„ვრჩებით მხოლოდ ჩინურ-აზიური ინტერესების წინაშე“ - კვირის პალიტრა

„ვრჩებით მხოლოდ ჩინურ-აზიური ინტერესების წინაშე“

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში 2023 წლის ბოლოსთვის ორი კომპანია იყო დარჩენილი, საიდანაც ერთი იყო შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმი და მეორე - ჩინურ-სინგაპურული. საბოლოოდ ევროპული კონსორციუმი კონკურსს ნებით ჩამოშორდა და შესაბამისად, გამარჯვება ჩინურს დარჩა.

ამ "გამარჯვებულ" კონსორციუმში შედიან ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია (China Communications Construction Company Limited, რეგისტრირებული­ ჩინეთში), "ჩინეთის პორტების ინვესტიციები" (China Harbour Investment, რეგისტრირებული სინგაპურში, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა და ამას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს). ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, კონსორციუმს, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს: ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია (China Road and Bridge Corporation) და ცინდაოს საერთაშორისო პორტი (Qingdao Port International) - ანუ ოთხივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.

კონკურსიდან ევროპული კონსორციუმის­ გასვლის მიზეზი კი, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ის იყო, რომ "კომპანიისთვის სახელმწიფოს 51%-იანი ჩართულობა მისაღები არ გახლდათ და მას პროექტიდან უფრო მეტი ამონაგების მიღების მოლოდინი ჰქონდა".

ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკი­თხებზე ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, "ევროპელი დემოკრატების" გენმდივან მამუკა გამყრელიძეს ვესაუბრეთ.

- თუ ანაკლიის პორტის საკითხს მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ დღეს იმდენად მნიშვნელოვანი შეიქნა პოლიტიკური კონტექსტი, რომ ამ ორი საკითხის დაშორება შეუძლებელია. ამიტომ პოლიტიკური კონტექსტის ჩართულობით ეს გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია. გარდა იმისა, რომ შეიძლება მოჰყვეს დასავლური ვექტორის შეცვლა და ა.შ., წმინდა ეკონომიკურადაც არის ძალიან დიდი საფრთხე, რადგან დასავლეთის გარეშე ამ შუა დერეფნის გატარება მხოლოდ ჩინელების და ცენტრალური აზიელების ჩართულობით დაგვაკარგვინებს ზეგავლენას ამ პროექტზე. მხარდაჭერა ყოველთვის საჭიროა და ჩვენ ვრჩებით მხოლოდ ჩინურ-აზიური ინტერესების წინაშე.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ მხარეს, ჯერ ერთი, არაერთი კითხვაა თავად ამ ჩინური კომპანიის შესახებ. როგორ გაიმარჯვა, გასარკვევია, რაც ძალზე სერიოზული საკითხია, რადგან, თუკი სანქცირებულია, შესაძლებელია, ადრე თუ გვიან, სანქციები გავრცელდეს თავად პორტზეც და ეს ცხადია, სერიოზულ პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, ჩინელებს ახასიათებთ­ მუშაობისას წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემის კორუფციის მეშვეობით გადაწყვეტა. ამიტომაც დარწმუნებული უნდა ვიყოთ ჩვენს ხელისუფლებაში, რომ ის ამ ცდუნებას გაუძლებს. კორუფცია მორალური ნორმების მიღმა დასავლურ სამყაროშია, თორემ ჩინეთში ეს ცხოვრების წესია. თუკი ამ კანონის მიღების გამო, ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას პრობლემები შეექმნებათ, ეს ძალიან შეამცირებს მონიტორინგის საშუალებას და საზოგადოებას არ ექნება ინფორმაცია პორტის მშენებლობის შესახებ. არასამთავრობოები ძალიან კარგად ახერხებენ სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის კორუფციის გამოაშკარავებას, რის საშუალებასაც ეს კანონი აღარ მისცემს.

