პატრიარქის ბურუსით მოცული მკვლელობა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ბურუსით მოცული მკვლელობა

"თავისუფლების დაკარგვა ამ 100 წლის წინათ უცნაურად მოხდა, ჩალის ფასად გაჰყიდეს იგი, ორდენებზედ დაახურდავეს, ახლა კი მის მოსაპოვებლად ათასობით მსხვერპლი იწირება სამშობლოს ტრაპეზზედ. სჯობს თავისუფლების მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა", - ამბობდა 1905 წელს კირიონ II, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ­ საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი. 1918 წლის 2 ივნისს სრულიად საქარ­თველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისუ­ფლების მოედანზე პარაკლისი გადაიხადა დამოუკიდებლობის აღდგენის გამო, სადაც შესანიშნავი სიტყვებით მიმართა­ ხალხს: "მადლობა ღმერთს, ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს.…აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. როგორც მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ თავისი საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში ლოდად რომ აწვა მკერდზე.…ახლად შეძენილ თავისუფლებას, ჩვენი ერის სოციალურ-პოლიტიკური არსებობისათვის ყურძნის მტევანივით ლამაზად შეკრულ-აწყობილ სახელმწიფოს და დამოუკიდებლობასაც ჩვენდა სავალალოდ, ახლავე აედევნენ შავი ღრუბლები და ნისლი, ახლავე გამოუჩნდნენ შიგნით და გარეთ მტრები და შურითა და უსამართლობით აღვსილი პირები"."პატრიარქ კირიონს განსაკუთრებული ადგილი აქვს საქართველოს ისტორიაში და განსაკუთრებით რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიუძღვის დიდი წვლილი, რის გამოც მუდმივად დევნა-შევიწროების ობიექტი იყო", - გვეუბნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი­, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის­ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვაჟა კიკნაძე.

- უაღრესად ტრაგიკული გამოდგა საქართველოს აღდგენილი ავტოკეფალიური ეკლესიის პირველი მწყემსმთავრის ბედი. ცხოვრების დიდი ნაწილი მან ფაქტობრივ და ნამდვილ გადასახლებაში გაატარა და როდესაც აღდგენილი ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური გახდა, 1 წელიც ვერ შეძლო დამტკბარიყო ამ გამარჯვებით - მუხანათურად მოუსწრაფეს სიცოცხლე. გიორგი საძაგლიშვილი, მომავალში კირიონ II, 1855 წლის 10 ნოემბერს დაიბადა თბილისში. დაწყებითი განათლება ანანურის სამრევლო სკოლაში მიიღო, სადაც მამამისი, იერონიმე საძაგლიშვილი მსახურობდა. 1862 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა. 1869 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ მამის თხოვნის მიუხედავად, სწავლა არ შეწყვიტა, არ წავიდა მამის შესაცვლელად ანანურში, არამედ გააგრძელა სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1880 წელს დაამთავრა. მცირე ხნით გიორგი ოდესაში მოღვაწეობდა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. საქართველოში დაბრუნებულმა დაიწყო პედაგოგად მუშაობა გორში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში (სასულიერო სასწავლებლებში). გორში­ მუშაობის დროს დაქორწინდა გორელი ხელოსნის ქალიშვილზე, ანეტა თაბუნიშვილზე, რომელთანაც ვაჟი, იორამი შეეძინა. სამწუხაროდ, გიორგის ცოლ-შვილი დაეღუპა (1896 წელს ცოლი მეორე შვილის მშობიარობას გადაჰყვა, იორამიც ავადობდა), რის შემდეგაც გიორგი ბერად აღიკვეცა, კირიონის სახელი მიიღო და ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტი გახდა.

