"დამეწყრილ სახლში სამ პატარასთან ერთად შიშით ვცხოვრობ... მოგვხედონ! მაინცდამაინც თავზე უნდა ჩამომემხოს ყველაფერი, რომ ყურადღება მომაქციონ?" - კვირის პალიტრა

"დამეწყრილ სახლში სამ პატარასთან ერთად შიშით ვცხოვრობ... მოგვხედონ! მაინცდამაინც თავზე უნდა ჩამომემხოს ყველაფერი, რომ ყურადღება მომაქციონ?"

მარტვილის რაიონის სოფელ აბედათში მცხოვრები მარიამ თურმანიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან მისი ოჯახის სოფლიდან გასახლებას კატეგორიულად ითხოვს. ამბობს, რომ ავარიულ სახლში სამ პატარასთან ერთად შიშით ცხოვრობს. ის არ ეთანხმება იმ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გეოლოგებმა დადეს და ითხოვს განმეორებით ექსპერტიზას და სურს, რომ მისი ხმა ხელისუფლებამ გაიგონოს.

მარი თურმანიძე:

- მარტვილის რაიონის სოფელ აბედათში ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე, ზურაბ (მირდიკო) გაგუა, სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. სოციალურად დაუცველები ვართ და ყოველ ღამე შიშით ვიძინებთ, რადგან ჩვენი სახლი ავარიულია, აქვს ბზარები. მეშინია, ისეთი საშინელი ტრაგედია არ დატრიალდეს, რაც გურიის და აჭარის სოფლებში მოხდა. ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დამეწყრილია მთლიანად და დიდი ხანია, განგაშის ზარი ავტეხე, მაგრამ - უშედეგოდ, ყურადღებას არავინ მაქცევს. მართალია, აღიარებენ, რომ არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ მეუბნებიან, რომ სახლს გამიმაგრებენ. ეს არ არის გამოსავალი, რადგან ვერავინ მომცემს იმის გარანტიას, რომ მეწყერი ამ სახლს მთლიანად არ დაანგრევს. მიწა სულ დაბზარულია, უზარმაზარი ღრმულებია გაჩენილი და წვიმის მოსვლის მეშინია. არადა, სულ წვიმებია, ბზარები დღითი დღე მატულობს. ადგილობრივი ხელისუფლება არ მიგვარებს პრობლემას, იქნებ თქვენ დამეხმაროთ.

- როდიდან გაჩნდა ეს პრობლემა?

- ნელ-ნელა გაჩნდა ღრმულები, დაიბზარა კედლები, სახლის გვერდზე იმხელა ღრმულია, მიწიდან წყალი ამოდის. მივიტანე გამგეობაში ფოტოები და დავწერე განცხადება, რომ გეოლოგები მოსულიყვნენ და შეეფასებინათ მდგომარეობა. 23 თებერვალს ოფიციალურად მივმართე დახმარებისთვის. მერე, რომ ვრეკავდი, მეუბნებოდნენ, ერთი ოჯახის გამო ვერ მოვალთო, ისეთი ხმაური ავტეხე, იძულებულები გახდნენ, მოსულიყვნენ. მაინცდამაინც თავზე უნდა ჩამომემხოს ყველაფერი, რომ ყურადღება მომაქციონ? ამის უმძიმესი მაგალითები ხომ გვაქვს საქართველოში, ხომ ვნახეთ, რა მოხდა გურიაში, აჭარაში, რამდენი ოჯახი შეიწირა მეწყერმა, დაუდევრობამ და რამხელა ტრაგედიები მოხდა. მთლიანად ჩაიტანა სახლები მეწყერმა ისე, რომ ხალხმა სახლებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ნუთუ ამ შეცდომებზე მაინც არ სწავლობენ, ნუთუ ეს არ არის საკმარისი? რატომ უნდა გარისკო ადამიანის სიცოცხლით? მაგალითად, გურიაში გამაგრება გაუკეთეს ოჯახს და ზუსტად მესამე დღეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მეწყერმა შეიწირა 10 წლის ბავშვის სიცოცხლე. ვინ აგებს მის სიცოცხლეზე პასუხს? ის ოჯახი რომ გაესახლებინათ, ბავშვი ხომ ცოცხალი იქნებოდა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელსაც სერიოზული მიდგომა სჭირდება.

