„ჩემი დისერტაცია აი, ეს ნამუშევრებია - მინდა დარჩეს ერთი კაცის მუზეუმი“ - კვირის პალიტრა

„ჩემი დისერტაცია აი, ეს ნამუშევრებია - მინდა დარჩეს ერთი კაცის მუზეუმი“

ნუკრი კელაპტრიშვილი წლების წინ გავიცანი, როგორც ქართული ხალხური საკრავების პედაგოგი და მის გაკვეთილებსაც არაერთხელ დავსწრებივარ,­ სადაც მოზარდები სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს ეუფლებოდნენ და იმავდრო­ულად, ადამიანობას, სიყვარულსა და ერთმანეთის პატივისცემას სწავლობდნენ. ცოტა ხნის წინ მისი დამზადებული საკრავები სოცქსელში­ ვნახე და ბატონ ნუკრის პროფესიასა და საქმიანობაზე სასაუბროდ დავუკავშირდი. ის სიყვარულით იხსენებს­ ბიძაშვილსა და უფროს მეგობარს - ომარ კელაპტრიშვილს, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა.

- პროფესიით მუსიკოსი ვარ, ხალხურ საკრავთა საორკესტრო განყოფილება დავამთავრე, საესტრადო განხრით კი - საქსოფონი და ფლეიტა, სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. პარალელურად, მხატვრული აღზრდის სახლში ვმუშაობდი­ არტოს ბაღში, 1980-იან წლებში; იმავდროულად, ომარ კელაპტრიშვილთან ბავშვებს ხალხურ საკრავებზე დაკვრასა და თეორიას ვასწავლიდი. მაშინ პედაგოგები ცოტანი ვიყავით და რაიონებში, სხვადასხვა ქალაქში გვიწვევდნენ. ომართან მედუდუკეთა ანსა­მბლი რომ შევქმენით, "მუხამბაზი", მაშინ ტელევიზიაში კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძე იყო და მისი სურვილით­ ჩვენი მედუდუკეთა კვარტეტი აგვიყვანეს და პირველად საეკლესიო საგალობლები შევასრულეთ, ხალხური მელოდიები დუდუკებზე.

მხატვრული აღზრდის სახლში ხალხური საკრავების განყოფილების გამგე ვიყავი­ და იქ ვაჟთა ანსამბლი "კელაპტარი" შევქმენი.­ 1994 წელს ამ სახლის მისაკუთრება­ ვიღაც ბიზნესმენს მოუნდა და ერთ ღამეს მთელი არტოს ბაღი გადაწვეს... საშინელება­ დატრიალდა, ჩვენი საკრავები განადგურდა და დილით რომ მივედით, ვტიროდით. ჩვენი დარბაზი სულ დაიწვა... კარგია, რომ ახლა ეს შენობა უმაღლეს დონეზე გააკეთა ქალაქის მერიამ. ხანძრის მერე სხვადასხვა­ ადგილას გადავნაწილდით, მე ვაჭრობის მუშაკთა სახლში წამოვედი, იმავდროულად, ხალხური შემოქმედების აღორძინების ფონდი მქონდა და რაიონებში ხალხურ საკრავთა სკოლებს ვხსნიდი. მაგალითად, რეგიონიდან მომყავდა ახალგაზრდა, აქ ვასწავლიდი, მერე ჩავდიოდი მის რეგიონში და ვუხსნიდი სკოლას, რომელსაც­ ის ხელმძღვანელობდა. მოხუცებთან შინ მივდიოდით კონცერტებს ვუმართავდით გასახალისებლად, ბავშვები კი ამით სიკეთის კეთებას, სიყვარულს სწავლობდნენ. იმდროინდელი ჩანაწერებიც გვაქვს, რამხელა სითბოსა და მადლიერებას გამოხატავდნენ. ეს 1990-იან წლებში იყო. მაშინ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო, მაგრამ ადამიანები ერთმანეთთან უფრო შეკრულები იყვნენ, მეტი თანადგომა, თანაგრძნობა იყო...

1980-90-იან წლებში ბევრი ოჯახი იყო დაინტერესებული, რომ შვილს ხალხური საკრავები შეესწავლა. მაგალითად, გლდანის რაიონში ომარმა ხალხურ საკრავთა სკოლა გახსნა და 1200-მდე ბავშვი ირიცხებოდა. ყოველდღე ოთხი პედაგოგი ვმუშაობდით, ნიჭიერ ბავშვებს დამატებით ვამეცადინებდით, რათა მეტი მოტივაცია ჰქონოდათ.

