რას ელოდება დასავლეთი თბილისისგან?! - კვირის პალიტრა

რას ელოდება დასავლეთი თბილისისგან?!

"ამ ამბავმა ჩაიარა, მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ ჩაილურის წყალი დალია", - ასე აფასებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ რეალობას მმართველი გუნდის წევრები. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მიიღო, ყველამ გაიაზრა საქმის არსი, ახლა ამაზე გაბრაზებულ ოპოზიციასა და ენჯეოებს ისტერიკა აქვთ, დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ... მმართველი გუნდის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაატარეს და წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმეს. დალია თუ არა სინამდვილეში ჩაილურის წყალი ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ, როგორი იქნება "ქართული ოცნების" შემდგომი ნაბიჯები და რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან, ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი­ გვესაუბრება.

- ნამდვილად არა მაქვს იმის განცდა, რომ ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ და საპროტესტო აქციებმა ჩაილურის წყალი დალია. მიტინგების მასშტაბს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან აქ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი დასავლეთია და არა ქართველი ხალხი. როგორც ყოველთვის, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ამჯერადაც დასავლეთის შიში და რეაქციის სიმძაფრე უფრო აფიქრებს, ვიდრე საკუთარი ხალხის ფაქტორი. მე უფრო მწვავე რეაქციის პერსპექტივებს ვხედავ. ასე რომ, ხელისუფლებას დამშვიდების ფუფუნება ნამდვილად არა აქვს.

- პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები­ ნამდვილად საჭიროებს გადახედვას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მაქსიმალურად გაჯანსაღდეს. რა შესაძლებლობები აქვს ახლა "ქართულ ოცნებას" საამისოდ?

- ამერიკელების შეფასებით, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური ნაბიჯები შიდა აუდიტორიის დაკვეთა კი არა, რუსეთის რჩევებსა და ულტიმატუმებზე დამოკიდებულების შედეგია. ეს ძალიან ცუდია! ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა ამ იმიჯის გაქარწყლებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთში დაინახონ, რომ რუსეთის აშკარა თუ ფარული მუქარები "ქართული ოცნების" საქმიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი არ არის.

- თქვენ ხედავთ ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს?

- სამწუხაროდ, ვერა... ე.წ. რუსული კანონის მიღების მიუხედავად, დასავლეთში "ქართულ ოცნებაზე" ანგარიშსწორება დღის წესრიგში არ დგას. სხვას რომ არაფერს მივაქციოთ ყურადღება და მხოლოდ ლონდონის ბირჟაზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დამოკიდებულებას დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ დასავლეთის საფინანსო ელიტა საქართველოს საფინანსო ელიტას ერთობ კორექტულადაც მიუდგა. ამიტომაც არ განადგურდა ქართული საფინანსო სისტემა, თორემ ახლა მთლიანად ჩამოშლილი იქნებოდა. აშშ-ს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე ზემოქმედების უამრავი ბერკეტი აქვს და სასიკვდილო დარტყმის მიყენებაც შეუძლია. ამას ჯერ კიდევ არ აკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან სიტუაციის განსამუხტავად.

- კონკრეტულად რას შეიძლება ელოდებოდეს დასავლეთი საქართველოსგან?

- შემრიგებლურ საგარეო თუ შიდაპოლიტიკურ ნაბიჯს. ჯერი ხელისუფლებაზეა. ვაშინგტონში ჯერ კიდევ არ გადაუხედავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური როლისთვის. ახლა სწორედ მისგან ელოდებიან ჟესტს. ჩვენი არ იყოს, დასავლეთშიც არავინ აღიარებს კობახიძეს და "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკოსებს, ყველა ამ ერთ კონკრეტულ პირს უყურებს.

- სახელმწიფოს ლიდერების მიერ დასავლეთის კრიტიკა, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმა როგორ იკითხება? შეგახსენებთ, რომ კობახიძის განცხადებით, ევრომაიდნის შემდეგ უკრაინაშ­ი "ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ". ამასთან, პრემიერმა სწორედ "მთავრობის დამნიშვნელები" დაადანაშაულა უკრაინაში 2014 წელს დაწყებულ ომში, რომელმაც 2022 წელს სრულმასშტაბიანი სახე მიიღო.

