კავკასიური გეოპოლიტიკა - „ჩინეთმა რუსეთი ჩააჩოჩა“ - კვირის პალიტრა

კავკასიური გეოპოლიტიკა - „ჩინეთმა რუსეთი ჩააჩოჩა“

რა ვითარებაა დღეს კავკასიაში, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში, რა შეიძლება გამოიწვიოს ანაკლიის პორტის მშენებლობამ და ჩინეთის გაძლიერებამ, მიმდინარე პროცესები გვაშორებს თუ არა აშშ-ს, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ექსპერტი მამუკა­ არეშიძე გვესაუბრება:

areshidze.jpg

- თუ აქამდე ყველაფერი მიბმული იყო უკრაინის მოვლენებზე, ახლა ჩინეთის განსაკუთრებული გააქტიურების გამო ცოტათი შეიცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი. გაჩნდა ახალი რეალიები, რაც გულისხმობს რეგიონული მოთამაშეების როლის გაზრდას, უპირველესად, თურქეთის. გარდა ამისა, რეგიონში ძალზე გააქტიურდა ჩინეთი. ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა ამ კონტექტსში შეგვიძლია განვიხილოთ. ჩინეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ გზის ამუშავება და რაც მთავარია, გაკონტროლება. ვგულისხმობ შუა დერეფნის გზის ამუშავებას. რომ გითხრათ, ინფრასტრუქტურულად მოგვარებულია ყველაფერი-მეთქი, ასე არ არის, რადგან ბევრი პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ჯერ ყველაფერი გამართული არ არის, ჩინეთს ძალიან სჭირდება ამ გზის ამუშავება. სადაც ჩინეთი ეკონომიკური აქტიურობით ჩნდება, როგორც წესი, იქ იწყება მისი გავლენების გაძლიერებაც. ჩინური ეკონომიკური ექსპანსია მთელი მსოფლიოს სპეციალისტებისთვის ცნობილია. ჩინეთი არსად­ არ იყენებს სამხედრო ძალას, გარდა თავისი ტერიტორიისა, ადრე ინდოეთსა­ და ვიეტნამთან შეექმნა პრობლემები. ყველა სხვა შემთხვევაში მხოლოდ ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს გავლენის გასაძლიერებლად.

- ჩვენ გვაწყობს ჩინეთის გაძლიერება?

- მეორე საკითხია, გვაწყობს თუ არა ჩინეთის გავლენის გაძლიერება. როგორი ფორმით იქნება ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ანაკლიის პორტის მშენებლობა არის რეაგირება იმ პრობლემებზე, რაც ლოჯისტიკურად და ინფრასტრუქტურულად შუა დერეფანს აქვს. ამას რა მოჰყვება, ეს სხვა თემაა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რეგიონის ქვეყნები, მათ შორის ნატოს წევრი თურქეთიც კი, ცდილობენ თავიანთი პოლიტიკა გაატარონ. ამ პოლიტიკის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთს ჰქონდეს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა. თურქეთში ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის ხარისხიც ამას მოწმობს - განსაკუთრებული მიღება გაუმართეს. თურქებს უყვართ ხაზგასმა სტუმრის მიმართ დამოკიდებულებაზე, ცერემონიალს პომპეზურად ატარებენ, რაც აზიური ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით თურქეთისთვის, დამახასიათებელია.გარკვეულწილად ჩვენს რეგიონში ჩინეთი თავის თამაშს თამაშობს, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, ეს არ არის რუსული თამაში. თავიანთ თამაშს თამაშობენ თურქეთი და აზერბაიჯანიც, რომელიც ცდილობს რეგიონის ლიდერი გახდეს. მხოლოდ კავკასია არ იგულისხმება, იგულისხმება წინა აზიაც. აზერბაიჯანისა და ისრაელის განსაკუთრებული თანამშრომლობა მაშინ, როცა მუსლიმანური ქვეყნების დიდი ნაწილი ისრაელის წინააღმდეგია, აზერბაიჯანის მხრიდან გამომწვევად გამოიყურება. მეტსაც გეტყვით, ირანმა ისრაელი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე ისრაელის ელექტრონული დაზვერვის სისტემა იყო განლაგებული ისრაელის სპეციალისტების მონაწილეობით, და ირანის წინააღმდეგ მუშაობდა.

