სკანდალური ამერიკული ისტორია - ტრამპი: სამარცხვინო კანდიდატი თუ ბაიდენის მომხრეების დევნის მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

სკანდალური ამერიკული ისტორია - ტრამპი: სამარცხვინო კანდიდატი თუ ბაიდენის მომხრეების დევნის მსხვერპლი?!

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია-კომენტარი სათაურით „აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ქცევა სამარცხვინოა, მაგრამ დონალდ ტრამპის სამართლებრივი დევნაც მცდარი და კონტრპროდუქტიულია“, რომელშიც განხილულია უპრეცედენტო სიტუაცია, შექმნილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პირველად აშშ-ის ისტორიაში ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი გასამართლებული იქნა მძიმე ბრალდებით, თანაც 34 ეპიზოდით. ეს ისტორიული სირცხვილი ამერიკელებისათვის ერთდროულად შოკში ჩამგდებიც უნდა იყოს და იმ რწმენის განმამტკიცებელიც, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს.

მაგრამ იმას, რომ დონალდ ტრამპის გასამართლება ამერიკელებს ვერც შოკში ვერ ჩააგდებს და ვერც რწმენას ვერ განუმტკიცებს, ნაწილობრივ მოწმობს თვით მისტერ დონალდ ტრამპის უსირცხვილობა, ნაწილობრივ კი მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სადაო ხასიათი.

რა თქმა უნდა, ნაფიცი მსაჯულების მიერ ექს-პრეზიდენტის დამნაშავედ აღიარება ადასტურებს ფუნდამენტურ ამერიკულ პრინციპს, რომლის თანახმად, ვერც ერთი მოქალაქე ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სამართლებრივი დევნა, სავარაუდოდ, კანონის უზენაესობის პრინციპს უფრო შეასუსტებს, ვიდრე განამტკიცებს.

თვითონ განსაჯეთ: სამართლებრივი საკითხების ექსპერტების თქმით, მიუხედავად მარავალრიცხოვანი გასაჩივრებისა, არცე რთი აპელაცია არ იქნება განხილული ნოემბრის არჩევნებამდე და მის შემდეგაც ხანგრძლივი დროის მანძილზე. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად გაუადვილებს საქმეს დონალდ ტრამპის მომხრეებს და ადვოკატებს ამტკიცონ, რომ მათი კლიენტი მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების მიკერძოებული მოქმედების მსხვერპლს წარმოადგენს. ისიც საეჭვოა, თუ როგორ იქნა შერჩეული ნაფიცი მსაჯულები. „ავი ენები“ ამბობენ, რომ მათი შერჩევის პრინციპი დაირღვაო. ასევე საყურადღებოა ის, რომ მოსამართლე ხუან მერჩანი დემოკრატებს თანაუგრძნობს, ხოლო მანჰეტენის საოლქო პროკურორი ელვინ ბრეტი დემოკრატიული პარტიის წევრია. უფრო მეტიც: პროკურორი პოსტზე მას შემდეგ იქნა არჩეული, როცა დაიტრაბახა - მე ყველაზე კვალიფიცირებული და გარკვეული ვარ დონალდ ტრამპის საქმეებშიო. ამ ფაქტმა ყოფილ პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტი საფუძველი მისცა ემტკიცებინა, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია მისი ოპონენტის - ჯო ბაიდენის მოკავშირეების მხრიდან.

კაცმა რომ თქვას, პორნოვარსკვლავთან დაკავშირებული საარჩევნო ბუხჰალტერიის დარღვევების საქმე დონალდ ტრამპს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ხელს უშლის თეთრ სახლში დაბრუნებაში. ჯერ-ჯერობით არ განიხილება 2021 წლის 6 იანვრის საქმე (ამბოხების ბრალდებით), რომელიც მისთვის უფრო მეტი საფრთხის მომტანია, ვიდრე საარჩევნო კანონდარღვევა სთორმი დენიელსისათვის ათასობით დოლარის გადახდის დროს.

თავის დროზე დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში რესპუბლიკელებს შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო და პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალური წამოყენებისათვის აქტიური აღმასვლა დაიწყო. დღეს კი რას ვხედავთ? ყოფილი პრეზიდენტის ამაყმა დაუმორჩილებლობამ სამართლებრივი შეზღუდვების მიმართ, მათ შორის იმ ფაქტმა, რომ მან, აკრძალვის მიუხედავად, მაინც მიიღო მონაწილეობა მიტინგში თავის ათასობით მომხრესთან ერთად, ხელი შეუწყო „ძლიერი ადამიანის“ იმიჯის ჩამოყალიბებას დონალდ ტრამპისათვის. მისტერ ჯო ბაიდენი, თავისი ფერმკრთალი წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, ყველანაირად ცდილობს ისარგებლოს ოპონენტის იურიდიული პრობლემებით, მაგრამ ერთგვარი შენიღბვით, რომ ეჭვი არავინ არ შეიტანოს პოლიტიკურ სარჩულში.

შესაძლოა, ეს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც ზოგიერთი გამოკითხვის შედეგებშია ნაჩვენები, დამოუკიდებლად მოაზროვნე რესპუბლიკელ ამომრჩევლებზე გავლენას მოახდენს და თავიანთ კანდიდატს უნდობლობას გამოუცხადებენ. და თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ დუმილის გამო სთორმი დენიელსისათვის ფულის გადახდა დონალდ ტრამპს შეიძლება პრეზიდენტად მეორედ არჩევაში დაეხმაროს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო