რა მექანიზმები არსებობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაუქმებლად - კვირის პალიტრა

რა მექანიზმები არსებობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაუქმებლად

არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ სარჩელს და უახლოეს ხანში საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ, სადაც კანონის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, "იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში", ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას გამოიყენებენ. ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად. როგორია გასაჩივრების მექანიზმი და რა ბერკეტები არსებობს კანონის გასაუქმებლად, ამ საკითხებზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრეთ.

- საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ანუ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლება აქვს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს ანუ, სულ ცოტა, 30 წევრს. ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრი არ მიმართავს, მაგრამ პრეზიდენტსა და პარლამენტის 30 წევრს მაინც შეუძლიათ მიმართონ როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, ასევე კონსტიტუციის კიდევ რამდენიმე მუხლთან წინააღმდეგობის საფუძვლით. ეს ის მუხლებია, რომლებიც აღნიშნულია პრეზიდენტის ვეტოს დასაბუთებაში - მუხლი 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მუხლი მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება), მუხლი მე-11 (თანასწორობის უფლება) და მუხლი 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია). ასევე, კონსტიტუციის იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს შიდა კანონმდებლობის მიმართ (მუხლი 4.5). ამ შემთხვევაში საფუძველი შეიძლება იყოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ შეუძლია მიუთითონ საფუძვლად ან თავადვე ჩამოაყალიბონ ის ნორმები, რომლებიც ვენეციის კომისიამ აღნიშნა. კერძოდ, ის ნორმები, რომლებიც არის "ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში" და "სამოქალაქო­ და პოლიტიკური უფლებების პაქტში". ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებულია, რომ ამ კანონის მთელი რიგი ნორმები ეწინააღმდეგება ამ კონვენციასა და პაქტს. საქართველო შეერთებულია ამ კონვენციასაც და პაქტსაც და ვალდებულია დაიცვას მათი მოთხოვნები.

კიდევ ერთი სუბიექტი, ვისაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება, არის ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი, ფიზიკური პირები, იურიდიული პირები, მაგრამ მათი მიმართვის ანუ სარჩელის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავი "ადამიანის ძირითადი უფლებები". ცხადია, ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამის მუხლებზე მითითებითაც. ერთადერთი, რის გამო ამ სუბიექტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა არ შეეძლებათ ანუ პირდაპირი საფუძველი, რომელსაც ვერ მიუთითებენ, არის 78-ე მუხლი - ევროკავშირში გაწევრების ვალდებულება. ამ პირებისთვის მიმართვის საფუძველი­ შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კანონით კონსტიტუციის მეორე­ თავში აღნიშნული უფლებების დარღვევა. თუმცა ირიბად შესაძლებელია 78-ე მუხლის დარღვევაზეც მითითება იმ აზრით, რომ 78-ე მუხლის დარღვევა გამოიწვევს საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების შესაძლებლობის უაღრესად მინიმუმამდე დაყვანას, თუ საერთოდ დაკარგვას არა, ასეთი შედეგი კი იმოქმედებს­ ადამიანის მთელი რიგი უფლებების დაცვის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმ მუხლებით დაცულ უფლებებზეც, რომლებიც ჯერჯერობით არ მიუთითებიათ.

- კონკრეტულად რომელი მუხლის?

- ეს არის ადამიანის თავისუფლად განვითარების უფლება (მე-12 მუხლი), რადგან თუ ჩაიკეტა ჩვენთვის ევროპისა და აშშ-ის კარი, ეს დაბრკოლებას შეუქმნის განვითარების შესაძლებლობას.

- მმართველი პარტია იმუქრება, შეიტანეთ სარჩელი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებსო, და იქვე ასახელებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ამბავს. რა შანსია იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღოს?

- "ქართული ოცნების" ამ განცხადების­ საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით კონსტიტუცია დაარღვია. თუმცა მე ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ასეთივე პოზიცია დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს 9-დან სამმა მოსამართლემ. აქედან გამომდინარე, არა მაქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო იტყვის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და გააუქმებს მას. ამით "ოცნება"­ თავს უფრო მყარად იგრძნობს და როგორც­ იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამბობენ, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და სასამართლომ ეს დაამტკიცაო, ასევე იტყვიან ახლაც. თუმცა არის მეორე შედეგიც - საკონსტიტუციო სასამართლოს შერყეული სანდოობა უფრო მეტად შეირყევა. თუკი ისეთი პოზიცია დაიკავეს, როგორიც "ქართულ ოცნებას" უკავია და რისთვისაც ტაშს მხოლოდ რუსეთი უკრავს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა აღმოჩნდება იმავე ნავში, რომელშიც ამჟამად სხედან რუსეთი, ბელარუსი და "ქართული ოცნება". ასე რომ, კარგად უნდა დაფიქრდნენ.

რუსა მაჩაიძე