პეკინში ორჯერ ჩავიდა პუტინი. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობდა ჩინეთის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა ფართო მასშტაბით იარაღის მოწოდებაზე. ფაქტია, იარაღისთვის საჭირო დეტალების 90 პროცენტი წარმოებულია ჩინეთში, რუსეთს აწვდის და ამას ჩინეთი არც მალავს, მაგრამ თვითონ იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს. ასევე ყველაზე საინტერესო ის არის და უფრო დაეტყო რუსეთის განწყობებსაც, რომ ჩინური ბანკები თავს იკავებენ რუსეთთან თანამშრომლობისაგან, ფეხს ითრევენ, ეშინიათ, არ მოხვდნენ სასანქციო სიაში. ამის გამო შემცირდა რუსეთის ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან. ადრე ძალიან დიდი იყო, ახლა კი 240 მილიარდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან შეუმცირა ფასგადახდა ენერგეტიკულ სფეროშიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ყიდულობს რუსეთის ნავთობს და გაზს ბევრად იაფად, ვიდრე ყიდულობდა ომამდე. რუსეთი იძულებელია ამ თამაშში მაინც გაჰყვეს ჩინეთს, სხვა გამოსავალი არა აქვს. შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა, რუსეთი ითხოვდა მეორე გაზსადენის "ციმბირის ძალა 2" მშენებლობა დაწყებულიყო, მაგრამ ოფიციალურად პროტოკოლში არ წერია, რომ ამაზე შეთანხმდნენ, როგორც ჩანს, ჩინეთმა უარი თქვა. ჩინეთი გააქტიურებულია სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც. ვერ ვიტყვით, რომ ამით გახარებულია რუსეთი. ჩინეთი კი ავიწროებს დასავლეთის გავლენებს სამხრეთ კავკასიაში, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის, ასევე ცალკეული ევროპული ქვეყნების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენას აძლიერებს.

- გამოდის, ჩინეთმა რუსეთი განზე გასწია?

- დიახ, ჩააჩოჩა. ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩინეთი ეუბნება რუსეთს, მე ვაშენებ პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, რაც იქნება ბევრად დიდი და ეფექტური, ვიდრე ნებისმიერი შენი პორტი და მე უნდა ვივაჭრო ამ პორტის მეშვეობით ევროპასთანო. მოსკოვში გაუხარდებათ ეს ამბავი? თან გავითვალისწინოთ, რომ როცა საუბარია ანაკლიის პორტზე, იქ არის ჩინური და სინგაპურული წარმომადგენლობაც. მართალია, ბევრ ქართველ ოპოზიციონერს ჩინურ კომპანიასთან პრეტენზიები აქვს და ვერ გეტყვით, რამდენად მართებული, რადგან მე ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იქ სინგაპურული ფირმის ყოფნა. სადაც სინგაპურის ფირმაა, ჩათვალეთ, რომ იქ დიდი ბრიტანეთის აჩრდილიცაა. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ თემის მეტად გაშლა. რუსეთისთვის ძალიან წამგებიანია ეს ყველაფერი - ნოვოროსიისკის პორტი შავი ზღვის სიღრმეშია, სავაჭრო არტერია შავი ზღვის ცენტრში ტრიალებს და ახლა საქართველოში აშენებენ ახალ პორტს. მართალია, მალე არ დამთავრდება, მაგრამ 5 წელიწადში ხომ დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს რუსეთს ძალიან არ მოსწონს. ჩინეთის აქტიურობის ერთადერთი პლუსი რუსეთისთვის ის არის, რომ ამ ნაბიჯით სამხრეთ კავკასიაში არა მარტო რუსეთი, არამედ დასავლეთიც შევიწროებულია.

- შეუძლია რუსეთს ამას ხელი შეუშალოს?

- ამ პორტის მშენებლობა პეკინის ინტერესებშია და რუსეთი ვერ შეუშლის ხელს. ის ერთადერთი სერიოზული მოკავშირეა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აკავშირებს და შეუძლია პოლიტიკური კლიმატის შეცვლა, თუ არ მოეწონება რუსეთის ნაბიჯი. ამიტომაც რუსეთი ძალიან უფრთხილდება ჩინეთთან ურთიერთობას, ეს იცის ჩინეთმა და შესაბამისი მომენტი შეარჩია, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.

- ეს ხომ ევროპასა და ამერიკას დაგვაშორებს?