- რა წერია გეოლოგების დასკვნაში?

- განცხადების დაწერიდან ერთი თვის მერე ძლივს მოვიდნენ და ფოტოები გადაიღეს, ეს ფოტოებიც კი არ დევს დასკვნაში, რომელიც გადმომცეს. რაც ყველაზე მთავარია, მათგან ვითხოვდი, შემოსულიყვნენ სახლში და დაეთვალიერებინათ, თავიანთი თვალით ენახათ, მეწყრიდან გამომდინარე როგორი დახეთქილია სახლის კედლები, მაგრამ წარმოიდგინეთ, სახლში არც კი შემოსულან, ვიზუალურადაც არ უნახავთ, რა დღეში ვართ. არ არის საჭიროო, - რამდენიმე ფოტო გადაიღეს ეზოში და ძალიან მალე წავიდნენ, ისე, რომ ძირფესვიანი შესწავლა არც კი მომხდარა, ახლა კი მიწერენ დასკვნაში სახლის გამაგრებას. არადა, ანალოგიური პრობლემა ვისაც ჰქონდა, ყველა იმას ამბობს, არ დათანხმდე გამაგრებას, რამე რომ მოხდეს, ოჯახიანად ამოწყდებიო. წარმოიდგინეთ, სამი პატარა ბავშვი როგორ დავაძინო ასეთ სახლში? შიშის ქვეშ როდემდე ვიცხოვრო? რატომ არ უნდა მომაქციონ ყურადღება?

ვითხოვ აქედან გასახლებას. აქ ცხოვრება შეუძლებელია და მაინცდამაინც ტრაგედია უნდა დატრიალდეს? სახლს აქვს საშინელი ბზარები, სახლის უკან მიწა გვქონდა და ნაწილი წაიღო წყალმა, ღობიანად, ზემოთ არის გორაკი, მთა, რომელიც ნახევრად წამოსულია, სახლის ქვემოთ, 60 მეტრი არ არის სახლიდან დაშორებული, ჭა მქონდა და ჩავარდა მთლიანად, ტყეში ვერ შეხვალ შიშით, სულ ემატება და ემატება ღრმულები, მთლიან ტერიტორიაზე.

სასამართლოში სიარულმაც რომ მომიწიოს, ამას ასე არ დავტოვებ. სიცოცხლე საფრთხეშია და მოგვხედონ. სოფელში ასევე სხვა ბევრი პრობლემაა და მოგვარება არავის უნდა. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და გზა არ არის სოფელში. სკოლა ისე მთავრდება, რომ ნახევარი წელი ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ, რადგან ჩვენს სახლამდე სკოლის ტრანსპორტი ვერ ამოდის. ერთი კილომეტრია ფეხით ჩასასვლელი იმ ადგილამდე, სადაც სკოლის მარშრუტკა მოდის, ჩვენთან კი კარგ ამინდშიც არ ამოდის, გზები არ არისო, ძველი მარშრუტკაა და წვიმიან ამინდში ხომ საერთოდ ვერ ამოვა! წვიმაში კი საშინელება ხდება. ტლაპოში უწევთ ბავშვებს სიარული, დიდ მანძილზე, სველდებიან, ტალახით ისვრებიან და მერე ტანზე რომ იშრობენ სისველეს, ცუდად ხდებიან, ამიტომ ვერ ვუშვებ. გაზი არ გვაქვს, გზა არ არის, ინტერნეტი არ არის. ყველგან რაღაც კეთდება, აქ საერთოდ არაფერი გაკეთებულა. არავინ ხმას არ იღებს, რატომღაც მეზობლებიც შეგუებულები არიან ამ მდგომარეობას.

