თეთრი სახლის კულუარები: ბაიდენი გარდაცვლილ პრეზიდენტებს ელაპარაკება?! - "თვალებს ისეთი დიდი ხნით ხუჭავდა, რომ შეშფოთდნენ, ხომ არ გაითიშა პრეზიდენტიო" - კვირის პალიტრა

თეთრი სახლის კულუარები: ბაიდენი გარდაცვლილ პრეზიდენტებს ელაპარაკება?! - "თვალებს ისეთი დიდი ხნით ხუჭავდა, რომ შეშფოთდნენ, ხომ არ გაითიშა პრეზიდენტიო"

ამერიკული გაზეთი „უოლ სტრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ჯო ბაიდენი დახურულ კარს მიღმა უძლურობას ამჟღავნებს: 81 წლის პრეზიდენტს ხშირად ლაპარაკის თავიც კი არ აქვს“ (ავტორები - ენი ლინსკი და შივონ ჰიუზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იანვარში კონგრესის შენობაში საკანონმდებლო ორგანოს ლიდერებს (სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერებს, მოადგილეებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს და ა.შ.) ხვდებოდა, უკრაინის დაფინანსების საკითხის გადასაწყვეტად, ხუთი სანდო ადამიანის თქმით, რომლებიც საქმის კურსში არიან, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა: იგი ჩუმად ლაპარაკობდა - ისე ხმადაბლა, რომ ბევრს მისი ნათქვამი არ ესმოდა. ტექსტს წინასწარ დაწერილს კითხულობდა, ხშირ-ხშირად ისვენებდა, ხანგრძლივ პაუზებს აკეთებდა და თვალებს დიდი ხნით ხუჭავდა. ისეთი დიდი ხნით, რომ ზოგიერთები შეშფოთდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ხომ არ გაითიშა პრეზიდენტიო.

როცა თებერვალში ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში წარმომადგენელთა პალატის სპიკერს - მაიკლ ჯონსონს შეხვდა, საუბარი შეეხო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ენერგეტიკული პოლიტიკის ამასწინანდელ ცვლილებებს, რომლებმაც ჩაშლის წინაშე დააყენეს ზოგიერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი. როგორც აღმოჩნდა, ჯო ბაიდენს აბსოლუტურად არ ახსოვდა თავისი პოლიტიკის დეტალები და მიკიბულ-მოკიბულად განაცხადა, რომ საქმე კვლევებს ეხებოდა და არა - პროექტებსო. მაიკლ ჯონსონი შეშფოთებული გამოვიდა ოვალური კაბინეტიდან.

უფრო ადრე, გასულ წელს, როცა ჯო ბაიდენი რამდენიმე დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებში რესპუბლიკელ კონგრესმენებს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის მომატების აუცილებლობაზე ესაუბრებოდა, მისი ქცევის უცნაურმა მანერამ კონგრესის წევრებში გაკვირვება გამოიწვია: ერთ დღეს რომ პრეზიდენტს ყველაფერი ახსოვდა, მეორე დღეს - ავიწყდებოდა. იგი ზოგჯერ თავისუფლად საუბრობდა კონგრესის წევრებთან, ხუმრობდა, ზოგჯერ კი - ფურცელზე ჩანაწერებზე იყო დამოკიდებული და თავისთვის რაღაცას გაურკვევლად ლაპარაკობდა, კითხვებს ყურადღებას არ აქცევდა. ამას მოწმობს წარმომადგენელთა პალატის იმდროინდელი სპიკერი კევინ მაკარტი და კიდევ საქმის მცოდნე ორი ადამიანი.

იანვარში ჯო ბაიდენმა ერთმანეთში აურია ორი თავისი ლათინურამერიკული წარმომავლობის მინისტრი - ალეხანდრო მაუიორკასი და ჰავიერ ბეკერი. თებერვალში, წინასაარჩევნო შემოწირულების ღონისძიების დროს, ჯო ბაიდენმა შეკრებილ მოქალაქეებს უამბო, რომ 2021 წელს „დიდი შვიდეულის“ სხდომაზე იგი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ჰელმუტ კოლს (რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა). იმავე თვეში, მაგრამ უკვე სხვა ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა თქვა, რომ 2021 წელს „დიდი შვიდეულის“ სხდომაზე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს (რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა).

დონალდ ტრამპს, თავის მხრივ, მიმდინარე წლის იანვარში ერთი-ერთი გამოსვლის დროს, თავისი ძირითადი იმდროინდელი ოპონენტი რესპუბლიკური პრაიმერის დროს - ნიკი ჰეილი წარმომადგენლობათა პალატის საპატიო სპიკერ-დემოკრატში - ნენსი პელოსში შეეშალა. გარდა ამისა, მარტში, ვირჯინიის შტატში გამოსვლისას, დონალდ ტრამპს უეცრად დაავიწყდა ჯო ბაიდენის სახელი და მას ბარაკ ობამა უწოდა. ექსპრეზიდენტის ნერვული სისტემა გადატვირთულია და ვერ უმკლავდება ყოველდღიურ სტრესებს - მაისში ნიუ-იორკში, სასამართლოს სხდომაზე, მას დიდი ხნის განმავლობაში თვალები დახუჭული ჰქონდა და თვლემდა.

მარტში „უოლ სთრით ჯორნელმა“ ამომრჩეველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა შვიდ „მოყოყმანე“ შტატში. მხოლოდ 28%-მა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკეთეს გონებრივ და ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, ვიდრე - დონალდ ტრამპი, რომელსაც უპირატესობა 48%-მა მიანიჭა.

81 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ მოქმედ პრეზიდენტს წარმოადგენს. მისი ასაკი და კოგნიტური უნარ-შესაძლებლობები 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადავო პრობლემა გახდა, მისი მეორე ვადით არჩევისათვის. თუმცა თეთრი სახლი და პრეზიდენტის მრჩევლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ჯო ბაიდენი ენერგიულ და ჭკვიან ლიდერად რჩება.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი ენდრიუ ბეითსი ამბობს, ჯო ბაიდენის კრიტიკოსები მიკერძოებული ადამიანები არიან:

„ვინ არიან მაიკლ ჯონსონი და კევინ მაკარტი? - რესპუბლიკელები. მათგან ტყუილი და სიცრუე არავის არ უნდა გაუკვირდეს. ჯო ბაიდენმა მემკვიდრეობად მიიღო ამერიკის დაცემული ეკონომიკა, დაშლის პირას მიყვანილი ალიანსი და დანაშაულების ზრდა, მაგრამ ახლა ჩვენ ძლიერი ამერიკის მოწმენი ვართ. პრეზიდენტმა თავისი გამოცდილებით და ბრძნული გადაწყვეტილებებით ყველაფერი პოზიტიურად შეცვალა, უზრუნველყო ყველაზე ძლიერი და სწრაფი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში, ნატო ისე განამტკიცა, როგორც - არასდროს და ამერიკაში დანაშაულის რაოდენობა შეამცირა, პირველად, 50 წლის განმავლობაში“, - აცხადებს ენდრიუ ბეიტსი.

წყარო