„საღად მოაზროვნე ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს ერთიანი სია“ - კვირის პალიტრა

„საღად მოაზროვნე ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს ერთიანი სია“

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის დაჟინებული მოწოდებებისა და ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უარი არ თქვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას გააცნო სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით "ქართული ქარტია" - პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეთანხმებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის. საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- ხელისუფლებამ გადადგა ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი, რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციაში გაწერილ მის მიზნებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" პოზიციის გამყარებას და არჩევნებამდე ხელისუფლების უზურპაციის ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ცალკეა გასააზრებელი, ამ მდგომარეობით მივალთ თუ არა არჩევნებამდე.­ "ოცნებას" ეს კანონი იმისთვის სჭირდება, რომ არასასურველი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, ან საერთოდ გააქროს. ჩვენ ახლა გვჭირდება სამუშაო გეგმა. მიზნები კი არის შემდეგი: ავირიდოთ და ვაიძუ­ლოთ­ "ოცნება", რომ რეპრესიების დონე და ხარი­სხი არ გაიზარდოს. თითოეულ რეპრესიაზე იმდენად დიდი გამოძახილი და იმდენად ძლიერი შემაკავებელი ფაქტორები­ უნდა მუშაობდეს (როგორც შიდაპოლიტიკური, ასევე გარეპოლიტიკური), რომ "ოცნებამ" ვერ გაბედოს რეპრესიების გაძლიერება. საჭიროა იმ პრინციპების ფორმულირება, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც არჩევნებს აზრი ექნება. ამასთან, გასაშლელია საინფორმაციო კამპანია როგორც რეგიონებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მაქსიმალურად იქნეს ნაჩვენები "ოცნების" ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ამისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ერთიანი კოალიციის შექმნა. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების ინტელექტუალური სიბეჩავე, უპრინციპობა, გაერთიანების უუნარობა თვალსაჩინოა, მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად უკონკურენტოა­ "ოცნება", რომელმაც ფსკერი გაარღვია და იქიდან ვერასდროს ამოვა. "ოცნებას" მორალური სახე ისედაც დაკარგული ჰქონდა, უცხოელ აგენტს დასდევდნენ და სინამდვილეში მოღალატის ეროვნული ტიტული აიკრეს.

- რას იტყვით "ქართულ ქარტიაზე"?

- "ქართული ქარტია" ითვალისწინებს­, რა უნდა მოხდეს არჩევნების დროს და მას შემდეგ, მაგრამ ჯერ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და რომ მივიდეთ, ერთიანი მოქმედებაა საჭირო (გინდ საკოორდინაციო საბჭო დაარქვით, გინდა კოალიცია, ერთიანი პლატფორმა თუ სხვა). გასაგებია, რომ საზოგადოებას ახასიათებს თვითორგანიზება, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს. ბუნებრივია, "ახალი ქარტია" სახელმწიფო მოწყობის­ საუკეთესო­ მოდელი არ არის, მაგრამ ის გვთავაზობს ზოგად პრინციპებს, რაზეც პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან - ისინი ამას ხორცს შეასხამენ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებენ. ეს პრინციპები ამომრჩეველს უქმნის ნათელ სურათს, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ ქარტიით გაერთიანებული პოლიტიკური ძალებისგან. ბუნებრივია, პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პოლიტიკური პროგრამაც ექნებათ, მაგრამ ამ პროგრამების მამოძრავებელი პრინციპები პოლიტიკურ ქარტიაში ფორმულირებული ძირითადი მუხლები იქნება. ქარტიაში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ნათელ სურათს უქმნის ამომრჩეველს, რომ ამ პოლიტიკური პარტიებიდან შეიძლება არც ერთი არ მოსწონდეს, მაგრამ­ ისინი შეთანხმებული არიან და არჩევნებზე­ დაფიქრდება, რომ არის ამ პრინციპების გარშემო გაერთიანებული პარტიების სპექტრი და რომელი ავირჩიოო. ეს კარგია იმიტომ, რომ საქართველოს ამომრჩევლის უნდობლობის ხარისხი ოპოზიციის მიმართ­ ძალიან დიდია, ეს ქარტია კი ერთგვარად აქრობს უნდობლობას, და მაინც "ქაჩავს" აქეთ იმ ამომრჩეველს, რომელიც აქამდე თავს იკავებდა არჩევნებში მონაწილეობაზე, ან მიდიოდა და ყველა პარტიას გადახაზავდა­ და აფუჭებდა ბიულეტენს. ეს არის ძალიან კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ბოლოს­ და ბოლოს, გამოცხადდეს არჩევნებზე. თუ აქამდე არჩევნებზე ამომრჩევლის 50-55% დადიოდა, აქედან "ოცნება" სულ ახერხებდა­ 50%-ზე მეტის მოგებას (გამოდიოდა, რომ საქართველოს ამომრჩევლის 25%-ის მქონე­ "ოცნება"­ აბსოლუტურ უმრავლესობას იღებდა პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც), ახლა პლატფორმა დიდ საფრთხეს უქმნის მას, თუ დანარჩენი 50%-იც გამოცხადდა (ვინც არ დადიოდა) არჩევნებზე. მერე "ოცნებამ" რაც არ უნდა გააყალბოს, მას პრაქტიკულად არჩევნები წაგებული აქვს. გასაგებია, რომ ამომრჩეველი 100%-ით არ გამოცხადდება, მაგრამ თუ მოხდა მაქსიმალური­ მობილიზება, 80%-ის მაინც, "ოცნებამ" გაყალბებით 30%-ის აღება თუ მოახერხა, 50% მაინც დაკარგული აქვს. ამას ემსახურება ქარტია, ესაა სტრატეგიული მიზანი და ამას მივესალმები.

