„კაცობრიობის პროგრესი ახალგაზრდობაზეა მინდობილი...“ - კვირის პალიტრა

„კაცობრიობის პროგრესი ახალგაზრდობაზეა მინდობილი...“

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მიხეილ­ ბახტაძე მიიჩნევს, რომ ჩვენ უპირველესად ჩვენი სისხლით, ძალითა და შრომით მოვიპოვეთ თავისუფლება, ამიტომაც ვართ მისი შენარჩუნების ღირსი და ამისთვის ძალას ისევ მოვძებნით...

- ბატონო მიხეილ, 90-იანი წლების ნგრევის შედეგად მოსა­ხლეობის ნაწილმა გადინება­ დაიწყო, ნაწილმა კი უმძიმეს პირო­ბებში გააგრძელა­ ცხოვრება.­ მერე ერთმანეთს­ დავუპირისპირდით... ვერც გადავრჩებოდით, რომ არა უცხოელი დონორების დახმარება, ახლა კი მათგან იზოლაციაზე ვსაუბრობთ...

- ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ჩვენი­ არსებობის შენარჩუნება ჩვენზე მეტად ვინმეს დამსახურებაა, ან თავისუფლების მოპოვებაში ვინმე სხვას გაეწიოს ჩვენზე მეტი ძალისხმევა. ყველაფერი ჩვენი ბრძოლით მოვიპოვეთ. რაც მომავალში მოხდება, ისიც მხოლოდ ჩვენი დამსახურება იქნება...

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ ერს ჰქონდეს საერთო მიზანი და იბრძოლოს მის მისაღწევად. ეს მიზანი ევროპული მომავალია­ და ამით ყველაფერია ნათქვამი, დანარჩენს არჩევნები გადაწყვეტს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის დაცვაც, ბრძოლაც და შრომაც, წინააღმდეგ შემთხვევაში,­ არც თავისუფლება გვექნებოდა, არც ქვეყანა.­

ისტორიაში არსებობენ ერები, რომლებიც მზად არ არიან და არც სურთ თავი­სუფლება. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ 1918 წელს არსებობდა ბელორუსიის­ დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელსაც ჰყავდა თავისი მთავრობა, ჰქონდა დროშა,­ გერბი და ა.შ., მაგრამ ამის მიუხედავად, მისგან სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა. რატომ?­ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოში არ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც დამოუკი­დებლობა სურს. შეიძლება ჩამოაყალიბო­ სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით, დანი­შნო მთავარსარდალი და მისი ოფიცრები­, მაგრამ ვერ მოიპოვო თავისუფლება. დამოუკიდებლობის მსურველი ხალხი არ არსებობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბელორუსიის სახელმწიფო იყო მონიშნული 1918 წელს, ამიტომაც არ გამოვიდა არაფერი. რუსეთმა ასეთი­ სახელმწიფო 1919 წელს უპრობლემოდ მიიერთა...

რაც შეეხება ქართველების მიერ დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წელს, მართალია, ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ 3 წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ უდიდესი როლი ითამაშა თავისუფლებისთვის ჩვენს შემდგომ ბრძოლასა თუ ფიქრში. ამ ფიქრით იცხოვრა შემდგომმა რამდენიმე თაობამ მრავალათწლოვანი ოკუპაციისას. ამიტომ 1918 წელსაც და 90-იან წლებშიც რუსეთის საშინელი იმპერიის მიერ ოკუპირებული ერი კვლავ აღმოვჩნდით თავისუფალი, საზოგადოებაც მზად იყო ამისთვის და პოლიტიკური ელიტაც.

არსებობს 1918 წლის 25 მაისს, დამოუკიდებლობის აქტამდე ერთი დღით ადრე გარ­დაცვლილი­ რიგითი ქართველი კაცის საფლავი ხაშურში, რომელზეც შვილის წარწერაა: "მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო გათავისუფლდა"... ეს არის უდიდესი სიმბოლური აქტი ჩვენი საზოგადოების მარადიული მზადყოფნისა თავისუფლებისათვის.

- 1921 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა მაინც დავკარგეთ. რა გარანტიაა, რომ ახლაც ასე არ მოხდება?

- გასული საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ომით დაღლილმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს ბოლშევი­კური რევოლუციით თუნდაც დასუსტებული რუსეთის დამარცხება და მისი იმპერიული ზრახვების ამოშანთვა, მით უფრო, რომ რუსეთის იმპერია ასე ადვილად დასამარცხებელი არ არის. ჩემი აზრით, ყველაზე საშიში იმპერიაა კაცობრიობაში იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი ცნობიერება არ კვდება, არც იცვლება. მაგრამ ახლა რუსეთს სხვა რეალობა ხვდება: სახელმწიფოებმა მიაღწიეს იმას, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ რუსეთს, რადგან ის ყველას მტერია. ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი აღარ იქნება ისეთი­, როგორიც იყო, რაც ბევრს ნიშნავს.­ რა თქმა უნდა, თუ თავად არ მოვინდომებთ მის ხელში ყოფნას.

- ამ მხრივ საზოგადოებაში წინააღმდეგობაა. ნაწილის აზრით, ხელისუფლებას რუსეთისკენ მივყავართ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ომი აგვარიდოს თავიდან და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ყველაფერს აკეთებს, ოპოზიცია კი რადიკა­ლური ძალაა, რომელიც სკამებისთვის იბრძვის და ახალგაზრდებს თავისი სურვილების შესასრულებლად იფარებს წინ...

- რეალობა ის არის, რომ ახალგაზრდობას არა აქვს არანაირი პერსპექტივა თავისი ნიჭისა და ენერგიის გამოსაყენებლად. ამიტომაც არ სჭირდებათ მათ ვინმესთვის აფარება პროტესტის გამოსახატავად. იმედია, ამაზე ხელისუფლება დაფიქრდება. დე გოლი რომ ახალგაზრდებმა გააგდეს, ესეც ხომ ვიცით...

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მთელი რიგი პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს დასავლეთში. ცხადია, არც ყველა წინადადების მიღება არის აუცილებელი, მით უმეტეს, თუ ლახავს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მაგრამ ევროპა­ მხოლოდ ეს არ არის. ევროპაში გაცილებით­ მეტია დადებითი, ჩვენ კი სხვა მოკავშირე არა გვყავს! რაც მთავარია, დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც თავადაც უპირისპირდებიან ულტრალიბერალურ თუ რადიკალ მემარცხენე მოსაზრებებს. მაგალითად, ამის ნიშანია ხორვატიაში პრემიერად ისევ მემარჯვენე ანდრეი პლენკოვიჩის დამტკიცება. სხვათა შორის, ამ მოვლენებს თავად ახალგაზრდებიც ხედავენ. წინააღმდეგობა შვილებსა და მამებს შორის მარადიულად იქნება, რადგან ბუნების კანონია. ამაზე ძველი ეგვიპტელებიც წერდნენ და მათ წინ კიდევ - შუმერები. კაცობრიობის პროგრესი სწორედ ახალგაზრდობაზეა მინდობილი. თუმცა ვისურვებდი, ახალგაზრდობის საქციელი არ იყოს რადიკალური და ხშირად იყოს ჩვენს ტრადიციებზე დაყრდნობილი, რაც ჩვენი არსებობის გაგრძელების საუკეთესო საშუალებაა. ამის საილუსტრაციოდ ერთ ამბავს მოგიყვებით: აკაკი წერეთელმა ის ახალგაზრდები დაპატიჟა, ვისაც განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული. მათ კარგად უმასპინძლა, აგიზგიზებულ ბუხართან დასვა და ესაუბრა. როდესაც ბინდი ჩამოწვა, ახალგაზრდებმა ბუხრის ცეცხლზე ვეღარაფერი დაინახეს და აკაკის შეჰბედეს, იქნებ სანთელი ავანთოთო. აკაკი დატრიალდა, როგორც ბრძანებთო, და ახალგაზრდები იმ ოთახში გაიყვანა, სადაც სანთლები ენთო. ახალგაზრდებს გაუხარდათ და საუბარი გააგრძელეს, თუმცა მალევე შეწყვიტეს, რადგან ოთახში ბუხარი არ იყო და ახლა ძალიან შესცივდათ. ერთმა ისევ უთხრა აკაკის, ხომ არა ჯობს, ეს სანთლები იმ ოთახში გავიტანოთ, სადაც ბუხარიაო. აკაკი ისევ დატრიალდა, სანთლები ბუხართან გაატანინა და როცა ახალგაზრდები გულიან საუბარში ჩაერთვნენ, უთხრა, თქვენ რომ სინათლე მოითხოვეთ და სანთლებთან გავედით, სწორედ ის არის ევროპული განათლება, რომელიც ანათებს, მაგრამ ვერ გაგათბოთ და არც არანაირი ფასი არ ჰქონდა, სანამ სანთლები ბუხართან არ გამოიტანეთ. ჩვენი ტრადიციები სწორედ ბუხარია, რომლის გარეშე ევროპული განათლება უსარგებლო დარჩება ჩვენი ხალხისთვისო.

- ალბათ, აკაკი წერეთელი ბევრ მწარეს იტყოდა ჩვენს დღევანდელობაზე... თქვენ როგორ გესახებათ დღევანდელი ვითარება და საქართველოს მომავალი.

- კანონი მიღებულია. ეს მოსალოდნელი იყო, პროცესი კი ლოგიკურად მიდის: არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ყველაფერი უფრო ცხადი გახდება, მთავარია, მშვიდად მივიდეთ იქამდე. ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციები არ ჩატარდეს, მაგრამ ნებისმიერი მოწოდება თუ მცდელობა, რომ მოხდეს სიტუაციის რადიკალიზაცია, რევოლუციები თუ სხვა რამ, დაუშვებელია და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. არჩევნებზე გადაწყდება ყველაფერი: მივდივართ წინ იმ გზით, რომელიც მიგვიყვანს ტერიტორიების დაბრუნებამდე, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული (დიახ, სუვერენული) საქართველოს შექმნამდე თუ წავალთ ბელარუსიზაციის გზით. ასე რომ, დაველოდოთ!

„მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა!..“

page-9e519-1717359953.jpg

ძეგლზე, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში უბრალო გლეხკაცის საფლავზე დგას, ისტორიული ეპიტაფიაა ამოკვეთილი: "მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო განთავისუფლდა"...მხოლოდ ერთი დღე დააკლდა დავით კაპანაძეს, რომ თავისი ოცნების ხორცშესხმა ენახა, ის 1918 წლის 25 მაისს გარდაიცვალა... 26 მაისს კი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ალბათ უფლის განგებაა, რომ ეს საოცარი ძეგლი კომუნისტების მსახვრალ ხელს გადაურჩა და დღემდე მოაღწია... და დგას საქართველოს ერთ ლამაზ სოფელში ძეგლი, რომელშიც მთელი ერის ნატვრაა ჩატეული.