- სწორად შენიშნეთ, ამ განცხადებებმა მეც გამიცრუა იმედი, ხელისუფლება დასავლეთისკენ შემრიგებლურ ნაბიჯს არ გადადგამს. უკვე უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართულ ოცნებაზე" რუსეთი სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს.

- როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?

- ეს დამოკიდებულია რუსეთსა და დასავლეთს შორის ძალთა ბალანსის შეცვლაზე, ოღონდ ეს საქართველოს არ უკავშირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის და როგორ შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ომის თეატრი. ამ ფლანგზე რევოლუციური ძვრები იკვეთება და ვფიქრობ, საქართველოზე მომართული რუსეთის სამხედრო წნეხი ცოტა ხანში შესუსტდება.

- რევოლუციურ ძვრებში რას გულისხმობთ?

- ბოლო პერიოდში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ევროპულ ელიტაში ჩამოყალიბდა კარდინალური აზრი, რომ ამ ომში რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ამ დრომდე პრივალირებდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც ომი არც რუსეთს უნდა მოეგო და არც უკრაინა უნდა დამარცხებულიყო. პრაქტიკულად პოლიტიკური პატი უნდა მომხდარიყო, რაც სამხედრო-პოლიტიკურად განუხორციელებელი აღმოჩნდა და როცა დასავლეთში მოუწიათ არჩევანის წინაშე დადგომამ - ომი ან უკრაინას უნდა მოეგო, ან რუსეთს, რა თქმა უნდა, არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთეს. მე ახლახან ვნახე დოკუმენტი, თუ რა სახის შეიარაღება გადასცეს უკრაინას, გამაოგნებელი მასშტაბია, მსგავსი ამ დრომდე უკრაინას არ მიუღია არც რაოდენობრივი და არც ნომენკლატურული თვალსაზრისით.

- თან უკრაინას რუსეთზე შეტევის უფლებაც მისცეს.

- უკრაინას რუსეთზე შეტევის უფლება­ ამ იარაღის მასშტაბიდან გამომდინარე მისცეს. ადრე ამას აზრი არ ჰქონდა.­ დღეს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ეფექტური სამხედრო და პროპაგანდისტული შეტევის შესაძლებლობას იძლევა. ეს ყველაფერი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მალე რუსეთს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის რესურსი აღარ ექნება, რაც ივანიშვილს შესაძლებლობას მისცემს გათავისუფლდეს მოსკოვის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლისგან და დასავლეთისკენ გადადგას შემრიგებლური ნაბიჯი. თუ ამ შესაძლებლობით ისარგებლებს, ეს ძალიან მალე დაეტყობა პოლიტიკურ პროცესებს. თუ არადა, დასავლეთი გადავა ხისტ მოქმედებებზე.

- სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ კობახიძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 40 წლის თავზე, 2030 წელს, საქართველო აფხაზებსა და ოს ძმებთან ერთად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რასაც კრიტიკული და რიგ შემთხვევებში ირონიული განცხადებები­ მოჰყვა რუსულ პოლიტელიტაში. რის საფუძველზე გააკეთა კობახიძემ ასეთი განცხადება?

