„ჩვენ დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ, კანონის არც ერთ მოთხოვნას არ შევასრულებთ“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ, კანონის არც ერთ მოთხოვნას არ შევასრულებთ“

გასულ კვირას პარლამენტმა "უცხოური­ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რასაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუმო­რჩილებლობა გამოაცხადეს და სპეციალური განცხადება გაავრცელეს: "არ დავემორჩილებით რუსულ კანონს, ის ფარატინა ქაღალდად დარჩება!" თემაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, ბაია პატარაიას დავუკავშირდით.

ბაია პატარაია, ქალთა უფლებათა დამცველი, კავშირ "საფარის" დირექტორი:

- "ქართულმა ოცნებამ" თვითმიზნად­ გაიხადა ამ კანონის მიღება და მიიღო კიდეც, მიუხედავად გაფრთხილებისა როგორც ქართველი ხალხისგან, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, მაგრამ დაკარგა ყველაფერი და ყველაზე მნიშვნელოვანი - მოსახლეობის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის კანონის უზენაესობას ვანიჭებთ უპირატესობას, ეს ის შემთხვევაა, როცა ამ კონკრეტულ კანონზე დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ, მის არც ერთ მოთხოვნას არ შევასრულებთ, რადგან ის აცდენილია ჩვენს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, არ შეესაბამება არც ჩვენს კანონმდებლობას. რაც უნდა დამატებითი რეგულაციები შემოიღონ, არც ერთს არ დავემორჩილებით. ჯარიმები ძალიან მაღალი იქნება. თავდაპირველად, მათ წესები უნდა შეიმუშაონ, რომ ეს კანონი ამოქმედდეს, ამისთვის ორი თვე აქვთ და შემდეგ, ალბათ, ჯარიმების დაწესებას დაიწყებენ. შევეცდებით გავუწიოთ წინააღმდეგობა და ყველა ლეგალური მექანიზმი გამოვიყენოთ. ამ კანონის გასაჩივრება შეიძლება­ როგორც აქ, ისე საერთაშორისო ტრიბუნალებში და თუკი მაინც გადაწყვეტენ, რომ უნდა დაგვხურონ, მაშინ მოუწევთ ამის გაკეთება. უბრალოდ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამით ის ადამიანები დაზარალდებიან, ვინც სერვისს ჩვენისთანა ორგანიზაციებისგან იღებენ. ჩვენ, ძირითადად, ქალებს ვეხმარებით - დედებს, ბავშვებს, განსაკუთრებით, იმ პირებს, ვისაც არ შეუძლიათ კერძო­ ადვოკატების დაქირავება. როცა სახელმწიფო ასეთ ორგანიზაციებს უპირისპირდება, სინამდვილეში იმ ადამიანებს უპირისპირდება.

- თუმცა მმართველი გუნდი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ფინანსური გამჭვირვალობა,­ საიდან მოდის და რაში იხარჯება ეს თანხები,­ არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ასეთი ორგანიზაციებისთვის.

- თუ მარტივია შუბლზე წაიწერო, რომ უცხო ქვეყნის აგენტი ხარ, ბიძინა ივანიშვილმა წაიწეროს, რომელიც ნამდვილადაა რუსეთის აგენტი. მე არავის აგენტი არა ვარ და ამას არც არასდროს დავიწერ.

- ამ კანონზე საუბრისას ხშირად ახსენებენ თქვენს გვარსა და ქონებას, რამდენი ფული იშოვა, ნახეთ, როგორი სახლი აიშენაო და ა.შ.

- ჩემი ქონება სასაცილოა იმასთან შედარებით, რა ქონების პატრონიც ის 84 დეპუტატია. მათთან შედარებით, მე ღარიბ-ღატაკი ვარ. მინახავს გადაცემები, სადაც იტყუებიან, ჩამოჰყვებიან და თუკი სანათესაოში ვინმეს სახლი აქვს, ყველაფერს ერთ ადამიანს მიაწერენ ხოლმე. მე სანათესაოშიც არავინ მყავს მილიონერი. "ოცნებაში" კი ზოგიერთი მართლაც ცალი კალოშით მოვიდა და დღეს მულტიმილიონერია, შეჭამეს ბიუჯეტი. არ მესმის, როგორ ედრებიან სხვა ადამიანებს, რომლებიც ორ კაპიკს შოულობენ პატიოსანი შრომით. თვითონ დადიან 10.000-დოლარიანი კაბებით და 100.000-დოლარიანი­ საათებით.

