მიხეილ ცაგარელის სკანდალური "ასტროლოგიური პოლიტიკა" - საქართველოში მეორე ფრონტი სჭირდებათ, 2025 წელს კი მესამე ფრონტის გახსნას ყაზახეთში შეეცდებიან - კვირის პალიტრა

მიხეილ ცაგარელის სკანდალური "ასტროლოგიური პოლიტიკა" - საქართველოში მეორე ფრონტი სჭირდებათ, 2025 წელს კი მესამე ფრონტის გახსნას ყაზახეთში შეეცდებიან

"მათ საქართველო მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდებათ. ეს წლის ბოლოსთვის აქვთ განსაზღვრული, როცა უკრაინა ახალი შეიარაღების გამოყენებას აპირებს და მათ მეორე ფრონტი სჭირდებათ, ეს კი საქართველო უნდა იყოს, 2025 წელს კი მესამე ფრონტის გახსნას შეეცდებიან ყაზახეთში. რა გამოუვათ, ეს სხვა საკითხია", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და საქართველოშIი მიმდინარე პროცესებს აფასებს:

- ბატონო მიხეილ, როგორც ასტროლოგი,­ ხშირად აკეთებთ პოლიტიკურ პროგნოზებს და ასტროლოგიური კუთხით საუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ და დადებით პერიოდებზე, ახლა როგორი პერიოდია საქართველოსთვის?

- უკეთესი დროის გამონახვაც შეიძლებოდა წმინდა ასტროლოგიური კუთხით, მაგრამ კეთდება ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ივნისის 6 რიცხვამდე კარგი პერიოდია, შემდეგ თვის ბოლომდე სიტუაცია შეიძლება კვლავ დაიძაბოს, მაგრამ ივლისისთვის ყველაფერი ჩაწყნარდება, აგვისტოში ხალხი ისედაც ქალაქიდან გადის და მზადება დაიწყება ოქტომბრისთვის, როდესაც გადაწყდება, საქართველო გადარჩება­ თუ არა. ის, რაც კეთდება, აბსოლუტურად სწორია, ვგულისხმობ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას, შიდა პოლიტიკაში ჯერ ვერაფერს შეცვლიან.

იმ ახალგაზრდების, იმ ხალხის ნაწილი, ვინც აქციებზე დგას, ის კატეგორიაა, რომელიც წლების განმავლობაში ინსტრუქტაჟირებული იყო, მათ შორის სხვადასხვა უნივერსიტეტში. იქ ისეთი ადამიანებიც დგანან, ვინც ვერ ერკვევა იმაში, რას ნიშნავს გეოპოლიტიკა. ჩვენთან­ თუ რაიმეზე ნეგატივის გამოწვევა­ სურთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. რეალურად ეს ერთი დიდი ტყუილია, ის ხალხი კი, სამწუხაროდ, ძალიან მოტყუებული და ადრე თუ გვიან, ამას მიხვდებიან... ეს კანონი ძალიან რბილია. ავსტრალიაში ზუსტად ასეთი კანონი აქვთ და მთელი მსოფლიო დასცინოდა, ასეთი ლმობიერი რად გინდათ, რას გაძლევთო. ასეთი ლმობიერი კანონი არც რუსეთს აქვს, არც აშშ-ს, არც ბრიტანეთს, არც საფრანგეთს, თურქეთში კი ამ კანონის დარღვევისთვის მუდმივი პატიმრობაა... ჩვენთან ამ კანონზე ამხელა ამბის ატეხა ნონსენსია, მაგრამ იმისთვის, რომ გავერკვეთ, რატომაა ეს ნონსენსი, გეოპოლიტიკა უნდა ვიცოდეთ...

რატომ გაგიჟდნენ ეს ევროპელები და ამერიკელები, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები ერთდროულად და ერთბაშად რომ აყვირდნენ? რატომ აწუხებთ ასე საქართველო? საქართველო წლების განმავლობაში მათი "კოლონია" იყო, რასაც ჩასძახებდნენ,­ ის უნდა ამოეძახა... მათ საქართველო მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდებათ. ეს წლის ბოლოსთვის აქვთ განსაზღვრული, როცა უკრაინა ახალი შეიარაღების გამოყენებას აპირებს და მათ მეორე ფრონტი სჭირდებათ, ეს კი საქართველო უნდა იყოს, 2025 წელს კი მესამე ფრონტის გახსნას შეეცდებიან ყაზახეთში. რა გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. სურთ რუსეთი ყველა მხრიდან შეავიწროონ და რუსი სამხედროების ნაწილი აქ რომ გადმოისროლონ, ეს უკვე უკრაინას საქმეს გაუადვილებს. აქ მეორე ფრონტის გაჩაღება იმას ნიშნავს, რომ რუსები მალე დაგვიმთავრებენ საქმეს, ჩვენი ქვეყანა აღარ იარსებებს. ის გარეთ გამოსული თაობები მოტყუებული არიან, არ ესმით, რომ მათი მოქმედება ხელს უწყობს მხოლოდ იმას, რომ აქ რევოლუცია მოხდეს...

