სტატია, რომელიც ზელენსკის გაამწარებს: როგორ დასრულდება ომი?! - ყოფილი კონგრესმენის სკანდალური სცენარი და პროგნოზები - კვირის პალიტრა

სტატია, რომელიც ზელენსკის გაამწარებს: როგორ დასრულდება ომი?! - ყოფილი კონგრესმენის სკანდალური სცენარი და პროგნოზები

აშშ-ის გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში?“ (ავტორი - მიკ მალვეინი, ყოფილი კონგრესმენი და თეთრის სახლის აპარატის ექსხელმძღვანელი დ. ტრამპის პრეზიდენტობის დროს). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა და მხარეთა დაზავების შესაძლებლობა. „დღეს არჩევანი უკრაინაში ასეთია: მშვიდობა - ტერიტორიული დათმობებით რუსეთისათვის ან ესკალაცია და მუდმივი ომი“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

1977 წელს რონალდ რეიგანმა, როცა მას ცივი ომის სავარაუდო დასრულების თაობაზე კითხვა დაუსვეს, განაცხადა, რომ მას აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ და რით დასრულდება დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არასაომარი დაპირისპირება.

„ჩვენ ვიმარჯვებთ", - მოკლედ მოჭრა მან, - "ისინი კი მარცხდებიან“.

ასეთი კრისტალური რწმენა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იმ მომენტს ყველაზე უკეთესად შეესაბამებოდა. რონალდ რეიგანმა ჩამოაყალიბა არა მარტო ორი ზესახელმწიფოს, არამედ - ორი სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი მსოფლმხედველობის ბრძოლაც.

დროა, ჩვენს თავს ვკითხოთ, როგორი იქნება (უკიდურეს შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს) პასუხი დღევანდელ კითხვაზე: რით დასრულდება ომი უკრაინაში?

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსს და საქმიან ადამიანებს ვესაუბრე, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. როგორც კი უკრაინის პრობლემაზე ვიწყებდი კითხვების დასმას, მათი პასუხები გასაოცრად თანმიმდევრული იყო, თანაც - პრაქტიკულად უკლებლივ ყველა, მოპასუხის ეროვნებისა და პოლიტიკური რწმენის მიუხედავად.

და უმრავლესობა ლაპარაკობდა არა მოკლედ და მტკიცედ - „უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი კი დამარცხდება“, არამედ პირიქით - პასუხები უფრო არა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი იყო: „ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა სამუდამოდ დაუთმობს რუსეთს თავისი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს - შესაძლოა, აღმოსავლეთ ნაწილს - დონბასს და სამხრეთის შავიზღვისპირა რეგიონს, ყირიმითურთ. ზოგიერთები იმასაც კი უშვებდნენ, რომ რუსეთმა შეიძლება ხელში მთელი უკრაინა ჩაიგდოს.

მაგრამ არც ერთ ჩემს მოსაუბრეს არ უვარაუდია, რომ უკრაინა შეძლებს და მთლიანად გააძევებს რუსეთის ჯარებს თავისი ტერიტორიიდან. ასეთ ერთმნიშვნელოვან და კატეგორიულ პასუხებს, რეიგანის მსგავსად, მე მხოლოდ ყველაზე რადიკალური უკრაინელი პატრიოტებისაგან და პოლიტიკოსებისაგან თუ ვისმენდი.

და თუ ეს მართლაც ასეა ანუ, თუ უკრაინის ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ქვეყნის გაყოფა იქნება, ამა თუ იმ ფორმით და რუსეთის სრული გამარჯვებით, მაშინ რატომ არ გვაქვს დაწყებული რეალური დისკუსია ომის შეწყვეტის თაობაზე?

როცა ორი წლის წინათ რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე ახლად შეჭრილი იყო, დასავლეთს მყიფე ბალანსის დაცვა მოუხდა. ძალიან რბილი რეაგირება ნიშნავდა დაწყნარება-დაშოშმინებას, ძალიან ხისტი კი - უსაზღვრო ესკალაციას გამოიწვევდა. ორივე სიტუაცია უდიდეს დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მოახერხეს ბეწვის ხიდზე გავლა და არცთუ წარუმატებლად. სამხედრო დახმარებისა (პირდაპირი ჩარევის გარეშე) და ეკონომიკური სანქციების ურთიერთშეთავსება მკაფიო გზავნილი გამოდგა: ჩადენილ უბედურებაზე ყველას რეალური ფასის გადახდა მოუწევს, თანაც - ძალიან ძვირი ფასისა.

შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თავისი დაბალანსებული მოქმედებით დასავლეთმა დღის წესრიგიდან დაწყნარება-დაშოშმინების საკითხი მოხსნა და - არა მარტო ევროპაში. მაგრამ ესკალაციის რისკი ჯერჯერობით ძველებურად რეალურია, რასაც თან სდევს პოტენციური დანახარჯები - არანაკლებ სერიოზული, ვიდრე დაშოშმინების პირობებში იქნებოდა.

ამჟამად საფრანგეთი თავისი ჯარების უკრაინის ფრონტზე გაგზავნას ფიქრობს, „მრჩევლებისა“ და „ინსტრუქტორების“ სახით, ხოლო ამას წინათ ამერიკამ ღიად დაუჭირა მხარი დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტების დაბობვას უკრაინელების მიერ.

აუცილებელი არ არის წინასწარ ბევრი სვლის განსაზღვრა, საჭადრაკო დაფასავით, რომ გასაგები გახდეს - მსგავსი მოქმედება აღრმავებს იმის რისკს, რომ ომი ამჟამინდელ ჩარჩოებს გასცილდება. იმავდროულად რთულია იმის მტკიცებაც, რომ აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები განამტკიცებენ უკრაინის სრული გამარჯვების ალბათობას. იმის მიუხედავად, რომ დასავლური სამხედრო ტექნიკის მიწოდება და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა უკრაინის შესაძლებლობებს მართლაც გააფართოვებს, ქვეყანას, ალბათ, ცოცხალი ძალა არ ეყოფა (რომლის დეფიციტი ახლავე იგრძნობა) რუსეთის არმიის გასარეკად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, დასავლეთს შეუძლია და უნდა დაეხმაროს კიდეც უკრაინას თავის დასაცავად, მაგრამ რუსების გაძევება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სრული სამხედრო ჩარევით ანუ ნატოს ჯარების გადასროლით უკრაინაში.

საფრანგეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ამასწინანდელი გადაწყვეტილება დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე მხოლოდ საბოლოოდ განამტკიცებს იმ შედეგს, რასაც საიდუმლოდ ნატრობენ და რისი იმედიც აქვთ (თუნდაც ამას ყველას გასაგონად არ აღიარებენ): სიტუაცია ჩიხისაკენ მიექანება.

და თუ უკრაინის ომის ასეთ დასასრულს კარგად ხედავენ სხვადასხვა დედაქალაქებში მყოფი განსხვავებული პოლიტიკური რწმენის პოლიტიკოსები, მაშინ რატომ ჭიანურდება ომი? სადაა მოწოდებები საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის? ვინმე სერიოზულად განიხილავს ამ თემას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ან ვლადიმერ პუტინთან?

ხარკოვთან მიმდინარე ბრძოლებით უკრაინის ჯარები რუსებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას ვერ აიძულებენ. იქაური საომარი მოქმედებები, ალბათ, პატურ სიტუაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ნიშნავს, რომ ესკალაციის რისკები რჩება და ადამიანების ტანჯვა გაგრძელდება.

მოსმენილი მაქვს ზოგიერთი ექსპერტისაგან აზრი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები, ჩვეულებრივ, მაშინ იწყება ხოლმე, როცა ორივე მხარე დარწმუნდება - დიპლომატია უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე სამხედრო მოქმედებების გაგრძელება. დიახ, ეს სწორი ხედვაა, ისტორიული თვალსაზრისით. ჩემი აზრით, პარიზისა და ვაშინგტონის ნაბიჯები მოწოდებულია იმისათვის, რომ რუსებმა თავიანთი პოზიციები შეცვალონ და მიხვდნენ, დარწმუნდნენ იმაში, თუ სად გადის მათთვის სასარგებლო და მოგებიანი გზა. მაგრამ რადგანაც მოლაპარაკებისათვის აუცილებელია ორივე მხარე, შესაბამისად, ღიად რჩება კითხვა: ვცდილობთ თუ არა, რომ იმავენაირად დავარწმუნოთ უკრაინელებიც?

რასაკვირველია, მე სულაც არ მინდა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩნენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ „წილი ნაყარია“ ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა დასავლეთს რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება „გამოეპარა“.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს არჩევანი უკრაინაში ასეთია: მშვიდობა რუსეთისთვის, ტერიტორიების დათმობით და კიევის სრული კრახით ან ესკალაცია და მუდმივი ომი. ამ ვარიანტებიდან ყველაზე უარესად (ნაკლებ ბოროტებად) მე, პირადად, პირველი მეჩვენება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო