"ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება" - კვირის პალიტრა

"ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება"

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის შესახებ მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.

„საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამის პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება, დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%. ასევე, პარალელურად უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები უკვე ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო-საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7,8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი.

როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა ერთმანეთს ისტორიულად აკავშირებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ პორტის მშენებლობით, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა ახალ განსაკუთრებულ რესურსს შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"