პუტინის ევროპული დივერსიები: აფეთქებები, ხანძრები და კიბერშეტევები - დასავლეთი შურისძიებისთვის ემზადება?! - კვირის პალიტრა

პუტინის ევროპული დივერსიები: აფეთქებები, ხანძრები და კიბერშეტევები - დასავლეთი შურისძიებისთვის ემზადება?!

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) თავის 5 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით - „დასავლეთი ცდილობს, რუსეთის დივერსიების მცდელობებს პასუხი მოუძებნოს: კრემლის ჰიბრიდული ომის საიდუმლო“ (ავტორები - ჯომ-პოლ რედბოუნი, ჰენრი ფოი და რაფაელ მინდერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლეთის მთავრობები დიდი ძალისხმევით ცდილობენ, რეაგირება მოახდინონ რუსეთის მზარდ კამპანიაზე - საბოტაჟის, დივერსიების და სხვა მადესტაბილიზებელი მოქმედების წინააღმდეგ, რომლებშიც იგულისხმება სამხედრო ბაზებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაწვა-განადგურება და დაზიანება, მთელი ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი ხდება რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ხელმძღვანელობით, რომლის მიზანს წარმოადგენს, შიში და ეჭვები დათესოს უკრაინის მოკავშირეებში, შეაფერხოს და ჩაშალოს სამხედრო ტვირთების მიწოდება და, უბრალოდ, შეამოწმოს დასავლეთის გამბედაობა.

„რუსეთი ცდილობს, თავი ძლევამოსილად წარმოადგინოს და ფიქრობს, რომ ჩვენ საზოგადოებას შეაშინებს და რომ ჩვენს ცხოვრებას უბედურებად გადაგვიქცევს“, - ამბობს „ფაინენშელ ტაიმსთან“ საუბარში ედგარ რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი, - "ეს არის, აგრეთვე, ჩვენი რეაქციის შემოწმებაც... თუ რეაგირებას არ მოვახდენთ, კრემლის შეტევები უფრო ხშირი და ძლიერი გახდება“.

პრეზიდენტის თქმით, ნატოელი მოკავშირეები ფიქრობენ, თუ როგორ მოახდინონ რეაგირება ისე, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით (კოლექტიური თავდაცვა) არ ისარგებლონ. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავუშვებთ რუსეთისაკენ რაკეტებს, რომელიმე წვრილმასშტაბიან ინციდენტთან დაკავშირებით“, - დაამატა ედგარ რინკევიჩმა.

რასაკვირველია, ნატოს ხელმძღვანელობამ კარგად უწყის, რომ რუსეთის დაზვერვას უამრავი აგენტი ჰყავდა და ახლაც ჰყავს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე. ისინი განსაკუთრებით გამოცოცხლდნენ და აქტიურები გახდნენ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. ყოველდღიური სტატისტიკა ხანძრების, ავარიების, აფეთქებების, კიბერშეტევების თუ სხვა ინციდენტების თაობაზე ახლა უფრო ავბედითად მოჩანს, ვიდრე - ომის დაწყებამდე იყო.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ „მოსკოვი ჩვენს შეშინებას ცდილობს და ამიტომ უკიდურესად აუცილებელია, კრემლს ამის ნება არ მივცეთ, მოვემზადოთ და შესაფერისი პასუხი გავცეთ“.

პოზიცია სწორია, მაგრამ - როგორ? ერთ-ერთი დასავლელი სამხედრო ექსპერტის თქმით, „რუსეთი მაღალ დონეზე განვითარებულ მეთოდებს ფლობს ჰიბრიდული ომებისათვის და მას სისტემატურად იყენებს ყველა მიმართულებით - საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და თუნდაც - აფეთქებების მოსაწყობად, წინასწარ ფარულად ამზადებს ნიადაგს და გარემოს. დასავლეთი კი, პირიქით, იმდენად ჩამორჩა ცხოვრებას, რომ წარმოდგენაც არ აქვს, თუ რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი... თავის მხრივ, მოსკოვი გამუდმებით თვალს ადევნებს ჩვენს რეაქციას და ამოწმებს, მისი მეთოდებიდან თუ რომელი მუშაობს უკეთესად და რომელი - არა“.

ერთ-ერთი პრობლემა გამოიხატება იმით, რომ მომხდარი ინციდენტები ხშირად შემთხვევითად მოჩანს და, თითქოსდა, უკრაინას არანაირად არ უკავშირდება: მაგალითად, ხანძარი ლიეტუვას მაღაზია Ikea-ში, რომელიც გასულ თვეში მოხდა. არის ვარაუდები, რომ მასში უცხოელი დივერსანტების ხელი ურევია.

