"ძნელი მოსასმენია, როცა ამბობენ, რუსეთისკენ მიდიანო, თვითონ გაიხედონ სად მიდიან - ვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, რუსების ძახილს თავი გაანებონ - ეკონომიკაში დაგვეხმარეთ! მარტო კანონს ხომ ვერ შეჭამ?" - კვირის პალიტრა

"ძნელი მოსასმენია, როცა ამბობენ, რუსეთისკენ მიდიანო, თვითონ გაიხედონ სად მიდიან - ვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, რუსების ძახილს თავი გაანებონ - ეკონომიკაში დაგვეხმარეთ! მარტო კანონს ხომ ვერ შეჭამ?"

ჩემთვის ძალიან ძნელი მოსასმენია საქართველოში იქნება თუ უცხოეთიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე ამბობენ, რომ რუსეთისკენ მიდიანო, თვითონ გაიხედონ სად მიდიან და როგორ მიდიან. ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფეს თქმით, ვისაც საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობა სურს, მისთვის რუსების წოდებას თავი უნდა დაანებოს.

„ჩვენთან ქართული ენა როდის შეიზღუდა, როდესაც ოკუპაცია მოხდა საქართველოში, გაუქმდა ჯერ სახელმწიფოებრიობა და და შემდეგ, რამდენიმე წელიწადში მოაყოლეს კიდევ ეკლესიის ავტოკეფალიის ჩამორთმევა. შემდეგ უკვე ქართველი კაცი აღარ დადიოდა რუსულ წირვა-ლოცვაზე და იცით, რომ, მადლობა ღმერთს, 1917 წელს ჩვენმა დიდმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლებმა, სასულიერო პირებმა, გააკეთეს ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამდე ჯერ ეკლესიამ გაახსენა მთელ საქართველოს ის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება აუცილებელი იყო და ჩვენი ეკლესია გახდა ავტოკეფალიური. ამას, მომდევნო წელს მოჰყვა თავისთავად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც. მე თვითონ გერგეტის სამებაზე ვარ აღკვეცილი, პირველი ბერი მე ვიყავი, ვინც იქ აღიკვეცა, იქ რომ ფრესკას ვწმენდდი, ობივით რაღაც იყო და პატარაზე შევახე ჩვარი სიფრთხილით და უცებ გადმოვარდა და უკან გამოჩნდა უძველესი ქართული ფერწერა, მეთოთხმეტე საუკუნის, რომელიც რუსებს კირით ჰქონდათ შელესილი და რუსული ხატწერით იყო გამაგრებული. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელი მოსასმენია, საქართველოში იქნება თუ უცხოეთიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე ამბობენ, რომ რუსეთისკენ მიდიანო, თვითონ გაიხედონ სად მიდიან და როგორ მიდიან. ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა. ჩვენ თვითონ ვიბრძოდით რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა თავიც დადო, ჩვენ თუ ცოცხლები ვართ ახლა, უფალმა დაგვტოვა ასე ცოცხლები და ჩვენც თავის გასაწირად ვიყავით წასულები. ვიღაცებს ახლა არც უბრძოლიათ ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს ვინც ლაპარაკობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც ასე უდიერად მოგვიხსენებდეს, რომ ოკუპანტის მხარეს ვიყოთ, ეს არის ჩვენი დიდი შეურაცხყოფა. თუ გინდათ ქართველები შეურაცხყოთ გარედან თუ შიგნიდან, იძახეთ და პატივისცემას, თქვენსას, ნებისმიერისას, დავკარგავთ. თუ გაწყობთ ჩვენთან ურთიერთობები არ გქონდეთ, თვითონ გაქვთ ასარჩევი. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება, რომ ეკონომიკურად მოძლიერდეს, ახალგაზრდებს სჭირდებათ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გარეთაც, საუკეთესო განათლება. უდიდესი კულტურის ერი ვართ და აუცილებლად ერთად უნდა ვაკეთოთ ეს. ყველას ვთხოვ, რომ ვისაც საქართველოსთან, ჩვენნაირ ხალხთან ურთიერთობა სურს, ამ რუსების ძახილს თავი გაანებონ და გველაპარაკონ წესიერად. რა სჭირდება ჩემს ერს? ეკონომიკაში დაგვეხმარეთ! მარტო კანონს ხომ ვერ შეჭამ?! კანონებშიც ბევრი პროგრესი გვაქვს და ეკონომიკასა და განათლებაში რომ გვექნება პროგრესი, ყველაფერს მოვაგვარებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

IPN