ნინო კასრაძე ე.წ. აგენტების კანონზე, აქციებზე და ალა პუგაჩოვაზე - "ოცნების" დეპუტატები როცა ამბობენ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროპაო, მაგაზე ვგიჟდები" - კვირის პალიტრა

ნინო კასრაძე ე.წ. აგენტების კანონზე, აქციებზე და ალა პუგაჩოვაზე - "ოცნების" დეპუტატები როცა ამბობენ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროპაო, მაგაზე ვგიჟდები"

გთავაზობთ ეპიზოდს მსახიობ ნინო კასრაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 27 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.

"მეც და ჩემი მეგობრებიც ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ კანონს ისევ შემოაბრუნებდნენ. შარშან ხელისუფლების უკან დახევამ ბევრი რამ წინ წასწია, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება. არ ვიცი, რას ემსახურება ხელისუფლების ეს ნაბიჯი. ამ ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელია ნორმალური გარემო. ცოტა ხნის წინ როგორი დიდი სიხარული იყო, საზოგადოება გაერთიანდა, ერთი სულისკვეთება იყო (ფეხბურთს ვგულისხმობ) და ვფიქრობდი, რომ ხომ შეიძლება ასე სიყვარულით, სიმშვიდით, და სიხარულით ვიცხოვროთ-მეთქი.

ხალხი, რომელიც მაშინ იყო ქუჩაში­ გამოსული, ახლა უფრო გამწარებული გამო­ვიდა გარეთ. ალბათ, ელოდებიან, რომ ხალხის ნაწილი ისეა გადაღლილი და სასოწარკვეთილებამდე მისული, შეიძლება­ რეაგირება არ მოახდინოსო. ჩემი თაობის ხალხს ძალიან უჭირს, ენერგია გვაქვს ცოტა, მაგრამ არა იმდენად ცოტა, რომ ჩვენი პრინციპები ვერ დავიცვათ. ისევ იქ დავდგები, როგორც აქამდე. იმდენად აღშფოთებული ვარ ამ ყველაფრის გამო, გამოხატვის თავიც აღარ მაქვს, გარდა იმისა, რომ იქ დავდგე, ჩვენს ახალგაზრდებთან. ეს კანონი დამღუპველია ჩვენთვის. ხომ ვიცით რა მოიტანა რუსეთში. მაგალითს მოგიყვანთ: 15 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღე იყო და ეს საოცარი ქალი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს, ფაქტობრივად, მას რუსეთში ცხოვრების უფლება­ აღარ აქვს. ასევე ბევრ მის მეგობარსაც. ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, სახელმწიფო სამსახურში ვეღარ იმუშავებენ. საბანკო ბარათის აღების უფლებაც არ ექნებათ, ანგარიშსაც ვერ გახსნიან. ეს ხალხი იქნება დევნილი თავისი ქვეყნიდან. ასე რომ, ძალიან საშიში კანონია. ვისაც ჯერ კიდევ ილუზია აქვს, მათ მივმართავ: ეს კანონი, მანიპულაციის უდიდესი საშუალებაა, შენ შეგიძლია როგორც გინდა, ისე გამომიყენო!

ხომ ხედავთ, როგორია მთავრობის, ძალოვანი უწყებების დამოკიდებულება ხალხისადმი. დაუნდობლად უსწორდებიან ყველას. ღიზიანდებიან, რომ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. დემოკრატიას ალტერნატივა არა აქვს. დემოკრატიის შემდეგ არის ტირანია.

ამ კანონის მიღება, ჩემი აზრით, მაინც იმას ემსახურება, რომ ყველანი ვიყოთ უკიდურესად დაძაბული, გაღიზიანებული და ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება დავიწყოთ. შარშანდელი შეთანხმება, რომ ასე ხელის ერთი მოსმით გააუქმეს, მიუთითებს­, რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ხრამი, უფსკრული. ქართველი საზოგადოება ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით ჩემი შვილების თაობა­. არც ისე დიდი ხნის წინ, მწერალთა სახლში გაიხსნა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და მე იქ ვკითხულობდი, პაოლო იაშვილის ცოლის წერილ-მოგონებას. იხსენებს იმ დღეს, როცა პაოლომ თავი მოიკლა, მხოლოდ გიორგი ლეონიძე ჩამეხუტაო. წარმოიდგინეთ, როგორი შიში იყო დასადგურებული, რომ კაცმა მწერალთა სახლში თავი მოიკლა და მისმა მოძმეებმა მის შვილსა და ცოლს სამძიმარი ვერ გამოუცხადეს. ეს რამხელა მორალურ დეგრადაციასა და ტრაგედიაზე მეტყველებს! იგივე გველოდება ახლაც. ერთმა ჩემმა ნაცნობმა დეპუტატმა თქვა, ეს კანონი რომ არ მიგვეღო, დაგვენგრეოდა ქვეყანა თავზეო. რატომ დაინგრევა ქვეყანა ამ კანონის გარეშე? რა არის ამის უკან? ქვეყანა გახლეჩილია, ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ტელეგადაცემებში არ სხდებიან ერთად, სუფრაზეც კი აღარ პატიჟებენ ერთმანეთს, ისე არიან დაპირისპირებული. "ოცნების" დეპუტატებს­ შეიძლება მართლაც არა აქვთ გაცნობიერებული, რასთან არის ეს ყველაფერი კავშირში და როცა ამბობენ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროპაო, მაგაზე ვგიჟდები".

წაიკითხე ვრცლად