თუ მამა ალიმენტს არ იხდის... - კვირის პალიტრა

თუ მამა ალიმენტს არ იხდის...

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

ყოფილი მეუღლე არის უცხოეთის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში­ ცხოვრობს ჩემს შვილთან ერთად, მე მაქვს ორმაგი მოქალაქეობა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ შეიტანა რუსეთში განქორწინებაზე საჩივარი მინდობილობით, დამაკისრეს ალიმენტი, რომელსაც ვიხდიდი, შვილს კი ვაცაპის საშუალებით მასაუბრებდა, რადგანაც მე არა ვარ საქართველოში, ბოლოს შევაგინე და ორ თვეზე მეტია არ გამოდის კონტაქტზე. რას მირჩევთ? ბავშვი 3 წლის არის და წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც წამოსული ვარ საქართველოდან და არ მინახავს. რა შემიძლია გავაკეთო ასეთ დროს?

- მოცემულ შემთხვევაში პრობლემა არის ყოფილ მეუღლეებს შორის, კერძოდ, მათ შორის შეუთანხმებელია ბავშვთან ურთიერთობის საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში ერთ მშობელს უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს ბავშვს იქონიოს ურთიერთობა მეორე მშობელთან. როდესაც მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობა ფერხდება, ვისაც ეშლება ხელი ბავშვთან ურთიერთობაში, მან უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრა.

გარდამეცვალა დედა, რომელიც იყო ფიქციურ ქორწინებაში უცხოეთის მოქალაქესთან, რადგან იმ ქვეყანაში სჭირდებოდა საბუთისთვის. ახლა მომდის მისგან მუქარის შეტყობინებები და ითხოვს წილს დედაჩემის ქონებიდან. დედას სახელზე იყო რეგისტრირებული ჩვენი ბინა, სადაც ვცხოვრობ მოხუც ბებიასა და ცოლ-შვილთან ერთად, შეუძლია თუ არა მას წილი მოითხოვოს? ან მე როგორ შემიძლია დავამტკიცო, რომ ის იყო ფიქციურ ქორწინებაში? ის კაცი არასოდეს ჩამოსულა საქართველოში და ჩვენი ადგილსამყოფელიც კი არ იცის. ხელიც არ მოუწერიათ საქართველოში. რა შემიძლია გავაკეთო? აქვე გკითხავთ, მემკვიდრეობით მიღებული ქონების გასხვისება რა ვადაში შემიძლია? რომ გავასხვისო ყიდვა-გაყიდვით, მას ისევ შეეძლება თუ არა წილის მოთხოვნა?

- მოცემულ საკითხზე არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დგინდება შემდეგი: არსებობს ორი პირველი რიგის მემკვიდრე - გარდაცვლილის შვილი და უცხოელი მეუღლე. აქვე დგინდება, რომ სამკვიდრო მიიღო სრულად მამკვიდრებლის შვილმა. მოცემულ შემთხვევაში, კანონის თანახმად, სამკვიდროს მიღება შეუძლია მემკვიდრეს ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით - სამკვიდროს მიღებით, რისთვისაც დადგენილია 6 თვე, თუ 6 თვე გავიდა და მემკვიდრეს არ მიუმართავს, სამკვიდრო შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მეშვეობით დაადგენს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან გარემოებების თანახმად ირკვევა, რომ მამკვიდრებლის მეუღლე საქართველოში ნამყოფიც არაა. შესაბამისად, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა, რომ მეუღლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად სამკვიდროს ვეღარ მიიღებს. სხვა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ მამკვიდრებელს უცხოეთში ჰქონდა რაიმე ქონება, რომელსაც დაეუფლა მისი მეუღლე.

"ლიბერთი ბანკიდან" ავიღე სესხი 1000 ლარი, 4 წელია მექვითება 54 ლარი, მაგრამ არ დასრულდა ამ თანხის გადახდა, როგორ შემიძლია ეს გავასაჩივრო? რამდენი თანხა უნდა წაიღონ უკან, რომ დასრულდეს?

- მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თანხის ჩამოჭრა ხდება კანონით დადგენილი წესით, კერძოდ სააღსრულებო წარმოების საფუძველზე. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს სააღსრულებო წარმოების გადამოწმება, თუ რა დავალიანება დარჩა და რის საფუძველზე. შეუძლებელია რაიმე საფუძვლის გარეშე თანხის ჩამოჭრა და კრედიტორისათვის გადარიცხვა.

მემკვიდრეობის 6-თვიანი ვადა გასულია და ახლა მიწევს სასამართლოს გზით ქონების დამტკიცება. რა დამიჯდება ეს პროცედურა და რა ვადაში დასრულდება საჩივრის შეტანიდან სასამართლო პროცესი?

- მოცემულ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა წინასწარ შეუძლებელია, ვინაიდან სამართალწარმოება შეიცავს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებს. თუ სამართალწარმოებისთვის ადვოკატი იქნება საჭირო, ადვოკატის ხარჯი დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. რაც შეეხება სასამართლო ხარჯს, ეს არის სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან წილის გაცემა შემიძლია თუ არა არასრულწლოვან შვილიშვილებზე?

- ქონება, რომლის მესაკუთრეა პირი, მნიშვნელობა არა აქვს, რა საფუძვლით მიიღო, შეუძლია განკარგოს თავისუფლად, შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მათ შორის ნაწილობრივ დაუთმოს ქონების წილი მის შვილს ან სხვა პირს.

მანქანა მაქვს გაქირავებული როგორც ტაქსი და სიტყვიერად შევთანხმდით, რომ გადამიხდიდა ყოველდღიურად თანხას, თუმცა­ ერთი თვეა არ მიხდის ფულს და ვერც ტელეფონზე ვუკავშირდები, რომ მანქანა წამოვიყვანო. რა შემიძლია გავაკეთო, ან როგორ დავამტკიცო, რომ მას აქვს ჩემი ვალი? რას მირჩევთ?

- მოცემულ შემთხვევაში დასადასტურებელია, რომ მანქანა ქირით გადაცემული იყო კონკრეტულ პირზე. ფაქტის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს რაიმე სახის მტკიცებულება, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც არ არსებობს. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამქირავებელთან კომუნიკაცია შეუძლებელია. მსგავს ვითარებაში სამოქალაქო წესით დავას დიდად აზრი არა აქვს, ვინაიდან კანონით დადგენილი მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ პოლიციას და სიტუაციას აღუწერთ, თუნდაც ავტომობილის მოსაძიებლად.

ჩვენს სოფელში ჩატარდა მიწის სისტემური რეგისტრაცია განრიგის მიხედვით, თუმცა­ ყველასთან არ მივიდნენ და არ აზომეს მიწები. მაგალითად, მე გამომართვეს ჩემი მიწის დოკუმენტების დედნები და საერთოდ დაიკარგნენ. არც დოკუმენტებს მიბრუნებენ უკან და არც მიწების აზომვა ჩატარებულა. რომ დავუკავშირდი წარმომადგენელს, მითხრა, რომ სხვა რაიონში მოუწიათ წასვლამ ასაზომად და არ იცის დაბრუნდებიან თუ არა საერთოდ­ უკან. იუსტიციაში მივედი­ და იქ არ ფიქსირდება ჩემგან წაღებული დოკუმენტები, რა გზით შეიძლება მოვიპოვო ჩემი დოკუმენტები? ასევე მაინტერესებს, ვინ აკონტროლებს მათ მუშაობას და რატომ არ ხდება ყველა მოსახლის ქონების რეგისტრაცია? ასეთ დროს რა შეიძლება გავაკეთო?

- მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრში უნდა გადამოწმდეს, სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს თუ არა. გადამოწმება კი შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ნომრით. ასევე გასარკვევია, იმ პირთა ვინაობა, თუ ვინ იყო მისამართზე გამოცხადებული სააგენტოს მხრიდან და საჯარო რეესტრისთვის იმ საკითხის ახსნა, თუ რა მოხდა. ამასთან, შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება მოიძიოთ აღნიშნული დოკუმენტები, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოება თუ არ მიმდინარეობს, სავარაუდოდ, დოკუმენტები საჯარო რეესტრამდე არც მისულა. თუმცა დოკუმენტების მოძიების თვალსაზრისით, თუ ის საჯარო რეესტრამდე არის მიტანილი, შეიძლება იყოს საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვების საინვენტარიზაციო აღრიცხვების არქივში, ან საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირის სახელზე.

მაინტერესებს, რამდენი მაქვს საპენსიო დანაზოგი? შემიძლია თუ არა გამოყენება?

- დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე: https://my.pensions.ge/ka/login. თანხის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკის­ მიღწევიდან ნებისმიერ დროს ყოველთვიურად. ყოველთვიური თანხა განისაზღვრება საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხის გაყოფით იმ წლების რაოდენობაზე,­ რომელიც ტოლია იმ დროისთვის სიცოც­ხლის­ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს გამოკლებული მონაწილის ასაკი და გაყოფილი 12-ზე. საპენსიო დანაზოგზე უარის თქმა შეგიძლიათ, თუ 2018 წლის 6 აგვისტომდე შეგისრულდათ 40 წელი, შესაბამისად, უნდა მიმართოთ წერილობით საპენსიო სააგენტოს და გახვიდეთ სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა.

რაიონში გვაქვს სახლი ავარიულ მდგომარეობაში, შეტანილია ისტორიულ ძეგლთა­ სიაში და ესაჭიროება რესტავრაცია. ვის მივმართოთ? ადგილობრივი გამგეობა არ გვეხმარება.

- მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება ისტორიული სტატუსის მქონე შენობის რესტავრაცია/რეაბილიტაციას. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლებამოსილებას ახორციელებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუ ისტორიული შენობა მდებარეობს რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას. შესაბამისად, განმცხადებელმა საკითხის მოგვარების მიზნით უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტს.

მეუღლესთან ვარ განქორწინებული, მყავს შვილები, მამას დაკისრებული აქვს ალიმენტი, მაგრამ არ იხდის და საქმე არის აღსრულებაში. სპეციალურად არ აჩენს შემოსავალს, რომ არ გადაიხადოს ალიმენტის თანხა. ახლა მას გარდაეცვალა დედა და მის ქონებას იფორმებს მემკვიდრეობით, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც ასწავლა ვიღაცამ და თავის წილზე თქვა უარი, ქონებას სრულად იფორმებს ჩემი დედამთილის ასაკოვანი დედა. ასეთ დროს შეუძლიათ თუ არა მოითხოვონ წილი ჩემმა შვილებმა? არადა, ჩემი დედამთილი ამბობდა, რომ ბინას უტოვებდა ჩემს შვილებს, მაგრამ უცბად გარდაიცვალა და ანდერძის დაწერა ვერ მოასწრო.

- მოცემულ საკითხზე უნდა ითქვას, რომ ალიმენტი ეკუთვნის ბავშვს, მის რჩენას და აღზრდას, ამიტომ კანონი ამ ყველაფერს განიხილავს იმ პრინციპით, რომ თუ მშობელს აქვს საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა, მან უნდა მოახერხოს მისი შვილის უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით მაინც. ამიტომ, როდესაც არ ასრულებს მშობელი საალიმენტო ვალდებულებას, ადგილი აქვს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, ან მის ხელშეშლას, რაც შეიძლება გადაიზარდოს სისხლის სამართლის საქმეში. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე რეაგირება უნდა მოახდინოს აღმასრულებელმა, აღასრულოს კანონით დადგენილი ღონისძიებები. რაც შეეხება სამკვიდროს, რომელიც მოვალე პირმა არ მიიღო, ვინაიდან სამკვიდრო მოვალეს არ ეკუთვნის, მასზე აღსრულების მიქცევა ვერ მოხდება.