პუტინს ხრუშჩოვი "მოელანდა" - კრემლის ბინადარი ამერიკელებს ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და მაიამის დაბომბვით ემუქრება?! - კვირის პალიტრა

პუტინს ხრუშჩოვი "მოელანდა" - კრემლის ბინადარი ამერიკელებს ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და მაიამის დაბომბვით ემუქრება?!

თუკი ბაიდენი უკრაინას რუსეთზე დასარტყმელად რაკეტებს უგზავნის, მაშინ რუსეთსაც შეუძლია, ამერიკელებზე შესატევი შეიარაღება სხვა სახელმწიფოებს გადასცეს - პუტინი

აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიერ შეზღუდვის მოხსნა, მათ მიერ მიწოდებული შეიარაღებით რუსეთის ფედერაციის საზღვრის ახლოს, სიღრმეში, დარტყმების მისაყენებალლად, უკრაინის არმიამ უკვე წარმატებით გამოიყენა. ის აგრძელებს „ჰაიმარსების“ მართვადი რაკეტებით რუსეთის ბელგოროდისა თუ კურსკის ოლქებში ზუსტი საჰაერო დარტყმების მიყენებას რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ობიექტებზე.

ეს დარტმები სულ ათიოდე დღეც არაა, რაც მიმდინარეობს, მაგრამ ეტყობა, ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა რუსეთის არმიისთვის, რომ თავად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უცხოეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და შემდეგი განაცხადა:

„თუკი ვინმე თვლის ასეთი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ჩვენს ტერიტორიაზე დასარტყმელად და ჩვენთვის პრობლემების შესაქმნელად, მაშინ ჩვენ რატომ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასეთივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში მივაწოდოთ, საიდანაც დარტყმებს მიაყენებენ იმ ქვეყნების მნიშვნელოვან ობიექტებს, რომლებიც რუსეთის მიმართ ამას აკეთებენ? პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული. ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ...“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საზღვარგარეთის მასმედიის ხელმძღვანელებს...

1-ooo-1717752690.jpeg
ამგვარი, П-800 Оникс-ის ტიპის სანაპირო დაცვის რუსული სარაკეტო კომპლექსის კრემლის მიერ იემენელი ჰუსიტებისთვის მიწოდების შემთხვევაში, წითელ ზღვაში ვერც ერთი დასავლური სამხედრო ხომალდი ვეღარ გაიჭაჭანებს, მათ შორის - ამერიკული ატომური საავიამზიდო ჯგუფებიც...

მკითხველისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ გავშიფროთ, პუტინმა ღიად დაიმუქრა - თუკი ამერიკელებმა ნება დართეს უკრაინელებს, რომ მათ მიერ მიწოდებული „ჰაიმარსებიდან“ დაიწყონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, მაშინ რუსეთიც მიაწვდის ანალოგიური კლასის რაკეტებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკელებს გაამწარებენ, მათ შორის - მათთსავე ტერიტორიაზეო...

უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიამდე მიწვდენა „ჰაიმარსის“ კლასის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერ-მ“-ის 500 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური რაკეტებით კუბიდან შეეძლება ფლორიდაში, ქალაქ ტამპამდეც კი, ხოლო „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების შემთხვევაში, მიფრენის რადიუსი 2 ათას კმ-ზე მეტად იზრდება და ჰავანიდან გაშვების შემთხვევაში, ამ ზონაში ხვდება ნიუ-იორკი და თვით აშშ-ის დედაქალაქი - ვაშინგტონიც...

მაგრამ კუბისთვის ბირთვული ქობინების პოტენციური გადამზიდი რაკეტების მიწოდება ნიშნავს 1962 წლის კარიბის სარაკეტო კრიზისის გამეორებას, როდესაც კრემლის მაშინდელმა ბინადარმა - ხრუშჩოვმა მთელი მსოფლიო ბირთვული ომის დაწყების დიდი საშიშროების წინაშე დააყენა, როდესაც კუბაში მალულად გააგზავნინა ბირთვულქობინიანი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები, ბირთვულქობინიანი ტორპედოები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და ატომური საავიაციო ბომბები...

2-ooo-1717752690.jpg
1962 წელს ამერიკულმა საჰაერო დაზვერვამ კუბაში აღმოაჩინა, იქ, ხრუშჩოვის მიერ მალულად გაგზავნილი საბჭოთა ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, რის გამოც კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, რას მოიმოქმედებს თეთრი სახლი, თუკი პუტინმა მართლაც სცადა კუბაში „ისკანდერების“ ან „კალიბრების“ განთავსება?

მეორე პოტენციური ქვეყანა, აშშ-ის სიხლოვეს, რომელიც გაბედავდა ამერიკელებზე რუსული რაკეტების დამიზნებას, შეიძლება ვენესუელა აღმოჩნდეს, რომლის პრეზიდენტი მადურო ისედაც ყველაფერში ამერიკელებს სდებს ბრალს, მათ შორის - ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში (არადა ვენესუელა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ნავთობის მარაგის რაოდენობით), მაგრამ ვენესუელიდან გაშვებული რუსული „კალიბრი“ მხოლოდ მაიამამდე თუ მიწვდება...

უფრო რეალურია, რომ კრემლმა თავისი ამ მუქარის ასრულება სცადოს სარაკეტო შეიარაღების მიწოდებით ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის - სირიისთვის და ირანისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მისწვდნენ ამ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, მით უმეტეს, რომ სირიის არსენალში უკვე არის П-800 Оникс-ის ტიპის სანაპირო დაცვის ორი რუსული სარაკეტო კომპლექსი, ისეთივე, როგორებითაც რუსეთი ანექსირებული ყირიმიდან ურტამს უკრაინის ოდესას...

თუმცა სირია და ირანი, როგორც სახელმწიფოები, ეცდებიან ღიად არ დაუპირისპირდნენ აშშ-ს, სამაგიეროდ, ლიბანში მოქმედი „ჰესბოლასთვის“ და მით უმეტეს - იემენელი ჰუსიტებისთვის პირიქით, ძალზე სასურველი გახდება, შორსმფრენი და ზუსტი რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით მეტი ზიანი მიაყენონ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სამხედრო ხომალდებს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, წითელ ზღვასა თუ სპარსეთის ყურეში...