„ახალი წესრიგი“ უკვე მზადდება და ჯანყის ეპოქა კარს არის მომდგარი - კვირის პალიტრა

„ახალი წესრიგი“ უკვე მზადდება და ჯანყის ეპოქა კარს არის მომდგარი

ვიდრე პასუხისმგებლობა ერთი კაცის „ვალი“ გვგონია“, სანამ საკუთარ უპასუხისმგებლობებს ემოციებით გადავფარავთ, ვიდრე იმედის გაცრუების, დეპრესიის, პესიმიზმის ან მძიმე ხასიათის გამო მხოლოდ „ვიღაცას“ დავადანაშაულებთ, ვიდრე აბობოქრებულები ვართ ყოველგვარი უკმაყოფილებით, ზიზღით და მოყვასის მტრობით, ვიტყვი, რომ ასე გაგრძელდება ვიდრე ყველა საკუთარ თავში არ ჩაიხედავს და საკუთარ სულს (სინდისს) არ მოიკითხავს.

რაღაცას ბრძოლას ვარქმევთ და სინამდვილეში, არარაობისთვის ხდება ეს ჩვენი „ბრძოლა“. შფოთია ყველგან და ამ პროცესებში სერაფიმე როუზი გამახსენდა, რომელიც იყო ამერიკელი და ძალიან კარგი მართლმადიდებელი. რასაც ის წერდა წლების წინ, პირდაპირ ეხმიანება დღევანდელ პროცესებს და გთხოვთ არ დაიზაროთ, ეს მხოლოდ მცირე მონაკვეთია მისი ვრცელი წიგნიდან „ნიჰილიზმი“

შფოთი და მოუსვენრობა, რომელიც არსებობს დღეს, პირველად ისტორიის მანძილზე, იმდენად უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა, რომ თითქმის საყოველთაო ხასიათს იღებს. სერაფიმე როუზი წერდა: ეს სამი რამ - შფოთი, მისი სამკურნალო საშუალებები და ურწმუნოება, იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ შეუძლებელია გავყოთ.

სახალხო შფოთით ძალიან ოსტატურად სარგებლობდნენ ფაშისტური და ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმები და მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. მაგრამ ეს შფოთი არ დამცხრალა, მას შემდეგ, რაც ისინი დამარცხდნენ, ვინც მისით მანიპულირებდა.

პირიქით, შფოთი ძალიან გაძლიერდა ყველაზე მეტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც დემოკრატიული და ლიბერალური იდეოლოგიები განსაკუთრებით განვითარებულია. ე. წ. საბჭოთა კეთილდღეობამ ზუსტად იგივე მოვლენა წარმოშვა და ეს პროცესი განვითარებად ქვეყნებში პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ რამდენად უახლოვდებიან ისინი ამ მიზნებს. ანუ, ის თანამედროვე ურწმუნოების განვითარების კვალობაზე იზრდება.

ეს შინაგანი შფოთი, მოუსვენრობა ვიტალიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მისი ნედლეულია, რომელიც მზადაა, რომ ის „დროის სულისკვეთების“ უკანასკნელი გამოვლინებებით შთაგონებულმა ოსტატებმა ინტელექტუალური ვარაუდების ფორმაში მოაქციონ.

ანუ, როგორც გასულ წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი (ისევე, როგორც ჩვენს დროში (ადამიანთა გარკვეული ნაწილი) დაუღალავ ძიებაშია - რით შეიძლება შეცვალონ ღმერთი, რომელიც მათ გულებში უკვე მკვდარია.

ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ არავითარი აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, რომ ყველაფერი შეფარდებითია. ამ მოსაზრებებს სწორედ ნიჰილიზმი წარმოშობს. ეს შფოთია შესული ეკლესიებშიც და სულიერი მატერიალურით ნაცვლდება. როგორც იუნჯი (სერაფიმე როუზის დაბადების სახელი იუჯინ დენის როუზი) იტყოდა: „ნიჰილიზმი, ისე დაეუფლა ადამიანის გულსა და გონებას, რომ არც ერთი „ფრონტი“ აღარ დარჩა, სადაც მასთან ბრძოლა შეიძლებოდეს...“

ახალგაზრდებს შორის, რომლებიც თავს „განათლებულ“ და „ლიბერალურად მოაზროვნე“ პიროვნებებად მიიჩნევენ, რომლებიც სერიოზულად ფიქრს მიუჩვევლები არიან, სიტყვათშეთანხმება „აბსოლუტური ჭეშმარიტება, ძველმოდურად გამოიყურება.

