"საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯერ ჩუმად არიან და არჩევნების წინ გააქტიურდებიან“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯერ ჩუმად არიან და არჩევნების წინ გააქტიურდებიან“

რასაც ოპოზიცია 12 წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა, "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია - მმართველი გუნდის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გააერთიანა ოპოზიცია",­ - ამ განაცხადით ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს ანალიტიკოსი სანდრო თვალჭ­რელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოვა. "წინდაუხედავი მოქმედებით "ქართულმა ოცნებამ" მოგებული არჩევნები­ წააგო. ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ გაასაჩივრა, ვფიქრობ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც წავა, თუმცა მანამდე არჩევნებია", - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე. ოპოზიციის სტრატეგიაზე, პროცესში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობასა და 2024 წლის არჩევნების სავარაუდო შედეგებზე სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება.

- ქარტია მხოლოდ ლოზუნგია. ის არ არის ღრმად გააზრებული სამოქმედო გეგმა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს გუნდში არ ჰყავს სპეციალისტი, რომელიც ნორმალურ სამოქმედო გეგმას დაუწერს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც მთავარია, გაჩნდა პლატფორმა, სადაც შესაძლებელია საუბარი.

- ქარტიის მიხედვით, მთავრობა პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ დროებითი, რომელიც მხოლოდ არჩევნებამდე შეასრულებს უფლება-მოვალეობებს.

- 20 წელია ვამბობ, რომ ტექნოკრატი­ული მთავრობა უნდა გვყავდეს. დღეს მთავრობაში არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც არაფერი გაეგებათ იმ დარგისა, რომელსაც ხელმძღვანელობენ. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად იურისტი დავნიშნოთ ჯანდაცვის მინისტრად ან გამოვიყვანოთ შს სამინისტროდან მინისტრი და ჩავაბაროთ კულტურა ან სხვა რამ... საუბედუროდ, ჩვენს რეალობაში შექმნილი თეთრი საყელოების კლასი არაპროფესიონალებისგან შედგება. ტექნოკრატიული მთავრობა კარგია, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ერთ წელიწადში?! გამოდის, პრეზიდენტს სურს მოვიდეს პროფესიონალთა გუნდი, თავი მოიკლას მუშაობით, გააკეთოს პროგრამები, მერე მოვიდნენ პოლიტიკოსები და მათ განახორციელონ ის პროგრამები­. არც კი ვიცი, ასეთი ხალხი ამაზე თანახმა იყოს.

- რეფერენდუმზე რას ფიქრობთ?

- კარგი იდეაა. იმას მაინც დავინახავთ­, საზოგადოებაში როგორი განწყობაა. რეფერენდუმში კითხვები უნდა იყოს ასეთი: როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია, ევროპა გინდათ თუ რუსეთი და როგორი მთავრობა გინდათ.

- ოპოზიციურ სპექტრში პროცესების განვითარების როგორი მოლოდინი გაქვთ?

- არ ვიცი, როგორი არჩევნები გვექნება და ვინ მოიპოვებს უმრავლესობას, მაგრამ ის დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა მოგვიწევს.

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯერ ჩუმად არიან და ოქტომბრის არჩევნების წინ გააქტიურდებიან. მათ გარეშე მთავრობის შექმნას ვერც ხელისუფლება შეძლებს და ვერც ოპოზიცია.

- რა ძალებს გულისხმობთ?

- ჯერ მეტს მათ შესახებ ვერაფერს ვიტყვი. თუმცა შემიძლია მინიშნება მოგცეთ - გაიხსენეთ, რა მოხდა ადგილობრივი არჩევნების დროს. იქ, სადაც "ოცნებამ" ვერ აიღო უმრავლესობა, ვინ ჩაუდგა სათავეში მუნიციპალიტეტებს. ახლაც დაახლოებით ასეთი სცენარი გათამაშდება.

- ვთქვათ, ყველაზე მეტი ხმა "ქართულმა­ ოცნებამ" მიიღო, მეორე ადგილზე "ნაციონალები", მესამეზე კი "ლელო" ან გახარიას პარტია გავიდა, ასეთ შემთხვევაში, რა შემადგენლობის პარლამენტს მივიღებთ?

- როგორც არ უნდა გადანაწილდეს ძალთა ბალანსი, "ოცნებას" ერთპარტიული პარლამენტის შესაქმნელად ხმები არ ეყოფა.

- არჩევნებამდე მშვიდობიანად მიღწევის იმედი თუ გაქვთ?

- დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში პრეზიდენტი პოზიტიურ როლს ითამაშებს­. მას პირადად ვიცნობ - რასაც ფიქრობს­, იმას ამბობს. სხვა საქმეა, მომწონს თუ არა.

- ახალგაზრდებზე რას იტყვით, რომლებიც ახლა აქციების ავანგარდში არიან?

- ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდები, მათი პრინციპები, მოქმედების ტაქტიკა... გამოიჩეკება თუ არა მათგან ახალი პოლიტიკური ძალა, მომავალი გვიჩვენებს. იმედია, 2024 წლის არჩევნებში ისინი ზედამხედველის როლში იქნებიან და არჩევნების შედეგების დამახინჯებას არ დაუშვებენ. იმედია, საქართველოს 2028 წლის არჩევნებისთვის უკვე ეყოლება ახალი პოლიტიკური ძალა, სუფთახელებიანი.

ხათუნა ბახტურიძე