- მეზობლების სახლებიც დამეწყრილია?

- ჩემი მეზობელი ჩემზე უარეს მდგომარეობაშია. მამაკაცია, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მარტო ზრდის. შეგეშინდებათ მის სახლში შესვლის, ისეა დაბზარული ყველაფერი. დამრეცი მიწაა, ფერდობზე ვცხოვრობთ და დამეწყრილია ირგვლივ ყველაფერი. წვიმისგან ირეცხება და წვიმის მოსვლის გვეშინია. არადა, გადაუღებლად წვიმდა მთელი მაისი. იმხელა ღრმულებია გაკეთებული, მეწყრის გამო ღობე მთლიანად ჩამოიშალა, აკაციები სულ მოგლეჯილია. მართლა ძალიან მეშინია. სახლში იმხელა ბზარებია, ჯოხს რომ ჩაარჭობ სიღრმეში, 20 სანტიმეტრზე ჩადის. ასეთ სახლში ვერ ვიცხოვრებ. ძალიან მეშინია, ჩემს შვილებს რამე არ დაემართოთ. 14, 7 და 5 წლისანები არიან. გადამიყვანონ სხვაგან, ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია.

სოციალურად დაუცველი ვარ, ყველაზე დაბალქულიანი, 19000 ქულა გვაქვს, დასაქმების პროგრამებია, რამდენჯერ მივმართე, მაგრამ ამ პროგრამაშიც არ ჩამსვეს. ამდენ უკანონობას უნდა მიხედოს ხელისუფლებამ. მოვიდნენ და ნახონ თავიანთი თვალით, რა მდგომარეობაში ვართ. ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. ჩვენი სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია. ანალოგიურ მდგომარეობაშია გაგუების მეზობელი ლევან პატარაია. ისიც სამი არასრულწლოვან შვილის მამაა, ამბობს, რომ სამი წლის წინ თავისი სახსრებით გაამაგრა სახლის საძირკველი, რადგან ინგრეოდა, მაგრამ ახლა ისევ გაჩნდა პრობლემა.

"ჩემი სახლი ორსართულიანია და მთლიანად დაბზარულია. რემონტის გაკეთება მინდოდა, ხელოსანმა რომ დაათვალიერა, მითხრა, ხელს ვერ მოვკიდებ, საძირკველს აქვს პრობლემაო. მეწყერსაშიშ ზოლში ვცხოვრობთ და წლებია, ეს პრობლემა გვაწუხებს. ყველაფერი თვალხილულია, მაგრამ მეუბნებიან, არაფერიაო. ახლა მეზობელმა მითხრა, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მოგმართათ. იქნებ ვინმემ ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინოს. მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ. თუ დაგვეხმარებიან, კარგი იქნება, შიშით ხომ ვერ ვიცხოვრებთ. ჩემს სახლში ოთხივე ოთახი ძალიან დაბზარულია და მეუბნებიან, ეს არაფერი არ არისო. სამი წლის წინ საერთოდ ინგრეოდა სახლი. კედლებს ხელს რომ მოკიდებდი, იქით-აქეთ მოძრაობდა. მაშინ თურქეთში დავდიოდი პერიოდულად სამუშაოდ, გარკვეული თანხა მოვაგროვე და მე შევაკეთე. ხელოსანმა არმატურა ჩაყარა ძირში და ცემენტით გაამყარა. მეგონა, ამით პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ახლა ისევ ანალოგიური საფრთხის წინაშე ვარ. ბავშვები მყავს და რამე რომ მოხდეს, მეშინია. ჩემს ეზოში ღრმულები არ შემიმჩნევია, მაგრამ გაგუების სახლში მიწაც ჩადის და სერიოზული პრობლემა აქვთ. ფერდობიც ინგრევა, ღობე და ყველაფერი მოდის.