მუსიკალური ანბანის გარეშე მუსიკის სწავლა შეუძლებელია, დღეს კი ზოგი მშობლისთვის მთავარია პედაგოგმა საქეიფო სიმღერები ასწავლოს ბავშვს და არც აქცევს ყურადღებას, რომ მერე უკვე რთულია მისთვის ნოტთან მუშაობა. ნოტი უმაღლესი მათემატიკასავითაა. ძველი თაობის პედაგოგები უფრო არიან შემორჩენილები, ვინც ნოტებით მუშაობენ - თამაზ მამალაძე, დათო ქავთარაძე, დათო ყიფიანი და სხვები. ახლებს უფრო აკორდული, ზეპირი სწავლება მოსწონთ. თავიდან თითქოს ასე უფრო მარტივია, მაგრამ საბოლოოდ რთულია, რადგან როცა ბავშვმა ნოტი იცის და ეს საფუძველი აქვს, დაუდებ მასალას და თვითონვე მიხვდება, რა როგორ ააწყოს.

- ხალხური საკრავების კეთება როდის დაიწყეთ?

- ჩემი წინაპრები, მაგალითად, შაქრო პაპა ძალიან კარგი ხელოსანი იყო, ულამაზეს ჩუქურთმებს­ აკეთებდა. მას წისქვილი ჰქონდა, ფანდურზე დაკვრა უყვარდა და ხუმრობდნენ ხოლმე, შაქრია დილას რომ მიდიოდა სიმღერით, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და იქიდან რომ მოდიოდა, ცოტა ფქვილს აყრიდა და ფანდური გუგუნებდაო.

ეს ყველაფერი წინაპრებიდან მოგვდგამს, ომარის მამა მედუდუკე იყო, ძალიან მაგარი დამკვრელი, ომარიც იმიტომ იყო მაგარი. ის ჩემი ბიძაშვილი გახლდათ, მაგრამ ასაკით უფროსი იყო, 17 წლით, და შვილოს მეძახდა, მიყვარხარ და იმიტომ გეძახი შვილოსო. თითქმის მასთან ვიზრდებოდი, ომარი კავთისხევიდან იყო, ჩვენი­ სოფელი კი იქიდან 10 კილომეტრშია.

- ომარ კელაპტრიშვილმა რა გავლენა მოახდინა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

- რომ არა ომარი, შეიძლება სულ სხვა გზა ამერჩია - მინდოდა სამხედრო მფრინავი ვყოფილიყავი. მაშინ ცოტა მეტს ვიწონიდი და მეხუმრებოდა ხოლმე, ჩამოვარდება ის თვითმფრინავიო. დღესაც აუსრულებელ ოცნებად დამრჩა, ფრენა მინდოდა. ბუნებით შემტევი ადამიანი ვარ, გამოსავალს მალე ვპოულობ, უკან დახევა არ ვიცი, არავისი და არაფრის მეშინია და ვიცოდი, რომ მაგარი მფრინავი დავდგებოდი.

ომარი ძალიან გულთბილი ადამიანი იყო, ნათესავებისთვისაც შესანიშნავი, სიკეთის კაცი, ყველას ხელს უმართავდა. დილით, სანამ მუშაობას დაიწყებდა, ყველა უნდა მოერბინა, რომ დახმარებოდა. თუ ვინმე იჩხუბებდა, მას უნდა შეერიგებინა.

როცა წამოვიზარდე, თბილისში წამომიყვანა და თავის საქმეში ჩამრთო. ომარისგან ბევრი სითბო და სიყვარული მახსოვს, გვერდიდან არ მიშორებდა და მეც სულ უკან დავდევდი. კაცი, რომელიც პოეზიასთანაც ძალიან ახლოს იყო, ლექსებს წერდა და ისე კითხულობდა, თვითონ პოეტები­ ვერ კითხულობდნენ ეგრე. ყველანაირ საკრავს ფლობდა, მღეროდა და სადმე რაიონში რომ გავდიოდით, მთელი სოფელი გარეთ გამოიშლებოდა და ელოდებოდნენ, რომ ომარი დაენახათ. დიდი ადამიანი იყო. შილერს ჰკითხეს, შენ ასეთი დიდი როგორ გახდიო და, ბუმბერაზი ადამიანების მხრებზე ვიდექიო. მეც რომ მკითხავენ ხოლმე, საიდან იცი ეს ყველაფერიო, აი, ასეთი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე-მეთქი. ჩემთვის ქუჩაში სიარული, ქუჩური საუბარი უცხო იყო, ამის არც დრო მქონდა და არც ჩემი გარემო იყო ასეთი.

საკრავების დამზადება მაშინაც მინდოდა, მაგრამ ომარი მეტყოდა ხოლმე, შენ აქ მჭირდები და აქაურობას თავს ვერ დაანებებო. ეს ყველაფერი განა ვინმემ მასწავლა, ჩემში იყო. ვქარგავ კიდეც, ვქსოვ, ვკერავ. მაგალითად, დოლს, დაირას მე თვითონ ვაკეთებ სხვადასხვა სახის ტყავით, რის შერჩევასაც ცოდნა უნდა.

