კატასტროფა, რომელიც აფხაზებს ემუქრებათ - ვინ "ცხოვრობს" ქალაქ-მოჩვენებებში და როგორ ვირეშმაკობენ მარიონეტები - კვირის პალიტრა

კატასტროფა, რომელიც აფხაზებს ემუქრებათ - ვინ "ცხოვრობს" ქალაქ-მოჩვენებებში და როგორ ვირეშმაკობენ მარიონეტები

აფხაზეთის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, ერი კვდება - ოკუპირებულ აფხაზეთში დემოგრაფიულ კრიზისზე წუხილი დაიწყეს და ეს ფრაზებიც ამ თემაზე გამართული დისკუსიის დროს გაისმა. თუკი ადრე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აფხაზების რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, უკვე ლაპარაკობენ იმაზე­, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას გადააჭარბა და ამის მოგვარება აუცილებელია, რათა ერს გაქრობის საფრთხე არ დაემუქროს.

სოხუმში საჯარო დისკუსია დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებულ სტრატეგიული კვლევების ცენტრში გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, მაშინ როდესაც "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია გვარწმუნებს, რომ ქვეყანა ვითარდება და ხალხმაც უკეთესად დაიწყო ცხოვრება, სტატისტიკის ცენტრის მონაცემები საპირისპიროს მეტყველებს - ერი კვდება და აფხაზეთის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე ისტორიკოსის ასტანდა ხაშბას თქმით, თუკი 2011-2019 წლებში მოსახლეობა 4541 კაცით გაიზარდა, 2019-2023 წლებში 1288 კაცითაა შემცირებული, ეს კი აფხაზი ერისთვის შემაშფოთებელია. აფხაზური სამოქალაქო სექტორის შეშფოთების პასუხად დე ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ სტატისტიკაში შობადობის შემცირება განაპირობა იმან, რომ აფხაზი ქალები ბავშვებს ხშირად რუსეთში აჩენენ და შემდეგ ბრუნდებიან სამშობლოში, ამიტომაც შობადობის სტატისტიკა შემცირებას აჩვენებს. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ თავად აფხაზების რაოდენობა საბჭოთა პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია.

სეპარატისტული ხელისუფლების სტატისტიკის თანახმად, აფხაზეთში დღეს 31 188 აფხაზით მეტი ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა­ ომამდე. დემოგრაფები კი მათივე "ხელისუფლების" ამ მტკიცებას ეჭვით უყურებენ. სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, ამბობს, რომ მოსახლეობის შემცირების მიზეზებია: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, პროდუქტებზე მაღალი ფასები, მაღალი სიკვდილიანობა ავტოავარიებში, ნარკომანია, კოვიდპანდემიის შედეგები და მიგრაცია რუსეთში.

დემოგრაფებმა შეკრებაზე თქვეს ისიც, რომ 1992-93 წლების ომისას 3 000-ზე მეტი აფხაზი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი­ მოქალაქეები. მათივე კვლევით, პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთში გვიანი ქორწინებების რიცხვმა იმატა და ამასთან, ოჯახები ბევრ შვილსაც აღარ აჩენენ. გარდა ამისა, პრობლემად დასახელდა ახალშობილთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც. სოციალური ცენტრის თანამშრომლის ხათუნა შათიფას თქმით, 1000 ახალშობილში სიკვდილიანობა 8,5%-ია, ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში კი ეს მაჩვენებელი 4-4,5%-მდეა.საუბარია აფხაზი მუჰაჯირების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროგრამის ჩავარდნაზეც - 5 წელიწადში აფხაზი დიასპორის მხოლოდ 772 წარმომადგენელი დაბრუნდა თურქეთიდან. დემოგრაფების დასახელებული ყველა ამ პრობლემის ფონზე კი არადამაჯერებელია დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცება აფხაზების რაოდენობის გაზრდაზე მხოლოდ იმ ერთი მტკიცებით, რომ თურმე აფხაზი ქალები რუსეთში აჩენენ შვილებს და შობადობის მაჩვენებელი ამიტომ აჩვენებს შემცირებას.

"სტატისტიკა გაყალბებულია, ისინი ბევრად ცოტანი არიან, ვიდრე საბჭოთა დროს“

რა სტატისტიკასაც დე ფაქტო ხელისუფლება დებს, მათი მოსახლეობის აღწერაც გაყალბებულია. მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სომხეთში, ყველგან, დემოგრაფია იკლებს, ხოლო აფხაზეთში, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა, თურმე რატომღაც მატება აქვთ, არადა, შობადობა აფხაზეთშიც და დანარჩენ საქართველოშიც ყოველთვის ერთნაირი იყო", - ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდრე კვახაძე.

- როგორ და რატომ აყალბებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დემოგრაფიულ სტატისტიკას?