იმხანად ილიას გაზეთი "ივერია" იუწყებოდა, რომ კირიონმა ქვათახევიდან ჩამოიტანა 96 ხელნაწერი და საეკლესიო მუზეუმს გადასცა. მათ შორის იყო მე-11 საუკუნის სახარებაც. 1912 წელს კირიონმა­ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას შეწირა 129 ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი,­ ასევე, 2700 მონეტა და სხვა. 1898 წელს კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად ხელდაასხეს, 1901 წელს კი გორის ეპისკოპოსად.

დადგა 1902 წელი და კირიონი მოულოდნელად შორეულ კამენეც-პოდოლსკში გადაიყვანეს, ფაქტობრივად, გადაასახლეს. ამის ინიციატორი გახლდათ რეაქციონერი, შავრაზმელი ივან ვოსტორგოვი - სამრევლო-საეკლესიო სკოლების ახალდანიშნული ზედამხედველი. ის დაუნდობლად ებრძოდა ქართულ ენას. იმხანად კამენეც-პოდოლსკის (უკრაინა) მოსახლეობა 40 ათას კაცს შეადგენდა, მართლმადიდებლები უმცირესობაში იყვნენ. გადასახლებაში კირიონს არ დაუკარგავს სულის სიმტკიცე. ის წერდა:­ "კაცის სიცოცხლეში სამი შესანიშნავი ხანაა: დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი. პირველს უნებლიეთ ორივე მოსდევს, ვერა ხორციელი ამ კანონს ვერ ასცდება, როგორც კაცს ნება არ აქვს დაჰგმოს თავისი დაბადების დღე, აგრეთვე არ უნდა დაემდუროს ცხოვრების ჩარხისაგან მისთვის მინიჭებულ ბედს".

1903 წელს კირიონი ჯერ ხერსონში, მომდევნო წელს კი ორიოლში გადაიყვანეს. იქ მიიღო განთქმული რუსი ფილოსოფოსისა და თეოლოგის ვასილ როზანოვის წიგნები, ავტორი სთხოვდა დაეწერა აზრი ამ წიგნების შესახებ. საინტერესოა, რომ ვასილ როზანოვი, გარდა იმისა, რომ თითქოს პატივისცემით ექცეოდა კირიონს, ასევე, არსებობს მისი წერილები ივან ვოსტორგოვთან, სადაც დიდი მოწიწებით ექცევა მასაც... 1906 წელს კირიონს სოხუმში დაბრუნებისა და იქაური ეპარქიის ხელმძღვანელობის უფლება მისცეს. ეს გამოწვეული იყო როგორც რევოლუციური სიტუაციით, ასევე პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონის (ვატკოვსკი) კირიონისადმი კეთილგანწყობით. კირიონმა სოხუმში მაშინვე დაიწყო ზრუნვა ქართული ენის უფლებების დასაცავად (ამიტომაც გააძევეს სოხუმიდან), მაგრამ მისი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე რუსულ გაზეთ "კოლოკოლში" გამოქვეყნდა რუსული შოვინი­ზმის იდეებით შეპყრობილი ე.წ. რუსის სტატია. როგორც ჩანს, ეს რუსი თავად ივან ვოსტორგოვი იყო. სტატიაში საუბარი იყო რუსული საქმისთვის დამღუპველ მოქმედებაზე, რაც კირიონის იქ დანიშვნას მოჰყვა. "რუსული საქმე" ქართული ენის სრულიად გამოდევნა იყო აფხაზეთის სკოლებიდან და ყველა სასწავლებლის რუსულ ენაზე გადაყვანა. ეპისკოპოსმა კირიონმა გაზეთ "კოლოკოლში" გამოქვეყნებულ ვოსტორგოვის წერილს უპასუხა და ის სიცრუესა და ტენდენციურობაში ამხილა. თავის მხრივ, ვოსტორგოვი ეპისკოპოს კირიონს აბრალებდა სოხუმის ეპარქიაში რუსების დევნას, აფხაზების გაქართველებას და სხვა. ვოსტორგოვის სტატიას ძალიან კარგი პასუხი გასცა იმ დროს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ (1906 წელს). კირიონი სასწრაფოდ მოაშორეს სოხუმს და 1907 წელს კოვნოში, ანუ კაუნასში გადაასახლეს, სადაც მძიმე კლიმატი იყო. ყველაფრის მიუხედავად, ის ნაყოფიერად განაგრძობს მოღვაწეობას კოვნოში, ყოფილ კათოლიკურ ეკლესიაში (კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურ ეკლესიად გადააკეთეს)...

1906 წელს კირიონმა რამდენიმე მოხსენება წაიკითხა სინოდში, სანქტ-პეტერბურგში გამართულ წინასაყრილობო სხდომებზე, სადაც საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი უნდა განეხილათ. მან იქ 4 მოხსენება წაიკითხა რუსულ ენაზე: "ქართული საეკლესიო საკითხი", "რა აიძულებს­ ქართველებს იბრძოლონ ავტოკეფალიის აღდგენისათვის", "რომელმა საქართველომ მიიღო ავტოკეფალია მე-11 საუკუნეში" და "ეროვნული საკითხი ეკლესიაში". ამასობაში­ იმარჯვა ვოსტორგოვის დასმა და კირიონს ახალი ბრალდება წაუყენა - 1908 წლის მაისში თბილისში მოკლეს რუსი ეგზარქ­ოსი ნიკონი და კირიონს ბრალად დასდეს, რომ ამ მკვლელობაში მონაწილეობდა, რაც აბსურდი იყო, მაგრამ კირიონი მაინც ვერ გადაურჩა რეპრესიებს.­ 1908 წელს ის ჯერ კურიაჟის (ხარკოვთან) მონასტერში გაამწესეს, მაგრამ იქაც დიდხანს არ გააჩერეს და 10 თვის შემდეგ მძიმეკლიმატიან სანაქსარის უდაბნოს მონასტერში (ტამბოვის გუბერნია) გადაიყვანეს. იქ გადაყვანამდე კირიონმა ცოტა ხნით ადრე ნიკოლოზ II-ს პირადად მიმართა, გაერკვიათ, რაში მდგომარეობდა მისი დანაშაული და ითხოვდა, სამშობლოში თუ არა, ათონის წმინდა მთაზე მაინც გაეგზავნათ. თავად უმძიმეს პირობებში მყოფი (ღამით ტემპერატურა -30 გრადუსს აღწევდა და გათბობა არ ჰქონდა მონასტერში) კირიონი ქართველებს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: "მარად მამაცობით ცნობილი ქართველნი აქაც, ამ სიტუაციაში თავს გაიტანენ, მოაგონებენ კაცობრიობას თავის­ დიდ ღვაწლს წარსულში და მიიღებენ კუთვნილ ადგილს მსოფლიო ისტორიაში". ის სამშობლოში დარჩენილებს მკაცრი შეძახილებითაც აფრთხილებდა. 1907 წელს კირიონი ერთგულ თანამებრძოლ იოსებ ჩიჯავაძეს სწერდა: "ჩვენში თითო კაცი თუ რამეს გააკეთებს, თორემ ჯგუფი უფრო ვერაფერს, საზოგადო­ საქმეში პირად ინტერესებს ვერა სთმობთ ხოლმე".

1914 წლის 23 მაისს კირიონმა კვლავ მიმართა იმპერატორს თხოვნით, გაერკვიათ მისი დანაშაული და ამჯერად პოლიციის ზედამხედველობისაგან გაეთავისუფლებინათ. იმჟამად კირიონს მართლაც მოუხსნეს ბრალდება და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს...

