზე წყალმოვარდნები იცის. როცა თოვლი დნება, საფარი დიდია და მკვეთრად მატულობს ტემპერატურა, თბება, მაშინ არის ძლიერი წყალდიდობები მოსალოდნელი, ახლა თოვლის საფარი აღარ არის და წყალდიდობა არ იქნება. წყალმოვარდნა უფრო ზაფხულშია დამახასიათებელი, უხვმა ნალექმა შეიძლება მეწყრული პროცესები გამოიწვიოს და ჩამოიტანოს ნაშალი მასალა, ძლიერმა წვიმამ აადიდოს მდინარეები, ეს ძალიან სწრაფი პროცესია და ასეთი პროგნოზი მოკლევადიანია, როცა მდინარეში წყლის დონე მომატებულია და კიდევ ძლიერ ნალექს ველოდებით, მაშინ ვარაუდობენ, რომ წყალმოვარდნების საშიშროება იქნება. ჯერჯერობით ეს საშიშროება არ არის. რადგან 1 ივნისს არის ძლიერი წვიმა მოსალოდნელი, შეიძლება პირველში იყოს საფრთხე, არ ვიცით, მდინარეებზე როგორ აისახება ეს ძლიერი წვიმა.
- მთელი ზაფხული ცხელი იქნება?
- ზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება. როგორც შარშან, დასაწყისი იყო ცოტათი გრილი, ასეც ვვარაუდობდით. ზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება დასაწყისიდანვე, ივნისიდანვე, ნალექები - ნორმის ფარგლებში.
ივლისი და აგვისტო კლიმატურადაც ხომ ცხელია, ამიტომ ნორმაზე მაღალი იქნება ტემპერატურაც. როგორც აღვნიშნე, ნორმის ფარგლებშია ნალექი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ პერიოდში, წვიმები შიგადაშიგ მაინც იქნება, ივლისშიც და აგვისტოშიც.
(სპეციალურად საიტისთვის)