ახლა გეოპოლიტიკა იცვლება. ივნისში დიდი არჩევნები იქნება ევროკავშირში, სადაც ძირითადად კონსერვატიული ძალები მოვლენ. დიდი არჩევნები იქნება საფრანგეთშიც, სადაც უკვე ლეპენი აშკარად იგებს, ავსტრიაშიც ახალი კონსერვატიული ჯგუფი მოდის; პირველი ივლისიდან ვიქტორ ორბანი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე და თუ ნოემბერში კვლავ ტრამპმა გაიმარჯვა აშშ-ში, რისი მაღალი ალბათობაცაა, ეს კიდევ უფრო დასცემს ფსევდოლიბერალებს, ამიტომ რეალურად, მათი აგონიაა ახლა. საქართველოს კარგი პერსპექტივა აქვს, რაც მათ იციან და არ აწყობთ. ჩინეთი, სტრატეგიული პარტნიორი,­ არნახულადაა დაინტერესებული საქართველოთი; ჩინეთს საქართველოს გავლით მისი ტვირთების ევროპაში გატანა სურს; მეორე მოთამაშე ინდოეთია, უზარმაზარ პორტს აშენებს ირანში, რათა მისი ტვირთები იქიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავიდეს. ისინი მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ხუთეულში შედიან. ცხადია, დაინტერესებულია რუსეთიც, რომელიც ახლაც კარგად ვაჭრობს ევროპასთან, თუმცა ამას არ ახმაურებენ... ეს გზა კი ყველას ხელს აძლევს და საქართველოს აქვს პერსპექტივა, სერიოზული ჰაბი გახდეს, უზარმაზარი თანხები შემოიტანოს აქ და ყველა ეს ქვეყანა, თავისი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იქნება დაიცვას საქართველო, აქ არავითარი კონფლიქტი არ იყოს და ეს სივრცე დაცული იყოს. ეს ყველაფერი - არც ინდოეთის, არც ჩინეთის, არც ირანის გაძლიერება - აბსოლუტურად არ აძლევს ხელს აშშ-ს. ევროკავშირი ივლისიდან საგრძნობლად შეიცვლება - სულ სხვა ხალხი იჯდება, სხვა რიტორიკითა და საქართველოს მეგობარი თავმჯდომარით. ეს მთავრობა ხვდება, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკა იცვლება და ახალ ლიანდაგებზე გადასვლის დროა. ახლა კი საუკეთესო მომენტია ამისთვის, რადგან 2025 წლიდან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში, ამას თქვენ თვითონ ნახავთ. აქციაზე მდგომ მოტყუებულ ადამიანებს კი ვურჩევდი, წავიდნენ სახლებში, საქმე გააკეთონ და საქართველოს აცადონ, როგორმე მშვიდად გაიაროს ეს წელიწადი, რათა მომავალი წლიდან აქ აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დაიწყოს, რომელიც მოგვცემს ახალ ევროკავშირსა და განახლებულ აშშ-სთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობას.

- არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონს ბოიკოტი გამოუცხადეს და ამბობენ, რომ არ სურთ აგენტის იარლიყი მიიწებონ, მაშინ, როცა იმ თანხებით სხვა ადამიანებს ეხმარებიან და ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.

- აგენტი ხომ აღარ წერია კანონში, ეს არის უცხოური გავლენის სფერო. მე თუ უცხოეთიდან ფული შემომდის, იცოდნენ, რა პრობლემაა, ვისგან შემომდის და რაში ვხარჯავ. ამის გამო ვერ დამაპატიმრებენ და ვერაფერს მომაკერებენ, თუ პატიოსნად ვიქცევი და თუკი არ ვიქცევი. შარშან ყირგიზეთმა მიიღო ეს კანონი და იუსაიდი, სოროსის ფონდი და ყველა ის ფრიად საეჭვო ორგანიზაცია, რომლებიც იქ რევოლუციური აქტების მოწყობას აპირებდნენ, ჩუმად გავიდნენ ყირგიზეთიდან. ეს მოხდება საქართველოშიც.

ყველა ეს ძირგამომთხრელი, ვაიამერიკული და ვაიევროპული ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობენ საქართველო არ განვითარდეს და მაქსიმალურად დაძაბული სიტუაცია იყოს, აქედან წავლენ და საქართველო ამოისუნთქავს.