კევინ კოსტნერის „ამერიკული საგა“ - კვირის პალიტრა

კევინ კოსტნერის „ამერიკული საგა“

კევინ კოსტნერმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც მისმა ეპიკურმა ვესტერნმა კანის კინოფესტივალზე 11- წუთიანი ოვაცია დაიმსახურა. Horizon: An American Saga - ასე ჰქვია კევინ კოსტნერის ახალ ფილმს, რომელიც 28 ივნისს გამოვა კინოეკრანებზე, მანამდე 19 მაისს კი ფილმის ჩვენება კანის კინოფესტივალზე გაიმართა. კოსტნერის მღელვარება თვალში საცემი იყო ხალხით სავსე დარბაზში. "მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს მოუნდით ტაშის დაკვრას, სანამ მივხვდი, რომ სიტყვით უნდა მომემართა თქვენთვის... ამაღელვებელი წუთებია არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ იმ ადამიანების ცხოვრებაშიც, ვინც ჩემთან ერთად ჩამოვიდა კანში, მათთვის, ვისაც სჯეროდა ჩემი და მუშაობდა ამ ფილმზე... მე არასდროს დავივიწყებ ამ დღეს, არც ჩემი შვილები დაივიწყებენ".

საკუთარი ჯიბიდან გაღებული 38 მილიონი

ვესტერნის ჟანრის ახალი ფილმი კოსტნერისთვის ძალიან პირადული გრძნობებით გაჟღენთილი პროექტი აღმოჩნდა, მან თავისი ქონების დიდი ნაწილი ჩადო ფილმის დასაფინანსებლად, მათ შორის საკუთარი რანჩო. ის არის ფილმის რეჟისორი, სცენარის თანაავტორი, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ საკუთარი 38 მილიონი დოლარი დაახმარა ფილმს. ახალ პროექტს კიდევ ორი სპონსორი ჰყავს, რომელთა ვინაობა ჯერ უცნობია. კოსტნერი ამ ფილმზე 1988 წლიდან ოცნებობდა, მაშინ ველური დასავლეთის შესახებ სცენარში მხოლოდ ორი ბიჭი დომინირებდა, შემდეგ სცენარმა სახე იცვალა და ივნისის ბოლოს ის ფართო ეკრანებზე გამოვა. ფინანსების შესახებ დასმულ კითხვას კანის კინოფესტივალზე კოსტნერმა ასე უპასუხა:­ "არ ვიცი, რატომ იყო ასეთი რთული, რატომ უჭირთ ადამიანებს სჯეროდეთ ამ ფილმის, რომლის გადაღებაც ძალიან მინდოდა. არ ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ნებისმიერ სხვა ფილმზე უკეთესია, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სხვა ფილმი სჯობს ჩემსას. მე არ მოვკიდებდი ისეთ პროექტს ხელს, რომელშიც არა ვარ დარწმუნებული".

234565987-390-0-1045-719-1920x0-80-0-0-cf5cd92208e39a517d8bf9d342f3b295-1717364139.jpg

"მცველი"

1992 წლის 25 ნოემბერს ეკრანებზე გამოვიდა რომანტიკული დრამა "მცველი", სადაც მთავარ როლს უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი თამაშობდნენ, მსახიობი იმავდროულად ფილმის პროდიუსერიც იყო. მაშინდელი პრესა ჰიუსტონზე წერდა, რომ მისი პოპულარობა თითქმის დაჩრდილა ძალზე სიმპათიურმა მსახიობმა კევინ კოსტნერმა. "უიტნი იყო უნიკალური არჩევანი ფილმისთვის... თავდაპირველად ყველა მაფრთხილებდა, რომ ფერადკანიანი მსახიობი არ იქნებოდა საუკეთესო არჩევანი ფილმის მთავარ როლზე, მაგრამ მე არავის დავუჯერე. ჩემი აზრით, მომღერალს უბრალო მსახიობი ვერ ითამაშებს, მომღერლის როლი მომღერალმა უნდა შეასრულოს. ასეც მოხდა, შედეგით ყველა­ კმაყოფილია". ფილმმა 411 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა მის შემქმნელებს და 1992 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიან პროექტად დასახელდა. უიტნი ჰიუსტონის შესრულებით ლეგენდარული საუნდტრეკის 50 მილიონი დისკი გაიყიდა და "გრემის" მთავარი ჯილდოც მოიპოვა.

კოსტნერის ახალი სიყვარული

კევინ კოსტნერის რომანები არასდროს დარჩენილა მედიის ყურადღების მიღმა. 1975 წელს ის შეხვდა სინდი სილვას, სამი წლის შემდეგ კი იქორწინეს. 16-წლიანი­ თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ, მიზეზი კი კოსტნერის რომანი გახდა ფილმ "Waterworld"-ის გადაღებებზე გაცნობილ მსახიობთან. მაშინ კოსტნერს განქორწინება 80 მილიონი დოლარი დაუჯდა. განქორწინების შემდეგ მსახიობი ხვდებოდა ბრიჯიტ რუნის, პოლიტაქტივისტს ბირგიტ კუნინგემს, 1996 წელს კი სუპერმოდელ ელ მაკფერსონთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებული კოსტნერი ხვდებოდა ჰოლი ბერისა და საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედის - კარლა ბრუნისაც. 2004 წელს კოსტნერმა 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კვლავ იქორწინა ჩანთების დიზაინერ კრისტინ ბაუმგარტნერზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს. "გაცნობისთანავე ვთხოვე მოეცა თავისი ნომერი და ვუთხარი, თუ არ იქნებოდა წინააღმდეგი, ორ კვირაში დავურეკავდი"... - ამბობს კოსტნერი. 2023 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მათი განქორწინების თაობაზე. განცხადება 69 წლის მსახიობის მეუღლემ შეიტანა, მიზეზად კი განსხვავებული მოსაზრებები დასახელდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კოსტნერმა თქვა: "ვცდილობ სულ მივხედო თავს, რადგან ძალიან ახალგაზრდა­ მეუღლე მყავს და არ მინდა ინტერესი გაუნელდეს". ცნობილია, რომ განქორწინება კოსტნერის იდეა არ ყოფილა, დაშორებამდე ერთი წლით ადრე მსახიობი ერთ-ერთ გამოცემასთან ამბობდა, რომ მისი მეუღლის წყალობით სახლი უფრო თბილია, წვრილმანები, რასაც ის სიყვარულით აკეთებს, სახლს მისად აქცევს. ბაუმგარტნერმა ალიმენტად თვეში 248.000 დოლარი და სახლი მოითხოვა­, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ერთი ვერსიით, წყვილის განქორწინების­ მიზეზი კოსტნერის ახალი რომანია 50 წლის მომღერალ ჯუელთან. ისინი 2023 წლის დეკემბერში ვირჯინიის კუნძულებზე გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ნახეს, ბოლო პერიოდში კი მედიის შეკითხვებს ჯუელმა ასე უპასუხა: "კევინი დიდებული ადამიანია".