წარმატებული ემიგრანტი ქალები - კვირის პალიტრა

წარმატებული ემიგრანტი ქალები

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, ემიგრაციაში ბევრი ქართველი წავიდა, პოლიტიკოსები,­ მთავრობის, კულტურის თუ საზოგადო მოღვაწეები. რეპრესიებს გარიდებულ ქართველებს შორის არიან ის ემიგრანტები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით მსოფლიოში წარუშლელი­ კვალი დატოვეს. ისტორიკოსი, მეცნიერი რუსუდან დაუშვილი­ იმ ქალების შესახებ გვიამბობს,­ რომლებმაც 1920-იან წლებში ევროპას შეაფარეს თავი, სამშობლოში კი მხოლოდ მათ შესახებ მოგონებები დარჩა.

რომის პაპის ჯილდო ქართველ ემიგრანტ მხატვარს

0f9ab68a-80be-4099-a601-a159035c3a71-1717367182.jpg

- პირველი ტალღის (1921-1930) ემიგრანტთა შორის ცოტანი იყვნენ ოჯახები.­ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ემიგრანტთა მეორე ტალღა წავიდა, ძირითადად, ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა მეომრები. პირველი და მეორე ტალღის ემიგრანტებს შორის ქალთა რაოდენობა მცირე იყო, თუმცა­ უმრავლესობამ სახელი გაუთქვა საქართველოს. ამჯერად მოგითხრობთ ქართველი მხატვრის, პირველი ტალღის ემიგრანტ ვერა ფაღავას შესახებ, რომლის შემოქმედებაც ფრანგული კულტურის ნაწილია.

ვერა ფაღავა 12 წლის იყო, როდესაც ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. 1920-21 წლებში ვერას მამა იური დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა ირანში. ოკუპაციის შემდეგ ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა,­ 1922 წელს კი ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა, იქიდან საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. ვერა სამხატვრო სასწავლებელში სწავლის შემდეგ საეკლესიო ვიტრაჟების ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა, თუმცა მაშინ წარმატების მიღწევა არ დასცალდა, რადგან 30-იან წლებში საფრანგეთს რთული პერიოდი დაუდგა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, "დიდი დეპრესიის" წლებმა ძლიერ დააზარალა საფრანგეთი. ამან ფაღავების ოჯახზეც მოახდინა გავლენა. სიდუხჭირეს რომ გამკლავებოდა, ვერამ ტექსტილზე მუშა­ობა შეისწავლა, ამასთან, ქსოვდა, რათა ოჯახში ლუკმაპურის ფული ჰქონოდათ, ხოლო 1940 წელს მედდად დაიწყო მუშაობა. როგორც მხატვარი, საფრანგეთში ის მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაიცნეს. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, სადაც პიკასოს ცოლის, დორა მაარის ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. გალერისტი ჟან ბიუშე ვერას შესახებ წერდა: "პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს". ამ გამოფენამ ვერას შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა, ბიუშეს გალერეასთან ის 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, თუმცა იმხანად ფინანსურმა პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. პარიზში მხატვრებს ძალიან უჭირდათ, შეუძლებელი იყო გაყიდული ნახატებით თავის­ რჩენა, ამიტომაც ფერწერის პარალელურად ქართველმა ემიგრანტმა ფრესკული ხელოვნების ნიმუშების, საბავშვო ბაღებისთვის დეკორატიული პანოების, ეკლესიებისთვის ვიტრაჟების შექმნა, ასევე ქსოვილის დიზაინზე მუშაობა და წიგნების მხატვრული გაფორმება დაიწყო. მისი ნამუშევრები­ იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული, რომ 1958 წელს რომის პაპმა იოანე XXIII-მ სპეციალური ოქროს მედლით დააჯილდოვა ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსთვის "ამაღლება", 1966 წელს კი ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა.

1970-იან წლებში პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა გალერეა "დარიალი", რომელიც ასევე ემიგრანტ ქართველს, თამარ წულაძეს ეკუთვნოდა. ამჟამად მისი ნახატების დიდი ნაწილი გერმანიასა და შვეიცარიაში კერძო კოლექციებშია დაცული. 15 ნამუშევარი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი გრენობლის ხელოვნების მუზეუმში. პარიზის პომპიდუს ცენტრის საცავებში დაცულ მის ნამუშევრებს დღის სინათლე ჯერ არ უხილავთ.