- კობახიძის განცხადების ადრესატი იყო შიდაპოლიტიკური აუდიტორია, რომელიც შეშფოთებულია დასავლეთთან დაპირისპირების პერსპექტივით. "ოცნება" ცდილობს ნარატივის დამკვიდრებას შიდაპოლიტიკურ სივრცეში, რომ რუსეთთან დაახლოება შიშის საფუძველზე დამყარებული მოცემულობა კი არ არის, არამედ მოსკოვი გვპირდება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას. სურთ შექმნან განცდა, რომ რუსეთთან ექსკლუზიური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველამ იცოდეს, ეს არასდროს არ მოხდება, გამორიცხულია. რუსეთს ძალიანაც რომ უნდოდეს, ფიზიკურად არა აქვს საშუალება საქართველოს ასეთი ბონუსი გაუკეთოს.ჩრდილოეთი კავკასია ისედაც აჯანყების პირას არის. ახლა რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი დაუბრუნოს, ეს პუტინის სისუსტედ აღიქმება და კავკასიაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური დასუსტება ერთადერთი წინა პირობაა იმისა, რომ ჩვენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მოვახერხოთ. სხვა ყველა ვერსია გულუბრყვილობაა. მეტსაც გეტყვით - რუსეთის დასუსტებაზეა დამოკიდებული თვით "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბედიც. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, ის კავკასიაში თვისებრივად სხვა დონეზე - ბატონისა და დამპყრობლის როლში შემოვა. ასეთ შემთხვევაში პუტინს "ქართული ოცნება" არაფერში აღარ დასჭირდება, საკუთარ ხალხს დაგვისვამს ხელისუფლებაში. ამიტომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა ოცნებობდეს, რომ პოლიტიკურმა და სამხედრო მოცემულობამ პუტინს კავკასიაში რეინტეგრაციის საშუალება არ მისცეს. მე არ ვიცი, კობახიძე ამას აცნობიერებს თუ არა, მაგრამ მთლიანად დასავლეთის იმედზე უნდა იყოს.

- თქვენი აზრით, რა პროცესები მიდის ახლა "ქართული ოცნების" გუნდში, როგორი განწყობა და მოლოდინი აქვთ?

- "ქართული ოცნების" პირადი შემადგენლობის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლოიალურობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ არის ამ პოლიტიკური ძალის სტაბილურობის გარანტია. ისინი დამოკიდებული არიან ივანიშვილზე, ივანიშვილი კი მათზე, სწორედ მათი საშუალებით მართავს ის ახლა პროცესს, მაგრამ ეს ურთიერთობა ძალაზე მყიფეა. "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებსა და მათ შვილებს დიდი ქონება აქვთ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში­. თუ დასავლეთმა გადაწყვიტა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერკეტების ამოქმედება, უპირველესად "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებზე ზემოქმედებას დაიწყებს და ქონებას დაუყადაღებს. სანქციების საკითხი თუ დადგა, მხოლოდ ივანიშვილს კი არა, გაცილებით ფართო წრეს შეეხება... ახლა რომ ოპერატიული პაუზა გვაქვს, ეს არაფერს ნიშნავს, ახლა დასავლეთი, პირველ რიგში კი აშშ, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ წნეხს, ელოდება, რომ ზაფხულ-შემოდგომაზე დაასუსტებენ რუსეთს უკრაინაში და შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას მოსკოვიდან გამოხსნის შანსს მისცემენ. ამიტომ­ გადაიწია საქართველოს ხელისუფლებისთვის 1-ლ ივნისამდე მიცემულმა დედლაინმა 1-ლ ივლისამდე და არ არის გამორიცხული, ცოტა კიდევ გადაიწიოს. შესაბამისად, დღევანდელი ოპერატიული პაუზის პირობებში ლარის კურსის სტაბილურობის­ იმედი უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ჯერ ლარზე ზემოქმედების პერსპექტივა არ არის, შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასაც არაფერი ემუქრება.

- ამასობაში არჩევნებიც მოვა. როგორ აფასებთ არჩევნების პროცესს და ამ პროცესში პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლს?

- ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობისადმი დასავლეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი ჩაყენებულია საქმის კურსში, რომ ზურაბიშვილის მოქმედებები დასავლურ ელიტასთან არის შეთანხმებული. მისი პოლიტიკური აქტიურობის წინააღმდეგ ხელისუფლების ადმინისტრაციული ზემოქმედება პირდაპირ ვაშინგტონთან დაპირისპირებას ნიშნავს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ყალიბდება, ადმინისტრაციულად დაცულია, მათ არავინ შეუტევს. აი, როდესაც ივანიშვილის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, მერე ვაშინგტონი იმასთან დაკავშირებითაც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა დონეზე დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილ ძალებს, ძალთა ბალანსი როგორ დაიჭიროს.

ხათუნა ბახტურიძე