„ნონა Talks“: ფეხბურთი ჭადრაკის დაფასთან - კვირის პალიტრა

„ნონა Talks“: ფეხბურთი ჭადრაკის დაფასთან

"საუბრები საჭადრაკო დაფასთან" - "ნონა თალკს" ლეგენდარული მოჭადრაკის ახალი პროექტია ნონა გაფრინდაშვილის იუთუბ-არხზე, სადაც იგი თავის ვაჟთან და გადაცემის სტუმრებთან ერთად, აქტუალურ სპორტულ მოვლენებს ეხმიანება. მიმდინარე წელი უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენებით არის დატვირთული, თუმცა უახლოესი და ჩვენთვის ისტორიული ტურნირი "ევრო-2024" გახლავთ და ქალბატონ ნონასთან (რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და საუცხოოდ მცოდნეა) ინტერვიუს უმეტესი ნაწილი სწორედ ევროპის ჩემპიონატს დავუთმეთ. ვისაუბრეთ ეროსი მანჯგალაძეზე, 1966 წლის მუნდიალის ფინალსა და ლიონელ მესისთვის გაგზავნილ მოოქრულ ჭადრაკზეც:

- ქალბატონო ნონა, ინტერვიუ 26 მარტის ისტორიულ გამარჯვებაზე საუბრით დავიწყოთ: რა გახსოვთ იმ საღამოდან?

- წარმოუდგენელი ემოცია, რომელმაც მთელი ღამე არ დამაძინა... არც ვიცოდი, როდის გადამიღეს, თუმცა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ჩემი ემოციის ამსახველი კადრები. ეს იყო ახალი ისტორია ქართული ფეხბურთისთვის, უდიდესი სიხარული, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ველოდით. გამახსენდა 1981 წლის 13 მაისის ზეიმი - მაშინაც მთელი თბილისი, სრულიად საქართველო ქუჩაში ზეიმობდა საყვარელი გუნდის გამარჯვებას. სხვათა შორის, დიუსელდორფის ფინალის შემდეგ სატელევიზიო სტუდიაში მისვლა მთხოვეს და "დინამოს" პირველმა მე მივულოცე... მაგრამ ისეთი ბედნიერი საქართველო, როგორიც საბერძნეთის დამარცხების შემდეგ იყო, დიდი ხანია არ მინახავს! იმ დღის დავიწყება შეუძლებელია: ვხედავდით, როგორ მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ტიროდნენ გულშემატკივრები. როგორ ეხვეოდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს სრულიად უცხო ადამიანები... 27 მარტის დილას მთელი საქართველო ერთიანი და ბედნიერი იყო!

- პირველი ისტორიული ნაბიჯი გადადგმულია და გერმანიის სტადიონებზე ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობის დროა!

- მოუთმენლად ველი ევროპის ჩემპიონატის დაწყებას და იმედიანადაც ვარ განწყობილი. მხოლოდ იმას განვიცდი, რომ შესაძლოა პირდაპირ ეთერში ვერ ვნახო თურქეთთან მატჩი, რადგან ზუსტად იმ დღეებში შვილიშვილთან ერთად აშშ-ში ვიქნები: სენტ-ლუისის უნივერსიტეტში ჭადრაკის სეანსს გავმართავ, შემდეგ ნიუ-იორკშიც ჩავალთ და ა.შ. საქართველოში 19 ივნისს დავბრუნდებით, თურქეთთან მატჩი წინა დღეს არის და იმედია, თამაშს აეროპორტში ან გზაში მაინც ვნახავ. რაც შეეხება მოლოდინს, პირდაპირ გეუბნებით: აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან! საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას კლუბშიც კარგი პერიოდი აქვს, თითქოს ახალი ენერგიით აივსნენ, თავდაჯერებაც მოემატათ. ეს თაობა უფრო მაღალ მწვერვალზე ავა! მენტალიტეტი უკვე შეიცვალა უკეთესობისკენ, ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი წარმატება გვაქვს. ამ ახალგაზრდებმა კარგად იციან, რას მოუტანენ თავიანთ ქვეყანასა, თუ თავდაუზოგავად ივარჯიშებენ და ნიჭს არ გაანიავებენ.

- ქვეჯგუფის აუტსაიდერად რომ მივიჩნევით, ჩვენს წისქვილზე ამანაც ხომ უნდა დაასხას წყალი?

- რაც მეტი ჩაგვთვლის სუსტ გუნდად, მით უკეთესი ჩვენთვის! ბერძნები თუ გვიყურებდნენ "ზევიდან", იმიტომაც წაიღეს ევროპის ჩემპიონატის საგზური! სხვათა შორის, ისეთი "დალაგებული" თამაში, რაც საბერძნეთთან ვაჩვენეთ, დიდი ხანია არ გვქონია. ტაქტიკაც სწორად იყო არჩეული და ფეხბურთელებმაც კარგად შეასრულეს დავალება. პლეი-ოფის მატჩებში ორი სხვადასხვა ტაქტიკა დავინახეთ, ჩავარდნა არც ერთ რგოლში არ ყოფილა და წარმატება მთელი გუნდის, სამწვრთნელო შტაბის, ნაკრების ყველა წევრის დამსახურებაა.

- თურქეთი თუ ჩეხეთი - ვისთან უფრო გაგვიჭირდება? პორტუგალიაზე ცალკე გკითხავთ.

- თუ სწორ ტაქტიკას ავირჩევთ და ფეხბურთელები ისევ ზუსტად შეასრულებენ მწვრთნელის დავალებას, წარმატებით თამაში ორივესთან შეიძლება. მე მჯერა ჩვენი ბიჭების! ბოლო მატჩებში ძალიან კარგად ითამაშეს. მიმაჩნია, რომ საბერძნეთთან ძირითად დროში გამარჯვებას ვიმსახურებდით: ჩვენ რამდენიმე რეალური მომენტი გავანიავეთ, მეტოქემ კი ერთადერთხელ მოარტყა ბურთი ძელს - სხვა საგოლე ეპიზოდი არც ჰქონიათ. რაც შეეხება პორტუგალიას, უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და ჩვენი ქვეჯგუფის ფავორიტია. დანარჩენები, მეტ-ნაკლებად, თანაბარი დონის ვართ.

- თანაც, იმედი გვაქვს, რომ საქართველო-პორტუგალიის დაწყებამდე სატურნირო ცხრილში ჩვენთვის ხელსაყრელი მდგომარეობა იქნება!

- მესმის, რასაც გულისხმობთ. თუმცა ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს პირველ ადგილზე მყოფი პორტუგალიელები ჩვენთან შეხვედრაში ძალას დაზოგავენ: თუ პირველი ადგილი უკვე გარანტირებული ექნება, შესაძლოა მწვრთნელმა ჩვენთან მართლაც მეორე შემადგენლობის ფეხბურთელები ათამაშოს, მაგრამ მათ ხომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, ხომ ყველანაირად ეცდებიან, თავი გამოიჩინონ?! ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ - საქართველოს ნაკრებმა სამივე მეტოქესთან განსაკუთრებული მონდომებითა და მობილიზებით უნდა ითამაშოს!

- ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობა დამატებით წნეხად ხომ არ დააწვება?

- ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაშითაც დიდი გამოცდილება დააგროვა... მოედანზე მისი ყოფნა ავტომატურად ნიშნავს, რომ მეტოქე მუდმივად დაძაბული იქნება, მინიმუმ 2-3 მცველი კი მსაჯს ყვითელ ბარათსაც გამორჩება და საქართველოს ნაკრები შეტევისთვის გაცილებით მეტ თავისუფალ სივრცეს მიიღებს. კვარაცხელია ნაკრების ლიდერია, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში ჩვენი ნაკრების ყველა წევრი ძალიან კარგი იყო - მეკარით დაწყებული, სამწვრთნელო შტაბის ჩათვლით.

- რადგან მეკარე ახსენეთ, გიორგი მამარდაშვილზეც მითხარით თქვენი აზრი...

- გიორგი უმაღლესი დონის, გაწონასწორებული და საიმედო მეკარეა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი გამოცდილებაც მოემატა და თავდაჯერებაც, ასე რომ, მეკარის პოზიციაზე არ გვიჭირს. ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ კიტეიშვილს, ზივზივაძეს, მიქაუტაძეს, დავითაშვილს, ჩაკვეტაძეს, სასიამოვნოდ გაგვაოცა ქოჩორაშვილმა... როცა გუნდის არცერთ რგოლში­ არა გაქვს ჩავარდნა, როცა დავალებას ყველა ფეხბურთელი მაღალ დონეზე ასრულებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. მჯერა, ასეც იქნება: მერვედფინალში რომ გავალთ, კიდევ დამირეკეთ!

- ვილი სანიოლზე რას იტყვით?

- ფრანგ მწვრთნელს დიდ პატივს­ ვცემ. უცებ არაფერი ხდება, როცა მიდიხარ გუნდში, რომელიც წარმატებით ვერ დაიკვეხნის, დროა საჭირო. სანიოლმა დააწყნარა გუნდი, ახალი ენერგია და განწყობა შეიტანა საქართველოს ნაკრებში, ძალიან ბევრი მოთამაშე გასინჯა... მხოლოდ ის რად ღირს, ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი რომ დაემატა და ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პოზიცია შეავსო? ზოგიერთ ადგილზე უკვე 2-3 კარგი მოთამაშე გვყავს. ფეხბურთელებმა დაინახეს, რომ შეუძლიათ და თავდაჯერებაც მოემატათ.

- ყველამ იცის, რომ ჭადრაკის გარდა, ნონა გაფრინდაშვილს სპორტის სხვა სახეობებიც­ უყვარს და უმეტესობაში კარგადაც ერკვევა­. თქვენი ახალი პროექტი ამის გამოძახილია?

- უახლოეს თვეებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გველის: ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი, ქართველი კალათბურთელების მატჩები ოლიმპიადის საგზურისთვის, პარიზის ოლიმპიური თამაშები და სხვ. მე და ჩემმა ვაჟმა­ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ "ნონა გაფრინდაშვილის იუთუბ-არხზე" გადაცემის გაშვება და დავიწყეთ "ნონა Talks" - "საუბრები საჭადრაკო დაფასთან", რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს.

- თქვენი სახელობის საკოლექციო ჭადრაკი­ (როგორც "ვეფხისტყაოსანი", ისე - "ქართული ცეკვა") ნანახი მქონდა. რამდენიმე დღის წინ კი ჩემთვის უცნობი კიდევ ერთი სიახლე აღმოვაჩინე - საჭადრაკო დაფა თქვენი­ გამონათქვამებითა და ავტოგრაფით! მართლაც ჩინებული საჩუქარია როგორც ბავშვების, ისე - ნებისმიერი ასაკის ჭადრაკის მოყვარულთა­თვის, თუმცა, დავუბრუნდეთ ფეხბურთს: დიდი საფეხბურთო ტურნირებიდან რომელს დასწრებიხართ?

- ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში, ტრიბუნიდან მინახავს არაერთი დიდი ტურნირი და მატჩი: ნამყოფი ვარ არგენტინის ჩემპიონატის შეხვედრაზე, შვედეთში მინახავს ჰოკეი, ლეგენდარულ "უემბლიზე" დავესწარი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს... სხვათა შორის, ინგლისში ტურისტული საგზურით მოვხვდი ძალიან კარგ ჯგუფთან (ეროსი მანჯგალაძე და სხვები) ერთად. საჭადრაკო ტურნირების დროსაც, როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, სპორტის რომელიმე სახეობის საყურებლად მივდიოდი. მახსოვს, ქუთაისის "ტორპედოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა ივანო-ფრანკოვსკში - უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს. მამაკაცებიდან ვერავინ დავითანხმე ფეხბურთზე წაყოლაზე და ჩემსავით სპორტის მოყვარული, ლენინგრადელი მოჭადრაკე ლევიტინა ავიყოლიე. სტადიონის საპატიო ლოჟაში გამოგვიყვეს ადგილი და ქართულ კლუბს ისე ხმაურიანად ვქომაგობდით, ადგილობრივი გულშემატკივრები გაოცებულები გვიყურებდნენ, ივანო-ფრანკოვსკში ქუთაისურ კლუბს ასე ემოციურად ვინ ქომაგობსო?!

- ევროპის რომელი პირველობა გახსოვთ გამორჩეულად?

- საფრანგეთში 1984 წელს გამართული ჩემპიონატი. მასპინძლებს მაშინ დიდებული ნაკრები ჰყავდათ და დამსახურებულად მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, მიშელ პლატინი კი 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველი გულშემატკივრები პანტიანში მიდიოდნენ, ევროპის ჩემპიონატის მატჩები რომ ენახათ, მე კი იმ დღეებში ბელა-ცერკვას დიდ საჭადრაკო ტურნირში ვმონაწილეობდი და რადგან პარტიები დღის პირველ ნახევარში იმართებოდა, საღამოს კი თავისუფალი ვიყავით, "საფრანგეთი-1984" თავიდან ბოლომდე ვნახე. ფანტასტიკური ტურნირი იყო საფრანგეთის ნაკრების და პლატინის დომინირებით... უამრავი სხვა ტურნირი და მატჩიც მაქვს ნანახი, მაგრამ ყველას გასახსენებლად დიდი დრო დაგვჭირდება...

