არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ გადამწყვეტი 2024 წელი საქართველოსთვის?! - კვირის პალიტრა

არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ გადამწყვეტი 2024 წელი საქართველოსთვის?!

ტუ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ევროპის მიღმა დავრჩით, გვემუქრება საფრთხე, რომლის მსგავსიც ბოლო 30 წლის განმავლობაში იშვიათად ყოფილა - ქვეყანას დავკარგავთ. აი, რატომ: ქვეყნისა და მოქალაქეების ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ევროპა, პირველ რიგში, იმიტომ გვინდა, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ და უსაფრთხო სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სადაც ღირსეული ევროსტანდარტები იქნება - დაწყებული განათლებით და ჯანდაცვით დამთავრებული; სადაც თბილისში ან საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქში ისევე შეიძლება თვითრეალიზება, როგორც პარიზში, რომში ან მადრიდში.გზა გრძელია, მაგრამ ამ მარათონზე­ მთავარი მამოძრავებელი ძალა იმედია, რომ ბოლოს და ბოლოს, ევროფინიშზე გავალთ. ეს ყველაზე კარგად ესმის იმ ახალგაზრდობას, რომლის დიდი ნაწილი უკვე ორი თვეა, ქუჩაში დგას - ყველაზე მეტად სწორედ მათ უნდა ისარგებლონ ევროინტეგრაციის ნაყოფით. თუ ევროპული გზა ჩაიხერგა, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში და, პირველ რიგში, ახალგაზრდობაში, დაისადგურებს ტოტალური იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება, ამას კი უმძიმესი შედეგები მოჰყვება.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 163 480 მოქალაქე წავიდა. ამ რიცხვში არ შედიან ისინი, ვინც ჭაობებითა და მდინარეებით იპარება ამერიკაში. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობას მიაღწევს საქართველოდან გაქცევის მსურველთა რიცხვი, თუ ევროინტეგრაციის გზა გადაგვეკეტა?!

ამ გზას, პირველ რიგში, მასობრივად ახალგაზრდები დაადგებიან და მიგრაციის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტატისტიკა გახუთმაგდება და გაათმაგდება. ეს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობისთვის უკვე შემდგარი კატასტროფა იქნება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქვეყნიდან წავლენ ისინი, ვინც ეკონომიკისთვის ძრავის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომელთაც აქ ბიზნესი უნდა აკეთონ, ჯანდაცვის სექტორი განავითარონ და ა.შ.

ქვეყანა არა მხოლოდ ამ თაობას, არამედ მომავალ თაობასაც დაკარგავს. კერძოდ, საქართველოდან წასული ახალგაზრდების შვილები თავისთავად უცხო ქვეყნებში გაიზრდებიან, დაიბადებიან, იქნებიან იმ სახელმწიფოების მოქალაქეები, იქ საბოლოოდ დაფუძნდებიან, მათთვის ძირითადი სალაპარაკო ენა ქართული არ იქნება და... საქართველო მათთვის იქნება სადღაც შორს მყოფი ისტორიული სამშობლო, რომელთანაც უკვე აღარაფერი აკავშირებთ.

საბოლოოდ, მივიღებთ ტერიტორიას, სადაც, კი ბატონო, იფრიალებს ხუთჯვრიანი დროშები და გვეყოლება პარლამენტი თუ მთავრობა, მაგრამ... რეალურად ეს ქართველთა ქვეყანა აღარ იქნება. და ახდება გაეროს შემზარავი პროგნოზი (რომელზეც მოთქვამს ყველა დემოგრაფი) - 2050 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ქართველები გადაშენდებიან.

ამ კატასტროფული სცენარის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება - 26 ოქტომბრის არჩევნებით თუ მმართველი გუნდის უკან დახევით. მთავარია, ყველამ, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ან მასზე ზემოქმედება შეუძლია, გაისიგრძეგანოს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ.

დიახ, 2024 გადამწყვეტი წელია და ვიმედოვნებთ, არა საბედისწერო.

ოპოზიციის ლიდერი

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ერთიან ლიდერად ყალიბდება. ამავე დროს, ის საქართველოს ხელისუფლების ლამის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც სარგებლობს დასავლეთის მხარდაჭერით. პრეზიდენტის შეთავაზებული "ქართული ქარტია" დაახლოებით ასეთ რამეს ითვალისწინებს - ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობენ და შემდეგ, წარმატების შემთხვევაში (ანუ თუ ისინი ჯამურად მოიპოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში), მთავრობის წევრებს არჩევს სალომე ზურაბიშვილი. მთავრობა კი ე.წ. ტექნიკური იქნება ანუ პროფესიონალებით დაკომპლექტდება და არა პოლიტიკოსებით. პრეზიდენტის იდეით, ამ მთავრობამ და პარლამენტმა ლამის ერთ წელიწადში უნდა გაატარონ გრანდიოზული რეფორმები, დაწყებული ევროინტეგრაციით და სასამართლოთი დამთავრებული და შემდეგ... რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ექსპერტთა ვარაუდით, ამ ქარტიის ერთ-ერთი არაფორმალური დათქმა იქნება ისიც, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადას დაუჭიროს მხარი.

პრეზიდენტის ეს "მანევრი" გასაგებია. პირველ რიგში, ეს მესიჯი განკუთვნილია იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც ცეცხლივით ეშინია ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" დაბრუნების და ან "ოცნებას" აძლევს ხმას, ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, რადგან არც ერთი პარტია არ მოსწონს, ან მოსწონს, მაგრამ არ სჯერა, რომ მის ფავორიტ პოლიტორგანიზაციას წარმატების შანსი აქვს. სალომე ზურაბიშვილი მათ უგზავნის "შეტყობინებას", რომ სააკაშვილის პარტია მთავრობაში არ იქნება. გარდა ამისა, არიან ოპოზიციური პარტიები (მაგალითად, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები), რომელთაც წითელი ხაზები გაავლეს "ნაცმოძრაობასთან" და მათი გაცხადებული პოზიციის მიხედვით, სააკაშვილის პარტიასთან არანაირ ალიანს-კოალიციაში არ შევლენ. შესაბამისად, პრეზიდენტი თავს "იზღვევს", რომ ზემოხსენებული "არ მინდა-არ გინდათი" დღევანდელმა მმართველმა პარტიამ არ ისარგებლოს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის "ქართულ ქარტიასთან" არის კითხვები - კერძოდ, ხალხი ხმას პარტიებს, კონკრეულ პოლიტიკოსებს აძლევს და რატომ უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ან რა ნიშნით უნდა შეირჩნენ, ან საიდან უნდა მოიყვანონ "პროფესიონალები"?! გარდა ამისა, თუ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული მთავრობა და პარლამენტი ერთ წელიწადში გრანდიოზულ რეფორმებს გაატარებენ, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები?!

ამას თავი დავანებოთ და, საინტერესოა, გათვალა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ის ვარიანტი, რომ ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება, რაც ამომრჩევლის ხმებს დაკარგავს და "ქართული ქარტიის" იდეასაც აღარ ექნება აზრი?! დაბალანსებული, სააკაშვილის დაბრუნების საფრთხეარიდებული პარლამენტის მისაღებად, ალბათ, ჯობდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ეცადა ე.წ. მესამე ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ექსპერტებს დაახლოებით ასეთად მიაჩნიათ - ხაზარაძე, გახარია-ელისაშვილი-მელია და ა.შ. ეს, ალბათ, ხელს შეუწყობდა, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიდოდა არჩევნებზე და მათი ხმები აღარ დაიფანტებოდა რამდენიმე საშუალო და წვრილ პარტიებს შორის. თუმცა შესაძლოა ეს სცადა კიდევაც სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ არ გამოუვიდა.

სხვათა შორის, 26 ოქტომბრამდე ჯერ ევროპარლამენტის არჩევნებია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შესაძლოა ევროპის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსი შეიცვალოს, რაც აისახება თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობაზე.