- დე ფაქტო ხელისუფლებას ეს ტყუილი სჭირდება. ეშინიათ, რომ თუ აფხაზების რაოდენობა 50%-ზე ნაკლები დაფიქ­სირდება, გამოდის, თავიანთ სეპარატისტულ სახელმწიფოში ეთნიკური უმცირესობა არიან. სწორედ ის რიცხვი დაიწერეს სტატისტიკაში, რაც საკმარისი იქნებოდა 50%-იან ზღვარს გადამცდარიყვნენ და ეს წარედგინათ როგორც რუსებისთვის, ისე სხვებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რეფერენდუმზე ნებისმიერი საკითხის გატანა აფხაზებისთვის პრობლემური­ გახდებოდა, იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარსაც არ ფლობენ.

გაყალბების ტაქტიკა ასეთია, ძირითადად, ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ აღრიცხავენ. მაგალითად, როდესაც ომამდე ადამიანი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდა, დავუშვათ ჯგერდაში ან მუგუძირხვაში, ხოლო ომის შემდეგ უკანონოდ მიითვისა ქართველის სახლი გაგრაში, სოხუმში ან ოჩამჩირეში, აღწერის დროს თავის ძველ მისამართზეც ფიქსირდება და ახალზეც. მე დავინტერესდი ამ საკითხით - ოჩამჩირის რაიონში რამდენი იყო აფხაზი მოსახლეობა ომამდე და რამდენია დღეს. ავიღოთ ოჩამჩირე და ასევე ახლომდებარე­ წალენჯიხის ან ჩხოროწყუს რაიონები. ხალხი დაახლოებით ერთნაირად იკვებება, ერთნაირად ცხოვრობს, იმავენაირი შობადობაა, მაგრამ თუკი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში შემცირდა მოსახლეობა, როგორ ხდება, რომ ოჩამჩირის რაიონმა ბოლომდე შეინარჩუნა ის აფხაზი მოსახლეობის რიცხვი, რაც საბჭოთა დროს იყო?! ეს შეუძლებელია, მაგრამ აფხაზურ სტატისტიკაში წერია, რომ შემცირება არ არის. ეს მიუთითებს, რომ მათი აღწერა გაყალბებულია.

გარდა ამისა, მოსახლეობის დათვლის სხვა ბევრი მეთოდიც არსებობს. მაგალითად, აფხაზეთში ყოველ წელს დაახლოებით 2000-დან 2500-მდე პირველკლასელი იყო, თუმცა გასულ წელს 2000 ბავშვზე ნაკლები შევიდა სკოლაში. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 2000 ბავშვი იბადება ყოველ წელს და ესეც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, დაახლოებით რა რაოდენობის მოსახლეობაა აფხაზეთში.

სტატისტიკას ბერავენ რუსეთში მცხოვრები აფხაზების აღრიცხვითაც. სოჭში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქშიც, ბევრი აფხაზი ცხოვრობს, მათ აფხაზური პასპორტებიც აქვთ და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, როგორ იბერება მათი მოსახლეობა.

- აფხაზების დიდი ნაწილი აღიარებს, რომ დემოგრაფიული პრობლემები­ აქვთ?

- საზოგადოებამ იცის, რომ დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან, მაგრამ ასევე იციან, რომ ყველა მათ გამოსვლას ქართული მხარე მიკროსკოპით უყურებს და ამიტომ ეშინიათ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი და კონკრეტული რიცხვების დასახელება.

- რამდენად შესამჩნევია აფხაზური დასახლებების დაცლა?

- განსაკუთრებით დაცლილია მთიანი­ და აღმოსავლეთ აფხაზეთის სოფლები, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონები. ტყვარჩელში, სადაც 20 000 კაცი ცხოვრობდა, საიდანაც ქართველებიც გაასახლეს და რუსებიც, დღეს დაახლოებით 4000 კაცი ცხოვრობს. აფხაზებმა ტყვარჩელის რაიონს მიუერთეს გალის ქართული სოფლებიც და ამით სცადეს ეჩვენებინათ, რომ ტყვარჩელი დაცლილი არ არის. იქვეა ქალაქი აკარმარაც, რომელიც მთლიანად დაცლილია. ეს ქალაქი აფხაზეთის დემოგრაფიული პრობლემებისა და მიგრაციის ნათელი ილუსტრაციაა.

გარდა ქართული სოფლებისა, რომლებიც ოკუპაციისა და ქართველების გამოსახლების გამო დაიცალა, პრობლემაა აფხაზურ სოფლებშიც, ახალ კინდღში, ახალდაბაში და სხვაგან. ომის შემდეგ, როდესაც გაგრასა და სოხუმში ქართველების სახლები უკანონოდ მიითვისეს, მაღალმთიან სოფლებში ძველი სახლები მიაგდეს. იმაზე სწრაფად და თვალში საცემად იცლება აფხაზური სოფლები, ვიდრე არაოკუპირებული საქართველოს სოფლები.

წაიკითხე ვრცლად