720 დეპუტატი, როგორ ნაწილდება მანდატები 27 ქვეყანაზე და წამყვანი 7 პარტია - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ - კვირის პალიტრა

720 დეპუტატი, როგორ ნაწილდება მანდატები 27 ქვეყანაზე და წამყვანი 7 პარტია - ყველაფერი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ

6-დან 9 ივნისამდე ევროპარლამენტში არჩევნები გაიმართება. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, თუ როგორ დაკომპლექტდება ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, ამიტომ შევეცდებით ეს დეტალურად ავხსნათ.

არჩევნები გაიმართება ევროკავშირის 27-ივე წევრ ქვეყანაში. მოსახლეობა ხმას აძლევს ადგილობრივ პარტიებს პროპორციული წესით (როგორც საპარლამენტო­ არჩევნებისას). ეს პარტიები ევროპის მასშტაბით გაწევრებული არიან ევროპულ პარტიებში, რომლებიც ევროპარლამენტში ფრაქციებს აყალიბებენ. მაგალითად, თუ იმ პარტიებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც გაწევრებული არიან "ევროპის­ სახალხო პარტიაში", ჯამში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ "ევროპის სახალხო პარტია" გამოცხადდება.

ევროპარლამენტში 6-9 ივნისს 720 დეპუტატს აირჩევენ. ყველა ქვეყანას\ თავისი კვოტა აქვს, რომელიც პროპორციულია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დეპუტატთა რაოდენობა 705-მდე შემცირდა, თუმცა 2023 წელს 15 დეპუტატი კიდევ დაამატეს და 11 ქვეყანაზე გადაანაწილეს, რადგან მიიჩნიეს, რომ იქ დემოგრაფიული რაოდენობა შეიცვალა. ევროპული კანონმდებლობით, ევროპარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 750-ს არ უნდა აჭარბებდეს. ქვეყანას მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 96 წარმომადგენელი შეიძლება ჰყავდეს.

კვოტები ასეთია: ბელგიას - 22, ბულგარეთს - 17, ჩეხეთს - 21, დანიას - 15, გერმანიას - 96, ესტონეთს - 7, ირლანდიას - 14, საბერძნეთს - 21, ესპანეთს - 61, საფრანგეთს - 81, ხორვატიას - 12, იტალიას - 76, კვიპროსს - 6, ლატვიას - 9, ლიეტუვას - 11, ლუქსემბურგს - 6, უნგრეთს - 21, მალტას - 6, ნიდერლანდებს - 31, ავსტრიას - 20, პოლონეთს - 53, პორტუგალიას - 21, რუმინეთს - 33, სლოვენიას - 9, სლოვაკეთს - 15, ფინეთს - 15, შვედეთს - 21.

დღეს ევროპარლამენტში ასეთი ბალა­ნსია­ (არჩევნები ბოლოს 2019 წელს ჩატარდა): "ევროპის სახალხო პარტია" (რომლის წევრია "ნაციონალური მოძრაობა" - 179 მანდატი; "სოციალისტებისა და დემოკრატე­ბის პროგრესული ალიანსი" (სოციალისტური პარტიის წევრი იყო "ქართული ოცნება"­, რომელიც 2023 წელს დატოვა) - 141 მანდატი; "განვაახლოთ ევროპა" (ლიბერალური პროევროპული ფრაქცია) - 101 მანდატი; "მწვანეები/ ევროპის თავისუფალი ალიანსი" (ძირითადად, ლობირებენ კლიმატსა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს) - 71 მანდატი; "ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები" (ზომიერი ევროსკეპტიკოსები) - 67 მანდატი; "იდენტობა და დემოკრატია" (ულტრამემარჯვენეები, ევროსკეპტიკოსები) - 58 მანდატი; "ევროპელი მემარცხენეები" (კომუნისტები) - 38 მანდატი; დამოუკიდებელი დეპუტატები - 50 მანდატი.

როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა­ ბალანსი 6-9 ივნისის არჩევნების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ევროპაში ბევრი­ კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვით, "ევროპის სახალხო პარტია" შეინარჩუნებს უმრავლესობას და დღის წესრიგის მთავარი მოკარნახე იქნება (მათ შორის ევროკომი­სიის ხელმძღვანელის არჩევისას). თუმცა გაიზრდება ულტრამემარჯვენეების­ "იდენტობა და დემოკრატია" გავლენაც, რომელსაც ევროპარლამენტში მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებენ. ასე რომ, რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.