- ჩინეთის გაძლიერება არ მოსწონთ დასავლეთში, ოღონდ ერთია ევროპარლამენტის განცხადებები და მეორე - კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკა. მაგალითად, რუმინეთისთვის და მიმდებარე ქვეყნებისთვის ასეთი პორტი დიდი საჩუქარია. შეიძლება­ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ანაკლიის პორტი გაუწევს კონკურენციას რუმინულ და ბულგარულ პორტებს და სიმართლის მარცვალი ამაში არის, მაგრამ თუ Uგავითვალისწინებთ, რომ ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის მაგისტრალზე, რუმინეთი ამით უზარმაზარ სარგებელს ნახავს, რადგან ანაკლიაში შემოსული ტვირთები, პირდაპირ გადავა რუმინეთში და იქიდან ევროპის სხვა ქვეყნებში. აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დივიდენდია - ისინი გახდებიან სავაჭრო ჰაბები ძველი ევროპისთვის. ამ პროექტის გარდა, მეორე პროექტიც ხორციელდება. პირობითად მას "კატერი შავი ზღვის ფსკერზე" დავარქვი. ამ შემთხვევაში რუმინეთი და განსაკუთრებით უნგრეთი გახდება ევროპის ერთგვარი ენერგეტიკული ჰაბი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის. ასე რომ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ბრიუსელი თავის ადგილზეა, მაგრამ არსებობს ეკონომიკური ინტერესი და ამბიცია, რომ ქვეყნების ფუნქცია გაიზარდოს. რუმინეთისთვის, უნგრეთისთვის, ბულგარეთისა და სლოვაკეთისთვის ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია, მათი ფუნქცია იზრდება და შესაბამისად, მათი ხმა მნიშვნელოვანი იქნება ევროპარლამენტში. ძველ ევროპას, გერმანიას, საფრანგეთს, ასეთი აქტიურობები არ მოსწონს და არც აწყობს, რადგან მიჩვეული არიან, რომ საუკუნეების განმავლობაში აზიურ საქმეებში ისინი წარმოადგენდნენ ევროპას, უპირველესად ინგლისი, მაგრამ ვითარება იცვლება.

227816613jpg-1717344022.crdownload.jpg

- ეს პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის კარგია­ თუ ცუდი?

- რომ გითხრათ, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთი რამეა მნიშვნელოვანი - ჩინეთის და საერთოდ დიდი ქვეყნების ეკონომიკურ ექსპანსიას ახასიათებს ასეთი თვისება - ფულს გაძლევენ გარკვეული დროის განმავლობაში და როცა გაზარმაცდები, მაშინ ითხოვენ შენგან შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება, მუდმივი კონტროლია საჭირო, ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს და უფრო შუალედის დაკავების უნარი ექნება.კარგია თუ ცუდი ის, რომ ჩინეთი აქტიურობს ჩვენთან, ასე ვუპასუხებ - გარკვეულწილად კარგია, გარკვეულწილად ძალიან საფრთხილოა, თუმცა პლუსი და მინუსი აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის შემაკავებელი ფუნქციის გამოც, მაგრამ ცალსახად ვამბობ, ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაგვაშორებს.

- ასეთ დროს რას გააკეთებს აშშ?

- ამერიკას ხელში აქვს უმთავრესი იარაღი - დოლარი. ახლანდელი კურსის­ ცვლილება იმ ეკონომიკური ვითარების ბრალია, რაც ჯერჯერობით არის ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში, ან შეიძლება ზოგიერთი უთავო ჩინოვნიკის არასწორი ქმედების­ ბრალიც იყოს. მართალია, ვაკრიტიკებთ იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა - ეს კრებსითი სახელია, - მაგრამ ამ არასამთავრობოების მეშვეობით ძალიან დიდი ფული შემოდის ქვეყანაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას უწყობს ხელს. ეს ფული შეწყდება, არ იქნება იმ ოდენობით, ან შეიძლება საერთოდ შეწყდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული არასამთავრობოების მიღმა არიან არასამთავრობოები, რომლებიც მართლაც დაკავებული არიან სოციალური სფეროთი და სოფლის მეურნეობით. ის, რომ აქაური წარმომადგენლების დიდი ნაწილი ამ ფულს სხვა მიზნით ხარჯავს, კონკრეტულად სოფლის მეურნეობას ვგულისხმობ, ეს ამერიკელების ბრალი არ არის. ეს ამ ხალხის ღორმუცელობის ბრალია... მე არ ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა რა გზას აირჩევს, მაგრამ, ვფიქრობ, არ აირჩევს იმ პოლიტიკას, რომელიც ქართველ ხალხს დააზარალებს. მგონი, უფრო პოლიტიკურ ელიტასთან იქნება სერიოზული გარჩევები. ასე რომ, სასწორზე დევს ერთ მხარეს ერთი ბონუსი, მეორე მხარეს - მეორე ბონუსი. ორივე მხარეს დევს მინუსებიც და ასარჩევია სწორი გზა, ძალიან ფრთხილად არის გასაკეთებელი ყველაფერი, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს.

