სოხუმში ეშმაკები ელანდებათ: "სეპარატისტებს ეშინიათ, რომ პუტინი აფხაზეთს ქართველებს დაუთმობს" - რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე?! - კვირის პალიტრა

სოხუმში ეშმაკები ელანდებათ: "სეპარატისტებს ეშინიათ, რომ პუტინი აფხაზეთს ქართველებს დაუთმობს" - რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე?!

მძაფრი გამოხმაურებები მოჰყვა აფხა­ზეთის ე.წ. საგარეო უწყებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "ჩვენი "აღთქმული მიწა", ანუ ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

გარდა სეპარატისტული ხელისუფლებებისა, ამ გზავნილის გამო "ქართულ ოცნების" რიტორიკა მოსკოვშიც დაიწუნეს.

"როგორ დაიბრუნებს საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის მფარველობაში და სახელმწიფოებად აღიარებულნი არიან, ნამდვილად არ მესმის", - ასე უპასუხა კობახიძეს რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა კი განაცხადა, რომ მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს 2030 წელს, საქართველოს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ახლა მთავარია უცხო სახელმწიფოებისგან დაფინანსებული­ პირები კანონით აღირიცხონ, დანარჩენი კი ყველაფერი "ეშმაკისგან ნაკარნახევია".

სოხუმში ითქვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი ცდა, "დააბრუნოს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში", აბსოლუტურად უპერსპექტივოა და ასეთი პოპულისტური განცხადებები მორიგი არჩევნების წინ მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ "საქართველოს 30 წელია სურს ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ და ეს ვის უკვირს?! - და დასძინა, - კონფედერაციის საკითხების ან ამ სახელმწიფოსთან რაღაც სხვა ურთიერთობის განხილვას ჩვენ არ ვგეგმავთ".

ცხინვალში ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება: "აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე".

მიუხედავად ამ განცხადებებისა, სოხუმში ისევ აქტიურად კამათობენ თემაზე, მიდის თუ არა მათ ზურგს უკან რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები აფხაზეთის დათმობაზე და რა უნდა გააკეთონ ამ ხიფათისგან თავის დასაღწევად.

ვეტოს დაძლევას გრიგორი კარასინი გამოეხმაურა. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა ხასიათი და სიმწიფე!"- დაწერა კარასინმა ტელეგრამ-არხზე.

ამას გამოეხმაურა ცნობილი აფხაზი­ ჟურნალისტი ინალ ხაშიგი. მისი თქმით, ახლა უკვე დროა სცენაზე კონფედერაციის დროშაც გამოიტანონ. "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ერთ-ერთი პირველია, ვინც სოხუმში კონფედერაციის შესახებ ფარულ მოლაპარაკებებზე დაიწყო ლაპარაკი. მისი მოსაზრებით, ამ კანონის მიღება არის თბილისის ერთგულების ფიცი და ამას უკვე სხვა ნაბიჯები მოჰყვება - ეს არის საქართველოს საგარეო ვექტორის ცვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და უარი ევროკავშირსა და ნატოზე.

ხაშიგი გამოეხმაურა კობახიძის განცხადებასაც ოსებსა და აფხაზებთან ერთად ევროკავშირში გაწევრებაზე, რომ ეს არის ფანტასტიკური და ილუზორული დაპირებები, რადგან აფხაზებისა და ოსების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის დახმარებით კონფედერაციის ფორმატით შეიძლება მოხდეს და თუ ეს მოხდება, მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას საქართველოს, შევიდეს ევროკავშირში.კონფედერაციის თემაზე ილაპარაკა აფხაზმა პოლიტოლო­გმა ასტამურ ტანიამაც­. მისი აზრით, ეს პოლიტიკური პროპაგანდაა, თუმცა აფხაზები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ და თუკი კონფედერაციაზე მოლაპარაკებები მაინც დაიწყება, ორი მთავარი პირობა უნდა წამოაყენონ: ჟენევის დისკუსიებში თბილისმა აფხაზეთი უნდა აღიაროს კონფლიქტის მხარედ და უნდა გააუქმოს "ოკუპაციის შესახებ" კანონი.

"კონფედერაციაზე საუბრის დაწყება და ამ ხელისუფლების დასრულება ერთი იქნება“

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ქართულ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ხალხის ზურგს უკან ფარული მოლაპარაკებები კონფედერაციის შესახებ, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ვერსიები გამოვთქვათ. იმ შემთხვევაშიც, თუ არის და იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის, მოსკოვს რაღაც უნდა ეთქვა სოხუმისა და ცხინვალის დასამშვიდებლად, რადგან სოხუმში ამ საკითხის გამო შესაძლოა მღელვარებაც დაწყებულიყო და ახლა ეს კრემლს არ სჭირდება. განსაკუთრებით არ სჭირდება ჩვენი არჩევნების წინ, რომ აფხაზეთში რამე მოხდეს, ამიტომ კარასინისა და ზატულინის განცხადებები უფრო დასამშვიდებლად გაკეთდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ აფხაზებმა არ მიიღეს არც "აგენტების კანონი" და არც "აპარტამენტების კანონი", რასაც რუსეთი მათგან ითხოვს, და ამიტომ გამორიცხული ისიც არ არის, კარასინის განცხადება აფხაზების გაფრთხილებაც იყოს, თუ არ მიიღებთ კანონებს, კონფედერაცია გელოდებათო.

