"ზოგიერთ ბასკურ სოფელს ქართული სახელი ჰქვია, ბევრი­ ბასკური გვარი კი ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ქართული“ - კვირის პალიტრა

"ზოგიერთ ბასკურ სოფელს ქართული სახელი ჰქვია, ბევრი­ ბასკური გვარი კი ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ქართული“

მეცნიერებმა მანამდე ამოხსნეს ათას­წლეულების საიდუმლოებები, ვიდრე იმავეს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები დაადასტურებდა. ქართველებისა და ევროპელების შორეულ საერთო წარსულზეც მანამდე საუბრობდნენ, სანამ ამას თანამედროვე გენეტიკური კვლევები აღმოაჩენდა. მათ შორის არის კვლევები ქართველებისა და ბასკების უძველესი ნათესაობის შესახებ. ამ თემაზე მუშაობა ჩვენში ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა. თუმცა დღეს ბასკეთში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, არაერთი ქართველია, ვინც ქართულ-ბასკურ მსგავსებებს აკვირდება, მომავალში კი საქმეს ისევ მეცნიერები გააგრძელებენ. ბილბაოს ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს ვერიკო გერგედავა, ლამაზი და ნიჭიერი გოგონა, რომელიც უცხოეთში თავისი ქვეყნის საქმესაც აკეთებს, ისევე, როგორც სხვა ქართველი ქალები ჩვენი ისტორიის განმავლობაში. არადა, გოგონამ, რომელმაც ესპანეთს გამბედავად მიაშურა, ესპანურად სიტყვაც კი არ იცოდა.

8fba5e18-8185-4997-bbf5-325eb3354adc-1717367646.jpg

- თბილისში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი­, როდესაც სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. ისე ავირჩიე ეკონომიკის შესწავლა, რომ ესპანური ენის სიტყვაც კი არ ვიცოდი. უბრალოდ, შინაგან ხმას მივენდე, ფიქრიც არ მინდოდა, რა სირთულეებს შემიქმნიდა ენის უცოდინრობა უნივერსიტეტში, სადაც ესპანურად ასწავლიან. ინგლისური ენა კარგად ვიცოდი, მაგრამ უნივერსიტეტში ინგლისურად მხოლოდ სამი საგანი ისწავლება, დანარჩენი - ესპანურად. სწავლა რომ გამეგრძელებინა, ესპანურს უნდა ჩავჯდომოდი და სხვა ყველაფერი გვერდზე გადამედო. ეს მთელი­ წელიწადი გაგრძელდა. რომ იცოდეთ, როგორ გამიჭირდა ის ერთი წელიწადი, მაგრამ მასწავლებლებმა ძალიან შემიწყვეს ხელი. როცა გაიგეს, რომ ენა არ ვიცოდი და მხოლოდ ვსწავლობდი, მაშინვე ამომიდგნენ მხარში, რთული მომენტები გადამალახვინეს. ასეთი ხალხია ბასკები, მეგობრული, თბილი და ემოციური. როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტში ქართველებისა და ბასკების მსგავსების შესახებაც იცოდნენ. როდესაც პირველივე ლექციაზე ჩემმა პროფესორმა ხაბიერ რენტერიამ ჩემი გვარი და სახელი გაიგო, ლექციის დასასრულს მკითხა: საიდან, რომელი ქვეყნიდან ხარო. რომ ავუხსენი, მკითხა, შენს ქვეყანაზე ყველაფერი რომ დაწერო, შეძლებო? დიახ-მეთქი. წლის ბოლოს მივუტანე ნაშრომი საქართველოზე­, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში შეიტანა და ახლა სხვა სტუდენტებს ასწავლის.

- მიხარია. თავად დაინახე ქართველებსა და ბასკებს შორის პარალელები?

- უამრავი. ჩვენი ენების სტრუქტურა­ ხომ თავისთავად ჰგავს ერთმანეთს. ზოგიერთ ბასკურ სოფელსაც ქართული სახელი ჰქვია, მთასაც ჰქვია "არჩანდა", არაერთი­ ბასკური გვარი ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ქართული. მაგალითად, აჩიტია, ბერია, ბედია, აბალია, არქაია... ბასკურ ნაციონალურ მუზეუმში გაოცდებით, ყველაფერი, დაწყებული ქვის ექსპონატებით, ძალიან ჰგავს ქართულს. 4000-5000 წლის წინათ ბასკებიც ისეთივე ტექნიკით ამუშავებდნენ და ადნობდნენ ლითონს, როგორც ქართველები. ჩრდილოეთ ესპანეთში სწორედ ბასკები ითვლებიან ლითონის დამუშავების უძველეს დამწყებად.

cc186925-24be-4306-a4ae-fb75925cb468-1717367646.jpg

- თითქმის საუკუნე-ნახევრის განმავლობაში წერდნენ ქართველი და უცხოელი­ მეცნიერები იმის შესახებ, რომ ძველმა იბერებმა დატოვეს კავკასია და დასახლდნენ ესპანეთსა და იტალიაში. ბასკურ სოფლებში, ალბათ, უფრო მეტი მსგავსებაა ქართულთან.

- საგანგებოდ წავედი ბასკურ სოფელში­ ამ მსგავსების სანახავად და რაც ნაცნობად და ახლობლად მივიჩნიე, სოფლის ქვის სახლებია რიკულებიანი აივნებით. რამდენიმეს პირველ სართულზე ბოსელი აქვს, სადაც პირუტყვი ჰყავდათ. მსგავსი სვანეთშიც მაქვს ნანახი.

- იმერეთში ასეთი სახლები ახლაც შემორჩენილია.

- ასეა ბასკეთშიც. ადრე ქელეხის ტრადიციაც ჰქონიათ. ღვინოს სუფრაზე ახლაც ისე სვამენ, როგორც ქართველები, სადღეგრძელოებსაც ისე ამბობენ, როგორც საქართველოში. ვენახიც მოვლილი აქვთ. ისე, როგორც მივხვდი, ბასკეთში ქალები არიან ოჯახის ლიდერები.

020ca726-c7a1-497f-822f-d23b7c53b0ef-1717367646.jpg

- ვფიქრობ, საქართველოშიც ასეა, შესაძლოა ხაზგასმულად არ ჩანს, მაგრამ ქალია ჩვენთანაც დედაბოძი, მით უფრო, თუ შენსავით ძლიერია - ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში სწავლობს, თან პრესტიჟულ სამსახურში მუშაობს, თან თავისი ქვეყნის საქმეს აკეთებს.

- ჯერ ვსწავლობ. როდესაც ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგისტრატურაში გადავინაცვლე პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რადგან მინდა დოქტორის ხარისხი დავიცვა. ვმუშაობდი ბანკში, სადაც უნივერსიტეტმა გამგზავნა რეკომენდაციით, ამჟამად ერთ კომპანიაში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ვარ და საინტერესო პროექტებში ვმონაწილეობ. თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ საქართველოს საგრანტო პროექტშიც ჩავრთულიყავი, ბასკეთში მყოფი ქართველი ბავშვებისთვის ქართული ჩოხები და კაბები მომეთხოვა. ჩემთვის ეს ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროექტი იყო. აქ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "ზეკარი" გვყავს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიხარეს, როცა ქართული ტანსაცმელი ჩაიცვეს. შემდეგ ბილბაოში კონცერტიც გავმართე. ძალიან მინდოდა ბასკებს ჩვენი კულტურა ენახათ, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მეც შემეწყო ხელი. ასეც მოხდა, ბასკები ძალიან დაინტერესდნენ და უკვე ერთი დიდი ჯგუფი მოდის საქართველოს სანახავად. მათ შორის ჩემი პროფესორია, მითხრა, იმ ადგილებში მინდა წასვლა, სადაც ქართულ ფაფახს ამზადებენო. შემდგომში უფრო ბევრი ბასკი ნახავს საქართველოს. თავადაც სამშობლოში დაბრუნებას ვაპირებ. ასე მქონდა გადაწყვეტილი, როდესაც ბასკეთის უნივერსიტეტში გამოვემგზავრე და ეს გადაწყვეტილება უნდა შევასრულო.