უნდა ვიყიდოთ თუ არა იაფი ჩინური მანქანა?! - კვირის პალიტრა

უნდა ვიყიდოთ თუ არა იაფი ჩინური მანქანა?!

რამდენიმე თვის წინ "საქსტატი" იუწყებოდა, რომ ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოში, სავარაუდოდ, ქუთაისში, ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. როგორია ჩინური მანქანები სამომხმარებლო თვალსაზრისით? - ამ კითხვით მივმართეთ ჩვენს რესპონდენტებს:

"ევროპაშიც არის ჩინური ელექტრომანქანები, მაგრამ ცოტა, რადგან ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, ასე კი ბაზარზე ვერ მოხვდები"

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ჩვეულებრივი შიგა წვის ძრავით აღჭურვილი ჩინური მანქანები ძალიან სუსტია. შესაძლოა რაღაც დეტალები კარგი ჰქონდეთ, თუმცა კომპლექტაცია ხარისხიანი მაინც არა აქვთ, იმიტომ, რომ მარტო მანქანის წარმოება არ არის, მეორე მხარეა სტანდარტების შემოწმება. უამისოდ ევროპასა თუ ამერიკაში ბაზარზე მანქანა ვერ გავა, ჩინეთში კი ასეთი მოთხოვნა არ არის. ისე კი, ელექტრომანქანების წარმოების ბირთვი მაინც ჩინეთშია. მათ ელექტრომანქანების წარმოების უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე ევროპასა და ამერიკას. თუმცა საქართველოში ძალიან აიჭრა ბაზარი, ვინც სად რა იშოვა (არადა, ჩინეთი ხომ ძალიან დიდია), იყიდა. ახლა ჩვენთან პოპულარულია ჩინური წარმოების ელექტრონული "ფოლკსვაგენები", ID.4, ID.6 და ესენიც კი სხვადასხვა ქარხანაშია ნაწარმოები.

- ანუ ერთი და იგივე დასახელების ავტომანქანა შესაძლოა სხვადასხვა ქარხანაში იყოს წარმოებული?

- სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა ხარისხით. ჩვენთან კომპანიები ცდილობენ, რა ბრენდსაც შემოიყვანენ, იმის შესახებ ტრენინგი ჩაუტარონ თანამშრომლებს და კონკრეტული მოდელის მომსახურებას ახერხებენ. შემოვიდა ბევრი სხვადასხვა დასახელების მანქანა, რომლებიც ხშირად რაღაც ტიპის ასლია ვიზუალურად. სანამ ახალია, კარგია, მაგრამ არ არსებობს გაუფუჭებელი რაღაცები, მით უმეტეს, ჩინური, შესაბამისად, რაღაცის დაზიანების შემთხვევაში გვჭირდება ხელოსანთან ვიზიტი. ელექტრონიკა ჩვეულებრივი შიგა წვის მანქანებშიც ძალიან ჭირდა. კარგი ელექტრიკოსი სანთლით უნდა გეძებნა. სადღაც ხომ უნდა სწავლობდნენ თანამედროვე ელექტრონიკას, ჩვენთან კი ინტერნეტიდან სწავლობენ ამ სისტემების მართვას. ელექტრონიკის მიმართულება სუპერმაღალ ცოდნას ითხოვს, რაც არა გვაქვს. შესაბამისად, მარჩიელობის პრინციპით მივდივართ. რომელიმე ბიზნესმენი, ალბათ გამართავს ამ სისტემას, თუმცა დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, - დაზიანების შემთხვევაში რთულია ელექტრომობილების სერვისი.

ბევრი ნიუანსი და ქვენიუანსია. მაგალითად, დასამუხტი წერტილები ჩვენთან ცოტაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ვითარდება. დასამუხტი ჯეკებიც სხვადასხვაგვარი აქვთ, სხვადასხვა ავტომობილს სხვადასხვანაირი მისაერთებელი მოწყობილობა აქვს, თუმცა ცდილობენ და ქართული ბაზრისთვის ადაპტაციას უკეთებენ.

- ფასები როგორია?

- ელექტრომობილები გაცილებით ძვირია, ვიდრე შიგა წვის ძრავით აღჭურვილი მანქანები, რადგან წარმოებაა ძვირი. ელექტრომობილი ძალიან უფრთხის წყალს. მაგალითად, როცა ნიაღვრებია თბილისში, ძალიან არ უყვართ ასეთ ამინდში სიარული. მიუხედავად იმისა, რომ ჰერმეტულობა თითქოს კარგად არის დაცული, წყალი მაინც ყველგან აღწევს. ელექტრომანქანებს, სიმძიმის ცენტრი რომ დაბლა იყოს, მთელი მოწყობილობა იატაკში აქვთ, სადაც წყალი ადვილად ხვდება. მოკლედ, რომ ვთქვათ, ელექტროერა დაიწყო და მორჩა, ყველაფერი კარგად მიდისო, ვერ ვიტყვით. კი, დღითი დღე იხვეწება, მაგრამ ჯერ კიდევ არა გვაქვს სიხარულის საფუძველი, მით უმეტეს, ჩინური ელექტრომანქანების გამო.

- თუ ხარისხი არ არის გადასარევი, ფასი არ არის სახარბიელო, სერვისიც არასრულყოფილია, მაშინ რატომ შემოეჩვია ასე ჩინური ავტომანქანები ქართულ ბაზარს?

- იმიტომ, რომ ჩინური მანქანები შედარებით იაფია, ვიდრე "ტესლა" და მსგავსი ბრენდები. მაგალითად, Vოლკსწაგენ ID-ის, რომელიც ძალიან ლამაზია, აკუმულატორიც უფრო დიდხანს გატარებს, თბილისიდან ბათუმამდე დატენის გარეშე ჩაგიყვანს და სადღაც 30-32 ათასი დოლარი ღირს. ამასთანავე, ეკოლოგიური, ახალია და ყიდულობ. თუ საგზაო შემთხვევა არ მოგივიდა, 2 და მეტი წელიწადი არაფერი სჭირდება. საგზაო შემთხვევა ცალკე ამბავია. ამ მანქანების დაზიანებული ნაწილები შეკეთებას არ ექვემდებარება, ყველა დეტალი უნდა გამოცვალო. დაზიანებული ნაწილი უნდა შეუკვეთო და სანამ ჩამოვა, მოცდა მოგიწევს. ტესტს ამ მანქანებს წლები ჩაუტარებს, ჯერ ახალია ეს ყველაფერი, თანაც განბაჟება ნულოვანია. ბიზნესი ამაში მოგებას ხედავს. ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს.

მე სხვადასხვა ელექტრომანქანას ვტესტავ და ერთი, გამყიდველები რითაც თავს იწონებენ, ამბობენ, აჩქარება აქვს კარგიო. მაგალითად, ქოქავ მანქანას და 3 წამში 100 კმ-ს ავითარებს. არადა, არაკომფორტულია ასეთი აჩქარების დროს გაზის პედალი, განსაკუთრებით საცობში. სპეციალური საცობის რეჟიმის ფუნქცია ძალიან ძვირ მოდელებს აქვთ, რომლებიც 50 ათასი და მეტი ღირს. გაზის პედალიდან ფეხს რომ აიღებ, დაახლოებით მეტრო რომ ჩერდება, ისეთი შეგრძნება გაქვს. ჩემი აზრით, ჩინური ელექტრომანქანები მხოლოდ ისეთი ადამიანებისთვისაა, რომელთაც A პუნქტიდან B პუნქტში სჭირდებათ მისვლა. მართვის პროცესით ვერ ისიამოვნებ.

- კიდევ რომელი ქვეყნის ბაზარია ჩინური მანქანებით დატვირთული?

- ევროპაში არის ჩინური ელექტრომანქანები, მაგრამ ცოტა, რადგან ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, ასე კი ბაზარზე ვერ მოხვდები. რუსეთი კი, იცოცხლე, ჩინეთი თუ რამე ნაგავს აკეთებს, ყველაფერს ხაპავს. დღემდე 60 წლის წინანდელ "ლადასა" და "კამაზზე" არიან, ამიტომ მათთვის ჩინური მანქანა ძალიან კარგია. ნებისმიერი ევროპული ბრენდი რომ ავიღოთ, ერთ რომელიმე მოდელს კონკრეტული დეტალი რომ მასობრივად უფუჭდებოდეს, სირცხვილია, ის აუცილებლად შეცვლის და მთელ ღონისძიებებს გაატარებს პრობლემის აღმოსაფხვრელად, თორემ სახელი გაუფუჭდება და ბიზნესი ჩაუვარდება. თუმცა ჩინური მანქანები რუსეთსა და საქართველოში თუ გაიყიდება, ბიზნესი არავის ჩაუვარდება, შენ არ იყიდი, პეტრე იყიდის. მწარმოებელ კომპანიას არავინ არაფერს მოსთხოვს, ვერც ვერავინ მისწერს, რომც მისწერო, ადრესატს დიდად არ ადარდებს.

- ჩინურ ავტომანქანებს დიდი ხნის სიცოცხლე აქვს ქართულ ბაზარზე?

- ჯერ სიახლეა. რამდენიმე წლის შემდეგ დამისვით ეგ კითხვა და გიპასუხებთ.

"ჩინური ავტომობილების ტესტირებას ერთი წელი მაინც დასჭირდება"

ალექსი ნონიაძე, საქართველოს ავტო­­იმპორტიორთა ასოციაცია: - ბაზარზე ჩინური მანქანების მატება გვაქვს პროცენტულად, რაოდენობაში კი მნიშვნელოვანი მატება ჯერ არ შეიმჩნევა. თავის დროზე, როგორც ამერიკულმა და ევროპულმა ავტომობილებმა გაიარეს ტესტირების რეჟიმში შემოწმება ექსპლუატაციისთვის, ასევე გადიან ამჟამად ტესტირებას ჩინური ავტომობილები. მომხმარებელი მათ გამოცდის, მოეწონება ან არ მოეწონება. შესაბამისად, ამ ავტომობილებზეც მოთხოვნა ან იქნება, ან არა.

- დაახლოებით რა პერიოდი სჭირდება ტესტირებას?

- მაქსიმუმ, წელიწადზე მეტი... მერე მომხმარებელი გააზიარებს გამოცდილებას ამა თუ იმ მოდელის შესახებ. გაუწევს მეგობარს რეკომენდაციას ან არ გაუწევს, გაუზიარებს, სერვისი ძვირია თუ არა, ნაწილები იშოვება თუ არა, რამდენად ადაპტირებულია ადგილობრივ მოთხოვნებთან.

- დროებით დავივიწყოთ თქვენი სამსახურებრივი სტატუსი და გვითხარით, როგორია მოსახმარად ჩინური მანქანები?

- ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მე იაპონური ავტომობილი მყავს. მგონი, საკმარისია ეს პასუხი.