- კარასინისა და ზატულინის განცხადებების შემდეგ სოხუმში კონფედერაციაზე შფოთვა ისევ აქტუალური იქნება?

- სამწუხარო იქნება, თუ ჩაწყნარდება,­ ინერვიულონ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონფედერაცია არ გვაწყობს. თუკი დავუშვებთ, რომ კონფედერაციაზე ფარული მოლაპარაკებები არის, როგორც ამას აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ, ეს თემა ქართული მხარისთვის საერთოდ მიუღებელია და იდეალური მოდელია აფხაზებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შამბაც და სხვებიც ამტკიცებენ, რომ კონფედერაციის ფორმატის განხილვა გამორიცხულია. კონფედერაცია თავისი არსით წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების გაერთიანებას. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მერე უნდა შემოვიერთოთ კონფედერაციული მოდელით. მას შემდეგ, რაც მათი სუვერენიტეტი აღიარებული იქნება ჯერ ჩვენ მიერ და შემდეგ მთელი მსოფლიოც აღიარებს, მათ კონფედერაცია არაფერში დასჭირდებათ და მეორე დღესვე გავლენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ამის გარანტია რუსეთი იქნება, მაგრამ რუსეთის რაიმე სახით გარანტიად წარმოდგენა ნიშნავს, რომ უნდა დავრჩეთ რუსეთის ვექტორზე და როგორც კი ფეხს გადავდგამთ დამოუკიდებლობისკენ, ისევ გაააქტიურებს ამ თემას. ამიტომაც კონფედერაციის ფორმატი ქართული მხარისთვის მკვდარი თემა უნდა იყოს. თუმცა ბოლო დღეებში კობახიძის გარდა სხვა ოფიციალურმა პირებმაც, ზოგმა პირდაპირ და ზოგმა ირიბად, გააკეთეს მინიშნებები კონფლიქტებთან დაკავშირებით და ამან გააჩინა განცდა, რომ რაღაც ხდება. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო ტრიუკია. სხვა რა შეიძლება შემოეგდო ისეთი მძლავრი თემა, რომ კანონის გამო პროტესტი გადაეფარა?!

- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ კონფედერაციის განხილვაზე საუბარს დაიწყებს?

- კონფედერაციაზე საჯაროდ არავინ არაფერს იტყვის. ამის თქმა და ამ ხელისუფლების დასრულება ერთი იქნება. ირიბად ილაპარაკებენ, გააღვივებენ ჩვენს ფანტაზიას, რომ ხელისუფლება ტერიტორიების დაბრუნებას აპირებს და ეს კანონი და მათი საქმიანობა მთლიანად მიმართულია ამ ტერიტორიების დაბრუნებისკენ. ცინიკურია, როდესაც ამას ამბობს კობახიძე, რომელიც ერთხელაც არ ჩასულა საოკუპაციო ხაზთან და არ დაინტერესებულა, როგორ ცხოვრობს იქ მოსახლეობა.

- პოლიტოლოგ ასტამურ ტანიას თქმით, თუკი კონფედერაციაზე დაიწყება საუბარი, აფხაზურმა მხარემ ჟენევის ფორმატში ორი საკითხი უნდა წამოაყენოს - კონფლიქტის მხარედ აფხაზეთის აღიარება და ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის გაუქმება. ამ მიმართულებით დათმობაზე წასვლა რას მოიტანს?

- "ოკუპაციის შესახებ" კანონი დიდი ხანია ყელში აქვთ გაჩხერილი. ვფიქრობ, აფხაზები ბევრად მნიშვნელოვან მოთხოვნებს წამოაყენებენ, ვიდრე ეს ორი საკითხია.

- აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგიც და რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვიც ამბობენ, რომ მოსკოვმა თბილისისგან მყარი გარანტია უნდა მიიღოს, სხვაგვარად კონფედერაცია ვერ განიხილება. რას მოითხოვს რუსეთი?

- რუსეთი მოითხოვს ქვეყნის სრულ ნეიტრალიტეტსა და ევროკავშირზე უარის თქმას. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩება რუსეთის ჯარი და რუსეთის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებაც. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი და არ დაკარგოს გავლენა ჩვენზე.

"პროპაგანდისტული თემა, ჩვენს ტერიტორიებს ვიბრუნებთო და ა.შ. არ იმუშავებს"

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელს ფონდის მკვლევარი: - კონფედერაცია დამოუკიდებელი ქვეყნების გაერთიანებას ნიშნავს და რა გამოდის, საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს? თან, კონფედერაციიდან გასვლის უფლება აქვს ყველა სუბიექტს და ჩვენ ვუშვებთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გავიდეს კონფედერაციიდან და "დამოუკიდებელი სახელმწიფო" გახდეს? ეს იდეა საფუძველშივე მოღალატეობრივია.

წაიკითხე ვრცლად