"საფარის" გარე აუდიტის დასკვნები ჩვენს საიტზე ისედაც ქვეყნდება და ყოველთვის, როცა "საქსტატი" მონაცემებს გვთხოვს, ვაძლევთ. ნებისმიერი ორგანიზაცია ისედაც ვალდებულია, შემოსავლების სამსახურში ყოველთვიურად ატვირთოს დოკუმენტაცია, თუ ვის რამდენი დაუკავდა საშემოსავლო და ა.შ. ეს სრულიად გამჭვირვალეა. ამ კანონამდეც ასე იყო და ყველა ასრულებდა, დარღვევის გარეშე.

- მაშინ რა პრობლემაა ამ დოკუმენტის შევსება? აქცენტი იმაზე გაქვთ, რომ საზოგადოებაში "უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებლის" სახელი არ მოგეკეროთ?

- რა თქმა უნდა, ეს არის უპირველესი პრობლემა, მეორე კი პირადი მონაცემებია, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს. მაგალითად, მე რომ ქალები მომმართავენ, ჩვენთან უამრავი სენსიტიური ინფორმაცია შეიძლება იყოს მათი ჯანმრთელობის, მათი პრობლემების შესახებ და ა.შ. ეს მომსახურება აქამდე კონფიდენციალური იყო და ახლა რატომღაც იუსტიციის სამინისტროსაც უნდა ჰქონდეს. როცა ადამიანი დახმარების სათხოვნელად მოდის, იცის, რომ ჩვენგან ინფორმაცია არ გავა მის შესახებ, ახლა ეს უკვე დაცული აღარაა. ამას გარდა, კანონმდებლობაში სხვა პრობლემებიცაა, რაც ნელ-ნელა იჩენს თავს...

- ის უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც­ თქვენთან თანამშრომლობდნენ, რას გეუბნებიან, გააგრძელებენ თქვენთვის თანხების გამოყოფას?

- საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს პრობლემა არა აქვთ, პრობლემები ჩვენ გვაქვს, ქართულ არასამთავრობოებს. თუ არ ვიარსებებთ, როგორღა დაგვაფინანსებენ? მთელი ცივილიზებული სამყარო ამ კანონს ეწინააღმდეგება, რადგან არ შეესაბამება დემოკრატიას, ადამიანთა უფლებებს და ის ჩაკლავს სამოქალაქო საზოგადოებას, გაანადგურებს მედიას. ქვეყანა, რომელსაც განვითარება სურს, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა ებრძოდეს. დემოკრატია ამაზე დგას - სახელმწიფო კი არ უნდა იყოს ყველაფერში, ხალხს თვითონ უნდა შეეძლოს ერთმანეთის დახმარება. საბჭოთა კავშირში იყო ასე, არაფერი შეიძლებოდა, დასავლეთის ქვეყნებისთვის კი არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ბუნებრივი ქსოვილია, მარტო სახელმწიფოს არ უყურებენ ხელებში.

- აცხადებთ დაუმორჩილებლობას, მაგრამ ამაზე სახელმწიფოს პასუხიც შესაბამისი იქნება.

- კი, იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ოქტომბრის არჩევნები ყველაფერს გასცემს პასუხს. მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, რუსული კანონებით უნდა ცხოვრება თუ ევროკავშირში? ამ ხუთ თვეს როგორმე­ გავძლებთ. ქუჩაში 100-ათასობით ჩვენი მოქალაქე იმიტომ გამოდის, რომ მათი არჩევანი ევროკავშირია და არა რუსეთი.