"9 წელი ვეძებე და  ვიპოვე, შოკი მივიღე, აღმოჩნდა, რომ ჩემი თანაკლასელი, რომელთანაც  ერთ მერხზე ვიჯექი ჩემი ძმაა" - რას ჰყვება ქალბატონი, რომელმაც დიდხნიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლების კვალს მიაკვლია? - კვირის პალიტრა

"9 წელი ვეძებე და  ვიპოვე, შოკი მივიღე, აღმოჩნდა, რომ ჩემი თანაკლასელი, რომელთანაც  ერთ მერხზე ვიჯექი ჩემი ძმაა" - რას ჰყვება ქალბატონი, რომელმაც დიდხნიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლების კვალს მიაკვლია?

9 წლიანი ძებნის შემდეგ, ქალბატონმა ნინო მძლეურმა 39 წლის ასაკში ბიოლოგიური მშობლებს მიაკვლია და როგორც აღნიშნავს, ბიოლოგიური ძმა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც ერთ მერხზე იჯდა.

"9 წელი ვეძებე და ვიპოვე, მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს... გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე, აღმოჩნდა, რომ ჩემი თანაკლასელი, რომელთანაც ერთ მერხზე ვიჯექი, ჩემი ძმაა, მამის მხრიდან!!!

გაიკეთეთ ტესტი!

გამზრდელო დედებო, უთხარით სიმართლე თქვენს შვილებს, თუნდაც მწარე იყოს, ყველამ უნდა იცოდეს თავისი წარმომავლობა, არავინ იცის, ცხოვრება ვის რას უმზადებს", - წერს ნინო მძლეური სოციალური ქსელის ცნობილ ჯგუფში "ვეძებ".

kvirispalitra.ge - დაუკავშირდა ამბის მთავარ გმირს, რომელმაც დიდხნიანი ძებნის შემდეგ გაარკვია მისი წარმომავლობა.

- ვიზრდებოდი ბებია-პაპასთან, რადგან გამზრდელ დედას ჩემი შვილად აყვანა არ ნდომებია. გამზრდელი მშობელები თბილისში ცხოვრობდნენ, მე კი - გურჯაანში. 8 წლის ვიყავი, ბებია სახლს ალაგებდა და ძველებურ ჩემოდანში რაღაც საბუთები ვნახე, ბავშვური ცნობისმოვარეობით ვათვალიერებდი ამ ჩემოდანში ნივთებს, გამოვიღე საქაღალდიდან საბუთები და დავიწყე კითხვა, აყვანილ ბავშვზე იყო ნაწერები, საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის, რომ გამეაზრებინა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო აყვანილი ბავშვი. ბებომ რომ ნახა რას ვაკეთებდი, წამართვა ქაღალდები. დროის გასვლის მერე სულ ამ ამბავზე ვფიქრობდი, ძალიან ცუდად ჩამრჩა გონებაში, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ აყვანილი ბავშვი ჩემი გამზრდელი დედა იყო. 10 წლის ვიყავი, როცა გამზრდელი ბებია გარდაიცვალა და ჩემს გამზრდელ დედას მოუწია ჩემთან ყოფნამ. ის გარდაცვლილია, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცუდი პიროვნება იყო, საშინელი ბავშვობა მქონდა, ყველას ახსოვს, როგორ მექცეოდა. ამ ყველაფრის ფონზე გამიჩნდა ეჭვი, რომ აყვანილი ბავშვი ვიყავი მე, თან რამდენჯერმე მოვისმინე მეზობლების საუბარი, ეუბნებოდნენ, იცოდე, გაიგებს და წავაო. თანდათან, სულ უფრო მეტად ვიყავი დარმწუნებული, რომ ნაშვილები ვარ, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა.

ჩემი პირველი მეუღლე სულ მაძახებდა, ვისი დაგდებული ხარო... ის ჩემი ნათესავების ახლობელი იყო და როგორც ჩანს, იცოდა ჩემი ამბები.

- როგორ მიაკვლიეთ ბიოლოგიური მშობლების კვალს?

- 8 წლის წინ დამეღუპა გამზრდელი დედა და მარტო დავრჩი შვილთან ერთად. ორმოცი დღე არ იყო გასული, მითხრეს, მოიძიე შენი ამბავი, აყვანილი ხარო. რა საბუთებიც მე ბავშვობაში ვნახე, რეალურად ყოფილა გაყალბებული, როგორც ჩანს, გამზრდელმა ბებომ კვალის დაფარვის მიზნით გააყალბებინა სამშობიაროში. ამბის გარკვევისას, ახლობელმა ქალმა თქვა, რომ ჩემი დაბადების მოწმობა ჰქონდა ნანახი. აღმოჩნდა, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გამაჩინა შეყვარებულისგან და მიმატოვა იმის გამო, რომ არასასურველი შვილი ვიყავი.

- დაუკავშურდით ბიოლოგიურ დედას? ცოცხალია?