- ჩინეთის აქტიურობა გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას? შეიძლება ამან გადაფაროს ის ზარალი, თუ ამერიკის დახმარება შეწყდება?

- ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება პარტნიორებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ სამთავრობო თუ საზოგადოებრივ გუნდზე. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიქმნას. თურქეთის ხელმძღვანელებმა საქართველოს პრემიერი პომპეზურად რომ მიიღეს, ჩემი ვარაუდით, სერიოზული შეთანხმება იქნა მიღწეული. კერძოდ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში შეიქმნას ისეთივე რეჟიმი, როგორიც არის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში - ვგულისხმობ თავისუფალი ვაჭრობის ფორმატს. დღეს თურქეთში რომ შევიდეს საქართველოს პროდუქცია, უზარმაზარი ბაჟი უნდა გადავიხადოთ, ამ დროს თურქული რომ შემოდის, არაფერს იხდიან. თუ ეს შეიცვლება თურქეთთან და იქნება ისეთი სავაჭრო ურთიერთობა, როგორიც არის ჩინეთსა და ევროპასთან, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია იდეალისტური სურათი წარმოვიდგინოთ. საქართველოს აქვს შანსი, უახლოეს მომავალში მართლა გახდეს ევროპული ჰაბი. ამისთვის არ არის დიდი ფინანსური ძალისხმევა საჭირო, საჭიროა სწორი პოლიტიკა და კორუფციის მაქსიმალურად შეზღუდვა.

- თურქეთი ჩინეთის ასეთ გააქტიურებას როგორ უყურებს?

- თურქეთს უპირველესად აინტერესებს გავლენის შენარჩუნება, სხვისი გავლენა თუ იქნება, შეუძლია დაბალანსებაც, მით უმეტეს, ისეთი შორეული ქვეყნის, როგორიც ჩინეთია. მაგალითად, თურქეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთის გავლენის აღდგენა, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზრდა, საფრანგეთის აქტიურობა. ყველანაირად ხელი შეუშალეს ამას. ხომ ნახეთ, კინაღამ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყეს ფრანგების ყარაბაღის თემაში აქტიურობის გამო. ჩინეთი კი შორს არის, მისი ეკონომიკური აქტიურობა თურქეთისთვის ძალზე სახიფათო არ არის - ასე ფიქრობენ ანკარაში. თუმცა თურქეთმა მაინც დაიწყო პრევენციული ნაბიჯები, გაააქტიურა თურქული კომპანიები და უფრო სერიოზული ბიზნესების ხელმძღვანელების ვიზიტი გახშირდა საქართველოში. საქართველოში აქამდე არსებული თურქული ფირმები უფრო მეორეხარისხოვანი იყვნენ, მაგრამ პატარა საქართველოსთვის საკმარისი, ახლა კი ისეთი ფირმები გამოჩნდნენ, რომლებიც ევროპაში აქტიურობენ. ვფიქრობ, ეს აშკარად ერდოღანისა და თურქეთის მთავრობის დავალებით ხდება.

- ჩვენი ქვეყნის კურსი იცვლება?