მოკლედ, დიდი პრობლემებია და თუ მოგვხედავენ, კარგი იქნება".

ჩვენ დავინტერესდით დასკვნის შინაარსით. ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა უკვე არსებობს სადაც ვკითხულობთ:

"მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქ. ზურაბ გაგუას საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური პირობები შეფასდა, რის საფუძველზეც დადგინდა შემდეგი: ზურაბ გაგუას საკარმიდამო ნაკვეთი და სახლი მდებარეობს მდ. ტორჩენის მარჯვენა შენაკადის მარცხენა ფერდის თხემურ ნაწილში (X-21794 1-4697417). ფერდობი ძველ მეწყრულია. აქვს სამხრეთ-დასავლური ექსპოზიცია, დახრილობა 21-25. ზედაპირი -საფეხურებრივი, ფერდობი გეოლოგიურად აგებულია შუა მიოცენური ასაკის ქანებით, წარმოდგენილი თიხებით, ქვიშაქვებით და მერგელებით. ძირითადი ქანი გადაფარულია დელუვიური თიხა-თიხნარებით. ზურაბ გაგუას (საცხოვრებელი სახლი ბელეტაჟის ტიპისაა, 1,5-სართულიანი, კაპიტალური (სურ. 1), აშენებულია ფერდობის ჩამოჭრილ, მოსწორებულ ზედაპირზე. სახლის საძირკველზე აღინიშნება დაზიანებები (სურ. 2), რომელიც ნაწილობრივ გამორეცხილია. ფერდობის ჩამოჭრილ ზედაპირსა და სახლის კედელს შორის, სივრცეში, ხდება წყლის საძირკველქვეშა გრუნტებში ჩადინება, რაც იწვევს ჟდენით პროცესებსა და სახლის დაზიანებას. ფერდობზე აღინიშნება გრუნტის წყლის გამოსავალი. სახლის მიმდებარედ, საკარმიდამო ნაკვეთში, ერთმანეთის მიყოლებით, ზოლში ფიქსირდება სუფოზიური ღრმულები. მოსახლის გადმოცემით, ორმოები ამოავსეს.

თუმცა ამის მერე გაჩნდა ახალი, სადაც ხდება ზედაპირული წყლების ჩადინება. საჭიროა სახლის გამაგრება, შენობის მთელ პერიმეტრზე. სახლის ირგვლივ ჰიდროსაიზოლაციო საფარის მოწყობა. ზედაპირული წყლების რეგულირება და იზოლირებულად განტვირთვა შენობიდან მოშორებით. სახლის უკან, ფერდობის ჩამოშლისგან დაცვის მიზნით, საყრდენი კედლების მოწყობა ღრმა დაფუძნებით, შესაბამისი პროექტის საფუძველზე", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ცუცქირიძე.

ამ დოკუმენტის შემსრულებლებად მითითებულია ამავე დეპარტამენტის სტიქიის პროცესების და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი ზეინაბ მაისურაძე და ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს 1-ელი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზურაბ ბოსტაშვილი. დასკვნა შეთანხმებულია გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან, მერაბ გაფრინდაშვილთან. გამაგრებას არ ექვემდებარება ოჯახი და ის მაინც ითხოვს გასახლებას.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენს სოფელ აბედათში - მანანა გულუას.

ქალბატონი მანანას თქმით, ექსპერტები მივიდნენ გაგუების სახლში და გეოლოგების დასკვნა უკვე დაიდო, სადაც წერია, რომ ოჯახი გასახლებას არ ექვემდებარება.

