მზადება აპოკალიფსისთვის: როგორ შევაჩეროთ პუტინი - რა საფრთხე დაემუქრება ევროპას, თუკი უკრაინელებს ფრონტი ჩამოეშლებათ?! - კვირის პალიტრა

მზადება აპოკალიფსისთვის: როგორ შევაჩეროთ პუტინი - რა საფრთხე დაემუქრება ევროპას, თუკი უკრაინელებს ფრონტი ჩამოეშლებათ?!

დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის გათვლა, რომ უკრაინასთან გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმული აგრესორი რუსეთი "ომი გამოფიტვამდე" პრინციპით ჩამოიშლებოდა, არ გამართლდა... პირიქით, რუსეთმა შეძლო ეკონომიკის შენარჩუნება, რუბლის სტაბილიზება და სამხედრო მრეწველობის მნიშვნელოვნად გაზრდაც კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკური სანქცია აქვს დაწესებული, ვიდრე ჩრდილოეთ კორეასა და ირანს ერთად.

უფრო მეტიც, რუსეთის საოკუპაციო ძალები ნახევარ წელზე მეტია ფლობენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე, მუდმივად შეტევაზე არიან და უკრაინის არმიის მთავარი საბრძოლო ამოცანა ამ ეტაპზე უკვე არის არა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, არამედ ის, რომ პუტინის არმიამ კიდევ ახალ-ახალი უკრაინული მიწები არ დაიპყროს.

გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, როდესაც საბრძოლო ინიციატივას სწორედ უკრაინის არმია ფლობდა და ცდილობდა კონტრშეტევები დაეწყო ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებაზე, ამჟამად სიტუაცია უკრაინისთვის რადიკალურად შეცვლილია.

ასეთი პოლარულობა კი განაპირობა სამმა ფაქტორმა - გასული წლის უშედეგო კონტრშეტევებმა, ამერიკული კონგრესის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის ექვსი თვით დაბლოკვამ და თავად უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციის უსაშველოდ დაგვიანებამ.

მართალია, ახლა აღდგენილია ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება, მაგრამ მობილიზაცია ახალი დაწყებულია და 1,5-2 თვის განმავლობაში გადამზადებული უმეტესად ხანში შესული მამაკაცები ნაკლებად თუ ჩამოყალიბდებიან კარგ მებრძოლებად.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობა რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მხოლოდ ყრუ თავდაცვას არ აპირებს და სატანკო ეკიპაჟებს პონტონებით მდინარის გადალახვაშიც ავარჯიშებს...

მართალია, რუსეთის საოკუპაციო ძალების შევსებაც თავიდან ასეთივე მობილიზებულებით დაიწყო, რომელთა უდიდესი ნაწილი "საზარბაზნე ხორცად" გადაიქცა, მაგრამ გადარჩენილებმა კარგი საბრძოლო გამოცდილება მიიღეს და ისინი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ.

ეს შესავალი იმიტომ დაგვჭირდა, რომ მივადგეთ ძალზე საჭირბოროტო საკითხს, რომლის საჯაროდ გაცხადებას დასავლეთში ერიდებიან. კერძოდ, რა მოხდება, თუკი უკრაინამ, ბოლოს და ბოლოს, ვერ გაუძლო ბევრად ძლიერი აგრესორი რუსეთის სამწლიან ზეწოლას და უკრაინის დამცველების ფრონტის ხაზი ისე ჩამოიშალა, რომ პუტინის არმიამ არათუ კიევის აღება მოახერხა, არამედ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზეც გავიდა და ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიადგა, მათ შორის პოლონეთს, რუმინეთს თუ ჩეხეთს?

ასეთი სცენარი ძალზე არასასურველი იქნება და მისი გამორიცხვა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ სანამ რუსეთი უკრაინასთანაა ომით "დაკავებული", ძნელად წარმოსადგენია, პუტინის არმიას ეყოს იმის რესურსი, რომ პარალელურად რაიმე გაუბედოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.…

მაგრამ, თუკი ამ ომში აგრესორმა რუსეთმა მაინც გაიმარჯვა, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ევროპის ქვეყნებს, უპირველესად პოსტსაბჭოთა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, რომლებზეც (ისევე როგორც პოლონეთზე) კრემლი დიდი ხანია კბილებს ილესავს, მათ შორის უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გამო?

