“40 წლის ვხდები და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება" - რას ამბობს ნინო მუმლაძე ოჯახზე, ურთიერთობებზე და თავის პატარა ბიჭუნაზე
"როდესაც 20 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ 40 წლის ასაკში ყველაფერი სრულდება, მაგრამ მე ამ ასაკში ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში" - გვითხრა მსახიობმა ნინო მუმლაძემ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, დედა გახდა. ის ჩვენს მკითხველს ამ სასიამოვნო სიახლეზე ესაუბრება:
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია. მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა, მაგრამ არავის დავუჯერე და ამის გამო ჩემი ექიმი ძალიან მაქებს - სწორი გადაწყვეტილება მიიღეო.
- თქვენს პატარას რა დაარქვით?
- სახელად უცხო სახელი - რონი დავარქვით. მე და ჩემი მეუღლე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით და ვერ ვთანხმდებოდით, ბევრი ვერსია გვქონდა, მაგრამ ბოლოს, მამიკომ ასეთი უცხო სახელი აურჩია. რონი ბრიტანული სახელია, თუმცა ისრაელშიც ბევრს ჰქვია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პატარა ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორი სახელიც აქვს. ჯერ რამდენიმე დღისაა, მაგრამ სულ აქეთ-იქით იყურება, ყველაფერს აკვირდება და ისეთი მიმიკები აქვს, რომ დიდი ადამიანი გეგონება... სამშობიაროს თანამშრომლები, რომლებსაც ასეულობით ბავშვისთვის მოუვლიათ, გაოცებით ამბობდნენ, როგორი აზრიანი თვალები აქვსო.
- თქვენი მეუღლე თუ გეხმარებათ მის მოვლაში?
- ჩემი მეუღლე მხატვარი გუგა გოგინაშვილია. ძალიან უხარია, მაგრამ მის ხელში აყვანას ვერ ბედავს, ეშინია, ასე ჰგონია, რომ რაღაცას დაუშავებს. ამიტომ, ურჩევნია რონი ჩემთან იყოს და ისე ეთამაშოს. თან მეუბნება: არ გეწყინოს, ცოტა რომ წამოიზრდება, მერე მოგეშველებიო. სხვათა შორის, გუგამ ჩემს მშობიარობაზეც ძალიან ინერვიულა, ვეხუმრებოდი: მე ვიმშობიარე და ცუდად შენ გახდი-მეთქი?
- ორი ხელოვანის ცხოვრება ერთ ჭერქვეშ რთული ხომ არ არის?
- ეს რთული სულაც არ არის, შესაძლოა იმის გამო, რომ სხვადასხვა სფეროში ვართ. სხვათა შორის, გუგას ძალიან აინტერესებს ჩემი როლები და ყოველთვის სწორ შეფასებებს მაძლევს. ჩვენი შეხედულებები ხელოვნებაზე ერთმანეთს ემთხვევა და მისი შენიშვნები ძალიან მეხმარება. პარალელურად, მეც ვცდილობ, მისი შემოქმედება სწორად შევაფასო და ხელი შევუწყო, რომ თავის პროფესიაში რეალიზებული იყოს. უკვე 4 წელია, რაც მას ვიცნობ, ორი წელია, რაც ერთად ვართ და სულ ვცდილობთ, ერთმანეთის პროფესიას პატივი ვცეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ.
- მაინც, რა არის საჭირო, რომ ადამიანებმა ურთიერთობა შეინარჩუნონ და კარგი ოჯახი შექმნან?
- რასაკვირველია, სიყვარული. სხვა დანარჩენი პირობითობაა, რომელსაც ჩვენ ვქმნით. თუ ნამდვილი გრძნობა არ არსებობს, ძალით არაფერი გამოვა. თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს და მასთან ყოფნა გინდა, თუ ისიც ამავეს განიცდის, სხვა ყველაფერი მოგვარდება. ამბობენ, ორი ჯიუტი ადამიანი ერთად ვერ იცხოვრებსო, ჩვენ საკმაოდ ჯიუტები ვართ, მაგრამ თუ ეს ადამიანი შენთვის ძვირფასია, ძალაუნებურად დაუთმობ. არ არსებობს ურთიერთობა, სადაც ყველაფერი იდეალურადაა აწყობილი, მაგრამ თუ ორივე მხარე კომპრომისზე არ წავა, არაფერი გამოვა. ხან ერთი მხარე დათმობს, ხან - მეორე, ამ დროს ნაბიჯების თვლას და იმის ანგარიშს, ვინ რა დათმო, აზრი არა აქვს. არის რაღაც სიტუაციები, როცა ყველა ხვდება, რომ ურთიერთობის გადასარჩენად ასე სჯობს. ნებისმიერი კონფლიქტის დროს უნდა იცოდე, რომ სადღაც უნდა გაჩუმდე, ან რაღაც არ გააკეთო, თუ გინდა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს. თუ ყველა წვრილმანზე გავჯიუტდებით, შორს ვერ წავალთ, რადგან კამათის და კონფლიქტის გარეშე ურთიერთობა არ არსებობს. მთავარია, დაფიქრდე, რა უფრო მნიშვნელოვანია - კონფლიქტის გაგრძელება თუ ამ ადამიანის შენარჩუნება. სწორედ ამგვარი დეტალები და ნიუანსები წყვეტს ურთიერთობის ხარისხს და ხანგრძლივობას. მიუხედავად ამისა, მთავარი მაინც სიყვარულია: თუ ადამიანი არ გიყვარს, ან მას არ უყვარხარ, დიდი ხნის ოჯახსაც ვერ შეინარჩუნებ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ იღბალი ჩვენს ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს?
- მეც ასე მგონია: ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებას თავისი სცენარისტი ჰყავს. რა თქმა უნდა, უმთავრეს ნაბიჯებს ჩვენ ვდგამთ, მაგრამ ცხოვრება რა სიურპრიზებს გვიმზადებს, წინასწარ ვერავინ გათვლის. ამიტომ, ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული - როგორ ნაბიჯებს გადავდგამთ და როგორ შევხვდებით ცხოვრებისეულ გამოცდებს.
- 21-ე საუკუნეში ადამიანები ოჯახის შექმნას არ ჩქარობენ, ეს რით აიხსნება?
- ეს ლოგიკურია, რადგან ადრე ადამიანის მთავარ მისიად ოჯახის შექმნა იყო მიჩნეული. თუ ქალი გათხოვილი არ იყო, ფიქრობდნენ, რომ მის არსებობას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, ქალი დაბადებიდანვე იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ოჯახი შეექმნა. მამაკაცებთანაც იგივე დამოკიდებულება იყო, ამიტომ, მათ ხშირად ისეთი ქალები მოჰყავდათ ცოლად, რომლებიც არ უყვარდათ. მათთვის ღალატიც არ იყო პრობლემა, უბრალოდ, კაცმა იცოდა, რომ ოჯახი ჰქონდა და შინ ცოლ-შვილი ელოდა. მეც ბევრი ოჯახი ვიცი, რომელიც მოტაცებით, ან გარიგებით შეიქმნა. არ ვიცი, ეს ოჯახები რამდენად ბედნიერები იყვნენ, მაგრამ რეალობას ეგუებოდნენ და ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. დღეს, სულ სხვა ცხოვრება წამოვიდა: ყველა ცდილობს, რეალიზებული იყოს და თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს. ოჯახის შექმნა არ არის მთავარი პრიორიტეტი თუ ადამიანს არაფრისთვის მიუღწევია, თუ დამოუკიდებელი არ არის და თავისი შემოსავალი არა აქვს. ცხადია, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის უმჯობესია, რომ უფრო მეტი ოჯახი იქმნებოდეს, მაგრამ თანამედროვე ადამიანი სულ სხვა რამეებს აქცევს ყურადღებას. ქორწინების ასაკმაც ამიტომ გადაინაცვლა - ადამიანები ცდილობენ, ჯერ საკუთარი თავი იპოვონ და მერე დაოჯახდნენ.
- თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ 30-32 წლის შემდეგ ქორწინება დაგვიანებულია.
- ვინც ასე ფიქრობს, ცდება, რადგან ყველაფერი ადამიანის სურვილზე და ბედისწერაზეა დამოკიდებული. მთავარია, ნამდვილ სიყვარულს შეხვდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უნდა მონდომებული იყო, ბედნიერი ვერ იქნები. ასაკი დოგმა არ არის, აი, მე აგვისტოში 40 წლის ვხდები. 20 წლისას მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ყველაფერი სრულდება, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ამ ასაკში ახალი სიცოცხლე დავიწყე, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია - ეტაპი, რომელსაც ჩემი პატარა შვილით ვეგებები. 38 წლამდე ისე მოვედი, რომ დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
- ნინო, თეატრს როდის დაუბრუნდებით?
- სექტემბრიდან თეატრში დავბრუნდები და ჩემს საქმეს გავაგრძელებ, ორ უსაყვარლეს თეატრში - თბილისის და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. ბოლო თვეებში ჩემი კოლეგები მაქსიმალურად მეხმარებოდნენ და ხელს მიწყობდნენ. შვიდი თვის ჩათვლით, სცენაზე ვიდექი. თამაში რომ მიჭირდა, სცენაზე ჩემ ნაცვლად გამოდიოდნენ. ორივე თეატრის კოლექტივისგან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენი, რის გამოც, უზომოდ მადლობელი ვარ!
ბედნიერი ვარ, რომ ირგვლივ ასეთი ადამიანები მყავს.
(სპეციალურად საიტისთვის)