პრეზიდენტის ქარტია, ოპოზიციის სტრატეგია და "ოცნების" შანსები - "დიდი შეცდომა იქნება, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას" - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ქარტია, ოპოზიციის სტრატეგია და "ოცნების" შანსები - "დიდი შეცდომა იქნება, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას"

ართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმწვავესი კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მაინც დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და 84 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც ჩვენში ხშირად "რუსულ კანონად" მოიხსენიებენ. ქვეყანაში თითქმის 50-დღიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, არავის აზრი არ გაითვალისწინა. უმძიმესი შეფასებები ისმის დასავლეთიდან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირებაზე ლაპარაკობს, "ქართული ოცნება" კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამ კანონით ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს. მეტიც, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრებას გვპირდება, აშშ-თან კი ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუმცა ისე ჩანს, რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში ხელისუფლებას მოკავშირე აღარ ჰყავს. ექსპერტთა აზრით, ჩვენი ქვეყანა იზოლაციის გზას დაადგა, რაც კარგად არ დასრულდება. შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

dzabiradzeee.png

- საჯარო განცხადებები პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს, მით უფრო, ქვეყნის პირველი პირების, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის განცხადება კონკრეტული პოლიტიკოსის რეალურ პოზიციას ასახავს. კობახიძისა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებები, სამწუხაროდ, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. არ ვიცი, რომელი ევროპისკენ მიდიან ეგენი ან როგორ შეიძლება აშშ-თან ურთიერთობა გააუმჯობესონ. იმის დანახვას, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთან დაკავშირებით ორპარტიული გადაწყვეტილება მიიღო, არ სჭირდება პოლიტიკის ცოდნა. ამერიკის ხელისუფლებაში ვინ იქნება - ბაიდენი დარჩება თუ ტრამპი მოვა, არა აქვს მნიშვნელობა, რადგან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციებსა თუ სხვა შეზღუდვებზე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმებული არიან. "ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას ილუზია, რომ აშშ-ში ტრამპს აირჩევენ და ყველაფერი შეიცვლება, თურმე ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ეს მტკნარი ტყუილია. ასე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, აშშ თუ ევროკავშირი საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოსავით არ იცვლის და ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არაფერია დამოკიდებული. ასე რომ, როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრება სურთ და იზრუნებენ აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, წმინდა წყლის ბლეფი და პროპაგანდაა.

უკვე რუსებიც დაგვცინიან ამათი განცხადებების გამო. კობახიძის ნათქვამს, რომ თურმე 2030 წელს ევროკავშირში აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევალთ, ზოგმა "ეშმაკის ნაკარნახევი" ეძახა, ზოგმა პრემიერის "ფანტაზიები"... აი, რა დღეში ჩავიგდეთ თავი, რუსეთი, საითაც მიჰყავთ ქვეყანა, დაგვცინის, მეორე მხარე კი კატეგორიულად გვეუბნება, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენი ადგილი ევროპაში არ არისო, და ლაპარაკი, რომ თურმე ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ამგვარი პოლიტიკით სუვერენიტეტს ვიცავთ და ევროკავშირში გავწევრდებით, სულ ცოტა, ადეკვატურობასთან აცდენილია.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად შეცვლილია, "ქართულმა ოცნებამ", რომელიც მუდმივად გაიძახის, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, ომი თვითონ გამოუცხადა მთელ ცივილიზებულ სამყაროსა და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. კიდევ მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველა განცხადება ერთი-ერთშია რუსეთის განცხადებებთან.

- ხელისუფლების მტკიცებით, ეს კანონი სუვერენიტეტის დასაცავად მიიღეს...

- ვისგან იცავენ ამ სუვერენიტეტს, დასავლეთისგან, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტის გარანტიაა? ვინ არღვევს ამ სუვერენიტეტს და ქვეყნის მთლიანობას, ვის აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული? კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა იმის უნარი, რომ ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია… - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ფაქტობრივად, დასავლურ სამყაროსგან უკვე იზოლირებული ვართ - დააკვირდით ან რა განცხადებებს ვისმენთ ევროპიდან თუ აშშ-დან ან როგორი რიტორიკით პასუხობენ ამას საქართველოდან.