კირიონს საქართველოში დაბრუნებაზე­ კვლავ უარს ეუბნებიან... მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიეცა საშუალება დაბრუნების, მაგრამ მანამდე, 12 მარტს, მცხეთაში, საქართველოს სამღვდელოებამ ამდენი ხნის ნანატრი ავტოკეფალია ანუ თვითმწყემსობა აღდგენილად გამოაცხადა. დაინიშნა კათოლიკოსის არჩევნები, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლეონიდე ოქროპირიძე და კირიონი (კირიონთან სპეციალური დელეგაცია ჩავიდა და სთხოვა, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. მას თავდაპირველად სასტიკი უარი განუცხადებია, პირდაპირ უთქვამს, მიტროპოლიტი ლეონიდე და მისი მომხრეები მოსვენებას არ მომცემენო, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა). კირიონმა ლეონიდე ოქროპირიძეს 12 ხმით აჯობა და გაიმარჯვა, მაგრამ ტაძრის ეზოში მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც მოკვლით ემუქრებოდნენ, უარს თუ არ იტყოდა კათოლიკოს-პატრიარქობაზე. წერილის მომწერები, სავარაუდოდ, ლეონიდეს მომხრეები იყვნენ. ამ დროს კირიონი ყარამან კანთელაძესა და მის შეიარაღებულ ხალხს გაუყვანიათ ეკლესიის ეზოდან.

კირიონი თბილისს გაეცალა და მარტყოფში, საპატრიარქო რეზიდენციაში გადავიდა. 1918 წლის 26 ივნისის ღამეს მარტყოფის მამათა მონასტერში დიდი ტრაგედია დატრიალდა - 27 ივნისის დილას კირიონი საწოლში მოკლული ნახეს. მისმა ოპონენტებმა გაავრცელეს ხმა, თითქოს მან თვითმკვლელობა ჩაიდინა, მაგრამ გარდაცვლილის ახლოს იდო დაკეტილი რევო­ლვერი, რასაც სიკვდილის შემდეგ, ბუნებრივია, ვერ მოახერხებდა. ეს აშკარად მკვლელობა იყო. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა და ეს ბურუსით მოცული­ საქმე დღემდე გამოუძიებელია. ამასთან, კირიონს ხელი დაზიანებული ჰქონდა... იმხანად ამ საქმეზე ნოე ჟორდანიას უთქვამს, ახლა იმდენი პრობლემა გვაქვს და კიდევ ამის განხილვის დრო არ არის, არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილებაო. ამის შემდეგ შეწყდა გამოძიება და პატრიარქის მკვლელობის საქმე დღემდე დახურულია...

ეპისკოპოსი კირიონი იკვ­ლევდა საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის ისტორიის პრობლემებს (ისტორიკოსი გახლდათ). გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი წიგნი და 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია.... კირიონი თანამშრომლობდა გამორჩეულ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილთან. ექვთიმე იგონებდა: "ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში ყოფნის დროს შემოსწირა საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის"...

1905 წელს კირიონი წერდა: "თავისუ­ფლების დაკარგვა ამ 100 წლის წინათ უცნაურად მოხდა, ჩალის ფასად გაჰყიდეს იგი, ორდენებზედ დაახურდავეს, ახლა კი მის მოსაპოვებლად ათასობით მსხვერპლი იწირება სამშობლოს ტრაპეზზედ. სჯობს თავისუფლების მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა", - ასე მიმართავს ქართველ ხალხს, რაც დიდ სიმამაცეს მოითხოვდა.

კირიონ II-ს დიდი წვლილი მიუძღვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის გამოც ის მუდმივად დევნა-შევიწროების ობიექტი იყო. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ქრისტიანულ სათნოებას, მამულისა და ქართული ენის სიყვარულს ქადაგებდა. მუდმივად ლაპარაკობდა ქართული ენის მნიშვნელობაზე და ამბობდა, რომ ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო წირვა-ლოცვა და საერთოდ, ქართული ენის იგნორირება სკოლებში დაუშვებელი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, რათა ქართული სული გამოეცოცხლებინა. იმავეს აკეთებდა აფხაზეთშიც. რამდენადაც შეეძლო ებრძოდა იმპერიას. ამას შეეწირა კირიონიც და ამბროსი ხელაიაც.

პატრიარქი კირიონი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. 2002 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.