საიდუმლო მიმოწერა ანუ მოღალატე გენერალ-მაიორი - როგორ დაშალა კრემლმა ორგანიზაცია სუუამი, რომელსაც საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - კვირის პალიტრა

საიდუმლო მიმოწერა ანუ მოღალატე გენერალ-მაიორი - როგორ დაშალა კრემლმა ორგანიზაცია სუუამი, რომელსაც საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

დღეს საუბარი ერთ პატარა, ევროპასთან ტერიტორიულად ჩვენზე უფრო ახლომდებარე ქვეყნის შესახებ მექნება: ისიც ღვინითა და მუდამ არასტაბილური პოლიტიკური გარემოთი არის „განთქმული“; ისიც ისტორიულად „დასავლეთისა“ (ევროპა) და “აღმოსავლეთის“ (საბჭოთა კავშირი/რუსეთი) გეოპოლიტიკურ გზის გასაყარზე იდგა. ამ ქვეყანაშიც ღიად და ფარულად კვლავ ბობოქრობს რუსეთის „რბილი ძალა“.

ინტერნეტპორტალმა The Insider, რომელიც ხშირად აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებულ საინტერესო მასალებს, 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ „ხელში ჩაუვარდათ“ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ იგორ გორგანისა და მისი კურატორის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ("გე-ერ-უს") პოლკოვნიკის, ალექსანდრე მაკაროვის მიმოწერა, რომელიც ტელეგრამ-არხის საშუალებით ხორციელდებოდა. ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ შეიძლება ვივარუდოთ, რომ მოლდოველი სამხედრო მაღალჩინოსანი წლების მანძილზე „რუსეთზე მუშაობდა“. ადრე ამ ინფორმაციას აუცილებლად „სკანდალურს“ ვუწოდებდით, თუმცა დღეს უკვე აღარაფერი გვიკვირს: უარესებიც გაგვიგია, გვინახავს და, ალბათ, კვლავ ვნახავთ.

picture3-1717749376.jpg

ჯერჯერობით კვლავ გენერალ-მაიორი იგორ გორგანი

მოლდოვა რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მით უფრო - უკრაინაში აგრესიის შემდეგ. ამიტომ იქ მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მართვას კრემლი ჩვეული მეთოდებით, როგორც დისტანციურად, ასევე - ადგილიდან (პოლიტიკური პარტიების მანიპულირებით), ახორციელებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისიდან, პრეზიდენტმა პუტინმა შეძლო ადრე დაქსაქსულად მოქმედი რუსული "რბილი ძალის" ელემენტების გაერთიანება და ის პირად კონტროლს დაუქვემდებარა. უკვე წლებია, რაც რუსული "რბილი ძალის" მართვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედებს, საიდანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენის გასაძლიერებლად ცენტრალიზებულად ხდება ინფორმაციის მიღება, ანალიზი და დავალებების განაწილება. პუტინთან შეთანხმების გარეშე არ იგეგმება "რბილი ძალის" არც ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია არც ერთ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებზე შეტევა, როგორც წესი, ორი მიმართულებით ხორციელდება: პირველი - ესაა ლეგალური რუსული სამთავრობო და ვითომ "არასამთავრობო" ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეთანხმებულად მოქმედებენ. რუსული "რბილი ძალის" მეორე მიმართულება რუსეთის სპეცსამსახურების ფარული სპეცოპერაციებია.

ამ ორივე მიმართულებას კოორდინაციას უწევს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველო. ამ მშვიდობიანი აბრის მიღმა პუტინმა საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების "ყოფილი" და მოქმედი თანამშრომლები შენიღბა. ეს სამმართველო 2005 წელს შეიქმნა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არც ერთი აშკარა თუ ფარული სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარა მისი თანამშრომლების აქტიური მონაწილეობის გარეშე.

ამ სამმართველოს (ფაქტობრივად, სადაზვერვო დანაყოფის) მთავარი ფუნქციებია: ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ ღია და ფარული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; მჭიდრო კავშირების დამყარება ამ ქვეყნების პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. მათგან ისეთების შერჩევა, ვინც დადებითად არის განწყობილი რუსეთის მიმართ და ემხრობა მოსკოვთან თანამშრომლობას. ამ "მეხუთე კოლონას" რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ღია და ფარული პოლიტიკური, საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვის გარანტირებული ჰქონდა და აქვს.