- არ გამოსულა ამ დრომდე კონტაქტზე, ჩემს გვერდით, მეზობელ სოფელში ცხოვრობს. მე ადრე გადაცემა "პროფილშიც" ვისაუბრე ამ საკითხზე და არავინ გამოჩნდა, ძებნა არ შემიწყვეტია და სოციალურ ქსელში ჯგუფი რომ არის "ვეძებ", იქ დავიწყე წერა. ძალიან დამიჭირეს მხარი, ტესტი მიყიდეს. ერთი წელი არ არის გასული, რაც ანალიზი გავიკეთე, ვფიქრობდი, რომ ვინმე დამეკონტაქტებოდა ტესტის დახმარებით. შვილი მყავს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი წარმომავლობა ვიცოდე. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი მონაცემებში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ფიქსირდებოდა, როგორც ჩემი ახლო ბიძაშვილი.

- მეტი დეტალი გვითხარით ტესტზე... თუ თქვენ არ იცოდით ვინ იყვნენ ბიოლოგიური მშობლები და შესაბამისად, არ მიგიმართავთ არავისთვის, რომ თქვენთან ერთად გაეკეთებინა დნმ-ის ტესტი, ახლო ბიძაშვილის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- საქმე იმაშია, რომ ეს გოგონა თვითონ ეძებდა სამშობიაროდან მოპარულ ძმას და მისი მონაცემები უკვე ფიქსირდებოდა ერთიან ბაზაში, მე როცა ტესტი გავიკეთე, ამის მერე მოხდა ჩვენი ტესტების მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და აღმოჩნდა ყველაზე ახლო ბიძაშვილი დედის მხრიდან... დამიკავშირდა თამუნა მუსერიძე, "ფეისბუქის" ლინკებიც ჩამიყარა და მითხრა, რომ მიმეწერა ნათესავებისთვის. პირველად მივწერე ჩემს ბიოლოგიურ ნახევარდას, რომელიც შემპირდა, რომ დამეხმარებოდა დედის გაცნობაში, მის ნათესავებს აქვთ სურვილი ჩემთან ურთიერთობის, მაგრამ დედა ჯერჯერობით არ გამოდის კონტაქტზე. ოჯახი ჰყავს და ვფიქრობ, არ უნდა ძველი შეცდომების გამომზეურება. ვთხოვე, რომ მამის სახელი ეთქვა.

- თქვენ დაწერეთ, რომ ძმა იპოვეთ მამის მხრიდან. თუ დედამ არ გითხრათ, როგორ მიაგენით მამის ოჯახს?

- მე თვითონ დავიწყე ძებნა. გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, თუ ვინ არის ბიოლოგიური მამა. ეჭვიც არ არსებობს, რომ სიმართლე დავადგინე. მოწოდებულ ფოტოზე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბიოლოგიური ძმა მამის მხრიდან იყო ჩემი კლასელი და ერთ მერხს ვიყოფდით. აღმოჩნდა, რომ დედაჩემი და ჩემი ძმის ბიოლოგიური დედა ერთდროულად იყვნენ ორსულად. ჩემი ძმა არის რამდენიმე დღით ჩემზე პატარა.

- როგორ შეხვდნენ ამ ამბებს?

- უჭირთ აღიარება. ძალიან დიდი სირთულეები გამოვიარე, არაფრის ამბიცია არ მაქვს, ვნახოთ, რა მოხდება.

- როგორ გაიხსენებთ იმ ბავშვთან ურთიერთობას, რომელიც, დიდ ასაკში გაიგეთ, რომ თქვენი ძმაა?

- არაჩვეულებრივი მოსწავლე, ძალიან კარგი ბიჭი იყო, მეც ძალიან კარგად ვსწავლობდი.

- მამის ნათესავები გამოვიდნენ კონტაქზე?

- მამიდა მყოლია, სამწუხაროდ, კონტაქტზე არ გამოვიდა... თუ სურვილი ექნებათ და მომთხოვენ, ცეცხლის ფასი რომ დამიჯდეს, დნმ-ის ანალიზს გავიკეთებ, მათ დასარწმუნებლად. მე ვერ დავასახელებ იმ პირებს, რომლებმაც სიმართლე გამიმხილეს...

ბიოლოგიური მამა დაღუპულია, ცოცხალი აღარაა მისი მეუღლეც. მამის მხრიდან ძმა მყავს ჩემი ტოლი და და 3 წლით უფროსი. გურჯაანში ყველაფერი გაუყიდიათ, საქართველოში არ ცხოვრობენ, საზღვარგარეთ არიან წასულები. არ ვიცი, რამდენად მოისურვებენ ჩამოსვლას და ჩემთან ურთიერთობას. მთავარია, გავიგე, ვინ ვარ. მომავალი გვიჩვენებს, რა როგორ იქნება.

ჩემმა გამზრდელმა მამამ წლების წინ მიატოვა ჩემი გამზრდელი დედა, რუსეთში წავიდა და არც მასთან მაქვს ურთიერთობა. ბებიაჩემის სურვილი იყო, რომ შვილი აეყვანათ.