შურისძიების ორდერი - ზელენსკის პუტინის გამწარების ნებართვა მისცეს: რას იზამს გადარეული კრემლის ბინადარი?! - კვირის პალიტრა

შურისძიების ორდერი - ზელენსკის პუტინის გამწარების ნებართვა მისცეს: რას იზამს გადარეული კრემლის ბინადარი?!

არგი, ესროლეთ რუსეთს, ოღონდ ... ღრმად არა!

ყინული დაიძრა! ნატოს 14-მა ქვეყანამ კიევს ნება დართო გამოიყენოს მათ მიერ გადაცემული შეიარაღება და საბრძოლო მასალები უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად!

ეს ქვეყნებია-დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლიეტუვა, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, შვედეთი, გერმანია, დანია და თვით აშშ, რომელთა ნაწილი, განსაკუთრებით კი აშშ და გერმანია ბოლო მომენტამდე ყველანაირად ბლოკავდნენ მათ მიერ გადაცემული რაკეტებითა და საარტილერიო ჭურვებით უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის მიერ კონტრსაბატარეო დარტყმების წარმოებას...

არადა, რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ დასავლური ვეტოთი მშვენივრად სარგებლობდნენ და ბელგოროდის ოლქიდან შეუჩერებლივ ბომბავდნენ უკრაინის ხარკოვსა და ვოვჩანსკს, ისე რომ არ ეშინოდათ კონტრსაბატარეო ცეცხლის, რადგან უკრაინელი არტილერისტების არსენალში ახლა მხოლოდ დასავლური წარმოების შორსმსროლელი საარტილერიო ჭურვები და რაკეტები თუ მოიძებნება...

დასავლური იარაღის უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოყენებაზე ტაბუს მოხსნა, რა თქმა უნდა გაუადვილებს ბრძოლას უკრაინის დამცველებს, თუმცა არა ბოლომდე, რადგან დასავლეთმა შეზღუდვები მაინც დატოვა...

1-g-1717246084.jpg
გერმანიამ მის მიერ გადაცემული ასეთი PzH 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან 155 მმ კალიბრის ჭურვების უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მხოლოდ 40 კმ-მდე სიღრმეში სროლის ნება დართო უკრაინელ არტილერისტებს...

კერძოდ, ამერიკულმა მხარემ უკრაინის გენშტაბს ნება დართო მის მიერ გადაცემული „ჰაიმარსებიდან“ ბელგოროდისკენ ისროლოს 84 კმ-ზე მფრენი GMLRS რაკეტები, მაგრამ არაფრის დიდებით არ უნდა გაუშვას 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის აერობალისტიკური რაკეტები...

გამოდის, რომ უკრაინა კვლავ ვერ შეძლებს საპასუხო დარტყმა მიაყენოს ვორონეჟის იმ სამხედრო აეროდრომს, რომლიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები ყოველ დღე ბომბავენ უკრაინის ქალაქებს პლანირებადი საავიაციო ბომბებით?

არადა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან რუსეთის ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო-საჰაერო ბაზამდე პირდაპირ ხაზით ხომ მხოლოდ 175 კმ-ია და მისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა ამერიკული კასეტურქობინიანი აერობალისტიკური ATACMS-ების „სტუმრობა“...

გერმანია კიდევ უფრო „უჭერს“ და უკრაინელ არტილერისტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაბომბვას მხოლოდ 40 კმ-მდე თუ აძლევს უფლებას-დაახლოებით ამ სიშორემდე ისვრიან ბუნდესვერის მიერ უკრაინის არმიისთვის აქამდე გადაცემული PzH 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 155 მმ კალიბრის ჭურვებს.

საინტერესოა, დაუტოვა თუ არა მოქმედების მანძილზე შეზღუდვები უკრაინას დიდმა ბრიტანეთმა მის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს, ხოლო საფრანგეთმა SCALP-EG ფრთოსანი რაკეტების უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ობიექტების დასაზიანებლად - აქამდე ამ ორივე ტიპის რაკეტას უკრაინა თითქმის 300 კმ-ის სიშორიდან ძალზე წარმატებით იყენებდა ანექსირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების სამხედრო ხომალდებისა და რადიოლოკატორების გასანადგურებლად...

2-g-1717246084.png
მხოლოდ 84 კმ-ზე მფრენი GMLRS რაკეტებით უკრაინელები ვერ მისწვდებიან და ვერ „ჩააჩუმებენ“ ბელგოროდის ოლქის სიღრმეში, ტყეში გადამალულ საცეცხლე პოზიციაზე მდგარ რუსულ Искандер-М-ებს, რომელთა გაშვებული აერობალისტიკური რაკეტები 500 კმ-იდან უწევს უკრაინის ქალაქებს...

შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ მოსალოდნელია, რომ უკრაინის არმია ჩრდილოეთის ფრონტზე დაიწყებს დასავლური შეიარაღების ინტენსიურ გამოყენებას იმ რუსული საარტილერიო და სარაკეტო დანადგარების „ჩასაჩუმებლად“, რომლებიც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან ბომბავენ ხარკოვსა და ვოვჩანსკს.

უკრაინელ მეზენიტეებს სავარაუდოდ ასევე აენთოთ მწვანე „მოხეტიალე პეტრიოტების“ საზღვრისპირა რაიონში გამოყენებისთვის - ერთხელ როდესაც, ვეტოს მიუხედავად უკრაინულმა მხარემ გაბედა და გასული წლის 13 მაისს ბელგოროდის ოლქის თავზე ოთხ წუთში ოთხი რუსული სამხედრო საფრენი აპარატის (ორი თვითმფრინავისა და ორი შვეულმფრენის) ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგდება შესძლო, რაც იმ სიშორეზე მხოლოდ ამერიკული "პეტრიოტის" "მოხეტიალე" საზენიტო-სარაკეტო დანადგარს შეეძლო აღესრულებინა, თეთრი სახლი თურმე მკაცრად დამუქრებია კიევს - ასეთი რამ აღარ გაბედოთ, თორემ სამხედრო დახმარებას საერთოდ შეგიწყვეტთო...

სამაგიეროდ ბელგიამ, რომელმაც უკრაინას მალე F-16 ტიპის გამანადგურებლები უნდა გადასცეს, ხელშეკრულებაში სპეციალურად ცალკე გამოჰყო - ეს საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინამ მხოლოდ თავის სივრცეში უნდა გამოიყენოს და არავითარ შემთხვევაში რუსეთის ცაში...

რუსულ „წითელ ხაზებს“ კვლავ უფრთხიან ნატოში - ამ სიფრთხილემ კი უკრაინას ბევრჯერ დათვური სამსახური გაუწია და უკან დასწია...

კრემლს ჯერ არანაირად არ აღუსრულებია თავისი მუქარები, ან რით უნდა დაემუქროს უკრაინას, როდესაც ყოველდღიურად ისედაც ყველა სახის და ტიპის შეიარაღებით ბომბავს?

თუმცა, რჩება მთავარი „წითელი ხაზი“- ბირთვული იარაღით შეტევის განხორციელება, რომელიც უფრო მოსკოვის ბირთვული შანტაჟის ნაწილია, რომლითაც კრემლის ბინადარნი დაწყებული სტალინიდან, ხრუშჩოვიდან თუ ბრეჟნევიდან პირველი ცივი ომის დროს ისედაც ხშირად აშინებდნენ „ბებერ ევროპასა“ და ოკეანისგაღმელ ამერიკელებს...