"1898 შემთხვევა..." - როგორ აკონტროლებს ხელისუფლება სანქციების აღსრულების საკითხს? - კვირის პალიტრა

"1898 შემთხვევა..." - როგორ აკონტროლებს ხელისუფლება სანქციების აღსრულების საკითხს?

საქართველო რჩება ერთგული თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით - მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან, 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება სანქციების აღსრულების კონტროლის თვალსაზრისით ახორციელებს.

„საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული და საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგისა და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობისა და პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივი კოორდინაციის გაგრძელებისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის მიმართულებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან სსიპ − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობებისას სანქცირებული ობიექტის (მაგ.: საქონელი, პირი, გარიგება და სხვა) იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქონლის/სატრანსპორტო საშუალების/პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები (ჯამში, 37 რისკის პროფილი), რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება, ევროპის საბჭოს მიერ მიღებული 2014 წლის 31 ივლისის (EU) N833/2014 რეგულაციის კონსოლიდირებული ვერსიით, ასევე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ მიღებული აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესების (EAR) 746-ე ნაწილით და ეკონომიკური სანქციების მონაწილე სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გადატვირთვის ოპერაციები რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. ასევე აკრძალულია და კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენების თანახმადვე, სანქციების აღსრულების მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში

„აგრეთვე ხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG TAXUD), ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG FISMA), ევროკავშირის კომისიის კრიზისზე რეაგირების ჯგუფთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან (EXBS), შეერთებული შტატების ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებთან და სხვა. საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის პროცესში სანქცირებული ობიექტების იდენტიფიცირება ხორციელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებული კონსოლიდირებული სამართლებრივი აქტებით . „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-5 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით არ ხორციელდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემა. საბაჟო კონტროლის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და საერთაშორისო აეროპორტები, ამ მიზნით, განხორციელდა როგორც პუნქტების დამატებითი აღჭურვა, ისე საკადრო რესურსის დამატება. პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით, ხორციელდება 50 მაღალპრიორიტეტული, სენსიტიური საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება ევროკავშირის ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG TAXUD), ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG FISMA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე აშშ-ის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებთან.

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება. ამასთანავე, 1200-ზე მეტ შემთხვევაში, იმპორტზე/ექსპორტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა იმპორტიორთა/ექსპორტიორთა ზეპირ/წერილობით მოთხოვნებზე. სსიპ − შემოსავლების სამსახურის მოთხოვნითა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გაიმართა სსიპ − შემოსავლების სამსახურის სამუშაო ჯგუფის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასწავლო ღონისძიებები/სამუშაო შეხვედრები. კერძოდ, შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით, მიეცა დაშვება სანქციების სასწავლო ელექტრონულ მოდულზე, გაიმართა სასწავლო ღონისძიებები საქართველოში, ასევე სამუშაო შეხვედრები სსიპ − შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასა და შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინის დეპარტამენტის, საზღვრის დაცვისა და საბაჟოს ხელმძღვანელ პირებს შორის. ევროკავშირის ორგანიზებით (TAIEX), გაიმართა სასწავლო/სამუშაო შეხვედრები, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებმა გაუზიარეს სანქციების აღსრულების პრაქტიკა თავიანთ კოლეგებს საქართველოში“,- ნათქვამია მოხსენებაში.

"ინტერპრესნიუსი"