"აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი თავდასხმის საგანი გახდა „ქართული ოცნების” მხრიდან" - კვირის პალიტრა

"აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი თავდასხმის საგანი გახდა „ქართული ოცნების” მხრიდან"

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

„ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი ევროატლანტიკური სივრცის საერთო ხედვას ეფუძნებოდა…

სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც [პარტიის] დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. „ქართულმა ოცნებამ” ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური „უცხოური აგენტების კანონის” პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიუხედავად…

ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა. რაც უფრო უარესია, ეს „უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა.

სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, და ფიზიკურადაც თავს ესხმიან მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაამტვრიეს”, - განაცხადა უილსონმა.

"ინტერპრესნიუსი"