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თითქმის სამი ათეული წელი დაკარგა და იმის ნაცვლად, აღმოსავლეთისკენ უფრო სწრაფი ტემპით გაფართოებაზე ეზრუნა, მთელი რესურსი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას შეალია ავღანეთში, ერაყსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ჯერ ვარშავის პაქტისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ლიდერებმა თითქმის ნახევარსაუკუნოვან პირველ "ცივ ომში" თავი გამარჯვებულად მიიჩნიეს, რუსეთის მოთვინიერება და თავის ჭკუაზე ტარება სცადეს, რაც თითქოს გამოსდიოდათ კიდეც 1990-იანი წლების ელცინის მმართველობის პერიოდში, მაგრამ რუსეთის სათავეში 2000 წლის 1-ლი იანვრიდან პუტინის მოსვლით (პუტინი ყოფილმა კა-გე-ბეს მაღალჩინოსნებმა და ოლიგარქებმა აარჩიეს) თამაშის წესები თანდათანობით შეიცვალა და რუსეთი შეტევაზე გადავიდა, ოღონდ ჯერ ფარულ ფრონტზე სპეცსამსახურების გააქტიურებით.

არსებობს ძალიან დიდი ეჭვი იმისა, რომ აჯანყებულ ჩეჩნეთში არაბული და დასავლური სპეცსამსახურების მოქმედების საპასუხოდ, კა-გე-ბეს გამოზრდილმა პუტინმა მის უკან მდგარი გავლენიანი ძალების კარნახით ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიაში თავისი უხილავი წვლილი შეიტანა, რასაც მოჰყვა ოცწლიანი უაზრო ომი ავღანეთში, რომელშიც აშშ-მა მალე მთელი ნატო ჩაითრია ალიანსში შესვლის მსურველი საქართველოს ჩათვლით.

ის უზარმაზარი რესურსი, რაც ორი ათეული წლის განმავლობაში ავღანეთსა და ერაყში დაიხარჯა, სავსებით საკმარისი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დასაჩქარებლად, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე - შავი ზღვის რეგიონში ფეხის მყარად მოსაკიდებლად, რაც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც და უკრაინასაც ააცილებდა რუსულ სამხედრო აგრესიას.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დასავლეთი, უპირველესად კი სწორედ ევროპა თავისი სტრატეგიული შეცდომის შედეგს იმკის - ემზადება იმ უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად, თუკი აგრესორი რუსეთი მაინც დაამარცხებს უკრაინას და მიადგება მის აღმოსავლეთ საზღვრებს.

31 მაისს ნატომ "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა შტეადფასტ Dეფენდერ 24 ("მტკიცე მცველი") დაასრულა, რომელიც ჯერ კიდევ 24 იანვარს დაიწყო და მასში ალიანსის 90 ათასი სამხედრო, 1 100 შეჯავშნული მანქანა, 50 სამხედრო ხომალდი, 90 თვითმფრინავი და შვეულმფრენი მონაწილეობდა.

ეს იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 1988 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რომლის სცენარით ნატოს აღმოსავლეთ წევრ ქვეყანას მისი უშუალო მეზობელი ესხმის თავს, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, წევრი ქვეყნების მთავრობებთან ერთად, იღებს გადაწყვეტილებას, აამოქმედოს ალიანსის წესდების ცნობილი მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის "ჩართვას" ითვალისწინებს, თუკი ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაში სამხედრო აგრესია დაიწყება - ანუ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აჩვენა რუსეთს, რომ მას მოიაზრებს იმ მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ, რომლისგანაც მოელის თავდასხმებს თავის აღმოსავლეთ ფლანგზე!

პოზიცია, "ოღონდ ნუ იქნება დიდი ომი!", ნატოს ხელმძღვანელობას და მისი წევრი წამყვანი ქვეყნების ლიდერებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე ჰქონდათ და ამ ომის მეორე წლის ბოლომდეც კი გაჰყვათ, სანამ ცხადი არ გახდა, რომ მათი გამოზომილი, არასაკმარისი სამხედრო დახმარებით უკრაინა ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, ხოლო რუსეთის მოგების შემთხვევაში პუტინს მადა უკვე თავად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის - ბალტიისპირეთის ქვეყნების ან, სულაც პოლონეთის "ჩასაკბეჩად" გაეხსნება.

ეს სწავლება სწორედ ამერიკული და ბრიტანული საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის ჰაერითა და ზღვით ევროპაში გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც გადაინაცვლეს "პოტენციური კონფლიქტების" რეგიონებისკენ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე, ჯერ სამეთაურო-საშტაბო, შემდეგ კი საველე სწავლებების გასამართავად.

რამდენად სწრაფად აამოქმედებს ალიანსი კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლს და დამატებით სამხედრო ძალას გადაისვრის აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოში გაწევრების პირველი დღიდან ანუ ოცი წელია ძალზე აშფოთებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რადგან ესტონელები, ლიეტუველები და ლატვიელები არცთუ უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ ნატო ვერ მიუსწრებთ და რუსული ტანკების არმადები მათ გადათელავენ.

წაიკითხე ვრცლად