დღეს ჩვენ ავტორიტარიზმის ზღვართან ვდგავართ, ისევე, როგორც ვიდექით 2012 წელს. ჩვენ ეს პრობლემა და საფრთხე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მოგვყვა, ვერაფრით ვერ დავძლიეთ. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, რომ მათ რაღაც საიდუმლო საფრთხის შესახებ იციან და არ გვიმხელენ, ესეც ნაცნობი რიტორიკაა. სააკაშვილის ხელისუფლებაც ცდილობდა საზოგადოების ამგვარად დაშინებას. ხალხის ნაწილს ამის სჯერა, ფიქრობენ, რომ ინფორმაცია ხელისუფლებას მართლაც მეტი აქვს და ასეც არის, მაგრამ განა რა შეიძლება იცოდნენ ისეთი, რაც ქვეყანას ემუქრება, რისი თქმაც არ შეიძლება?

მაგალითად, ივანიშვილმა შეიძლება იცოდეს, რომ მას პირადად ემუქრებიან იქიდან, საითაც ქვეყანა მიჰყავს, ანუ რუსეთიდან. ვერ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ. ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რუსული სპეცსამსახურები როგორ ასრულებენ ასეთ მუქარებს, ბერეზოვსკისა და სხვათა ბედის გაზიარების ეშინია და მზად არის სახელმწიფო ინტერესებით ივაჭროს, მაგრამ ივანიშვილის საფრთხე და ქვეყნის საფრთხე სხვადასხვა რამ არის.

ისტორიას და რუსეთის "გადაგდების" პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, კრემლის პოლიტიკის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ის არის, რაც ხდება სომხეთში და საზოგადოდ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს არის რუსეთი, როცა დასჭირდება, სტრატეგიულ პარტნიორსაც თხასავით გაყიდის. რაღაც საიდუმლოს ცოდნაზე ლაპარაკი მორიგი ტყუილია. არ შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეწირო შენს პირად უსაფრთხოებას. თუ გემუქრებიან, უნდა ადგე და წახვიდე, როცა დაინახავენ, რომ რეალურად ბერკეტები აღარ გაქვს, დაგანებებენ თავს.

უკრაინასთან რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების ეს ორჭოფული პოლიტიკა გამძაფრდა, იყო პერიოდი, ვამბობდი, თუ საჭირო გახდა, ბრიუსელში ივანიშვილი ჩაასწრებს ოპოზიციას-მეთქი, მაგრამ დღეს იმდენად მკვეთრად არის ეს ვექტორი შეცვლილი, იმდენად დაწვა ხელისუფლებამ ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდები, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რომც მოინდომოს ამ ხელისუფლებამ. ისიც არ არის სიახლე, რომ ოპოზიციას მუდმივად რაღაცას აბრალებენ. კარგი, პოლიტიკოსებს თავიანთი ცოდვები ეყოფათ, მაგრამ ახალგაზრდების, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, აგენტებად და შეცდომაში შეყვანილებად გამოცხადება, დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს. ამ ტყუილს არავინ დაიჯერებს არც ჩვენთან და არც უცხოეთში. ისე, დააკვირდით, ერთი ადამიანიც კი ვერ მოძებნეს ევროპაში თუ აშშ-ში, ვინც ამ კანონის მიღებას გაამართლებდა, პოლიტოლოგიც კი, უხეშად რომ ვთქვათ, ვერ იყიდეს, არადა, სულ იმას ამბობენ ამ ბოლო დროს, რომ იქ თურმე ყველა გამყიდველია. რა გაუჭირდა ივანიშვილს ისეთი, რომ ერთი კაციც ვერ ნახა? როცა არგუმენტი არა გაქვს, აი, მაშინ იწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ შენ ყველაფერი იცი, თუმცა ვერ ამხელს და ყველას სიჩუმეს აიძულებს. ყველა დიქტატორი ასე იქცეოდა და იქცევა.

იმ 84 კაციდან, ვინც ამ კანონს დაუჭირა მხარი, 4-5 თუ იქნება, რომელსაც შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს, რომ ის მართლაც გამჭვირვალობას ემსახურება და სუვერენიტეტს დაიცავს. დანარჩენს ყველას აქვს თავისი კერძო, მერკანტილური ინტერესი. დღეს ამის დამტკიცების საშუალება არ არის, მაგრამ, როცა დრო მოვა, ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. როცა ოპოზიცია გაიძახის, ორჯონიკიძეები არიანო, ამაში მთლად ვერ დავეთანხმები, საშინელება იყო ორჯონიკიძე, მაგრამ მას რაღაც იდეა ჰქონდა და ეგონა, თუ კომუნიზმი დამყარდებოდა, ეს იქნებოდა კაცობრიობის ხსნა. ამიტომ ესენი ორჯონიკიძეებზე უარესები არიან. დიახ, გაცილებით უარესია ის ხალხი, ვინც საკუთარი ეკონომიკური და პირადი კეთილდღეობის გამო ასეთ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიჰყავს. თუ "ქართული ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩა, ამ დაპირისპირებას ვერაფრით ვერ ავცდებით და ეს იქნება იმაზე უარესი, ვიდრე 90-იან წლებში იყო, დიდ ქაოსში ჩავიძირებით...

- ძალიან სახიფათო განცხადებები გვესმის ხელისუფლების ზოგიერთი წევრისგან. ამ ორიოდე დღის წინ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ბრძანა: "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში - ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება"... ბუნებრივად იბადება კითხვა, ხელისუფლება მართლაც რუსული დიქტატურის გზით მიდის და სად მიიყვანს ეს ქვეყანას? აქვე უნდა ითქვას, რომ ამ განცხადებიდან მალევე ღამით დაარბიეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი.

- საქართველო და რუსეთი სხვადასხვა წონითი კატეგორიაა. რეპრესიებსა და დიქტატურას დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება. ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრნენ, მაგრამ ასეთი რამ სხვა დროსაც გვინახავს. მსგავსი ინციდენტები თითქმის ყველა არჩევნების წინ ხდებოდა, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც სერიოზული რეპრესიები ჰქვია. საქართველოში დიქტატურის დამყარება ვერ ხერხდებოდა შუა საუკუნეებშიც კი. განა იმიტომ, რომ მოსურნეები არ იყვნენ, არა, დიქტატურას სჭირდება რესურსი, რაც რუსეთს აქვს. ჩვენთან უცხო ძალის პირდაპირი გამოყენების გარეშე დიქტატურის დამყარება წარმოუდგენელია. სხვა ურთიერთობებია ჩვენთან, პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ყველა ყველას იცნობს. შეიძლება სცადონ, რასაც, სამწუხაროდ, შეიძლება მსხვერპლიც მოჰყვეს, მაგრამ საბოლოოდ ეს მარცხისთვის იქნება განწირული. ჩვენ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ არჩევნებისკენ. არა მაქვს ილუზია, რომ დარღვევების გარეშე ჩატარდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, იქამდე მშვიდობიანად მივიდეთ. როგორც კი ეს კანონი შევა ძალაში, პირველად მედიას მიადგებიან. მათთვის მნიშვნელოვანია არჩევნებამდე გაქრეს ოპოზიციური მედიასაშუალებები, შემდეგ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძლიერი და კვალიფიციური ორგანიზაციები არ დაუშვან არჩევნებზე დამკვირვებლებად, ან მანამდე მაქსიმალურად შეულახონ რეპუტაცია ისევ ამ კანონის გამოყენებით. ჩვენი ვალია არ დავუშვათ, რომ ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, და ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება.

- ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული არჩევანის შესახებ რეფერენდუმის იდეით გამოვიდა, რასაც ჩვენში მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. "მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა? 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა, როცა 28 მაისს რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა. პრეზიდენტის წამოწყებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. გვჭირდება კი რეფერენდუმი ან რამდენად რეალურია ჩატარება, როდესაც "რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის" თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრის გზით, რომელიც "იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე"...