მანანა გულუა:

- როცა ამ ოჯახმა მოგვმართა, მე პირადად ავედი და გადავამოწმე მდგომარეობა, შემდეგ დავაწერინე განცხადება, რომ სპეციალისტებს დაედოთ დასკვნა. მერიამ იმსჯელა და შესაბამისად გამოუშვა გეოლოგები, შესამოწმებლად. პირადად ვახლდი დარგის სპეციალისტებს იქ, რომლებმაც დადეს დასკვნა, სადაც წერია, რომ ოჯახი არ ექვემდებარება გასახლებას და წყლის არხების მოწესრიგება უნდა მოხდეს.

- ოჯახი ამბობს, რომ მთა ჩამოდის მისი სახლის უკან. ამბობს იმასაც, რომ გეოლოგებმა ზერელედ დაათვალიერეს იქაურობა, გადაიღეს რამდენიმე ფოტო და მისი თხოვნის მიუხედავად, სახლი შიგნით არც დაუთვალიერებიათ და არ უნახავთ, რა ხდება შიგნით.

- როცა იქ ვიყავით, არ იყო მთა ჩამოსული, მერე თუ რამე ახალი მოხდა, არ ვიცი. რაც შეეხება სპეციალისტების სახლში შესვლას, დიახ, ითხოვდა სახლში შესულიყვნენ, მაგრამ არ შესულან, რადგან სახლი და საძირკველი დაათვალიერეს გარედან და ჩათვალეს, რომ არ იყო საძირკვლის დაზიანება. დასკვნაში ცალსახად წერია, რომ გასახლებას არ ექვემდებარებიან. გამაგრება მოხდება. ჩვენი რაიონი მთაგორიანია და როცა არის საშიშროება, გეოლოგი პირდაპირ წერს დასკვნაში, სასწრაფოდ გასაყვანია ოჯახიო და ჩვენთანაცაა რამდენიმე ასეთი ოჯახი, რომელიც გაყვანას ექვემდებარება. გაგუების ოჯახი არ ექვემდებარება, მე ვუთხარი მოსულიყო და შეკეთებაზე დაეწერა განცხადება, მაგრამ ამაზე უარს ამბობს ქალბატონი მარიამი და ის ითხოვს გასახლებას. ადრეც დავაწერინეთ განცხადება. მაშინაც ერთჯერადი დახმარება მივეცით. განცხადება დაეწერა ახლაც და მერია დაეხმარებოდა შესაბამისად, მაგრამ არ მოდის ამაზე, რადგან უნდა გადასახლება. მერია დასკვნას ეყრდნობა, ასე ზერელედ ხომ არ ხდება ოჯახების გასახლება? რა დახმარებაც დასჭირდება შესაკეთებლად, ის შეფასდება და დაეხმარება მერია, როგორც ადრე დაეხმარა.

- სხვა პრეტენზიებიც აქვს მას, ამბობს, რომ მის სახლამდე მისასვლელი გზის უქონლობის გამო, მისი შვილები წვიმაში სკოლაში ვერ დადიან, ამ კუთხით რა ხდება?

- რაც შეხება გზების შეკეთებას, მარტვილის მერია მუშაობს ამაზე. ჩვენს სოფელში კეთდება ახლა ბეტონის გზა, მეორე ადგილას ტენდერია გამოცხადებული და ისიც მალე დაიწყება. ყველაფერი ერთიანად ვერ მოხდება. აბედათში იმდენი პროექტია გაკეთებული და ამჟამად კიდევ 10 პროექტია მოსული, რაც ეტაპობრივად ხორციელდება, გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები.

- კიდევ ერთი, პატარაიების სახლი ყოფილა დამეწყრილი, მათზე რას იტყვით?

- ლევან პატარაიას ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართავს. განცხადება უნდა დაწეროს და შესწავლა მოხდება. შარშან ამ ოჯახს ქარმა სახურავი გადაუხსნა, დაწერა განცხადება და დაეხმარა ხელისუფლება. წელს არ მოუმართავს. შემოვიდეს განცხადებით, შეისწავლიან შესაბამისი სამსახურები და მიიღებს პასუხს.

(სპეციალურად საიტისთვის)