- რა სირთულეები ახლავს თან ინსტრუმენტების დამზადებას? ალბათ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

- რა თქმა უნდა. მაგალითად, ვიოლინო ოთხჯერ დავშალე, რადგან ის ბგერა ვერ მივიღე, რაც მინდოდა, საბოლოოდ კი ძალიან კარგი გამოვიდა. ამისმა მომგონმა გაიხაროს, რა სილამაზეა.

- როგორია კეთების პროცესი?

- ამ დროს სადღაც სხვა განზომილებაში გადადიხარ. მე ჩემი წესებით ვმუშაობ, არ მინდა ვიღაცას ვგავდე, მივბაძო იმ დამზადებასა და ხელოსნობაშიც.

- რა მასალით მუშაობთ?

- ძალიან ძველი ხით, კარგი გამომშრალი, 60 წელზე ნაკლების არ არის, 80-100 წლის.

- სად შოულობთ ხოლმე ასე ძველს?

- ძველი სახლები რომ იშლება, იქ მივდივარ, რომ ასეთი მასალა მოვიპოვო, ტყეში, სოფლებში. მხოლოდ ქართველებთან,­ სხვაგან არსად, თუთის ხისგან ფანდური მზადდება. ყველაზე კარგი ფიჭვია, ოღონდ ძალიან ძველი. ახალი ხით თუ გააკეთე, გავა დრო და გასკდება.

გომბორზე ყველაზე კარგი ხეებია. შვილს როგორც ზრდი, ისეთი გამოვა, ხეც ასეა, როგორ ნიადაგსა და გარემოშიც იზრდება, ისეთ ხმას გაძლევს. ყველაზე კარგია ბუნებაში მოჭრილი. ეზოში ვისაც ედგა და მოვჭერი, ან დასკდა, ან გაფუჭდა, ხეც დაგრეხილი იყო... მაგალითად, ჭერამი ძალიან გრძნობს ცუდ აურას, თუ ზედ ცხოველები მიაბეს, ან ოჯახში თუ უთანხმოებაა, სულ დაგრეხილია. სადმე რომ გავივლი და დაგრეხილ-გაუბედურებული ხე შემხვდება, უკვე ვიცი, იმ ოჯახში რა ხდება. როგორც ადამიანს ცნობ თვალებით, ისეა ხეც. თვალი გულის სარკეა და ბავშვებს ვარიგებ ხოლმე, ტანზე კი ნუ უყურებთ ადამიანს, თვალებზე დააკვირდით-მეთქი.

- თქვენს მოსწავლეებს შორის დღეს არაერთი ცნობილი მუსიკოსია. როგორც ვიცი, მათ შორის იყო თეონა ქუმსიაშვილიც, რომლის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა... მისი შემოქმედება ბევრს უყვარდა.

- თეონა 6 წელი იყო ჩემი მოსწავლე, უკარგესი გოგონა. როცა ავუხსენი, სიმღერის დროს რა სამყაროში უნდა გადასულიყო, ერთ კვირაში აიტაცა და ისე მღეროდა ხოლმე, ხალხი ტიროდა. ძალიან გრძნობდა მუსიკას, როგორც ჰამლეტ გონაშვილი, ომარ კელაპტრიშვილი... თეონა 13 წლის იყო, ჩემთან რომ მოიყვანეს. ერთხანს ანზორ ერქომაიშვილთან უვლია. მერე, ჩემი მეგობარი სიონში იყო წასული, თეონას იქ მოუსმინა და მე მომიყვანეს, დედასთან ერთად ჩამოვიდა. დავაწყებინე მუსიკის თეორიისა და ნოტების სწავლა, ფანდურზე, სალამურზე დაკვრა, დიპლომი აიღო და თიანეთში კულტურის სახლში დაიწყო მუშაობა. თეონას უეცარმა დაღუპვამ ისე გამანადგურა, მის გასვენებაში ვერ მივედი, არ შემეძლო... საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

- მახსოვს, ბევრი მოსწავლე გყავდათ და ზოგიერთი მათგანი არა იმდენად საკრავების სიყვარულით, თქვენი სიყვარულითა და პატივისცემით უფრო დადიოდა. საკლასო ოთახი მშობლებითაც კი სავსე იყო ხოლმე.

- "კელაპტარში" მართლაც ძლიერი გოგო-ბიჭები იყვნენ, მსოფლიო ფესტივალების ლაურეატები, პირველი ადგილის მფლობელები, 9-ჯერ გრან-პრი ავიღეთ.

- ხალხური საკრავების შესწავლით დაინტერესება თითქოს მინელდა. უამრავი მუსიკალური პროექტი კეთდება, მაგრამ უფრო სხვა აქცენტებით.

- სხვათა შორის, მეორე წელია, რაც მთავრობამ გაააქტიურა ხალხური რეწვის, ხალხური საკრავების ოსტატების დახმარების პროგრამა და როცა ნახეს, რასაც ვაკეთებდი, დაზგა-დანადგარები შემიძინეს, რაც ძალიან გამომადგა. გვერდში დაგვიდგნენ ოსტატებს, ბევრნი არ ვართ, ყველაზე ხნიერი მე ვარ, ახალგაზრდები მოდიან და მინდა რაღაც ვასწავლო, არ დაიკარგოს ეს ყველაფერი. ეს ქართველების ისტორია, საუნჯეა, ფანდურისა და დუდუკის მსგავსი საკრავი ყველა ერს აქვს, მაგრამ თავისებური სახეობა. მაგალითად, ბუკი ლითონის ჩასაბერი საკრავია, მე კი მთლიანად ხისგან დავამზადე, ხის ბუკი კი სხვებს არა აქვთ. მაგალითად, ჭუნირის მსგავსი საკრავები სხვებსაც აქვთ, ჩანგიც. ძველ დროში ხალხური ფანდურის გარდა, სხვა საკრავებს ხალხურად არ თვლიდნენ, ისინი განვითარებულიაო. ის ხალხურიც უნდა განვითარდეს, აბა, ისე როგორ?

ყველაზე მაგარ ენერგეტიკას საამქროში შესვლა მაძლევს. იქ მტვერი, ნახერხია, მაგრამ ეს ჩემი სამყაროა და ბედნიერი ვარ. ინსტრუმენტს რომ ვაკეთებ, ოფლად ვიღვრები, დაძაბული ვარ, მთლიანად ჩართული ამ პროცესში. ძირითადად ღამე ვმუშაობ, დღე ხმაურია. ხეს რომ ვამუშავებ, იმ ხმამდე უნდა მივიყვანო, რომ უკვე ვიცი, აწყობილს რა ტემბრი ექნება...

დღედაღამე შრომაში ვარ. მხოლოდ მაშინ გავაჩერე ჩემი ანსამბლიც და სტუდიაც დავხურე, როცა ერთი წელი მეუღლეს ვუვლიდი. გვერდიდან არ მოვშორებივარ, მაგრამ... სიმსივნით გარდამეცვალა... ჩვენი ვალია ბოლომდე დედიშობილა ადამიანებად დავრჩეთ, რომ მერე, როცა საკუთარ თავთან რაღაცებზე დაფიქრდები, იტყვი,­ ის გავაკეთე, რაც შემეძლოო. დაიტანჯები, თუ სინდისთან მართალი არა ხარ. არ არსებობს, ადამიანი ცუდად იყოს და არ დავეხმარო.

ხალხურ მედიცინას კარგად ვიცნობ, ბევრი რამ ვიცი, რითი რა მოვირჩინოთ, ჩემს მეუღლეს ნემსსაც მე ვუკეთებდი. უპირატესობას მცენარეულ მკურნალობას ვანიჭებ. სხვათა შორის, ძველ დროში ადამიანები ცუდად ყოფნისას ამა თუ იმ ხესთან ფეხშიშველი დადგებოდნენ, შემოეხვეოდნენ და იკურნებოდნენ. დღეს ხომ ხედავთ რამდენი დაავადებაა... წიწვოვანი ხეები სასარგებლოა.

- როგორც ვიცი, ხალხურ საკრავთა მუზეუმის გაკეთებას გეგმავთ.

- მინდა დარჩეს ერთი კაცის მუზეუმი, ისეთი, როგორიც სხვაგან არ არის, სადაც სხვადასხვა სახის ინსტრუმენტი იქნება, თანაც ყველა მათგანი მუშა მდგომარეობაში. მეუბნებიან ხოლმე, დისერტაცია დაიცავიო, და რად მინდა? ჩემი დისერტაცია აი, ეს ნამუშევრებია - ამდენ რამეს შევქმნი და დავტოვებ. ნუკრი კელაპტრიშვილის მუზეუმში რომ შევლენ, ერთი კაცის გაკეთებული 70 სხვადასხვა სახის საკრავი დახვდებათ. ამჟამად 40-მდე სახეობის მაქვს და კიდევ ბევრი ქვეყნის საკრავი უნდა დავამზადო. ახლა აფრიკულზე ვმუშაობ. ერთი წელიც ვიმუშავებ და მთავრობას ვთხოვ, ადგილი გამომიყოს მუზეუმისთვის.