დღეს, როგორც უკვე მიხვდით, მოლდოვას შესახებ ვისაუბრებ. ამ ქვეყნის „დასავლური გეზი“, ჩვენი არ იყოს, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში გამოიკვეთა. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთის იმპერია და მისი „მუდამ ფხიზელი იმპერატორი“ ბორის ელცინი ბოლომდე ვერ იცლიდა „ბოროტი საქმეებისთვის“ და, ძირითადად, საშინაო პრობლემებით იყო დაკავებული. ეს იყო „რუსული დათვის კლანჭებიდან“ თავდაღწევის შანსი და ამ შესაძლებლობის გამოყენებას დაეშურნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები.

1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს სამიტის მონაწილე ქვეყნებიდან რამდენიმემ (საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ) ხელი მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, სადაც გაცხადებული იყო საფრთხეებთან და რისკებთან (პირველ რიგში, სეპარატიზმთან) ბრძოლის ერთიანი მიდგომები, ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობის ხედვები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გაერთიანება, რომელსაც მოკრძალებული (რათა ზოგიერთი ქვეყანა არ გაეღიზიანებინა) “პოლიტიკურ-საკონსულტაციო” მიზნები ჰქონდა. 1999 წლის 24 აპრილს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე ამ გაერთიანებას კიდევ ერთი ქვეყანა – უზბეკეთი შეემატა და, შესაბამისად, სახელწოდებაც უკვე სუუამი გახდა. იმ ეტაპზე საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფართო ასპექტებს აერთიანებდა. ნათელი იყო, რომ ეს ახალი რეგიონული საერთაშორისო გაერთიანება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ - მისი წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას ისახავდა მიზნად.

თუმცა, როგორც ყოველთვის, რუსეთის ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობდა, მაგრამ იმ პერიოდში აქტიური მოქმედებებისაგან, უამრავი საშინაო პრობლემის გამო, ვერ იცლიდა. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ელცინი სმას, გულის ოპერაციებსა და მემკვიდრის შერჩევაზე ფიქრებს შორის, თავისუფალ პერიოდში, ხანდახან სახელმწიფო დოკუმენტებსაც აწერდა ხოლმე ხელს. რუსეთის “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში”, რომელიც 1997 წლის 17 დეკემბერსაა დამტკიცებული, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენის შესუსტება ეროვნული ინტერესების რეალიზების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედაა დასახელებული. მართლაც რომ საოცარია: ქვეყანას უამრავი საშინაო პრობლემა ჰქონდეს და მაინც “სანადიროდ გარეთ გარბოდეს?”

ყოველგვარი კონკურენტი თუ, უბრალოდ, ალტერნატიული საერთაშორისო გაერთიანებებისადმი, რომლებიც მასში შემავალი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ოდნავ თუ მაინც ითვალისწინებენ, “ალერგია” რუსეთს – საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით ერგო. საბჭოთა სპეცსამსახურების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ყოველთვის გეოგრაფიული პრინციპით შექმნილ განყოფილებებს ეკავა. ისინი ოპერატიულ-აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური დაზვერვის მეთოდებით საკმაოდ სრულ ინფორმაციას მოიპოვებდნენ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური, რელიგიური და ა.შ. მდგომარეობის შესახებ, აანალიზებდნენ მას და შემდეგ რეალიზების კონკრეტულ გეგმებს ადგენდნენ. ბევრი ისტორიული მაგალითიდან მხოლოდ ერთი გავიხსენოთ: 1955 წელს ერაყმა, თურქეთმა, ირანმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბაღდადის პაქტს და შექმნეს ნავთობით უმდიდრესი, საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო გაერთიანება, რომლის საგარეო კურსი არ ჯდებოდა საბჭოთა კავშირის გეგმებში. "კა-გე-ბეს" პირველი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) მე-8 განყოფილებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე “მუშაობდა”, სულ ოთხი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ბლოკიდან ერაყი “გამოეყვანა”, რასაც “ბაღდადის პაქტის” ავტომატური დაშლა მოჰყვა.