- ჩვენ გზაგასაყარზე და პარადოქსულ სიტუაციაში ვართ. მთავრობას დეკლარირებული აქვს დასავლური კურსი, ამ დროს კი კარგად ჩანს, რომ ძლიერდება რეგიონული აქტიურობა, რეგიონული პოლიტიკა. ყოველთვის ვამბობ, დასავლეთი ჩვენთვის უალტერნატივოა, მისი სხვა რამით ჩანაცვლება არ შეიძლება. დასავლეთის რიგ ქვეყნებს და ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას აქვთ ასეთი თვისება, თუ 100 დოლარს მოგცემს, ერთი თვის მერე იმ 100 დოლარის სამსახური უნდა გაუწიო. ნებისმიერ მსხვილ ქვეყანასთან ურთიერთობა არის ნიმუში იმისა, რომ სათაგურში უფასო ყველი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ მივიღეთ გამოცდილება როგორც რუსეთთან, გინდა დასავლეთთან. ურთიერთობის შემდეგი ეტაპი არის თავზე ხელის გადასმა, ჯიბეში ფულის ჩაკუჭვა და მერე იწყება პოლიტიკური მოთხოვნები. იმედია, დღევანდელი ხელისუფლება იქნება თუ მომავალი, ამ გამოცდილებას გაითვალისწინებენ და ჯიბეში ფულს არავის ჩააკუჭვინებენ. მართალია, ადამიანის მსუნაგობას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ჯიბეში ჩაკუჭულ ფულს ჯობია ანგარიშზე დაგირიცხონ ფული და იმ საქმეს დაახარჯო დიდი ნაწილი, რაც ქვეყანას სჭირდება. როდესაც ამ ფულს სწორად დახარჯავ, ეკონომიკას ფეხზე დააყენებ, ხალხიც კმაყოფილი გეყოლება და ამის მერე რომ დაიწყება პოლიტიკური მოთხოვნები, შეგიძლია უთხრა, ამას ვერ და არ გავაკეთებო. მაშინ ის ქვეყანაც გაჩერდება, იმიტომ, რომ მას მეხუთე კოლონა შენს ქვეყანაში არ ეყოლება.

- ირანისთვის რამდენად მისაღებია ეს პროცესები?

- ირანი სანქციების რეჟიმში ცხოვრობს და ჩინეთია ერთადერთი ქვეყანა,­ რომლისგანაც ყიდულობს ენერგომატარებლებს, ჩინურ პორტებში იტვირთება საწვავი და ტანკერები ირანში ჩადის. მერე ირანიდან მიდის თვითმფრინავი, რომელიც სავსეა ფულით. ამ ნაღდმა უზარმაზარმა­ ფულმა შეინარჩუნა ირანში ის მდგომარეობა, რაც არის - სახელმწიფოებრივ მდგომარეობას ვგულისხმობ, თორემ კარგა ხნის ჩამოშლილი იქნებოდა ყველაფერი. ირანს სერიოზული პრობლემები აქვს, სანქცირებულია, ამას ემატება გაუთავებელი შიდა დაპირისპირება, პლუს მეზობელთან დაპირისპირება. ირანი წლების განმავლობაში მორიდებულად თამაშობდა და მოახერხა იემენიდან ლიბანამდე შიიტური სარტყელის შექმნა, რაც პრობლემად იქცა ნებისმიერი იმ ძალისთვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აქტიურობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა გამოფხიზლდნენ რიგი ქვეყნები და დაიწყეს ვითარების შეცვლა. ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ რაისის სიკვდილიც. მე არ ვიცი, რაისი ადგილობრივმა ძალებმა მოკლეს თუ გარე ძალებმა, მაგრამ არა მგონია, რომ თავისით დაიღუპა. თეორიულად ვამბობ ამას, არა მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. ირანი სულ ცდილობს იყოს აქტიური რეგიონული მოთამაშე. აზერბაიჯანთან დროებითი მეგობრობის აღდგენა, იქ კაშხლების გახსნა, ახალი სავაჭრო გზების გახსნა. ძალიან არ უნდოდა ირანს ამის გაკეთება, მაგრამ უნდა იყოს რეგიონში სერიოზული მოთამაშე და ამიტომ აკეთებს. აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობის აღდგენის პროცესში მოსკოვი იყო აქტიურად ჩართული. იმიტომ რომ მოსკოვს სჭირდებოდა ამ ხაზის სამშვიდობო პროცესი, რასაც ჩემთვის ჰქვია ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზი, რომელიც არის ალტერნატივა ზუსტად იმ ხაზის, რომელსაც ქმნის ჩინეთი, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზი. გამოდის რომ აზერბაიჯანში ეს ორი ხაზი გადაკვეთს ერთმანეთს და ეს არის უაღრესად მომგებიანი ისედაც მდიდარი აზერბაიჯანისთვის. ის კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როგორც ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი ცენტრი. ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, საქართველო იქნება ეკონომიკური ჰაბი თუ აზერბაიჯანი. საქართველოს აქვს დიდი ბონუსი, ეს არის შავი ზღვა, აზერბაიჯანს აქვს მეორე ბონუსი, ორივე ხაზი მასზე გადის და ამას ემატება ენერგომატარებლები. ამიტომ ორ ქვეყანას შორის მიდის ახლა უჩინარი დაპირისპირება, რომელი იქნება ეკონომიკური ჰაბი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაცია გვაძლევს შანსს, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში იყოს ერთგვარი ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ინტერესები აბსოლუტურად განსხვავებულია.