არჩევნები ევროპარლამენტში

6-დან 9 ივნისამდე ევროპარლამენტში არჩევნები გაიმართება. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, თუ როგორ დაკომპლექტდება ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, ამიტომ შევეცდებით ეს დეტალურად ავხსნათ.

არჩევნები გაიმართება ევროკავშირის 27-ივე წევრ ქვეყანაში. მოსახლეობა ხმას აძლევს ადგილობრივ პარტიებს პროპორციული წესით (როგორც საპარლამენტო­ არჩევნებისას). ეს პარტიები ევროპის მასშტაბით გაწევრებული არიან ევროპულ პარტიებში, რომლებიც ევროპარლამენტში ფრაქციებს აყალიბებენ. მაგალითად, თუ იმ პარტიებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც გაწევრებული არიან "ევროპის­ სახალხო პარტიაში", ჯამში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ "ევროპის სახალხო პარტია" გამოცხადდება.

ევროპარლამენტში 6-9 ივნისს 720 დეპუტატს აირჩევენ. ყველა ქვეყანას\ თავისი კვოტა აქვს, რომელიც პროპორციულია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დეპუტატთა რაოდენობა 705-მდე შემცირდა, თუმცა 2023 წელს 15 დეპუტატი კიდევ დაამატეს და 11 ქვეყანაზე გადაანაწილეს, რადგან მიიჩნიეს, რომ იქ დემოგრაფიული რაოდენობა შეიცვალა. ევროპული კანონმდებლობით, ევროპარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 750-ს არ უნდა აჭარბებდეს. ქვეყანას მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 96 წარმომადგენელი შეიძლება ჰყავდეს.

კვოტები ასეთია: ბელგიას - 22, ბულგარეთს - 17, ჩეხეთს - 21, დანიას - 15, გერმანიას - 96, ესტონეთს - 7, ირლანდიას - 14, საბერძნეთს - 21, ესპანეთს - 61, საფრანგეთს - 81, ხორვატიას - 12, იტალიას - 76, კვიპროსს - 6, ლატვიას - 9, ლიეტუვას - 11, ლუქსემბურგს - 6, უნგრეთს - 21, მალტას - 6, ნიდერლანდებს - 31, ავსტრიას - 20, პოლონეთს - 53, პორტუგალიას - 21, რუმინეთს - 33, სლოვენიას - 9, სლოვაკეთს - 15, ფინეთს - 15, შვედეთს - 21.

დღეს ევროპარლამენტში ასეთი ბალა­ნსია­ (არჩევნები ბოლოს 2019 წელს ჩატარდა): "ევროპის სახალხო პარტია" (რომლის წევრია "ნაციონალური მოძრაობა" - 179 მანდატი; "სოციალისტებისა და დემოკრატე­ბის პროგრესული ალიანსი" (სოციალისტური პარტიის წევრი იყო "ქართული ოცნება"­, რომელიც 2023 წელს დატოვა) - 141 მანდატი; "განვაახლოთ ევროპა" (ლიბერალური პროევროპული ფრაქცია) - 101 მანდატი; "მწვანეები/ ევროპის თავისუფალი ალიანსი" (ძირითადად, ლობირებენ კლიმატსა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს) - 71 მანდატი; "ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები" (ზომიერი ევროსკეპტიკოსები) - 67 მანდატი; "იდენტობა და დემოკრატია" (ულტრამემარჯვენეები, ევროსკეპტიკოსები) - 58 მანდატი; "ევროპელი მემარცხენეები" (კომუნისტები) - 38 მანდატი; დამოუკიდებელი დეპუტატები - 50 მანდატი.

როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა­ ბალანსი 6-9 ივნისის არჩევნების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ევროპაში ბევრი­ კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვით, "ევროპის სახალხო პარტია" შეინარჩუნებს უმრავლესობას და დღის წესრიგის მთავარი მოკარნახე იქნება (მათ შორის ევროკომი­სიის ხელმძღვანელის არჩევისას). თუმცა გაიზრდება ულტრამემარჯვენეების­ "იდენტობა და დემოკრატია" გავლენაც, რომელსაც ევროპარლამენტში მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებენ. ასე რომ, რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

გიორგი კვიტაშვილი