ინციდენტების მიღმა ხშირად უშუალოდ სპეცსამსახურების თანამშრომლები კი არ დგანან, არამედ - მათი სანდო პირები, გადაბირებული მოქალაქეები, რაც აბრკოლებს მათ იდენტიფიცირებას რუსეთის დაზვერვასთან. კრემლი თანმიმდევრულად უარყოფს ევროპული მთავრობების ბრალდებებს ჰიბრიდული ომის წარმოებაში.

დასავლეთის კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთის დაზვერვის სანდო პირების ფართო ქსელის არსებობამ განაპირობა ის, რომ ამას წინათ ევროპის ქვეყნებიდან მასობრივად იქნენ გაძევებულები რუსი დიპლომატები, იგივე რეზიდენტები, რომლებიც „გადაბირებული სანდო პირების“ ქსელებს ხელმძღვანელობდნენ. დღეისათვის რუსეთის სპეცსამსახურები „სანდო პირებს“ ხშირად დანაშაულებრივ ჯგუფებში ეძებენ, „ქირაობენ“ მათ და დავალებებს აძლევენ, მაგრამ მათი მომზადების დონე დაბალია, ისინი არ ფლობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების ჩვევებს“.

პოლონეთი, უკრაინასთან მიმართებით, ყოველთვის იყო და არის დივერსიული ჯგუფების ყურადღების ცენტრში. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონელმა კონტრმზვერავებმა ათამდე მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ჯაშუშობასა და საბოტაჟში. ისინი გადაბირებულ „სანდო პირებს“ წარმოადგენენ და კავშირი ჰქონდათ რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მოსკოვი პოლონეთის წინააღმდეგ ანალოგიურ, ე.წ. აქტიურ ზომებს მიმართავდა, ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან. განსხვავება ისაა, რომ დღეს სიტუაცია შეცვლილია და კონტრზომების მიღება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. ამჟამად ნატოს ქვეყნებში განიხილება სამი საპასუხო ნაბიჯი, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ.

პირველი - ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული, რომ ჰიბრიდული შეტევები ნამდვილად ხდება, უნდა მოხდეს მათი საჯარო გამომჟღავნება მასმედიის ჩართვით;

მეორე - უნდა გაძლიერდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, უნდა იქნეს დაცული საინფორმაციო სისტემები კიბერშეტევებისაგან. მოსახლეობა საქმის კურსში უნდა იყოს დეზინფორმაციული კამპანიების საკითხში, ყოველი დეზინფორმაცია - მხილებული უნდა იყოს;

მესამე - უნდა გაფართოვდეს საპასუხო მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ: უნდა შეეზღუდოთ გადაადგილება რუს დიპლომატებს, უნდა განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიები რუსეთის მოსახლეობისათვის, თუ რა ნეგატიური შედეგები მოსდევს მათთვის უკრაინის ომს. „თუ თქვენ საშუალოსტატიკური რუსი მოქალაქე ხართ, მაშინ ყოველდღიურად უნდა გახსოვდეთ ის უდიდესი ზარალი და დანაკარგები, რასაც თქვენი ქვეყანა განიცდის ომისაგან“, - ამბობს ელიოტ კოენი, რომელიც ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი იყო, ამჟამად კი - სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრში მუშაობს.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარ პრობლემად მაინც რჩება ის, რომ რუსეთის შეტევები არაპროგნოზირებადია, სხვადასხვა ფორმას იღებს და თუ ასიმეტრიული ზომები იქნება გამოყენებული, შეიძლება, რუსეთთან კონფრონტაციის ესკალაცია გამოიწვიოს, რაც დასავლეთს არ სურს.

ედგარ რინკევიჩსმა საუბრის დროს ილაპარაკა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის გადაჭრის ვარაუდზე, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიძლებოდა ნატოს გემების პატრულირების დაწყება. უფრო ექსტრემალური ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო ბალტიის ზღვის მთლიანად დახურვა, რუსეთის გემებისათვის (ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ ბალტიის ზღვა „ნატოს ზღვას“ წარმოადგენს - ყველა ბალტიისპირა ქვეყანა ნატოს წევრია, შვედეთისა და ფინეთის ჩათვლით), თუნდაც რუსეთმა „ომის გამოცხადებად“ ჩათვალოს.

„ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ [შურისძიების] ყველა ინსტრუმენტის გამოყენებაზე ვიფიქროთ“, - ხაზს უსვამს ედგარ რინკევიჩსი, - "მე არ ვამბობ, რომ ყველა მეთოდის რეალიზება აუცილებელია... მაგრამ თუ ჩვენ საკუთარ თავს შევზღუდავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, უბრალოდ, რუსეთს თავისუფლად მოქმედების ნებას მივცემთ. არადა, რუსები ჰიბრიდული ომის წარმოების ოსტატები არიან“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო