"სავიზო აკრძალვებს ვუწესებთ საქართველოს ათობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს - შეზღუდვების პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს" - კვირის პალიტრა

"სავიზო აკრძალვებს ვუწესებთ საქართველოს ათობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს - შეზღუდვების პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა.

კერძოდ, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

“შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო…

დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს (ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს”, - აცხადებს მილერი.

მილერის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართვველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წავიდნენ თავისი ქვეყნის დიდი ხნის სასურველ ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე. თუმცა, თუ ისინი არ იზამენ ამას, შეერთებული შტატები მზად არის დამატებითი ქმედებები განახორციელოს", - აცხადებს ის.

"ინტერპრესნიუსი"