- ცხადია, თუმცა ფეხბურთის სამშობლოში სტუმრობა და "უემბლიზე" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ნახვა, ალბათ, არასდროს დაგავიწყდებათ, მით უმეტეს, ისეთი ჯგუფის შემადგენლობაში ყოფილხართ...

- ეროსი მანჯგალაძე ლონდონში­ სტუმრობისას გავიცანი. დიდებული მსახიობი და პიროვნება იყო, საოცრად მორიდებული ადამიანი... ჯგუფის სხვა წევრები კემბრიჯის დასათვალიერებლად წაიყვანეს, ჩვენ კი, რადგან უკვე ნანახი გვქონდა, დარჩენა ვამჯობინეთ (სხვათა შორის, ლონდონის ქუჩებში სეირნობისას ბრიტანულ ტურნეში მყოფ "სუხიშვილებს" გადავაწყდით). ეროსიმ მთხოვა, ორსართულიანი ავტობუსის ზედა სართულზე ავიდეთო. ვხედავ, ხელში პატარა წიგნი უჭირავს. ინგლისური სასაუბრო წამოუღია: შემთხვევით ერთმანეთს რომ დავცილდეთ, ვინმეს ხომ უნდა ვთხოვო დახმარებაო. როცა ავტობუსის მეორე სართულზე ავედით, ეროსის ხარხარი აუტყდა. რა გაცინებს-მეთქი? თუ დავიკარგე, ამ სასაუბროს დახმარებით კითხვას კი დავსვამ, მაგრამ პასუხი როგორღა გავიგოო?! ეს კადრი არასდროს დამავიწყდება...

- ფეხბურთზე საუბრის ბოლოს ლეო მესიზე და მასთან დაკავშირებულ საჩუქრებზეც გკითხავთ: 80 წლის იუბილეზე არგენტინელმა­ ვარსკვლავმა "ბარსელონას" მაისური გამოგიგზავნათ მილოცვის წერილითა და ავტოგრაფით. საპასუხოდ მესის თქვენც გაუგზავნეთ უნიკალური მოოქრული ჭადრაკი.

- უნიკალური საჩუქარი შესაბამისი წარწერით მესის 2021 წლის "კოპა ამერიკაზე" გამარჯვების აღსანიშნავად გავუ­გზავნე - ეს არის საქართველოში დამზადებული ჭადრაკი მოოქრული ფიგურებით. სამწუხაროდ, ჭადრაკი ჯერ კიდევ პარიზში, საქართველოს საელჩოშია. პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს მესის საფრანგეთში გადასვლაც დაემატა, ახლა სულაც აშშ-ში თამაშობს და საჩუქარმა ჯერ ვერ მიაღწია ადრესატამდე. მინდა საფრანგეთის საელჩოს ვთხოვო ჭადრაკის ბარსელონაში გაგზავნა, მერე კი დავუკავშირდები მესის ოჯახის წევრებს, რომლებიც კატალონიის მთავარ ქალაქში ცხოვრობენ და იმედია, ლეო მათი მეშვეობით მაინც მიიღებს უნიკალურ ქართულ ჭადრაკს. გული მწყდება, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა დაწყებული ჩემი სახელობის საკოლექციო ჭადრაკების გამოშვება, თორემ არგენტინელ ვარსკვლავს "ვეფხისტყაოსნის" და "ქართული ცეკვის" ფიგურებით დამშვენებულ ჭადრაკს გავუგზავნიდი.

- ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ: როგორ ფიქრობთ, ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება, ნაკრების მზადებასა და თამაშზეც იმოქმედებს?

- მთავარია, გუნდმა ის ერთიანობა­ შეინარჩუნოს, რაც ბოლო ორ მატჩში ვნახეთ! შეიძლება ოდესმე დაგავიწყდეს, როგორ ცდილობდა წაქცეული ბუდუ ზივზივაძე თავით მისწვდომოდა მეტოქის ფეხთან დავარდნილ ბურთს?! როგორ იბრძოდა ნაკრების თითოეული მოთამაშე?! ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი, აბსოლუტურად განსხვავებული ქომაგობა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ამ წარმატებაში და შედეგიც მივიღეთ. საბერძნეთის დამარცხების შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები კლუბებშიც გაცილებით მეტი წარმატებით თამაშობენ, ბევრად თავდაჯერებულებიც გახდნენ და ოპტიმიზმის საფუძველს ესეც მაძლევს. მთავარია, ყველა ჯანმრთელი შეხვდეს ევროპის ჩემპიონატის მატჩებს და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ!