პუტინის "ქალთა ბატალიონი": "მოფარცქვალე" მზვერავი ბუტინა, მარია ზახაროვა და მარგარიტა სიმონიანი - როგორვ ნერგავენ რუსები გავლენის აგენტებს სხვადასხვა ქვეყნებში?! - კვირის პალიტრა

პუტინის "ქალთა ბატალიონი": "მოფარცქვალე" მზვერავი ბუტინა, მარია ზახაროვა და მარგარიტა სიმონიანი - როგორვ ნერგავენ რუსები გავლენის აგენტებს სხვადასხვა ქვეყნებში?!

„გავლენის აგენტები“, სხვა „სპეციალობის“ აგენტურისაგან განსხვავებით, სპეციფიკურ ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან. ისინი შესაძლოა წლების მანძილზე იყვნენ სხვა პოლიტიკოსების ჩრდილქვეშ და შესაფერის დროს ელოდებოდნენ „პოლიტიკურ სცენაზე“ გამოსასვლელად.

სპეცსამსახურები ადრეულ (ძირითადად სტუდენტობის პერიოდში) ასაკშივე ავლენენ „გავლენის აგენტობისთვის“ შესაფერის კანდიდატებს. მათ, პირველ რიგში, უნდა ახასიათებდეთ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, განსაკუთრებით რეგიონულ ჯგუფებზე, ზემოქმედების უნარი და პოპულიზმის ნიჭი: მერწმუნეთ, ეს დაბადებიდან მოდის და მისი შემდგომ შესწავლა თითქმის შეუძლებელია. „აგრესიული პოპულიზმის“ საკმაოდ ბევრი მაგალითი გვაქვს საქართველოშიც და უცხოეთშიც. ამასთან ერთად „გავლენის აგენტი“ თავად უნდა იყოს მართვადი ფსიქოტიპის ადამიანი: ამისთვისაა, რომ მას წლობით სწავლობენ და თანდათანობით „ზრდიან“. სპეცსამსახურები ავლენენ მომავალი აგენტის მიზნებსა და მისწრაფებებს, მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ადგენენ მასზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან მეთოდებს (პატივმოყვარეობა, ფანატიზმი, სიჯიუტე, სამაგიეროს გადახდის სურვილი და ა.შ.). სპეცსამსახურები „გავლენის აგენტებს“ განსაკუთრებული მისიისთვის ამზადებენ: მას, როგორც წესი, არ მოეთხოვება საიდუმლო ინფორმაციის სისტემატიური მოპოვება–გადაცემა ან ვინმეს გადაბირება (რათა ნაადრევად არ გაიშიფროს). მას უფრო დიდი მისია ეკისრება: კარდინალური ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გატარება დაინტერესებული ქვეყნის სასარგებლოდ. თავად „გავლენის აგენტები“ სხვადასხვა „კალიბრისა“ არიან: გადაწყვეტილების მიმღებნი და მათი დამხმარენი.

დღეს ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე საჭირბოროტო პრობლემაზე: „გავლენის აგენტების“ გამოვლენისა და დასჯის ამერიკულ გამოცდილებაზე.

2013–2015 წლებში მოსკოვში რუსეთის „იარაღის უფლებების მოძრაობის“ მიერ ტარდებოდა ყოველწლიური კონფერენციები, რომლის ერთ–ერთი ორგანიზატორი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ტორშინის თანაშემწე მარია ბუტინა გახლდათ. ამ შეხვედრების მუდმივი მონაწილენი აშშ–ის რესპუბლიკური პარტიის მახარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები იყვნენ. სწორედ მაშინ „გაშალა ფრთები“ ქალბატონმა ბუტინამ.

2013 წელს მან მოსკოვში გაიცნო ამერიკელი ლობისტი და პოლიტტქენოლოგი პოლ ერიქსონი, რომელსაც ჰქონდა ფართო კავშირები კონსერვატიულ წრეებში და აშშ–ის „მსროლელთა ეროვნული ასოციაციის“ (NRA) ხელმძღვანელობასთან.

picture5-1717482876.jpg

მარია ბუტინა და მისი მომავალი პარტნიორ–მეგობარი პოლ ერიქსონი. 2013 წელი. მოსკოვი.

ბუტინა–ერიქსონის ურთიერთობა სულ მალე ძალზე, ძალზე „მეგობრული“ გახდა. რუსეთის სპეცსამსახურების საწყისი მიზანიც სწორედ ეს იყო. ალექსანდრე ტორშინს ბუტინას გარეშეც ჰქონდა შესანიშნავი ურთიერთობა NRA-ს ხელმძღვანელებთან, თუმცა ქალბატონ მარიას სულ სხვა შარმი გააჩნდა და ის „ყველა ფრონტზე“ წარმატებებს აღწევდა. ამიტომაც 2014 წელს ტორშინმა „რუსი ამორძალი“ ინდიანაპოლისში, NRA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე წაიყვანა. სწორედ იქ გაიცნო ბუტინამ აშშ რესპუბლიკური პარტიის გამოჩენილი ფიგურები: მათ შორის პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან რიკ სანტორუმიც იყო. იმ დროიდან მარია ბუტინა ამერიკის კონტრდაზვერვის (ეფ–ბე–აის) შესწავლის ობიექტი გახდა.