სერაფიმე როუზის თქმით - ლიბერალებმა ჭეშმარიტება „გადაასხვაფერეს“ „ახლებურად გაიაზრეს“ ძველ ფორმებს უწინდელი შინაარსი გამოაცალეს და დატვირთეს ისინი ახალი, ვითომ თავისუფალ-ლიბერალური, სინამდვილეში კი ნიჰილისტური შინაარსით.

„ახალი წესრიგი“ უკვე მზადდება და „ჯანყის“ ეპოქა კარს არის მომდგარი. ჩვენი საუკუნის ნიჰილისტურმა რეჟიმებმა საშუალება მოგვცა, წინასწარ გვეგრძნო ის ახალი დრო, რომლის ნიშნებიც დღევანდელ ფართოდ გავრცელებულ მეამბოხეობაში ვლინდება. იქ სადაც ჭეშმარიტება არ არსებობს, დაუმორჩილებლობაა გაბატონებული. მაგრამ, როგორც ნიჰილისტურ აზროვნებაში ასე ღრმად ჩახედული დოსტოევსკი წერდა: „ნება ყველაზე ახლოსაა არარაობასთან, ყველაზე უფრო თავდაჯერებულნი, ყველაზე უფრო ახლოს არიან ნიჰილიზმთან".

და, ეს ბრმა ნება, რა ეფექტური მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეს მას თავისი ზეობის ხანმოკლე პერიოდებში, მიექანება უფსკრულისაკენ და მას ვერაფერი შეაჩერებს. თითქოს ეს უფსკრული რაღაც დიდი მაგნიტი იყოს, რომელიც ადამიანის ბრმა ნებას ეხმიანება...

როუზი აქვე აღნიშნავს: მმართველობა ან ღვთის მადლით უნდა ხორციელდებოდეს, ან ხალხის ნებით; ან ხელისუფლების უნდა გწამდეს, ან რევოლუციის; ასეთ საკითხებში შესაძლებელია მხოლოდ გარეგნული კომპრომისი და ისიც დროებით. რევოლუციას, ისევე, როგორც მის თანამდევ ურწმუნოებას, შუა გზაზე ვერ შეაჩერებ. ეს ის ძალაა, რომელსაც, თუ ერთხელ გაიღვიძა, ვეღარაფერი შეაკავებს, ვიდრე ის ამქვეყნიური ტოტალიტარული სამეფოს შექმნით არ დასრულდება, რასაც ცხადად მოწმობს უკანასკნელი ორი საუკუნის ისტორია.

თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს „ბრიყვთა სამოთხეში“, რომელიც სიმართლესთან შეჯახებისას აუცილებლად გაცამტვერდება. ის, რაც დღეს არის, ამგვარ რწმენაზე დაფუძნებული მმართველობა, პრინციპში, დიდად არ განსხვავდება საყოველთაო ურწმუნოებაზე დამყარებული მმართველობისგან; და თუნდაც მცირეოდენ სტაბილურობას ინარჩუნებდეს, ის აშკარად ანარქიისკენ იხრება...

ეს არის მმართველობა - „ყველაფერი ნებადართულია“ ... და, ვეღარაფერი შეაკავებს ადამიანს საზარელი ექსპერიმენტებისგან... ამ პროცესების მთელი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ როცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასრულდება და ყველა ადამიანი „გათავისუფლდება“ ტრანსცენდენტური ნორმების ტვირთისგან, როცა გაქრება მოჩვენებითი რწმენაც კი მომავალი ცხოვრებისა, სწორედ მაშინ, ცხოვრება, როგორადაც ის ლიბერალს წარმოუდგენია, ან რომლისკენაც ის მიისწრაფვის, შეუძლებელი გახდება.

ნიცშე ამბობდა: „ნიჰილიზმი უმაღლეს ფასეულობებს მნიშვნელობას უკარგავს. მიზანი არ არსებობს. არ არსებობს პასუხი კითხვაზე: „რატომ? უბრალოდ არსებობს - მინდა და მორჩა!“