- ბევრ ქვეყანაში ჩინეთმა სტრატეგიული ობიექტები ჩაიგდო ხელში სესხების მიცემის სანაცვლოდ, რასაც სახელმწიფოები ვეღარ იხდიდნენ­ და იძულებულნი ხდებოდნენ დაეთმოთ კონკრეტული ობიექტები. მსგავსი საფრთხე ჩვენც გვემუქრება?

- თუ საქართველოს ფინანსური პრობლემები შეექმნა (პროექტები­ სწორედ ფინანსური საკითხების გამო ჩერდება) არ არის გამორიცხული, ჩინელებმა შესთავაზონ კრედიტები კაბალური პირობებით და პორტი მთლიანად ჩაიგდონ ხელში. ამის მაგალითი ძალიან ბევრია, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც. უმძიმესი პრობლემები ექმნება მას, ვინც ჩინურ კრედიტებს იღებს, რადგან ყველა მახრჩობელაა. კრედიტების თუ სხვა ვალდე­ბულებების დაფარვა ხდება დასავლური ბანკების კრედიტების გამოყენებით, მაგალითად, მონტენეგრომ ჩინური კრედიტები­ სწორედ ასე დაფარა. თუ ჩვენ გვექნება პრობლემები დასავლეთთან (და რომ გვექნება, უკვე ჩანს) და დასავლეთი ჩვენზე ხელს აიღებს, აღარც კრედიტების აღების საშუალება გვექნება. აი, ამაშიც ერთვება პოლიტიკური ასპექტი და შესაძლოა სერიოზული პრობლემა გაგვიჩნდეს. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ჩინური კრედიტი გამოვიყენოთ. ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების ძალიან წინდაუხედავი საქციელი. ამიტომ ამასაც წინ უნდა აღვუდგეთ და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა მიეცეთ მონიტორინგის საშუალება. კიდევ ერთი - ჩვენ არ გვინახავს ხელშეკრულება, რა წერია იქ და არც ის ვიცით, გაფორმდა თუ არა უკვე. პირობების ცოდნა აუცილებელია.

ჩინეთს ნამდვილად აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის კარგი გამოცდილება, მაგრამ მას აქვს კიდევ ერთი თვისება, რამდენსაც გადაუხდი, იმის შესაბამისად აკეთებს საქმეს. ამიტომაც, თუკი ჩვენი ხელისუფლება წავიდა ამ პროექტის გაიაფებისკენ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩინელებმა ძალიან უხარისხოდ, ძალიან დაბალი ხარისხის მასალებით ააშენონ და ა.შ. ისინი თავის მოგებას არ დაკარგავენ, მაგრამ ამას გააკეთებენ ჩვენს ხარჯზე.

ასეთ დროს სწორედ კორუფციას მიმართავენ, რათა ეს პრობლემები აიცილონ თავიდან. ასე რომ, ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ამიტომ ამ ვითარებაში ეს პროექტი განსაკუთრებით პრობლემური ხდება და არა მარტო იმიტომ, რომ შავბნელ ძალასთან გვაქვს საქმე და რუსულ-ჩინურ კონტექსტში ვჯდებით, იმიტომაც, რომ პოლიტიკური მანევრირების საშუალება არ გვექნება.

- ჩინეთს, რომელიც რუსეთის­ მოკავშირედ განიხილება, ექნება პორტი შავ ზღვაში, ეს არ ნიშნავს­ ჩინეთის ამ რეგიონში დამკვიდრებას და რუსეთის გაძლიერებას? ეს რა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პერსპექტივას?

- ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სურდათ ჩინელებს ამ პროექტში ჩართვა და ძალიან დიდი თანხების ჩადებასაც აპირებდნენ. საუბარი იყო არა მარტო პორტზე, არამედ პორტის გარშემო ქალაქის მშენებლობაზე. თუმცა მერე აქ რაღაც პრობლემები შეიქმნა და ეს საქმე შეჩერდა. შემდეგ ხაზარაძე ცდილობდა ამერიკელების ჩართვას, მაგრამ რაც არ უნდა იძახოს, ამ ხელისუფლებამ შეუშალა ხელი ამერიკულ მხარესო, ამერიკას რომ მოენდომებინა, ხელს ვერავინ შეუშლიდა და შეთანხმება აუცილებლად შედგებოდა. რაც შეეხება იმ საფრთხეს, რაც მკითხეთ, თუ ამ პორტს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ექნება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ჩინელების აშენებული იქნება, თუ მონაწილეები იქნებიან ჩინელები ან მონღოლები. ფული ისეთი რამაა, მოგება უნდა მოიტანოს.

- თუკი ჩინეთი ჩაიგდებს სრულად ხელში, მერეც არ იქნება სახიფათო? მით უმეტეს, ჩინეთი რა პორტებსაც აშენებს, მათი სამხედრო პორტებად მოდიფიცირება ძალიან მალე ხდება შესაძლებელი.

- როგორც გითხარით, თუკი ჩინეთმა სრულად ჩაიგდო ხელში, ეს დიდი საფრთხე იქნება ჩვენთვის, გადააკეთებს თუ არა მას სამხედრო პორტად. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დადოს ისეთი ხელშეკრულება, ან აიღოს ჩინური სესხი, რაც შემდეგ ჩინეთს პორტის ხელში ჩაგდების საშუალებას მისცემს.

- ამერიკული ინტერესი ახსენეთ და, ხაზარაძე სულ იმეორებს, როგორ უთხრა ივანიშვილმა, ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათო...

- ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე და ამერიკელებს რომ მოენდომებინათ,­ ისე გადაწყვეტდნენ, რომ ივანიშვილსაც მიეღო მოგება, რაზეც უარს არ იტყოდა, და თუკი ეს ვერ მოხერხდა, ნიშნავს, რომ ამერიკელებს არ გამოუჩენიათ სათანადო სურვილი.

- არის მოსაზრება, რომ ამ პორტის მშენებლობაში ჩინელების ჩართვა გარკვეულწილად რუსეთისგან დაცვის გარანტიაც არის, რადგან რუსეთი თავის პარტნიორს საფრთხეს არ შეუქმნის, უტრირება რომ გავაკეთოთ, პორტს არ დაბომბავს ჩინეთის ხათრით. ეს მოსაზრება რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ?

- ჩინეთის ინტერესები ერთია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთმანეთში ძალიან კარგად ახერხებენ ურთიერთობების დალაგებას, თუ რუსეთი მოინდომებს აქ ყველაფრის აღებას, გარდა იმ პორტისა და ვთქვათ, რკინიგზისა, რომელზეც გაივლის ეს ტვირთები, ჩინელები ხმასაც არ ამოიღებენ, პირიქით, ტაშსაც დაუკრავენ. მეორეც, თუ რუსეთი საქართველოში მიიღებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ გავლენებს, რა ჯანდაბად სჭირდება ინტერვენცია და აქ ტანკებით შემოვარდნა? მას სურს აქ გავლენა, სურს მთავრობა ჰყავდეს ჯიბეში ჩასმული და ამას ისედაც კარგად ახერხებს.­ უნდა ახლა რუსეთს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსად მიიერთოს კიდევ ერთი ტერიტორია და მოუწიოს მისი ფინანსურად გამოკვება? რა თქმა უნდა, არა. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა იმაზე მუშაობს, როგორმე გაინეიტ­რალოს სომხეთში პრობლემები და ამისთვის­, ალბათ, საქართველოსაც გამოიყენებს. სომხეთი ძალიან ცდილობს რუსეთს ჩამოშორდეს და დასავლეთისკენ გადადგას ნაბიჯები, ჩვენ კი საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ, რაც სომხეთის ინტერესებსაც აზიანებს. რატომ ავირჩიეთ ეს გზა, ვერ გეტყვით. ფაქტია, ძალიან ცუდი გზა ავირჩიეთ, ძალიან წინდაუხედავი...

რუსა მაჩაიძე