picture4-1717482875.jpg

ბუტინა და პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან რიკ სანტორუმი

2015 წლის გაზაფხულიდან მარია ბუტინა ზეაქტიურად ჩაერთო აშშ–ის შიდა პოლიტიკურ ორომტრიალში, რათა რუსეთის ეროვნული ინტერესები გაეტარებინა. ეს საქმიანობა, რასაც აშშ–ის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტობა ჰქვია, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. 2015 წლის ზაფხულში კონსერვატიულმა ამერიკულმა ჟურნალმა The National Interest-მა გამოაქვეყნა მარია ბუტინას ინგლისურენოვანი სტატია, სადაც იარაღის მოყვარული რუსი ქალბატონი ასაბუთებდა 2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების დიდ სარგებელს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. აშშ–ის ვიზის მიღების მიზნით, 2015 წელს მარია ბუტინამ საბუთები შეიტანა სამაგისტრო პროგრამაზე ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ბუტინასა და ერიქსონს შორის სატელეფონო მიმოწერიდან ეფ–ბე–აიმ გაარკვია, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა მხოლოდ სტუდენტური ვიზის მიღების საბაბი იყო. იმავე მიმოწერიდან ჩანს, რომ ბუტინა მუდმივად მიმართავდა ერიქსონს თხოვნით, დახმარებოდა მას უნივერსიტეტის ქვიზების შესრულებაში და საგამოცდო კითხვებზე პასუხის გაცემაში. პოლ ერიქსონიც მუდამ უსრულებდა თხოვნას. გასაგებია რატომაც.

picture3-1717482875.jpg

პოლ ერიქსონი და მარია ბუტინა

2016 წლის მაისში ლუისვილში გამართულ NRA-ს კონფერენციაზე, სადაც ბუტინა და ტორშინიც იმყოფებოდნენ, ერიქსონი ცდილობდა მოეწყო ტორშინს (როგორც პრეზიდენტ პუტინის ემისარის) და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის პირადი შეხვედრა, თუმცა პოლ ერიქსონმა მხოლოდ დონალდ ტრამპ– უმცროსთან ტორშინისა და ბუტინას შეხვედრის უზრუნველყოფა შეძლო. თავად მარია ბუტინამ, ამერიკელი „მეგობრების“ დახმარებით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპსა და პუტინს შორის საიდუმლო შეხვედრის ორგანიზება სულ მცირე ორჯერ სცადა. თუმცა მაშინ ტრამპმა თავი შეიკავა ამ შეხვედრებისგან.

2016 წლის ოქტომბერში, პოლ ერიქსონმა მისწერა ერთ–ერთ ნაცნობს, რომ ის მონაწილეობდა "კრემლსა და რესპუბლიკელების მთავარ ლიდერებს შორის კომუნიკაციის ძალიან კონფიდენციალური ხაზის დამყარებაში" NRA-ს მეშვეობით. თავის მხრივ ერთ-ერთ ელექტრონულ წერილში მარია ბუტინა ატყობინებდა პოლ ერიქსონს, რომ მათ მიიღეს თანხმობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან „რუსულ-ამერიკული პროექტისთვის“. „ჩვენ მხოლოდ პუტინის თანხმობა გვჭირდებოდა. დანარჩენი უკვე ადვილია“, - აღნიშნავდა რუსი ამორძალი. 2016 წლის ნოემბერში, რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა საერთოდ აღარ მალავდა, რომ აქტიურად მონაწილეობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და რუსეთთან ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი.

რუსი ამორძალი ყველა „ფრონტზე“ აქტიურობდა. 2015 წლის ივლისში ლას ვეგასში მარია ბუტინამ გაიცნო ამერიკული ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიის Overstock-ის დამფუძნებელი, მულტიმილიონერი პატრიკ ბირნი. ეს ნაცნობობა სულ მალე „ახლო მეგობრობაში“ გადაიზარდა. ბუტინა ბირნს მუდმივად სთხოვდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრაში დახმარებას. ფლორიდაში მარია ბუტინა შეხვდა ფრენკ გარსიას, ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანიის მფლობელს და ასევე დაუახლოვდა NRA-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, პიტერ ბრაუნელს.

მარია ბუტინას ამგვარი „ფანცქვალი“ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამერიკის სპეცსამსახურებს. ეფ–ბე–აის ინფორმაციით, მარია ბუტინას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აშშ–ში მოქმედ რუსეთის დაზვერვასთან. ამერიკის კონტრდაზვევამ დააფიქსირა ბუტინასა და დიპლომატის საფარქვეშ მომუშავე რუს დაზვერვის ოფიცერს შორის ერთ–ერთი შეხვედრა.

picture2-1717482875.jpg

მარია ბუტინას შეხვედრა რუსეთის დაზვერის თანამშრომელთან. ეფ–ბე–აის ფარულად გადაღებული ფოტო.