- ქარტიაში ახალ, რიგგარეშე არჩევნებზეცაა საუბარი, როგორც პრეზიდენტი ამბობს, იმისათვის, რომ "რომელიმე ძალას ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება არ გაუჩნდეს".

- ესეც კარგი რამაა ჩადებული, რადგან არსებული საარჩევნო სისტემა "ოცნებამ"­ თავად მოირგო, მხოლოდ ერთ პარტიას ემსახურება. ეს სისტემა უნდა გაუქმდეს და ხელახლა ჩამოყალიბდეს, ყველა მავნე ელემენტების გამოკლებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით, ახალი საარჩევნო სისტემით.

ერთიანი სია "ნაციონალების" იდეაა, რაც აწყობს "ქართულ ოცნებასაც". ეს ორი პარტია დიდწილად ერთმანეთს ასაზ­რდოებს. "ნაცების" სარგებელი ერთიანი სიიდან გასაგებია - პატარ-პატარა პარტიების ფონზე ის ერთადერთი პარტიაა, რომელსაც აქვს მსხვილი სტრუქტურა, ჰყავს მხარდამჭერების საკმაო რაოდენობა­ და ერთიან სიაში ის გამწევი ძალა იქნება, საბოლოოდ კი იმ პარტიად ჩამოყალიბდება, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. "ოცნებას" კი ის იმიტომ აწყობს, რომ ხალხი დააშინოს და იძახოს, არიქა, ისევ "ნაცები" მოდიანო. ასე რომ, საღად მოაზროვნე ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს ერთიანი სია.

- რამდენი პოლიტიკური ცენტრით უნდა წარდგეს ოპოზიცია საარჩევნოდ?

- ვფიქრობ, სამი ძირითადი ცენტრია რეალური: 1. ენმ, 2. "ლელო-გირჩი-დროა-ახალი" და 3. გიორგი გახარია. ამ სამი სიით­ შეიძლება საარჩევნო მარათონში ჩართვა. ეს ბუნებრივად გადაანაწილებს ხმებს - მყარი "ნაცები" "ნაციონალებს" მისცემენ ხმას, პროდასავლურად, მაგრამ ანტინაციონალურად განწყობილი ამომრჩეველი მეორე კოალიციას, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც სენტიმენტები აქვთ "ოცნების" მიმართ, გახარიას პარტიას მისცემენ ხმას.

- თითქოს სუვერენიტეტის სახელით მიღებული კანონით, ფაქტობრივად, ქვეყანა იზოლაციაში ექცევა, რაც, რუსეთთან პირისპირ დარჩენას ნიშნავს...