ვერა ფაღავა სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ის სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა ვიტრაჟებს დიჟონის ეკლესიისთვის. 1988 წელს, 80 წლისა გარდაიცვალა. განისვენებს ლევილის სასაფლაოზე.

კორსეტი მარლენ დიტრიხისთვის

gamsax-2-1717367182.jpg

XX საუკუნის 50-იან წლებში, მაშინ, როდესაც შანელი, სკიაპარელი, ბალენსიაგა და სხვანი იპყრობდნენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიას, ასპარეზზე გამოჩნდა ქართველი დიზაინერი თამარ გამსახურდია.

თამარი 1896 წელს, ბაქოს ახლოს საცირკო ხელოვნების ოსტატის, რომან გამსახურდიას ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად ბალეტის სკოლაში სწავლობდა თბილისში, შემდეგ მოსკოვში, რუსეთში რევოლუციის შემდეგ კი ყირიმში გადავიდა და მამის დახმარებით იალტაში საბალეტო სტუდია გახსნა. 1920 წლამდე თამარი ცნობილი იყო თავისი საბალეტო ნომრებით, რომლებსაც ჯერ სასცენო პარტნიორთან, შემდეგ კი მეუღლესთან, ალექსანდრ დემიდოვთან ერთად ასრულებდა. თუმცა ისტორიულმა მოვლენებმა არც ყირიმში დააყოვნა, ბოლშევიკთა შესვლის შემდეგ წყვილი იძულებული გახდა თბილისში წამოსულიყო. გამსახურდიამ ვერც საქართველოში გაძლო დიდხანს. 1931 წელს ის ბალერინა ანა პავლოვამ მიიწვია თავის დასში სოლისტად, მაგრამ პავლოვას­ მოულოდნელი გარდაცვალების გამო მათი თანამშრომლობა ვერ შედგა. საბოლოოდ თამარმა საბალეტო დასის შეკრების სურვი­ლით ბერლინს მიაშურა. სტუდიის ქირისთვის საწყისი კაპიტალი­ არ ჰქონდა, ამიტომ ქალის თეთრეულის სამოდელო სახლში "ლორ ბელენში" დაიწყო მუშაობა იმ იმედით, რომ საბალეტო დასისთვის ქირის ფულს მოაგროვებდა. "ლორ ბელენის"“მეპატრონესთან, რუსეთიდან ემიგრირებულ ებრაელ ლარისა ბეილინასთან დამეგობრების შემდეგ 35 წლის თამარ გამსახურდიამ დატოვა სცენა და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. მან იმდენად კარგად იცოდა საბალეტო კოსტიუმების აგებულება­, რომ მალევე აუღო ალღო დიზაინერის პროფესიას. ბიუსტჰალტერებისა და კორსეტების შექმნაში ქართველ ემიგრანტს ბადალი არ ჰყავდა. მას ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუსტჰალტერის შექმნის იდეაც. თამარის კლიენტებს შორის იყვნენ ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანა, ბეგუმ აღა-ხანი, ამერიკის პირველი­ ლედი ჟაკლინ კენედი, რომელიც იმდენად აღაფრთოვანა თამარის შექმნილმა კორსეტმა, რომ მას წერილით გადაუხადა მადლობა. თამარი მარლენ დიტრიხთანაც მეგობრობდა. ლეგენდარულ მსახიობსა და მომღერალს თამარმა სპეციალური ფირფიტების დახმარებით ორიგინალური კორსეტი შეუქმნა, რაც კინოვარსკვლავის სხეულს იდეალურ ფორმას სძენდა.

unnamed-1-1717367182.jpg

1963 წელს მარლენ დიტრიხს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას სწორედ თამარის კორსეტი ეცვა. გამსახურდიას წარმატებული საქმიანობა მოდის სფეროში 1940-იან წლებში დასრულდა, როდესაც ლარისა ბეილინა ფაშისტებისგან თავის დაღწევის მიზნით ამერიკაში წავიდა. მისი წასვლის შემდეგ კომპანიას თამარი ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი "ლორ ბელენი" ნიუ-იორკში გადაიტანეს, თამარი ნიცაში გადავიდა, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანტ-ჟენევიევ-დე-ბიას სასაფლაოზე.