ოპერატიული მეთვალყურეობის, ასევე ბუტინას კომპიუტერსა და სმარტფონზე არმოჩენილი დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული წერილების) შესწავლის შედეგად, 2018 წლის 15 ივლისს, მარია ბუტინა ვაშინგტონში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს აშშ იუსტიციის დეპარტამენტში სათანადო რეგისტრაციის გარეშე უცხო ქვეყნის აგენტად მუშაობა. კერძოდ: ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენის მქონე ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის ინტერესების ხელშეწყობის მიზნით არარეგისტრირებულ საქმიანობა. ბრალდებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ტორშინმა და მარია ბუტინამ მიიღეს თანხმობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან კრემლსა და რესპუბლიკელებს შორის კომუნიკაციის „ფარული არხის“ დამყარების შესახებ. კონტაქტი NRA-ს მეშვეობით ხორციელდებოდა და შესაძლოა, რუსეთმა ამ ორგანიზაციის საშუალებით ფარულად დააფინანსა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია.

2019 წლის აპრილში ამერიკულმა სასამართლომ მარია ბუტინას 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ ბუტინა დეპორტირებული უნდა ყოფილიყო რუსეთში.

ხუთთვიანი სამარტოო საკანში ყოფნის შემდეგ ბუტინამ გადაწყვიტა სასამართლოსთან გარიგება და მას საჯელი ექვს თვემდე შეუცირეს.

2019 წლის თებერვალში ბრალი წაუყენეს 56 წლის პოლიტტექნოლოგსა და ლობისტს პოლ ერიქსონს, მან დანაშაული აღიარა, რის შედეგადაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯეს. თუმცა ამერიკაში „კეთილ ხალხს“ რა გამოლევს: 2020 წლის იანვარში, უკვე დამარცხებულმა დონალდ ტრამპმა პოლ ერიქსონი . . . . . შეიწყალა.

2019 წლის 26 ოქტომბერს მარია ბუტინა, რომელიც სასჯელს იხდიდა აშშ-ში უკანონო ლობისტური საქმიანობის ბრალდებით, რუსეთში დაბრუნდა. 2019 წლის დეკემბერში მარიამ სამსახური მიიღო სატელევიზიო არხზე RT, როგორც პროგრამის წამყვანმა. ხოლო 2020 წელს ბუტინამ გამოაქვეყნა წიგნი "ციხის დღიური", სადაც თავისი რამდენიმეთვიანი პატიმრობის ისტორია ისე აღწერა, რომ დოსტოევსკის „შეშურდებოდა“. ჩემი აზრით ამ რუსულ პროპაგანდისტულ და უნიჭო „შედევრში“ ყველაზე მთავარი და საინტერესო შესავალია, სადაც რუსი ამორძალი აღნიშნავს:

picture1-1717482875.jpg

„მე გადავრჩი და დავბრუნდი სამშობლოში, რადგან ჩემმა ქვეყანამ არ მიმატოვა: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინიდან დაწყებული, ალთაის გარეუბანში მცხოვრებლამდე. მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას . . . ტელევიზია RT-ის მთავარი რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს. .. . . მეწარმე და საზოგადო მოღვაწე მიხაილ ხუბუტიას“. მართლაც რომ „კარგი“ შემადგენლობაა! მიუხედავად იმისა, რომ მარია ბუტინა არჩევნებში დამარცხდა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირდაპირი ჩარევის შემდეგ 2021 წლის სექტემბერში მაინც გახდა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და დღესაც „დიდ“ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა.

რაც უფრო მნიშვნელოვანია „გავლენის აგენტი“, მით უფრო ღრმადაა ის დამალულ–დაშიფრული. ამიტომაა გასაკვირი მარია ბუტინას ამგვარი აშკარა მოქმედებები: წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ის ეფ–ბე–აის მეთვალყურეობის ობიექტი გახდებოდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ რიგ შემთხვევებში (თუნდაც იგივე ეკატერინა ზატულივეტერის შემთხვევა გავიხსენოთ) რუსეთის სპეცსამსახურები შეგნებულად წირავენ „პაიკ–აგენტს“ (როგორც წესი ახალგაზრდა გამოუცდელ–გამოცდილ ქალბატონს), რათა პარტია მოიგონ. რატომ? ამით ისინი ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ მეორე და მესამეხარისხოვან „დამხმარე აგენტებზე“, რათა მთავარმა აგენტებმა მოქმედებების მეტი თავისუფლება მიიღონ. ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა: მარია ბუტინა ის „აგენტი სატყუარა“ იყო, რომელიც უნდა ჩავარდნილიყო, რათა ძირითადი აგენტურისგან ყურადღება და ეჭვი აეცილებინა.

(დასასრული)