- ჩვენი ხელისუფლება თვითიზოლაციას იკეთებს. ამ კანონის მიხედვით, ხელისუფლებას დე ფაქტო საგრძნობლად ეზღუდება ოფიციალური კავშირი დასავლეთთან. წარმოიდგინეთ, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დასავლეთს იმ ხელისუფლებასთან, რომლის 99% დასანქცირებულია? ეს აბსოლუტური ნონსენსია, ნიშნავს, რომ ოფიციალური კონტაქტები დასავლეთთან რადიკალურად შემცირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ოცნება" წარმოადგენს სახელმწიფოს, ანუ დე ფაქტო სახელმწიფოს კონტაქტები დასავლეთთან მნიშვნელოვნად შემცირდება, დარჩება მხოლოდ ტექნიკური პროგრამები და საკითხები, რომელთა განხორციელება შეიძლება ძალიან გაჭიანურდეს. ჯერჯერობით, ერთი პრეზიდენტის ინსტიტუციაა შემორჩენილი, რომელსაც­ აქვს უფლება და საგარეო პოლიტიკის მექანიზმი, მთლად იზოლაციაში­ არ მოვექცეთ. ამავე დროს დასავლეთი ნათლად­ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის ემიჯნება საქართველოს­ ხელისუფლებას და მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას­. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის სერიოზული სიგნალი, რომ არ უნდა დავკარგოთ დასავლეთის მხარდაჭერა და თუ ხელისუფლება განზრახ ამბობს უარს დასავლეთის მხარდაჭერაზე, მისი გადამისამართება უნდა მოხდეს საზო­გადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და, ბუნებრივია, პრეზიდენტის ინსტიტუტზე. დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თვალში არავის უნდა ეპატარავებოდეს პოლიტიკური, მორალური, ეკონომიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ დასავლური საფინანსო და პოლიტიკური ინსტიტუტები წელიწადში 2 მილიარდით (თუ მეტით არა) გვეხმარებიან, ცალკე ევროკავშირმა დაახლოებით მილიარდ-ნახევარი გამოყო, როგორც მინიმუმ, თავისი პროგრამებისთვის.­ ეს ყველაფერი რომ გაჩერდეს ან მინიმალურ დონემდე დაეცეს (აღარაფერს ვამბობ, რამდენს ხარჯავს აშშ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის - წელიწადში 80 მილიონ დოლარს, ასევე სხვა პროგრამებზე), პირდაპირ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, ფინანსურ და საბანკო სექტორს. დღეს ეროვნული ბანკი დღეში 50 მილიონ დოლარს ხარჯავს ლარის კურსის შესანარჩუნებლად და ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, სავალუტო რეზერვები დაახლოებით 1,5-2 თვეში გაიხარჯება და მერე რითი აპირებს ლარის კურსის შენარჩუნებას? აღარაფერს ვამბობ ინფლაციაზე, ფასების აწევაზე, ვინაიდან ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა აისახება ბაზარზე.

- მაინც რატომ მიდის ვა-ბანკზე ხელისუფლება?

- სამართლებრივად წინმსწრებად ემზადებიან - საარჩევნო კომისიის სტრუქტურა შეიცვალა. ძალაუფლების შენარჩუნება არ გამორიცხავს კრემლის ინტერესების გატარებასაც. ვფიქრობ, კრემლს აწყობს საქართველოში ამგვარი რეჟიმის შენარჩუნება. ზღაპარია, რომ რუსეთი ჩვენთან საომარ მოქმედებებს დაიწყებს. ამ შემთხვევაში მოგვიწევს ქვეყნის დაცვა, ეს კი ნიშნავს ერის გაერთიანებას (ვინც არ აპირებს ქვეყნის დაცვას, ის ქვეყნიდან გაიქცევა, ბუნებრივია) და ქართველების გაერთიანება ქვეყნის დასაცავად კრემლს რაში აწყობს? საქართველოს დაპყრობა რუსეთის­ მიერ არც თურქეთს აწყობს. თურქეთი ჩვენთან და უკვე სომხეთთანაც ურთიერთობის დალაგებით ახერხებს დიდი თურქული მოდელის, გაერთიანების ინიციატივის წინ წამოწევას, მასში დიდწილად ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან გაერთიანებული. აქ მთელი ენერგოკორიდორი გადის, ცენტრალური სატრანზიტო დერეფანი, ჩინური ტრანსპორტიც იწყებს სიარულს და წარმოიდგინეთ, ასეთ დროს საქართველოში რუსეთი შემოდის, იწყებს ომს და კონტროლს ამყარებს. "ოცნებას" სურს აქ დაახლოებით ისეთი რეჟიმი დაამყაროს, როგორიც აზერბაიჯანშია - იყოს ერთპიროვნული მმართველი და ამ პერიოდში სარგებელი ნახოს როგორც რუსეთისგან, ისე დასავლეთისგან და იყოს სიტუაციის მონოპოლისტი. "ოცნება" დასავლეთისგან ითხოვს, მოდი, მოეშვი ამ დემოკრატიასთან თამაშს, აქ დემოკრატია არ იქნება, იქნება რუსული სუვერენული დემოკრატიის ქართული ვარიანტიო. ეს აბსოლუტურად აწყობს კრემლს, რადგან ის ძალიან კარგად ურიგდება ხოლმე ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს. ერთი მეორეს არ გამორიცხავს - ერთი, რომ კრემლთან თანამშრომლობენ და მეორე - "ოცნებისთვის" ამოსავალი წერტილია ძალაუფლების შენარჩუნება. ასე რომ, ერთი მეორეს აძლიერებს.