- სამწუხაროდ, არ ვიცი, რეფერენდუმის იდეა ვინ ურჩია. ვფიქრობ, ცოტა უფრო მეტი არგუმენტი სჭირდება ასეთი განცხადებების გაკეთებას. ასე მარტივად არ არის საქმე... ჩანაწერი, რომ რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, მე არასწორი მგონია, მაგრამ ჯერჯერობით ამას კანონი განსაზღვრავს... ჩემი აზრით, უფრო გონივრულად უნდა იყოს მოფიქრებული სვლები და ისე გაკეთდეს განცხადებები. პლებისციტის ჩატარება უფრო სერიოზულიც მგონია და შესაძლებელიც. პროცესის დაწყება და ხელმოწერების შეგროვება უკვე შეგვიძლია. ამაზე ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უნდა მუშაობდნენ. ბოლოს და ბოლოს, 200 000 ხელმოწერის შეგროვება ძალიან სერიოზული განაცხადი იქნება ოპოზიციისთვის საარჩევნოდ. არანაირი ილუზია არა მაქვს იმისა, რომ ოპოზიციის კოალიციური მთავრობა შეძლებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას, მაგრამ ავტორიტარიზმისკენ სვლა მაინც შეჩერდება. ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. მეტიც, ერთიანი საარჩევნო სიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ყველაზე კარგი იქნება, თუკი სამი პოლიტიკური ცენტრი იქნება: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და მესამე შედარებით პატარა, პროდასავლური პარტიების ერთობა. რაღაც პრინციპებზე შეიძლება შეთანხმდნენ და აქ იქნება მნიშვნელოვანი პრეზიდენტის როლი.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობაში, რომლის წინა ინვესტორებთან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, ჩინური კონსორციუმი შეარჩიეს. ეს არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი)& China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები: China Road and Bridge Corporation da Qingdao Port International Co., Ltd.). ეკონომიკის სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ ცნობას ამ კონსორციუმის სანქციების თაობაზე უპასუხა, რომ "კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება", სიმართლეს არ შეეფერება. თუმცა, როგორც ირკვევა, 2020 წლიდან შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტს CCCC რამდენიმე შვილობილ კომპანიასთან ერთად შეყვანილი ჰყავს "დამატებით განსაზღვრული პირების" (Non-SDN, entity list) სიაში. იგივე კომპანია 2011-დაან 2017 წლამდე მსოფლიო ბანკს ჰყავდა დისკვალიფიცირებული კორუფციის გამო.

- ჩინეთი ბოლო წლებში მიზანმიმართულად ცდილობს საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას და ამისთვის კარგად იყენებს ეკონომიკურ ოპერაციებს. კონკრეტულად ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არა ვარ საქმეში ჩახედული, რაც საჯაროდ ვრცელდება ინფორმაცია, ის ვიცი მხოლოდ. არც კვლევა ჩამიტარებია, მაგრამ აქამდე რა გამოცდილებაც გვაქვს ჩინურ კომპანიებთან მუშაობის, ცხადყოფს, რომ ისინი არ თაკილობენ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას. ესეც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მიმზიდველი. მოკლედ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ კომპანიის შემოყვანა გარკვეულ კორუფციულ ინტერესებს ემსახურება. მთავარი საფრთხე ის არის, რომ ჩინეთი ისეთივე ავტორიტარული ქვეყანაა, როგორიც რუსეთი, თუ უარესი არა...

საერთო გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩინეთი სადაც კი შედის, განსაკუთრებით პორტებში, საკუთარი ექსპანსიის სულ უფრო მეტად გაფართოებას ცდილობს. ასეთი პრობლემები შეიქმნა საფრანგეთისა და საბერძნეთის პორტებში, ანუ ჩინეთი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტად მოექცეს ესა თუ ის ობიექტი თუ ქვეყანა ჩინური ეკონომიკის გავლენაში. აშკარაა, რომ ჩინეთს აქვს სტრატეგიული ინტერესები ანაკლიის პორტში, ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. შესაძლოა ამან ქვეყანა კაბალურ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდოს. თუ ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ ეს პროცესიც დარეგულირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა მოხდება, რთული სათქმელია. ავტორიტარიზმს უნდა ვერიდოთ. ეს არის მნიშვნელოვანი.