ომის ისტორიაში პირველად: ზელენსკი პუტინის "ტრიუმფებს" რუსეთისავე ტერიტორიაზე დაერია - როგორ გაამწარეს რუსები - კვირის პალიტრა

ომის ისტორიაში პირველად: ზელენსკი პუტინის "ტრიუმფებს" რუსეთისავე ტერიტორიაზე დაერია - როგორ გაამწარეს რუსები

ტაბუს მოხსნამ შედეგი გამოიღო - უკრაინელები ამერიკული „ჰაიმარსებიდან“ რუსულ „ტრიუმფებს“ რუსეთისავე ტერიტორიაზე დაერივნენ...

უკრაინის გენშტაბმა აღარ დაახანა და თეთრი სახლიდან ტაბუს - ამერიკული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე არგამოყენების პირობის ნაწილობივ მოხსნისთანავე, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ძალზე წარმატებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა...

თავად რუსი სამხედროების მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეოკადრებში კარგად მოჩანს, რომ უკრაინელების ზუსტ სარაკეტო დარტყმას, განხორციელებულს „ჰაიმარსიდან“ M30A1 GMLRS ტიპის მართვადი რაკეტებით, მოჰყვა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400 «Триумф» -ის რამდენიმე გამშვები დანადგარის და მანქანის დაზიანება/განადგურება, მათ შორის 5П85СМ2-01 ტიპის ორი სარაკეტო დანადგარის და ერთი БАЗ-69092 ტიპის გამწევის განადგურება, ხოლო იქვე მდგარი ორი მობილური რადიოლოკატორი 92Н6 და 96Л6 სერიოზულად დაზიანდნენ -რადიოლოკატორის 92Н6-ის ანტენაზე რამდენიმე ათეული ნახვრეტი გამოჩნდა „ჰაიმარსის“ რაკეტის კასეტური ქობინის აფეთქების შედეგად...

1-t-1717506118.jpg
რუსული სამხედრო პროპაგანდა საზენიტო-სარაკეტო სისტემას С-400 «Триумф» -ს მსოფლიოში საუკეთესოდ და აუფეთქებლად წარმოსახავდა, უკრაინასთან ომმა კი სხვა რეალობა წარმოაჩინა...

არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია ყველაზე თანამედროვე სერიული რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400 «Триумф» -ის საბრძოლო მზადყოფნიდან გამოყვანაზე, რაც პირველად მოხდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ასე ნაქები რუსული „ტრიუმფი“ უკრაინელებმა ორჯერ უკვე „დასაჯეს“ ჯანკოიში და ერთხელაც ოკუპირებული დონეცკის ოლქის მოსპინოსთან...

2-t-1717506119.png
რუსეთის ბელგოროდის რაიონში აფეთქებული და ცეცხლწაკიდებული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400 «Триумф» -ის გამშვები სარაკეტო დანადგარები...

საზენიტო „ტრიუმფი“ რუსეთმა შეიარაღებაში 2007 წელს მიიღო და მისი ერთი სისტემა ოთხი დივიზიონის შემადგენლობით(ერთ დივიზიონში ოთხი სარაკეტო გამშვები შედის, თითოეულ გამშვებზე ოთხი საზენიტო რაკეტაა კონტეინერებში განთავსებული)თურქეთს 2,5 მლრდ დოლარად მიჰყიდა.

„ტრიუმფის“ სხვადასხვა ტიპის საზენიტო რაკეტები შესაბამისად 120, 250 და 380 კმ-მდეც კი სწვდებიან საჰაერო მიზანს და შესაბამისად, ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მცირერიცხოვანი უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავებისთვის და საფრთხის დონე გაიზრდება მაშინ, როდესაც უკრაინა ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან F-16 ტიპის გამანადგურებლების მიღებას დაიწყებს...

3-t-1717506119.png
უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად იწვის БАЗ-69092 ტიპის გამწევი, რომელზეც „ტრიუმფის“ მართვის პუნქტია ჩაბმული...

ამიტომაც უკრაინის გენშტაბმა ღია ნადირობა გამოაცხადა რუსულ „ტრიუმფებზე“ ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო ამერიკული ტაბუს მოხსნის შემდეგ კი უშუალოდ რუსეთის მიწაზეც...

რუსი სამხედრო პროპაგანდისტები აღარ მალავენ გაბრაზებას თავის გენერლებზე, რომლებმაც ჭკუა ვერ ისწავლეს და „ტრიუმფის“ სისტემაში შემავალ მობილურ სარაკეტო გამშვებ დანადგარებსა და მობილურ რადიოლოკატორებს ერთმანეთთან ისე ახლოს ათავსებენ, რომ უკრაინელების მიერ გამოშვებულ „ჰაიმარსის“ ერთ მართვად რაკეტასაც კი ბევრი მათგანის დაზიანება/განადგურება შეუძლია საბრძოლო ქობინში ჩამონტაჟებული რამდენიმე ათასი ვოლფრამის პატარა ბურთულით...

4-t-1717506118.jpg
რუსული „ტრიუმფის“ რადიოლოკატორის ანტენაზე წითლადაა მონიშნული ის დაზიანებები, რაც უკრაინელების გაშვებული „ჰაიმარსის“ რაკეტის საბრძოლო ქობინიდან დიდი სიჩქარით გატყორცნილმა ვოლფრამის ბურთულებმა „ჩაიდინეს“...

P.S. ერთადერთ სახმელეთო სარაკეტო სისტემას, რომლებითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები სისტემატურად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს და რომელიც ჯერ ვერ აუფეთქებიათ უკრაინელ სამხედროებს, რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო „ისკანდერები“ წარმოადგენენ, მაგრამ მათ საცეცხლე პოზიციამდე მისაღწევად იმავე ბელგოროდის რაიონში,აუცილებლად 300 კმ-მდე მფრენი ATACMS - ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტებია საჭირო, რომელთა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე ტაბუ ვაშინგტონს კიევისთვის ჯერ კიდევ არ მოუხსნია...