36 საათს გაუძელით! - ნატომ მე-5 მუხლით რუსეთის სავარაუდო თავდასხმა „მოიგერია“... - კვირის პალიტრა

36 საათს გაუძელით! - ნატომ მე-5 მუხლით რუსეთის სავარაუდო თავდასხმა „მოიგერია“...

დღეს, 31 მაისს, ნატომ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები - Steadfast Defender 24-ი („მტკიცე მცველი“) დაასრულა, რომელიც ჯერ კიდევ 24 იანვარს დაიწყო და მასში ალიანსის 90 ათასი სამხედრო, 1 100 შეჯავშნული მანქანა, 50 სამხედრო ხომალდი, 90 თვითმფრინავი და შვეულმფრენი იღებდა მონაწილეობას...

ეს იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 1988 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რომლის სცენარის მიხედვით, ნატოს აღმოსავლეთ წევრ ქვეყანას მისი უშუალო მეზობელი ესხმის თავს, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, წევრი ქვეყნების მთავრობებთან ერთად, იღებს გადაწყვეტილებას, აამოქმედოს ალიანსის წესდების ის ცნობილი მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის „ჩართვას“ ითვალისწინებს, თუკი ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე განხორციელდება სამხედრო აგრესია...

ანუ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ღიად აჩვენა რუსეთს, რომ მას მოიაზრებს იმ მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ, რომლისგანაც მოელის სამხედრო სახის თავდასხმებს, თავის აღმოსავლეთ ფლანგზე!

„პირველი ცივი ომის" დამთავრების შემდეგ, სამი ათეული წელი ნატო „წაუყრუებდა“ რუსეთისგან მისი მეზობლების მიმართ მომდინარე მზარდ საფრთხეებს და არც „თვალების დახუჭვაზე“ ამბობდა უარს, როდესაც რუსული ტანკები საქართველოში იჭრებოდნენ...

პოზიცია - "ოღონდ არ იყოს დიდი ომი!" - რაც ნატოს ხელმძღვანელობას და მისი წევრი წამყვანი ქვეყნების ლიდერებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე ჰქონდათ და ამ ომის მეორე წლის ბოლომდეც კი გამოჰყვათ, სანამ ცხადი არ გახდა, რომ მათი გამოზომილი და, შესაბამისად, არასაკმარისი სამხედრო დახმარებით, უკრაინა ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, ხოლო რუსეთის მოგების შემთხვევაში, პუტინს მადა უკვე თავად ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის - ბალტიისპირეთის ქვეყნების ან, სულაც, პოლონეთის „ჩასაკბეჩადაც“ გაეხსნება...

2-n-1717140858.png
ნატოს ქვეყნების დროშააღმართული ჯავშანტექნიკის მონაწილეობა ამ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებაში, წესით, კრემლისთვის ბოლო გაფრთხილებად უნდა იქცეს...

ეს სწავლება სწორედ ამერიკული და ბრიტანული საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის ჰაერითა და ზღვით ევროპაში გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც მათი მიმართვა მოხდა „პოტენციური კონფლიქტების“ რეგიონებისკენ, მათ შორის - ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე, ჯერ სამეთაურო-საშტაბო, შემდეგ კი - საველე სწავლებების გასამართავად...

სწორედ ეს - თუ რამდენად სწრაფად მოახდენს ალიანსი კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის ამოქმედებას და დამატებითი სამხედრო ძალის გადასროლას თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოში გაწევრების პირველი დღიდან ანუ ოცი წელია, ძალზე აწუხებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რადგან ესტონელები, ლიეტუველები და ლატვიელები არცთუ უსაფუძვლოდ შიშობდნენ, რომ ნატო, უბრალოდ, ვერ მიუსწრებთ და რუსული ტანკების არმადები მათ გადათელავენ...

36 საათს გაუძელით! - დაახლოებით, ამ დროის განმავლობაში უნდა შეძლონ ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებმა რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიის რამენაირად შეჩერება, რომ ნატომ მოასწროს “ფრთების“ გაშლა და დიდი დახმარების გადასროლა აღმოსავლეთით...

სანამ რუსეთი უკრაინასთანაა ომით „დაკავებული“, ძნელად წარმოსადგენია, პუტინის არმიას ეყოს იმის რესურსი, რომ, პარალელურ რეჟიმში, რაიმე გაუბედოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა - თუკი ალიანსი ამ სწავლების დამთავრების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე დატოვებს საბრძოლო დანაყოფების ნაწილს და განსაკუთრებით კი - მძიმე ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს (რომელთა ხელახლა ოპერატიულად გადასროლა იმავე ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს), ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის საბრძოლო შესაძლებლობებს, რუსეთიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხეების მოსაგერიებლად...