სუუამის შემთხვევაშიც ასე მოხდა: რუსეთის სპეცსამსახურები დამშეული ნაგაზებივით „ეცნენ“ სუუამის წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც “ჩრდილოელი დათვის” გაბრაზება არ აწყობდათ: ისინი (შევარდნაძე, ალიევი, კუჩმა, კარიმოვი და ვორონინი) რუსეთმა დასვა პრეზიდენტების პოსტებზე და თან მათზე ზემოქმედების უამრავი, ღია თუ ფარული ბერკეტი დაიტოვა.

რუსეთის პრეზიდენტად “დანიშვნისთანავე”, მუდამ "კაგებეშნიკმა" პუტინმა ძალზე ხისტი და დაუნდობელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. მას აღიზიანებდა ნატო-სუუამის თვითჩანასახოვანი კავშირებიც კი. პირველად თითი კუჩმას დაუქნია და შედეგმაც არ დააყოვნა. 2001 წლის 6-7 ივნისს, იალტაში გამართულ სუუამის სამიტზე ძალზე შეშინებულმა და დამფრთხალმა უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ საწყლად განაცხადა: ნუ გავხდით ამ გაერთიანებას სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად, მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთო. სასწრაფოდ ქართველი კოლეგაც დაეთანხმა: სუუამი არავის წინააღმდეგ არაა მიმართულიო. მოკლედ ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა რუსეთისთვის ყმობა დაედასტურებინათ.

picture2-1717749376.jpg

ვორონინი, კუჩმა, კარიმოვი, შევარდნაძე და ალიევი. 2001 წლის 6 ივნისი. იალტა.

„იალტის სამიტი“ იყო ძალზე სერიოზული უკანდახევა. იქ მიღებულ “იალტის ქარტიაში” საერთოდ აღარაა ნახსენები ერთობლივი სამშვიდობო საქმიანობა, ურთიერთდახმარების აუცილებლობა რეგიონული კონფლიქტების დარეგულირებისას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გააქტიურება. გაჩნდა წინააღმდეგობა მანამდე უკვე შეთანხმებული საკითხების (კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფორმირების) ირგვლივ. 2003 წლის მაისში რუსეთმა სუუამის საპირწონედ დსთ-ს ექვსი ქვეყნის (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) სამხედრო- პოლიტიკური ბლოკი - “კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყნების ორგანიზაცია” შექმნა, თან სამხედრო კომპონენტი - “სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალებიც” იურიდიულად გააფორმა.

2005 წლის 22 აპრილს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა სუუამის სახელმწიფო მეთაურების სამიტი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა. სტუმრის სტატუსით, შეხვედრას ესწრებოდნენ რუმინეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები, ასევე - აშშ-ის და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ამ „დემარშს“ რუსეთის საპასუხო მოქმედებები მოჰყვა: უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვზე რამდენიმეწლიანმა შანტაჟმა (რუსეთი მას „სახალხო აჯანყებითა“ და პოსტიდან ჩამოგდებით ემუქრებოდა) 2005 წლის მაისში შედეგი გამოიღო და სუუამს ერთი “უ” – უზბეკეთი მოაკლდა. ერთი წლის შემდეგ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, „დაუვიწყარმა“ გენადი ონიშენკომ მოულოდნელად მოლდოვური ღვინო დაიწუნა და რუსეთში მისი იმპორტი აკრძალა. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მას „გენადი“ არ ერქვა. ეს „მესიჯი“ ყველაზე კარგად მოლდოვას პრეზიდენტმა ვორონინმა გაიგო და უმალ „კრემლის მბრძანებელს“ ეახლა, პრობლემის მოსაგვარებლად.

picture1-1717749376.jpg

ვორონინი კრემლში ეახლა პუტინს

პუტინმა თითი მკაცრად დაუქნია კომუნისტ პრეზიდენტს და წყალობა გაიღო: მოლდოვური პორტვეინი კვლავ გამოჩნდა რუსულ ბაზარზე. მგონი, ცხადია, რომ ამდენი დავიდარაბის შემდეგ სუამი არავის ახსოვდა. რუსეთის ღია და ფარული მოქმედებების შედეგად სუამი ეფექტიანად დღემდე ვერ ფუნქციონირებს. ამ სპეცოპერაციების მთავარი კოორდინატორი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველო იყო.

(პირველი ნაწილის დასასრული)